დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.03.2021
საქმის ნომერი
60აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
09.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №60აგ-20 თბილისი

კ-ე ი-ი, 60აგ-20 9 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ი. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი. კ-ეს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ი. კ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის უკან გათხოვნის შესახებ და მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

3. 2020 წლის 26 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. კ-ემ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ეფუძნება დაუშვებელ მტკიცებულებას, კერძოდ, მისი დაკავებისას ამოღებულ მეხსიერების ბარათზე, ე.წ. „ფლეშკაზე“ ჩაწერილ ყალბ დოკუმენტს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. კ-ემ, რომელიც შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლით ითხოვს მის გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსთვის მითითებას, რომ დაუშვას შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ი. კ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილით არ დასტურდება იმ მტკიცებულების დაუშვებლობა, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო განაჩენს და, შესაბამისად, არ წარმოადგენს ისეთ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2021 წლის 5 მარტის განჩინებით (საქმის №48აგ-20) უკვე იმსჯელა. ამასთან, პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, ხოლო მსჯავრდებულ ი. კ-ეს არ წარმოუდგენია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო მტკიცებულება - მეხსიერების ბარათზე (ე.წ. „ფლეშკაზე“) ჩაწერილი დოკუმენტი ყალბია, ხოლო წარმოდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილით სადავო მტკიცებულების სიყალბე არ დასტურდება.

5. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მისი შუამდგომლობის განმხილველი მოსამართლე მაია თეთრაულის აცილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მან არსებითად განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ის საქმე, ასევე მოსამართლე მაია თეთრაულის მიერ მიღებულ განაჩენზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, - საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების საფუძველს. ამასთან, აღნიშნულ საკითხზეც სასამართლომ უკვე იმსჯელა, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით (საქმის №36აგ-19).

6. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება, გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ი. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ი. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი