საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.12.2020
საქმის ნომერი
535აპ-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #200100119003032580

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №535აპ-20 ქ. თბილისი

ნ–ი გ., 535აპ-20 23 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით გველესიანი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ნ–ის დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და შესაბამისი კანონიერი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ნ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 10 აპრილს, ქალაქ თ..........ში, ქ...........ის ქუჩა N..-ში მდებარე ი. გ–ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გ. ნ–მა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ა. კ–ს მიაყენა მარცხენა წინამხრის შუა მესამედის გამჭოლი ჭრილობა იდაყვის ძვლის მოტეხილობით, რაც მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ასევე, ა. კ–ს აღენიშნება, მარცხენა თეძოს ფრთის მიდამოში ბრმა ჭრილობა, უცხო სხეულით, რომელიც მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით.

2019 წლის 10 აპრილს, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქალაქი თ......ი, ა.........ის გამზირი N.. ბინა ..-ში, გ. ნ–ი მართლსაწინააღმდეგოდ, მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დედის - ნ. ბ–ის საკუთრებაში არსებულ და მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტს № .... და 15 ერთეულვაზნას. 2019 წლის 10 აპრილს, გ. ნ–ი გადაადგილდებოდა ქალაქ თ......ში, ქ...............ის ქუჩაზე, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, კერძოდ, ქარხნული წესით დამზადებულ, ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის, №..... პისტოლეტსდა 15 ერთეულ ვაზნას. ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით შეიარაღებულმა გ. ნ–მა, იმავედღეს, ქალაქ თ.......ში, ქ...........ის ქუჩა N.-ში მდებარე, .............ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ზემოაღნიშნული „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ავთანდილ კიკნაძეს განზრახ მიაყენა, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2019 წლის 27 აპრილს, ყ-ს რ-ს სოფელ ე-ში გ. ნ. დაკავებული იქნა შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რა დროსაც მისგან პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი №....... და 14 ერთეული ვაზნა, რომლებსაც ის მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

გ. ნ–ი, 2016 წლის 22 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ნ–ი იყო რა ნასამართლევი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, 2019 წლის 10 აპრილს, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქალაქი თ........ი, ა...........ი N.. ბინა ..-ში, გ. ნ–ი მართლსაწინააღმდეგოდ, მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დედის - ნ. ბ–ის საკუთრებაში არსებულ და მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტს №......., ღირებულს 500 ლარად და 15 ერთეულ ვაზნას. 2019 წლის 27 აპრილს, შსს თ......ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გ. ნ–ის პირადი ჩხრეკისას, ამოღებული იქნა, ნ. ბ–ის კუთვნილი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი №...... და 14 ერთეული ვაზნა.

გ. ნ–ი, 2016 წლის 22 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ნ–ი იყო რა ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის, 2019 წლის 27 აპრილს, ყ..........ს რაიონის სოფელ ე.........ში, მისი დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა საკეცი დანა და საჯიგველი (კასტეტი), რომლებიც ექსპერტიზის N.... დასკვნით განეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას.

გ. ნ–ი, 2016 წლის 22 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ნ–ი იყო რა ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის, 2019 წლის 22 იანვარს, ქალაქ ..............ში, ჩატარებული მისი პირადი გასინჯვისას ამოღებულ იქნა საკეცი დანა და საჯიგველი (კასტეტი), რომლებიც ექსპერტიზის N.... დასკვნით განეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენით:

გ. ნ–ი საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ნ-ს მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ. ნ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 27 აპრილიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და გ. ნ–ის ბრალდების ამ ეპიზოდშიც დამნაშავედ ცნობას; ასევე დანიშნული სასჯელის დამძიმებას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელზე წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთის უფრო მეტი ვადის დამატების გზით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ნ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.

გ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს N...... გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2017 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ. ნ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 27 აპრილიდან.

6. 2020 წლის 11 სექტემბერს გ. ნ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესს სასამართლოს. განცხადებაში მითითებულია, რომ გ. ნ–ი თავს სცნობს უდანაშაულოდ სსკ-ის 237-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-301-303 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. მსჯავრდებულ გ. ნ–ის ქმედების გადაკვალიფიცირების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილზე გადაკვალიფიცირდა. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ გ. ნ–ის ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. კასატორის არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული რაიმე ახალი გარემოების ან ფაქტის შესახებ, რაც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან შეფასებას

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ...,,ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით. ..ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები”(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც.

12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე