შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100120003448860
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №671აპ-20 ქ. თბილისი
ჩ–ი ხ., 671აპ-20 17 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის განაჩენით ხ. ჩ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში გატარებული დროის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. განაჩენით ხ. ჩ–ს მსჯავრი დაედო გამოძალვისათვის, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნისათვის, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათიდან 2019 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით, ხ. ჩ–ი დედას - ნ. ჩ–ს ................ში წასვლის მიზნით სთხოვდა 1500 ლარს. 2019 წლის 18 დეკემბერს ვ............ს რაიონის სოფელ ი..........ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ხ. ჩ–ი ნ. ჩ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუკი ის არ მისცემდა 1500 ლარს. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში და დასახმარებლად მიმართა ჯერ მეზობლებს და შემდგომ კი - პოლიციას.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც ითხოვა განაჩენში, კერძოდ, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და ხ. ჩ–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. პროკურორი დარიკო ვადაჭკორია საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ხ. ჩ–ისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
· ხ. ჩ–ს სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან ჯარიმის მინიმალური ოდენობა სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არ შეიძლება იყოს 2000 ლარზე ნაკლები;
· ხ. ჩ–სთვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათს, აგრეთვე ვერ უზრუნველყოფს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი მიზნების განხორციელებას, მათ შორის: ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ჯარიმის მინიმალურ ოდენობას, რომელიც შეადგენს 2000 ლარს. სისხლის სამართლის კანონმდებლობა უშვებს შესაძლებლობას, სასამართლომ ჯარიმის ოდენობა შეამციროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, ან თუ სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად კანონმდებელმა განსაზღვრა ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ხ. ჩ–ი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განაჩენით მსჯარდებულია სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მის მიმართ განაჩენი გამოტანილია საქმის არსებითი განხილვის შედეგად, შესაბამისად, სასამართლოები კანონისმიერად მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, რომ ჯარიმის ოდენობა განესაზღვრათ 2000 ლარზე ნაკლები.
4. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს პროკურორის პოზიციას და მიაჩნია, რომ ხ. ჩ–ისთვის შეფარდებული სასჯელი - ჯარიმა 1500 ლარი - განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით.
5. საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
6. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელებიდან ნაკლებად მკაცრი სასჯელის - ჯარიმის გამოყენებას, ხოლო ხ. ჩ–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას უნდა დაენიშნოს ჯარიმა - 2500 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის გამოყენებით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, უნდა შეუმცირდეს 2000 ლარამდე.
8. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას საკასაციო პალატამ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად შეაფასა მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ: მხედველობაში მიიღო ხ. ჩ–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად), დაზარალებულის პოზიცია (წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს და თანახმაა მის მიმართ გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი) და დამამძიმებელი გარემოება (დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას), აგრეთვე, მის მიერ ჩადენილი ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (ხ. ჩ–ი 2019 წლის 17 და 18 დეკემბერს დედის - ნ. ჩ–ს მიმართ იყო აგრესიული, გარდა იმისა, რომ ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას - ლანძღავდა და აგინებდა, დანაშაულის ჩადენისას იყო მთვრალი); ქმედების ჩადენის მოტივი და მიზანი (ხ. ჩ–ი ცდილობდა მართლსაწინააღმდეგოდ, გამოძალვით დაუფლებოდა სხვის ფულს, იმ მიზნით, რომ წასულიყო ...........ში); ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მის მტკიცე და ურყევ სურვილს, მუქარითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაუფლებოდა ფულად თანხას), ასევე ის ფაქტი, რომ 2019 წლის 17 დეკემბერს ნ. ჩ–სთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო ხ. ჩ–ის მიმართ გამოწერილ იქნა შემაკავებელი ორდერი, თუმცა აღნიშნულმა გავლენა ვერ იქონია მის შემდგომ ქცევაზე.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის სახით ჯარიმა - 2500 ლარი - გამოყენება იქნება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების შესაბამისი, აგრეთვე რეალური და პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განაჩენში, კერძოდ, სასჯელის ნაწილში, უნდა შევიდეს ცვლილება, სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. ხ. ჩ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე