განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 19.02.2021
საქმის ნომერი
2კ-34-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141221004284277

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№341-21 19 თებერვალი, 2021 წელი

ფ–ი რ., 341-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ფ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მაისის განაჩენით:

რ. ფ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ვ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

რ. ფ–ი, - დაბადებული 1.... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. ფ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 7 სექტემბრიდან.

რ. ფ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) საწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და საქმიანობის უფლება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ფ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ფ–ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ რ. ფ–ის ინტერესების დამცველმა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

7. მსჯავრდებულ რ. ფ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ფ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქმის მასალების თანახმად, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს განაჩენით (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად) რ. ფ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებული რამინ ფაშაევი გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენის გამოტანის დროისათვის რამინ ფაშაევი ითვლებოდა ნასამართლეობის არმქონედ ( იხ. ასევე საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2013 წლის 18 დეკემბერს გაცემული ცნობა ნასამართლეობის შესახებ. პირადი საქმე ს.ფ.19).

3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4. საქმეში წარმოდგენილი, მსჯავრდებულ რ. ფ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ–ს 2021 წლის 28 თებერვლის განცხადების თანახმად, მათ ვერ წარმოადგინეს დაზარალებულის თანხმობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია ამ ნაწილში მსჯავრდებულ რ. ფ–ის მიმართ ზემოაღნიშნული კანონის გავრცელების შესაძლებლობას.

5. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

6. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

7. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

8. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ფ–ს ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

9. საბოლოოდ მსჯავრდებულ რ. ფ–ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2015 წლის 7 სექტემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ რ. ფ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ფ–ს ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. საბოლოოდ მსჯავრდებულ რ. ფ–ს მოსახდელად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2015 წლის 7 სექტემბრიდან;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე