განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №529აპ-21 თბილისი
კ-ე ნ., 529აპ-21 17 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - გოჩა ქორაიას
ადვოკატ - თ. მ-ის
მსჯავრდებულ - ნ. კ-ის
მონაწილეობით განიხილა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია ყიფიანის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის პირველი მარტის განაჩენით ნ. კ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით ნ. კ-ისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. კ-ეს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2020 წლის 27 ივნისიდან.
2. განაჩენის მიხედვით, ნ. კ-ეს მსჯავრი დაედო ქურდობის მცდელობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის განაჩენით ნ. კ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით ნ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი;
o 2020 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 13:15 საათზე, თ-ი, კ. მ-ის ქუჩის №--ში მდებარე სუპერმარკეტ „ო-ში“, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ნ. კ., პირობითი მსჯავრის პერიოდში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეცადა, ფარულად დაუფლებოდა 76,50 ლარად ღირებულ „კარტე ნუარის“ ფირმის ყავის სამ პაკეტს, მაგრამ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, ვინაიდან მისი დანაშაულებრივი ქმედება შენიშნა მაღაზიის თანამშრომელმა, რომელმაც აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის პირველი მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. კ-ემ და მისმა ადვოკატმა გ. ჯ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ნ. კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განაჩენით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის პირველი მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. კ-ემ, რომელიც ითხოვს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას, რაც, კასატორის აზრით, გავლენას მოახდენს მის მიმართ ბოლო განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციასა და სასჯელზე.
7. 2021 წლის 17 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია ყიფიანმა მომართა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით, რომლითაც ითხოვს მასა და მსჯავრდებულ ნ. კ-ეს შორის 2021 წლის 16 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შემდეგი პირობით: ნ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით ნ. კ-ისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. კ-ეს განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
8. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმის თანახმად, პროკურორმა მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა ნ. კ-ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა ბრალის აღიარებით, სასჯელზე შეთანხმებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ და 2021 წლის 16 დეკემბერს, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მასა და მსჯავრდებულ ნ. კ-ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა დაინიშნა 2021 წლის 17 დეკემბერს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა გოჩა ქორაიამ, მსჯავრდებულმა ნ. კ-ემ და მისმა ადვოკატმა თ. მ-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საპროცესო შეთანხმება პროკურორ ია ყიფიანსა და მსჯავრდებულ ნ. კ-ს შორის უნდა დამტკიცდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები: ნ. კ-ის პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ნ. კ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. საკასაციო პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ნ. კ-ე ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია ყიფიანის შუამდგომლობა მასა და მსჯავრდებულ ნ. კ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით, 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია ყიფიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია ყიფიანსა და მსჯავრდებულ ნ. კ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
· ნ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით ნ. კ-ისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. კ-ეს განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;
· ნ. კ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს 2020 წლის 27 ივნისიდან;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ. კ-ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. ვასაძე