დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.01.2021
საქმის ნომერი
42აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
18.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №42აგ-20 თბილისი

ზ-ი ნ-ი, 42აგ-20 18 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის პირველი ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ნ. მ-ი (ნ. ზ-ი), - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 26 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით ნ. მ-ს (ნ. ზ-ს) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 26 თებერვლიდან და რაც განჩინების მიღების დროისათვის მოხდილი ჰქონდა. შესაბამისად, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 25 იანვარს.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის წერილის თანახმად, სახელისა და გვარის შეცვლის შესახებ 2014 წლის 9 ივლისის აქტის შესაბამისად, ნ. მ-მა (პირადი №-) მიიღო სახელი და გვარი - ნ. ზ-ი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:

· ნ. ზ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი;

· ნ. ზ-ი, - დაბადებული 1-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 დეკემბრიდან.

6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ნასამართლევმა ნ. ზ-მა 2017 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, თ-ში, ფ-ის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ზ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიზნით, ჯემალ ამოევს სახესა და სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა მკვრივი საგანი, რის შედეგადაც ჯემალ ამოევმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ზ-ისა და მისი ადვოკატების საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

9. 2020 წლის ივნისში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ. ზ-მა, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოითხოვა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განაჩენის გადასინჯვა; მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის შემსუბუქება შემდეგი საფუძვლით: გასაჩივრებული განაჩენით მას მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ესე იგი სხეულის დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა, ხოლო წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენით იგი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით - მკვლელობის მცდელობაში და არა - დასრულებულ მკვლელობაში და მისი ქმედების შედეგად არავინ გარდაცვლილა. ნ. ზ-ი ასევე უთითებს, რომ ბოლო განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს - 2017 წლის 4 ნოემბერს, მას წინა განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მსჯავრდებისათვის ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა და სასამართლოს დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტისას, ამავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მხედველობაში არ უნდა მიეღო წინა განაჩენით ნასამართლობა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის პირველი ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ზ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ზ-მა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ნ. ზ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, პირს ჩადენილი აქვს დასრულებული მკვლელობა თუ მკვლელობის მცდელობა, მთავარია, პირს ჩადენილი ჰქონდეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ინკრიმინირებული ქმედება და არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ პირის ქმედება მიმართული იყოს ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების - განზრახ მკვლელობის ჩასადენად.

5. რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ. ზ-ის მეორე არგუმენტს ნასამართლობის გაქარწყლებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა ქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 8 წლის შემდეგ. მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლდა, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა და ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი ითვალისწინებს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იგი განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

6. პალატა აღნიშნავს: იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ნ. ზ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით შეფარდებული სასჯელი და იმავე დღეს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რადგან განახევრებული სასჯელი განჩინების მიღების დროს უკვე მოხდილი ჰქონდა, მას ამ მუხლით მსჯავრდებისათვის ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა სასჯელის ფაქტობრივი მოხდიდან - 2013 წლის 25 იანვრიდან - 8 წლის გასვლის შემდეგ.

7. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის შესაბამისად, ამნისტიის აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ან შეუმცირდეს შეფარდებული სასჯელი, ხოლო სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. მოცემულ შემთხვევაში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით ნ. ზ-ს გაუნახევრდა შეფარდებული სასჯელი და არა ნასამართლობის გაქარწყლების ვადა, როგორც ამას თავად მსჯავრდებული უთითებს.

8. ამდენად, 2017 წლის 4 ნოემბერს - ბოლო განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს - ნ. ზ-ს წინა განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მსჯავრდებისათვის ნასამართლობა გაქარწყლებული არ ჰქონდა და სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ითვლებოდა ნასამართლევად.

9. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია ისეთი ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ნ. ზ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის პირველი ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ნ. ზ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე