საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №378აპ-21 ქ. თბილისი
ჭ-ა მ-ე, 378აპ-21 26 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ჭ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ზ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენით მ. ჭ-ა, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავების პერიოდი – 2020 წლის 4 მარტიდან იმავე წლის 5 მარტის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განაჩენით შეიცვალა: მ. ჭ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 26 აგვისტოდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავების დრო – 2020 წლის 4 მარტიდან იმავე წლის 5 მარტის ჩათვლით.
2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჭ-ამ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
3. მ. ჭ-ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. ზ-ში, ბ-ას ქ. №7-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან მ. ჭ-ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა რ. ც-ას კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას, კერძოდ, „ნ-ას“ („N-A“) ფირმის, ჩინური წარმოების, 1800 ლარად ღირებულ მოპედს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4. მსჯავრდებული მ. ჭ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ზ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განაჩენის გაუქმებას, მ. ჭ-ას გამართლებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ მოპედი არ არის სატრანსპორტო საშუალება და მისი ქურდობა არ იძლევა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემადგენლობას; მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული; ჰყავს მეუღლე და 9 თვის შვილი; დაზარალებულს არ გააჩნია არანაირი პრეტენზია.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მ. ჭ-ას ბრალეულობა სატრანსპორტო საშუალების ქურდობაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმით, ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებითა და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ მ. ჭ-ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
7. კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ იმას, არის თუ არა მოპედი სატრანსპორტო საშუალება. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 42-ე პუნქტის თანახმად, მოპედი არის ორ- ან სამთვლიანი, ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს. ექსპერტ ზ. თ-ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მოპედი მიეკუთვნება არამექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას; ნებისმიერი მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია ძრავა და თვლები, მათ შორის – მოპედი, წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ჭ-ას ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით.
8. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. ჭ-ას, პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება, ნასამართლობის არქონა) და დამამძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების მხედველობაში მიღებით, დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და უფრო მსუბუქი სახის სასჯელის შეფარდება სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ჭ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ზ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე