დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.01.2021
საქმის ნომერი
50აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142220700118698

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №50აგ-20 4 იანვარი, 2021 წელი

ზ–ი დ., 50აგ-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ზ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დ. ზ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი, ხოლო სსკ-ის 44-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა 200 საათი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა დ. ზ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ზემოაღნიშნული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 6000 ლარი.

დ. ზ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარი, ხოლო სსკ-ის 44-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტი) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დ. ზ–ს მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით შეიცვალა ჯარიმით - 1000 ლარის ოდენობით.

3. 2020 წლის 7 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ დ. ზ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ–მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო დ. ზ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის N 1/19/1265,1318 განჩინების საფუძველზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ დ. ზ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. ადვოკატი მ. კ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აგვისტოს განჩინების გაუქმებას და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ დ. ზ–ს მიმართ დადგენილი განაჩენის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გადასინჯვის იურიდიული საფუძველი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის N1/19/1265,1318 განჩინების თანახმად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის.

4. ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 23-ე პუნქტის თანახმად, „წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის ქმედება ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით შეძენა-შენახვას, უნდა დადგინდეს კონკრეტული საქმის გარემოების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარის და საქმის განმხილველი სასამართლოს (სათანადო ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარებით) შესაფასებელია წარმოადგენს თუ არა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება/ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევი მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას“.

5. კასატორს - ადვოკატ მ. კ–ს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივართან ერთად, არ წარმოუდგენია ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ დ. ზ–ს მიერ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ მოსახმარად უვარგისია.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია (გამონაკლისია სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე)“ და „ე1)“ ქვეპუნქტებით მითითებული შემთხვევები). შესაბამისად, სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენის და ამავე მუხლით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში დაცვის მხარეს შეუძლია კვლავაც მიმართოს სასამართლოს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატ მ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ზ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ დ. ზ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე