საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.03.2020
საქმის ნომერი
2კ-760აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №760აპ-19 თბილისი

ბ-ი ი-ე, 760აპ-19 26 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. ბ-ს ბრალი დაედო: ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცებასა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· ი. ბ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ. მ-ესა და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს. ისინი შეთანხმდნენ, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩაედინათ ყაჩაღური თავდასხმა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2001 წლის 11 ივლისს, 10:30 საათზე, ი. ბ-მა გ. მ-ესა და აღნიშნულ ორ პირთან ერთად მოტყუებით, უკანონოდ შეაღწია თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე გ. ბ-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინა №--ში, სადაც იმყოფებოდნენ გ. ბ-ე და მისი მეუღლე - მ. კ., რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოსთხოვეს ფულადი თანხის გადაცემა. თავდამსხმელები დაეუფლნენ გ. ბ-ისა და მ. კ-ის კუთვნილ დიდი ოდენობით ქონებას, კერძოდ: თანხას -2200 აშშ დოლარსა და 100 ლარს; 400-400 ლარად ღირებულ ოქროს ორ ბეჭედს; 200-200 ლარად ღირებულ ბაჯაღლოს ორ საქორწილო ბეჭედს; 2000 ლარად ღირებულ ქალის ოქროს სამაჯურს; 3000 ლარად ღირებულ „გუბელინის“ ფირმის ოქროს საათს; 100 ლარად ღირებულ ქალის ვერცხლის საყურეს; 1000 ლარად ღირებულ „ორის“ ფირმის მამაკაცის საათს; 400 ლარად ღირებულ „მოტოროლას“ ფირმის მობილურ ტელეფონსა და 100 ლარად ღირებულ ტყავის შავ საფულეს. ი. ბ-ი თანმხლებ პირებთან ერთად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა გ. ბ-ის კუთვნილ, 3000 ლარად ღირებულ „ბერეტას“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს №ე-83437-ე და გაიტაცა მისი პირადი დოკუმენტები, კერძოდ: პარლამენტის მოწმობა, მძღოლის მოწმობა და ავტომანქანა „ჰონდას“ - სახ. №- ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა №-, რის შემდეგაც გ. ბ-ესა და მ. კ.ს ე.წ. ,,სკოჩით“ შეუკრეს ხელ-ფეხი და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული ქმედებებით ი. ბ-მა დაზარალებულ გ. ბ-ეს მიაყენა 15354 ლარის - დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

· 2001 წლის 18 ივლისს თ-ში, შ-ის ქუჩა №-ში მდებარე ი. ბ-ის საცხოვრებელ ბინაში, ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი საბრძოლო მასალა, კერძოდ: „AKC-ის“ სისტემის ავტომატისათვის განკუთვნილი 21 ვაზნა, „მაკაროვისა“ და „სტეჩკინის“ სისტემის პისტოლეტებისათვის განკუთვნილი 9 მმ კალიბრიანი 5 ვაზნა და „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატისათვის განკუთვნილი 2 მჭიდი 12 ვაზნით, რასაც ი. ბ-ი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

· ი. ბ-მა, რომელიც აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას, ბ. კ-ესა და გამოძიებით დაუდგენელ ოთხ პირთან ერთად კვლავ განიზრახა ყაჩაღობის არაერთგზის ჩადენა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2002 წლის 25 მაისს, დაახლოებით 21:20 საათზე, ი. ბ-მა, ბ. კ-ესა და დაუდგენელ ოთხ თანამზრახველთან ერთად მოტყუებით კარის გაღებით უკანონოდ შეაღწია თ-ში, ა-ს ქუჩა №--ში მდებარე ა. მ-ის საცხოვრებელ ბინა №5-ში და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ყაჩაღურად თავს დაესხა ა. მ-ს, მის მეუღლეს - ნ. დ-სა და შვილებს - თ. და ქ. მ-ს, რა დროსაც ბოროტმოქმედებმა დაზარალებულებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ა. მ-მა ცემის შედეგად მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ყაჩაღური თავდასხმის დროს ი. ბ-მა, ბ. კ-ემ და მასთან ერთად მყოფმა ოთხმა დაუდგენელმა პირმა ა. მ-ის ბინიდან გაიტაცეს: 22150 და 6645 ლარად ღირებული ბრილიანტის საყურეები; 8860 ლარად ღირებული საფირონის საყურეები და ბეჭედი; 6645 ლარად ღირებული ოქროს საყურე; 5537 ლარად ღირებული ზურმუხტის თვალი; 11075 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი; 8860 ლარად ღირებული ყვითელი ბრილიანტი; 4430 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი; 11075 ლარად ღირებული ოქროს საყურე; 5537,5 ლარად ღირებული ოქროს „კოლიე“; 2215 ლარად ღირებული ოქროს სამაჯური; 9967,5 ლარად ღირებული ორი ბრილიანტის ბეჭედი და ორი საყურე; 4430 ლარად ღირებული ორი ბრილიანტის ბეჭედი; 2658 ლარად ღირებული ბრილიანტი; 1107,5 ლარად ღირებული, ემალში ჩასმული კვერცხი; 3322,5 ლარად ღირებული ამეთვისტოს საყურე; 3322,5 ლარად ღირებული ოქროს ჯაჭვი; 4873 ლარად ღირებული ოქროს მონეტა; 1550,5 ლარად ღირებული ოქროს მძივი; 1550,5 ლარად ღირებული ოქროს სამაჯური; 1329 ლარად ღირებული ოქროს საყურე; 1550,5 ლარად ღირებული ოქროს საყურე და სამაჯური; 1107,5 ლარად ღირებული ოქროს „კულონი“; 2215 ლარად ღირებული ჯაჭვი, გასახსნელი „კულონით“; 664,5 ლარად ღირებული ოქროს ჯვარი; 1550,5 ლარად ღირებული ოქროს თმის სამაგრი; 2658, 2215, 443 და 664,5 ლარად ღირებული ოქროს ბეჭდები; 664,5 ლარად ღირებული ბეჭედი ორი ფირუზის თვლით; 1107,5 ლარად ღირებული საფირონის ბეჭედი; 1772 ლარად ღირებული ოქროს ყელსაბამი; 1107,5 ლარად ღირებული ოქროს სამაჯური; 4430 ლარად ღირებული ოქროს საყურე; 1107,5 ლარად ღირებული ორი საყურე; 4430 ლარად ღირებული 5 წყვილი გაბერილი საყურე; 2215 ლარად ღირებული იტალიური საყურე; 1772 ლარად ღირებული 3 წყვილი „ვერსაჩეს“ ფირმის საყურე; 11075 ლარად ღირებული, ე.წ. „ბაღჩას“ ბრილიანტის თვლებით; 2215 ლარად ღირებული საფირონის ბეჭედი; 2215 ლარად ღირებული 3 ოქროს ბეჭედი; 15505 ლარად ღირებული 10 „კულონი“; 4430 ლარად ღირებული რომბის ფორმის ბრილიანტის ბეჭედი; 4430 და 2215 ლარად ღირებული ამეთვისტოს ბეჭდები; 2215 ლარად ღირებული საყურეები მარგალიტებით; 1772 ლარად ღირებული ყელზე ჩამოსაკიდი ოქროს საათი; 107,5 ლარად ღირებული ოქროს ჯაჭვი და ბეჭედი; 332,25 ლარად ღირებული „მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონი; 5000 ლარად ღირებული ბრილიანტის ბეჭედი და საყურეები; 700 ლარად ღირებული ოქროს ჯაჭვი; 1000 ლარად ღირებული 2 ოქროს ჯაჭვი; 400-400 ლარად ღირებული ყელსაბამი და ოქროს ჯაჭვი; 1000 ლარად ღირებული 4 გულსაკიდი; 600 ლარად ღირებული 5 ოქროს ბეჭედი; 200 ლარად ღირებული ოქროს ჯვარი; 400 ლარად ღირებული ოქროს თმის სამაგრი; 500 ლარად ღირებული ოქროს სამაჯური; 300 ლარად ღირებული ოქროს ყელსაბამი; 300 ლარად ღირებული ოქროს ჯვარი; 1 500 ლარად ღირებული 2 სამაჯური; 250 ლარად ღირებული, საქორწილო რგოლის ბეჭედი; 250 ლარად ღირებული ბეჭედი ხუთრუბლიანი მონეტით; 200 ლარად ღირებული 2 ოქროს ბეჭედი; 100 ლარად ღირებული ოქროს ჯაჭვი და ჯვარი; 500 ლარად ღირებული სამაჯური და წყვილი საყურე; 300 ლარად ღირებული ძეწკვი გულსაკიდთან ერთად; 100 ლარად ღირებული 4 ოქროს ძეწკვი; 40 ლარად ღირებული სამაჯური; 700 ლარად ღირებული 7 ბეჭედი; 200 ლარად ღირებული 2 წყვილი საყურე; 200 ლარად ღირებული 10 ჯვარი; 100 ლარად ღირებული ორი გულსაკიდი; 2400 ლარად ღირებული ოქროს ჯაჭვი; 4800 ლარად ღირებული 6 ოქროს სამაჯური; 500, 600 და 1000 ლარად ღირებული ბეჭდები ბრილიანტის თვლებით; მათ ასევე გაიტაცეს თანხა - 3000 აშშ დოლარი (იმდროინდელი კურსით - 6645 ლარი) და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

· ი. ბ-მა ბ. კ-ესა და ოთხ დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად გაიტაცა დაზარალებულების: ა. მ-ის, მისი მეუღლის ნ. დ-სა და შვილების: თ. და ქ. მ-ების კუთვნილი დიდი ოდენობით ქონება, კერძოდ: 248144,25 ლარის ღირებულების ნივთები და თანხა - 3000 აშშ დოლარი, იმდროინდელი კურსით - 6645 ლარი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 მარტის განაჩენით: ი. ბ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; ი. ბ-ი, - დაბადებული - წელს, - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ბ-ს განესაზღვრა 24 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

4. მსჯავრდებული ი. ბ-ი დააკავეს 2017 წლის 21 ნოემბერს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. ბ-ისა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 მარტის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

· ი. ბ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი;

· ი. ბ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი მსჯავრი გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) ორ ეპიზოდზე (2001 წლის 11 ივლისისა და 2002 წლის 25 მაისის ეპიზოდები) და თითოეული ეპიზოდისათვის მიესაჯა 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა და განესაზღვრა 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· ი. ბ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· ი. ბ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელებისგან;

· სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით 2001 წლის 11 ივლისის ეპიზოდისათვის შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ ი. ბ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 21 ნოემბრიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას - ი. ბ-ის დამნაშავედ ცნობას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

7. მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატი პ. ბ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე