ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080141121004321353
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №422I -21 თბილისი
კ-ა ზ, 422I -21 8 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 29 იანვარს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, შევიდა პირადი საქმის მასალები მსჯავრდებულ ზ. კ-ს მიმართ.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განაჩენით ზ. კ-ია, - დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 4 წელი და 6 თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. კ-ს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი და 6 თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ზ. კ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
მსჯავრდებულ ზ. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით:
გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით. ზ. კ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განჩინების აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
5. პირადი საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განჩინება.
6. ზ. კ-ა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განჩინების აღსრულების მიზნით დააკავეს 2019 წლის 16 ოქტომბერს.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. კ-ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. კ-ას ადვოკატმა მ. ქ-მ (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მას აღუდგა განჩინების გასაჩივრების ვადა) და ითხოვა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის ზ. კ-ე გავრცელება და მისი საპატიმრო დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
9. საჩივრის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უარი განაცხადა ამნისტიის გავრცელებაზე იმ მოტივით, რომ მოცემული კანონი მისი გამოცემის მომენტისათვის მხოლოდ მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციაზე ვრცელდებოდა; აღნიშნულის გამო, დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოსათვის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით უნდა მიემართა; რეალურად კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2015 წლის 5 ოქტომბერს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. რაც შეეხება ზ. კ-ს წარსულ ნასამართლობას, რომლის დადგენაც მოცემულ შემთხვევაში ამნისტიის გავრცელებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხია, 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენი (საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე) არ წარმოადგენს ამნისტიის გავრცელებისათვის დამაბრკოლებელ გარემოებას; რაც შეეხება 2006 წლის 25 იანვრის განაჩენს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე), ზ. კ-ა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განაჩენით ზ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 273-ე მუხლით. ამასთან, როგორც აღინიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ზ. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული; მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, ზ. კ-ა უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დანიშნული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან.
5. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის დანიშნულ სასჯელს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს ნასამართლობის არქონა.
6. საკასაციო პალატა ადვოკატს ეთანხმება მსჯელობის იმ ნაწილში, რომ ზ. კ-ს ნასამართლობა ნარკოტიკული დანაშაულის - საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენით), არ წარმოადგენს ამნისტიის გავრცელების დამაბრკოლებელ გარემოებას, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე პირდაპირ არის მითითებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში.
7. რაც შეეხება ადვოკატის მსჯელობას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 იანვარს გამოტანილ განაჩენთან მიმართებით, ამ ნაწილში საკასაციო პალატა არ იზიარებს საჩივრის ავტორის მოტივაციას შემდეგ გარემოებათა გამო:
8. ადვოკატი საჩივარში აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან ზ. კ-ია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა. მაგრამ წარმოდგენილი მასალების თანახმად, ხსენებული განჩინება შეეხო არა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრით დანიშნულ სასჯელს (ე.ი. როგორც ამას ადვოკატი საჩივარში უთითებს), არამედ - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხვა - 2006 წლის 7 ივლისის განაჩენს. ამასთან, ხსენებული ამნისტიით ზ. კ-ს სასჯელი ¼-ით შეუმცირდა; მოცემული გარემოება გამორიცხავს ზ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 დანაწესის გავრცელებას, რომლის თანახმადაც, სასჯელისგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (მაგალითისათვის იხილეთ: №4571-13 გადაწყვეტილება), „იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლებულია სრულად ამნისტიისა და შეწყალების საფუძველზე, იგი სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ითვლება ნასამართლობის არმქონედ.“ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ზ. კ-ს სასჯელი კანონით განსაზღვრული კონკრეტული ოდენობით (1/4-ით) შეუმცირდა. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს ნასამართლობა გაუქარწყლდება სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ (როგორც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით ირკვევა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განაჩენით ზ. კ-ა, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებთან ერთად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იქნა ცნობილი დამნაშავედ). ახალი დანაშაული კი მან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების მიღებიდან, მცირე ვადაში, კერძოდ, 2014 წლის 6 მარტს ჩაიდინა.
9. გარდა ამისა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის განაჩენით ზ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ განაჩენს დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის ნაწილი - 6 თვე და საბოლოოდ ზ. კ-ს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2005 წლის 16 იანვრიდან.
10. გარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საქმის მასალების, მსჯავრდებულის პირადი საქმისა და ადვოკატის მიერ საჩივარზე თანდართული მასალებისა, საკასაციო სასამართლომ მოცემული საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტის მიზნით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საარქივო განყოფილებიდან და საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოითხოვა როგორც პირადი, ისე სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ რაიმე სხვა მასალა, რომელსაც კავშირი ექნებოდა ზ. კ-ს ნასამართლობის გაქარწყლებასთან ან მოხსნასთან, მასში არ გამოკვეთილა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა ნასამართლობის არქონასთან მიმართებით დაკმაყოფილებული არ არის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე აღნიშნული კანონი ვერ გავრცელდება.
12. ვინაიდან ზ. კ-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განაჩენით (შესაბამისობაშია მოყვანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით) სასჯელი დანიშნული ჰქონდა დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის საფუძველზე და უფრო მკაცრმა - საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი - საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი, შესაბამისად, საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის თვალსაზრისით, ზ. კ-ს სამართლებრივი მდგომარეობა არ იცვლება; ამდენად, საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) დანიშნული სასჯელის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით გაუქმებული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიქცეული თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებული ზ. კ-ია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განაჩენითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან;
4. საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) დანიშნული სასჯელის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე