განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 06.04.2021
საქმის ნომერი
2კ-305-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.04.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080141121004280020

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№3051-21 6 აპრილი, 2021 წელი

ფ–ა ზ., 3051-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით ზ. ფ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. ზ. ფ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათით. გამოსაცდელი ვადის - 2 (ორი) წლის ათვლა ზ. ფ–ს დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2016 წლის 28 ივნისიდან.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ზ. ფ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით ჩაეთვალა პირობით;

სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. ზ. ფ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 აპრილიდან.

3. 2021 წლის 19 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ზ. ფ–ს პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით ზ. ფ–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით - ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ზ. ფ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 აპრილიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებულ ზ. ფ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ჩ–ი საჩივრით ითხოვს ზ. ფ–ს მიმართ სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის განახევრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზ. ფ–ა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რომელთაგან „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვრცელდება მხოლოდ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მაგრამ, ვინაიდან ზ. ფ–ს სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის - ერთიანი სასჯელის სახით, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება დამოუკიდებლად სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

4. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით ზ. ფ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კანონიერად გაუნახევრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, მაგრამ ამავე დროს, სასჯელის განახევრება არ შეხებია მის მიმართ ამავე განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებულ სასჯელს - 120 (ას ოცი) საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, რაც უნდა შეიცვალოს და მას ასევე უნდა გაუნახევრდეს აღნიშნული სასჯელიც და განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 60 (სამოცი) საათით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. ზ. ფ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით შეფარდებული დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათით და განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 60 (სამოცი) საათით;

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება დანარჩენ, მათ შორის - განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი