საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.01.2021
საქმის ნომერი
2კ-670აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100118002318400

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №670აპ-20 ქ. თბილისი

ქ–ა ვ., 670აპ-20 4 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ლ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ ვ. ქ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ლ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას და გამოსაცდელ ვადად 6 თვის დადგენას.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 თებერვლის განაჩენით:

ვ. ქ–ა, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 29 თებერვლიდან.

ი. რ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის 1- ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

ნ. ლ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,172-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ .......ის რაიონის სოფელ ...........ში მცხოვრებ ი. რ–ეს და მის აწ გარდაცვლილ მეუღლეს - გ. ლ–ს ერთად ცხოვრების პერიოდში საკუთარი შვილი არ შეძენიათ. ი. რ–ემ გადაწყვიტა ბავშვის შვილად აყვანა. აღნიშნულში მას დახმარება აღუთქვა მულმა - ნ. ლ–ემ, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ .........ში მცხოვრები ვ. ქ–ა იყო ფეხმძიმედ და ბავშვის დაბადების შემდეგ აპირებდა მის გაშვილებას. ნ. ლ–ე რამდენჯერმე შეხვდა ......ში ვ. ქ–ს და შეთანხმდნენ, რომ ნ. ლ–ე მას მშობიარობამდე ფინანსურად დაეხმარებოდა, ასევე, გაუწევდა საავადმყოფოში მშობიარობის ხარჯებს და ბავშვის დაბადების შემდეგ რძალი - ი. რ–ე იშვილებდა მას. აღნიშნულის სანაცვლოდ, ნ. ლ–ე ვ. ქ–ს გადასცემდა 2000 აშშ დოლარს. შეთანხმებისამებრ, ნ. ლ–ე მშობიარობამდე ფინანსურად დაეხმარა ვ. ქ–ს.

2016 წლის 3 მარტს, ვ. ქ–ს ზესტაფონში შპს „კლინიკა .....ში“ შეეძინა მამრობითი სქესის ბავშვი, რომელსაც ნ. ლ–ემ დაარქვა მისი აწ გარდაცვლილი ძმის სახელი - გ–ი. 2016 წლის 6 მარტს ვ. ქ–ა გამოეწერა კლინიკიდან და ამავე დღეს ნ. ლ–ემ თანმხლებ პირებთან ერთად წაიყვანა გ. ქ–ა. 2016 წლის მარტში გ. ქ–ას დაბადების შემდეგ პერიოდში (ზუსტი დრო დაუდგენელია) ნ. ლ–ემ მისი ძმის - გ. ლ–ისა და ქ. რ–ს თანდასწრებით .....ში ვ. ქ–ს გ. ქ–ას გაშვილების სანაცვლოდ გადასცა წინასწარ შეპირებული თანხა - 1900 აშშ დოლარი, ხოლო 100 აშშ დოლარი რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა გადაცემული ვ. ქ–ს დედისთვის - ნ. კ–სთვის.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულების - ი. რ–ისა და ნ. ლ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით; ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ვ. ქ–ს გამართლებას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ვ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ლ–ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ვ. ქ–ს ინდივიდუალური მახასიათებლების, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ლ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე