საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100117003302572
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №184აპ-21 26 მარტი, 2021 წელი
ა. თ. 184აპ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - დავით ყაზარაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თ. ა-ს (დაბადებული: 1… ნასამართლობის არმქონე) ბრალად ედება - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2. თ. ა-მ დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებთან, მამაკაცთან და ქალბატონთან ერთად, განიზრახა თაღლითურად მიეღო ქონებრივი უფლება მ-ს რ-ს ს. ს-ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთებზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით თანამონაწილე მამაკაცმა და ქალბატონმა, აგრეთვე თ. ა-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადეს 1998 წლის 12 დეკემბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N.. აქტი მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლების მიღების მიზნით. თანამონაწილე მამაკაცის მითითებით, თ. ა-მ მინდობილობა გაუფორმა თანამონაწილე ქალბატონს, რომელსაც მიანიჭა უფლებამოსილება მარწმუნებლის სახელითა და მისი ინტერესების შესაბამისად, განეხორციელებინა მ-ს რ-ს ს. ს-ში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო ქმედებები. მინდობილობის საფუძველზე, თანამონაწილე ქალბატონმა, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ თ. ა-ს რეალურად არ ეკუთვნოდა მითითებული მიწის ნაკვეთი, 2015 წლის 2 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, რასაც ერთვოდა 1998 წლის 12 დეკემბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N... აქტი და სხვა დოკუმენტები, რაც წინასწარ მოიპოვეს თანამონაწილე მამაკაცმა და ქალბატონმა. აღნიშნულით თანამონაწილე ქალბატონი ითხოვდა თ. ა-ს სახელზე მომხდარიყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია თითქოსდა მიწის რეფორმით მიღებულ, მ-ს რ-ს ს. ს-ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1700 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე. ხსენებული განცხადებით, დაჩქარებული წესით, იმავე დღეს - 2015 წლის 2 აპრილს, 1998 წლის 11 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N... აქტის საფუძველზე, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეშვეობით, თ. ა-ს სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სახელმწიფოს კუთვნილი, 98 728 (ოთხმოცდათვრამეტი ათას შვიდას ოცდარვა) ლარის ღირებულების, 1700 (ათას შვიდასი) კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: .... ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თანამონაწილე ქალბატონისა და თანამონაწილე მამაკაცის და თ. ა-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 98 728 ლარის ქონებრივი ზიანი.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენით თ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, თ. ა-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და ფიქციურად სხვა პირზე რეგისტრირებული უძრავი ქონება - თ. გ-ს (პ/ნ: .......) სახელზე ფიქციურად რიცხული 1700 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით - .....
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით თ. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით თ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, თ. ა-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და ფიქციურად სხვა პირზე რეგისტრირებული უძრავი ქონება - თ. გ-ს (პ/ნ ...) სახელზე ფიქციურად რიცხული 1700 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: N ........
თ. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 18 სექტემბრიდან. (ცნობად იქნას მიღებული, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად ქონების უსასყიდლოდ ჩამორთმევა მითითებულია ორჯერ, ამასთან თ. გ-ს პირადი ნომერი ერთ შემთხვევაში მითითებულია ......., ხოლო მეორე შემთხვევაში .......... თ. გ-ს პირად ნომრად მითითებული უნდა იყოს -..........).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ დავით ყაზარაშვილსა და მსჯავრდებულ თ. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენში მსჯავრდებულ თ. ა-ს მიმართ შევიდა ცვლილება:
- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ა-ს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
მსჯავრდებულ თ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 18 სექტემბრიდან 2020 წლის 30 იანვრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მასვე საპროცესო შეთანხმების პირობად განესაზღვრა: საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე - სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ნაწილის - 35 000 ლარის ანაზღაურება (რაც ამ განაჩენის გამოტანის მომენტისთვის მსჯავრდებულს ანაზღაურებული აქვს), ხოლო საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დღიდან 1 წლის განმავლობაში - სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის - 98 728 ლარის აუნაზღაურებელი ნაწილის - 63 728 ლარის სრულად ანაზღაურება.
გაუქმდა მცხეთის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განჩინებით, თ. გ-ს (პ/ნ ......) სახელზე რეგისტრირებულ 1700 მ2 ფართის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ......., დადებული ყადაღა;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტში აღმოიფხვრა უზუსტობა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განჩინებით, წარსულში თ. გ-ს სახელზე და ამჟამად სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული 1700მ2 ფართის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით N....., დადებული ყადაღა და აღნიშნული უძრავი ქონება დაუბრუნდეს თ. გ-ს“.
6. 2021 წლის 26 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით ყაზარაშვილმა და ითხოვა სისხლის სამართლის N...... საქმეზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენის გაუქმება და საქმის პროკურორისათვის დაბრუნება, ვინაიდან მსჯავრდებულმა თ. ა-მ დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა.
კასატორი საჩივარში უთითებს, რომ თ. ა-ს საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების პირობად განესაზღვრა: საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე - სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ნაწილის - 35 000 ლარის ანაზღაურება, ხოლო საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დღიდან 1 წლის განმავლობაში - სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის - 98 728 ლარის აუნაზღაურებელი ნაწილის - 63 728 ლარის სრულად ანაზღაურება. თუმცა, თ. ა-მ სახელმწიფოს აუნაზღაურა მხოლოდ 35 000 ლარის ზიანი, შესაბამისად, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დარჩენილი ნაწილის - 63 728 ლარის ანაზღაურება არ მომხდარა.
ამასთან, საკასაციო საჩივარში პროკურორი უთითებს, რომ 2021 წლის 18 თებერვალს თ. ა-მ წარმოადგინა გადახდის ქვითარი, რომლის მიხედვითაც, მან სახელმწიფოს დამატებით აუნაზღაურა - 45 000 ლარი. შესაბამისად, თ. ა-ს ასანაზღაურებელი დარჩა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ნაწილი - 18 728 ლარი.
თ. ა-მ არ შეასრულა საპროცესო შეთანხმების ოქმით განსაზღვრული პირობა, ვინაიდან განაჩენის გამოტანიდან 1 წლის ვადაში არ აანაზღაურა ზიანი.
7. ადვოკატ გ. მ-ს შესაგებელის თანახმად, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - დავით ყაზარაშვილისათვის 2021 წლის 20 იანვრისათვის ოფიციალური დოკუმენტით ცნობილი იყო, რომ თ. ა. ვერ ახერხებდა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის - 63 728 ლარის გადახდას. მიუხედავად ამისა, პროკურორმა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ვადის დარღვევით (2021 წლის 26 თებერვალს) მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ დავით ყაზარაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვარის განაჩენით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N.... საქმეზე დამტკიცდა პროკურორ დავით ყაზარაშვილსა და მსჯავრდებულ თ. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ამასთან, საპროცესო შეთანხმების დადებისას განისაზღვრა კონკრეტული პირობა კონკრეტული ვადით. კერძოდ, თ. ა-ს დაევალა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დღიდან 1 წლის განმავლობაში სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის - 98 728 ლარის აუნაზღაურებელი ნაწილის - 63 728 ლარის სრულად ანაზღაურება.
3. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თ. ა-მ საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში (2021 წლის 31 იანვრამდე) სრულად არ აანაზღაურა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი.
4. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას პროკურორის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის საკასაციო საჩივრით მიმართვის ვადის დარღვევის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
ადვოკატ გ. მ-ს შესაგებელს, მართალია, ერთვის თ. ა-ს ხელმოწერით შედგენილი განცხადება, რომლითაც ის აცნობებს საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომ არ შეუძლია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება - სრულად აანაზღაუროს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი - 63 728 ლარი და სთხოვს, რომ მითითებული თანხის გადახდა გადაუვადოს მაქსიმუმ 1 წლით, თუმცა განცხადებას არ აქვს შესაბამისი შტამპი, რომლითაც დადასტურდებოდა საქართველოს გენერალურ პროკურატურისთვის აღნიშნული განცხადებით მიმართვის თარიღი. ამ მოცემულობით კი სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას 2021 წლის 20 იანვარს ეცნობა თ. ა-ს მიერ თანხის გადახდის შეუძლებლობა და დარღვეულია საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების შესახებ საჩივრით მიმართვისთვის დადგენილი 1 თვიანი ვადა.
5. საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე სასამართლოსადმი მიმართვის ერთთვიანი ვადის ათვლას უკავშირებს იმ დღეს, როდესაც პროკურორი გამოავლენს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების პირობის დარღვევის თარიღს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021წლის 3 თებერვლის წერილით დგინდება, რომ თ. ა-მ სახელმწიფოს აუნაზღაურა 35 000 ლარის ზიანი, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დარჩენილი ნაწილი არ იყო ანაზღაურებული და სააგენტო ითხოვდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას. ამდენად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, პროკურორისთვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 2021 წლის 3 თებერვალს და სწორედ ამ თარიღიდან აითვლება სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა. ვინაიდან პროკურორმა საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მომართა 2021 წლის 26 თებერვალს, საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოტანილია საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადის დაცვით.
6. საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-4-5 ნაწილების თანახმად, პირობის დარღვევა წარმოადგენს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისა და საქმის პროკურორისათვის დაბრუნების საფუძველს.
7. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა თ. ა-მ არ შეასრულა საპროცესო შეთანხმების პირობა და შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში (2021 წლის 31 იანვრამდე) არ აანაზღაურა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი საპროცესო შეთანხმებითვე განსაზღვრული მოცულობით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას თ. ა-ს განემარტა, რომ იგი ვალდებული იყო, სრულად შეესრულებინა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები და რომ ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილი იქნებოდა, მიემართა სასამართლოსთვის განაჩენის გაუქმების თაობაზე, რასაც მსჯავრდებული დაეთანხმა.
8. საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების პირობებში საკუთარი ინიციატივით ცვლილების შეტანას, მათ შორის საპროცესო შეთანხმების ვადის გაგრძელების ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს დაცვის მხარის საკასაციო სასაჩივარში მითითებული არგუმენტები.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - დავით ყაზარაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვარის განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს პროკურორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე, 307-ე მუხლებით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - დავით ყაზარაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვარის განაჩენი და საქმე დაუბრუნდეს პროკურორს;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე