საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.10.2021
საქმის ნომერი
2კ-300აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.10.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100119003371398

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №300აპ-21 ქ. თბილისი

მ. გ. 300აპ-21 11 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჭ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ–ში, მთვრალი გ. მ. თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსით, სარეგისტრაციო ნომრით ......, დიდი სისწრაფით მოძრაობდა მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ს მხრიდან სოფელ ქ–ს ცენტრის მიმართულებით. მან, მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, რა დროსაც შეეჯახა მის სამოძრაო ზოლში გაჩერებულ ნ. მ–ს კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, სარეგისტრაციო ნომრით ........ და აღნიშნული ავტომობილის წინა მარცხენა კართან მოხრეშილ გვერდულზე მდგომ ბ. ქ–ს და ლ. ქ–ს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ბ. ქ. და ლ. ქ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნენ მ-ს სამედიცინო ცენტრში, სადაც ბ. ქ. 2018 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა, ხოლო ლ. ქ–მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განაჩენით გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;

გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

გ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2019 წლის 24 ივნისიდან.

4. სასამართლომ დადგინა, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ–ში, მთვრალი გ. მ. თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ......, დიდი სისწრაფით მოძრაობდა მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ს მხრიდან სოფელ ქ–ს ცენტრის მიმართულებით. მან, მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, რა დროსაც შეეჯახა მის სამოძრაო ზოლში, გზის სავალ ნაწილზე, მოხრეშილი გვერდულიდან ახლოს გაჩერებულ ნ. მ–ს კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ....... და აღნიშნული ავტომობილის მარცხენა ნაწილთან (კართან) მოხრეშილ გვერდულზე მდგომ ბ. ქ–ს და ლ. ქ–ს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ბ. ქ. და ლ. ქ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნენ მ-ს სამედიცინო ცენტრში, სადაც ბ. ქ. 2018 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა, ხოლო ლ. ქ–მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ადვოკატმა რ. ჭ–მ და ითხოვა გ. მ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ გ. მ–ს ადვოკატი რ. ჭ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენის გაუქმებას და გ. მ–ს გამართლებას.

8. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი გოჩა ცინცაძე შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ გ. მ–ს ადვოკატის რ. ჭ–ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვებას.

9. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდგომში- საქართველოს სსსკ-ის) სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

12. ადვოკატი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ჯერ 2018 წლის 17 ოქტომბერს გამომძიებელს შ. რ–ს, ხოლო მისი უარის შემდეგ 2018 წლის 29 ოქტომბერს მცხეთის რაიონულ პროკურორს მიმართა თხოვნით გ. მ–ს დამატებით გამოკითხვის შესახებ, თუმცა მისი მოთხოვნა არცერთ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა დამოუკიდებლად გამოეკითხა თავისი დაცვის ქვეშ მყოფი გ. მ.; მსჯავრდებულმა ისარგებლა სასამართლოსათვის ჩვენების მიცემისა და საბოლოო სიტყვის თქმის შესაძლებლობით, საკასაციო საჩივრით არ დგინდება რატომ იყო გადამწყვეტი სწორედ საგამოძიებო ორგანოს მიერ გ. მ–ს განმეორებით გამოკითხვა.

14. ადვოკატის მტკიცებით, გ. მ. შემთხვევის დღეს გამოიკითხა საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ, გამოიკითხა ღამის საათებში, მთვრალი და დაზარალებულების ახლობლების მიერ ნაცემი.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემთხვევის დღეს გ. მ–ს გამოკითხვა განპირობებული იყო გადაუდებელი აუცილებლობით; გ. მ–ს ალკოტესტის შემოწმება ჩაუტარდა 20:53:28 საათზე და დაუდგინდა 0.135‰ ალკოჰოლური თრობა, ხოლო მისი გამოიკითხვა დაიწყო 23:40 საათზე და გაგრძელდა 00:10 საათამდე; სისხლის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, გ. მ–საგან სისხლის ნიმუში აიღეს 22:50-23:00 საათების შუალედში, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური დასკვნის თანახმად, გ. მ–ს სისხლის ნიმუშში აღმოჩენილი 0,79‰ ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მსჯავრდებულის ჩვენების გარდა - არ დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს, გამოკითხვამდე გ. მ. სცემეს დაზარალებულის ნათესავებმა.

16. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გ. მ. დაკითხულ იქნა საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, „მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია“.

17. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე და 144-ე მუხლების დანაწესებს და იმ ფაქტს, რომ დაცვის მხარეს შეეძლო საკუთარი ინიციატივით ჩაეტარებინა სასურველი ექსპერტიზა დაცვის მხარის პოზიციების გასამყარებლად. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.

18. საკასაციო საჩივრის თანახმად გ. მ–მ საგამოძიებო ორგანოს წარუდგინა გ. ქ-ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად ამ უკანასკნელს პრეტენზია არ ჰქონდა, თუმცა საგამოძიებო ორგანოში მითითებული განცხადება არ ჩაიბარეს, ვინაიდან საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს სურდათ გ. მ–ს პასუხისმგებლობის დამძიმება.

19. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ. ტ–მ, დაცვის მხარის კითხვას თუ რატომ არ ჩაიბარა მითითებული განცხადება, უპასუხა: ,,რომ მოეტანა, ჩავიბარებდი“, ხოლო დაზარალებულმა ლ. ქ–მ ადვოკატის შეკითხვას იმავე საკითხზე უპასუხა, რომ მისთვის უცნობია 8200 ლარი აქვს თუ არა ანაზღაურებული გ. მ–ს, ასევე მისთვის უცნობია მამის მიერ ნოტარიულად დამოწმებული ზიანის ანაზღაურების შესახებ განცხადების თაობაზე (17:37:25).

20. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად სასჯელის დანიშვნა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს კომპეტენციაა, ხოლო როგორც აღინიშნა მხარეებს უფლება აქვთ საქართველოს სსსკ-ის მე-9 და 25-ე მუხლების შესაბამისად მოიპოვონ და სასამართლოს შესაბამისი წესის დაცვით წარუდგინონ თავიანთი პოზიციის გასამყარებელი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი სადავო განცხადება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მითითებულ საკითხზე. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.

21. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე სადავოდ ხდის 2018 წლის 19 ოქტომბერს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს და განმარტავს, რომ გ. მ–ს ნაცვლად საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ნ. მ–ს მონაწილეობით, ამასთან, მათ არ მიეცათ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის შესაძლებლობა ვინაიდან გამომძიებელმა შ. რ–მ განუცხადათ, რომ პროკურორთან შეთანხმებით გადაწყდა საგამოძიებო მოქმედების გადადება და ჩატარების დრო მოგვანებით ეცნობებოდათ, თუმცა ,,შემდგომში საჭიროდ აღარ მიიჩნიეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება“ დაცვის მხარის მონაწილეობით.

22. სასამართლო ითვალისწინებს ექსპერტ ი. ს–ს განმარტებას, რომ საკითხი - რა მანძილში (მეტრში) შეეძლო მძღოლს გზის სავალ ნაწილზე გაჩერებული ავტომანქანის დანახვა - არ გულისხმობდა კონკრეტული პირის მხედველობის შემოწმებას, არამედ მოიცავდა ზოგადად ადამიანის შესაძლებლობის განსაზღვრას, რა მანძილიდან არის შესაძლებელი კონკრეტული ავტომანქანის დანახვა. შესაბამისად, კონკრეტულ ექსპერიმენტში ვინ მიიღებდა მონაწილეობას და დააფიქსირებდა დანახვის წერტილს ექსპერტიზისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა (19:03:10). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოწმე შ. რ–მის (გამომძიებელი) დაკითხვისას ადვოკატმა რ. ჭ–მ მიუთითა, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი არ უთქვამს, უბრალოდ შებინდების გამო იქ მყოფებმა გადაწყვიტეს საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დღეებში ჩატარება, რაც (მითითებული ინფორმაცია) უარყო გამომძიებელმა იმავე სხდომაზე (00:32:08).

23. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებისათვის ადვოკატს არ დაუსვამს კითხვები მითითებულ გარემოებათა შესახებ და აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არც ერთი სხვა მტკიცებულებით.

24. საგამოძიებო ექსპერიმენტის არსის და მისი ჩატარების ადგილის გათვალისწინებით, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ იმ შემთხვევაში თუ დაცვის მხარეს შეეზღუდა (როგორც ამტკიცებს) საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც მათი აზრით მნიშვნელოვანი იყო დაცვის განხორციელებისთვის მათ ჰქონდათ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობა.

25. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს ავტოტექნიკური ექპერტიზის დასკვნებზე და სადავოდ მიაჩნია შეჯახების კონკრეტული ადგილი და საკითხი - ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ,,მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა მოძრაობაში იყო თუ იდგა.

26. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2018 წლის 13 ნოემბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N..... და 2019 წლის 19 სექტემბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N..... დასკვნებით, ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ მძღოლ გ. მ–ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა; მძღოლ ნ. მ–ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბ-დ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, თუმცა აღნიშნული მიზეზობრივ კავშირში არაა მომხდარ შემთხვევასთან და მას მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა - თ. დ–მ და ი.ს–მ, ამასთან, დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის: დაზარალებულ ლ. ქ–ს, დაზარალებულის უფლებამონაცვლის - მ. ქ–ს, მოწმეების - ნ. მ–ს, მ. ქ–ს, მ. გ–ს და სხვათა ჩვენებებთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან.

27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას და ექსპერტ დ. გ–ს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომანქანა ,,მერსედესი“ შეჯახებისას იყო მოძრაობაში, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიდან, კერძოდ: მოწმე ლ. ქ–მ განმარტა, რომ მეზობელი ნ. მ. ,,მერსედესის“ ფირმის ავტომანქანით გადავიდა მათი მიმართულებით - საპირისპირო ზოლში, გაჩერდა, ჩააქრო ავტომანქანა, ჩართო ავარიული ციმციმები. მათ დაიწყეს საუბარი, შეჯახებისას ის და ბ. ქ. იდგნენ გრუნტიან გზაზე, ნ. მ–ს ავტომანქანის ნაწილი დაახლოებით 50 სანტიმეტრი იდგა ქვეითთა გზაზე, დანარჩენი ნაწილი კი ავტომანქანის სავალ ასფალტირებულ გზაზე (17:14:53), ხოლო ნ. მ–მ განმარტა, რომ შეჯახების შედეგად მისი ავტომანქანა გაიწია უკან, ხოლო ავტომანქანის უკანა ნაწილი შეტრიალდა მარჯვნივ (რამდენი მეტრით არ ახსოვს, სავარაუდოდ 1-2 მეტრი) (16:04:35). ასევე, ექსპერტმა ი.ს–მ დაადასტურა, რომ კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისას ვერ შეთანხმდა ექსპერტი დ. გ–სთან - შეჯახების ადგილზე. ეს უკანასკნელი ამბობდა, რომ შეჯახება მოხდა ავტომანქანა ,,მერსედესის“ საბოლოო გაჩერების ადგილიდან უკან 13-14 მეტრში, ანუ მისი აზრით შეჯახების შემდეგ ,,მერსედესმა“ გაიარა 13-14 მეტრი და გაჩერდა, რაც დაახლოებით გამოდიოდა გაჩერებული მიკროავტობუსის უკანა ნაწილთან, ხოლო ექსპერტი თ. ჭ–ს დასკვნის თანახმად შეჯახება მოხდა ავტომანქანა ,,მერსედესის“ საბოლოო გაჩერების ქვეშ, რადგან არ ჩანდა ინტენსიური ჩამონაყარი (17.03.2020. 17:46:32).

ექსპერტ ი. ს–ს განმარტებით, როგორც მძღოლები, ასევე ქვეითად მოსიარულე მოწმე ამტკიცებდა, რომ შეჯახებისას ავტომანქანა ,,მერსედესი“ იყო გაჩერებული; ვერცერთ სურათზე ან/და სქემაზე ვერცერთმა ექსპერტმა ვერ ნახა ინტენსიური ჩამონაყარი, აღნიშნული მთლიან ზედაპირზე იყო გაფანტული, ანუ ინტენსიური ჩამონაყარი არ არსებობდა. ინტენსიურ ჩამონაყარს კი ადგილი აქვს მაშინ, როცა ორი შემხვედრად მოძრავი ავტომანქანა ეჯახება ერთმანეთს, რადგან შეჯახების მომენტში ისინი იწყებენ ტრიალს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და უშუალოდ შეჯახების ადგილას ახდენენ ინტენსიურ ჩამონაყარს (17:58:57). გარდა ამისა, მოწმემ განმარტა, რომ ავტომანქანების საბოლოო განლაგება არ შეესაბამება დაცვის მხარის მიერ მითითებულ მოცემულობას (17:51:40).

მოწმემ ასევე განმარტა, რომ თუ ორივე ავტომანქანა იყო მოძრაობაში, შეჯახების შემდეგ ,,მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა დარჩენილი ენერგიით გადაადგილდებოდა წინ და ასფალტზე დატოვებდა გახოხების კვალს (20:50:21), ხოლო ,,ფორდის“ ფირმის მიკროავტობუსი (ვინაიდან იმყოფებოდა არაასფალტირებულ გზაზე) - მიწიან ზედაპირზე დატოვებდა რაღაც კვალს, თუმცა ის შეუმჩნეველი იქნებოდა (20:52:10; 20:53:50).

28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსპერტმა ი.ს–მ დასკვნა შეადგინა საქმეში არსებული მასალების, მათ შორის ჩვენებების გამოყენებით, ხოლო დ. გ. არ დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, რადგან ჩათვალა, რომ მათი ინფორმაცია ეწინააღმდეგება ავარიის შედეგად განვითარებულ შედეგს.

29. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთება თვითმხილველი მოწმე-დაზარალებულის ლ. ქ–ს ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი; ლ. ქ–მ და ნ. მ–მ სასამართლოს მისცეს თანხვდენილი ჩვენება - მათ ჩვენებებში არ ფიქსირდება ისეთი წინააღმდეგობრივი გარემოება, რაც საფუძველი გახდებოდა ეჭვისათვის, რომ ისინი იტყუებიან; მათი ჩვენებები სრულადაა თანხვდენილი საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან - სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ,,მერსედესის“ ფირმის ავტომანქანის უშუალოდ შეჯახებამდე მოძრაობის და შეჯახების ადგილის შესახებ.

30. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ფასდება როგორც ცალ-ცალკე (საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე მათი რელევანტურობის, დასაშვეობის და უტუარობის თვალსაზრისით), ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი-მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს მსჯავრდებული პირის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ადვოკატმა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით მსჯავრდება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ადვოკატის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

32. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და გ. მ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

33. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილული იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

34. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

36. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჭ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე