დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.12.2020
საქმის ნომერი
27აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
01.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №27აგ-20 თბილისი

კ-ე პ-ა, 27აგ-20 1 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. კ-ის ადვოკატ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით პ. კ-ე, - დაბადებული 19-- წელს, - დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს სრულად დაემატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, პ. კ-ეს განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულები არიან: რ. პ-ი, რ. კ. და ზ. გ-ი.

3. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენით მსჯავრდებული პ. კ-ე 1994 წლის 26 ოქტომბერს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად გაიქცა რ-ის -- დაწესებულებიდან და მიიმალა.

4. მსჯავრდებული პ. კ-ე დააკავეს 2017 წლის 6 ოქტომბერს.

5. 2020 წლის 24 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ პ. კ-ის ადვოკატმა მ. თ-ემ, რომელმაც მოითხოვა: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენის შეცვლა; მსჯავრდებულ პ. კ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირება იმავე მუხლის პირველ ნაწილზე; მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა და შეფარდებული სასჯელის საბოლოო სასჯელთან შესაბამისობაში მოყვანა. დაცვის მხარემ მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომ სადავო განაჩენს საფუძვლად დაედო უკანონოდ დაშვებული მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება მსჯავრდებულ პ. კ-ის ბრალეულობა წარდგენილ მსჯავრში, ხოლო მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეთა მასალები სრულყოფილი სახით გადაეცა მოგვიანებით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის ადვოკატ მ. თ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ პ. კ-ის ადვოკატმა მ. თ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ დაუშვას შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

4. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია, შეუძლია, გაასაჩივროს სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან მაგისტრატი მოსამართლის განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარს განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. ამავე კოდექსის 293-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში - დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ პ. კ-ის ადვოკატ მ. თ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

6. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულ პ. კ-ეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და სადავოდ არ გაუხდია განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა. აქვე პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს უფლება ჰქონდა, ზემოთ აღნიშნული ნორმების შესაბამისად, გაესაჩივრებინა განაჩენი, თუმცა საქმის მასალებით გაირკვა, რომ დაკავებიდან - 2017 წლის 6 ოქტომბრიდან, იგი ითხოვდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენის გადასინჯვას.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ პ. კ-ის ადვოკატ მ. თ-ის შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ პ. კ-ის ადვოკატ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ პ. კ-ის ადვოკატ მ. თ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე