საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003437129
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №420აპ-21 ქ. თბილისი
დ. დ. 420აპ-21 19 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. დ–ს, - დაბადებულს 2.... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში:
დ. დ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერება „მდმა-ს“ (3,4- მეთილეონდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით 1.12768 გრამს, რომლის ნაწილიც - 1,0413 გრამი ასევე უკანონოდ გაასაღა ქ. თ–ში ე. უ–ზე, კერძოდ: 2019 წლის 25 დეკემბერს, ქ. თ–ში, ........ დასახლება ..., ბინა N..-ში, დ. დ–ს საცხოვრებელ სახლში, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 0.08638 გრამი „მდმა“(3,4-მეთილეონდიოქსიმეტამფეტამინი).
2019 წლის 30 ნოემბერს, ქ.თ–ში, ........ის გზატკეცილი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. უ–მ დ. დ–საგან შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება „მდმა“ (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით 0,2924 გრამი. 2019 წლის 14 დეკემბერს, ქ.თ–ში, ........ს გზატკეცილი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. უ–მ დ. დ–საგან შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება „მდმა“ (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით 0,7489 გრამი.
ჯამურად - 2019 წლის 30 ნოემბერსა და 2019 წლის 14 დეკემბერს ე. უ–მ დ. დ–საგან შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 1,0413 გრამი „მდმა“ (3,4 მეთილეონდიოქსი მეტამფეტამინი).
დ. დ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერება მეტამფეტამინს (ფუძე), რომელიც 2019 წლის 30 ნოემბერს, ქ.თ–ში, .....ს გზატკეცილი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაასაღა ე. უ–ზე, კერძოდ, ე. უ.მ დ. დ–საგან შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფეტამინი (ფუძე) წონით - 0.0482 გრამი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენით:
დ. დ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორ ეპიზოდად) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება).
დ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ. დ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2019 წლის 25 დეკემბრიდან.
დ. დ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლით; საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 წლით; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15წლით; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 15 წლით; პასიური საარჩევნო უფლება - 15 წლით; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 წლით;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ–მ და ითხოვა მისი გამართლება ბრალდების ყველა ეპიზოდში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენით:
მსჯავრდებულ დ. დ–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ კ. ჩ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენში დ. დ–ს მიმართ შევიდა ცვლილება:
დ. დ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილზე - 2019 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდში, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე - 2019 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდში და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე - 2019 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდში.
დ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით - 2019 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდში და სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2019 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდში და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 2019 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დ. დ. გათავისუფლდა 2019 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდში, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დ. დ–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ. დ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2019 წლის 25 დეკემბრიდან.
დ. დ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლით; საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 წლით; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 წლით; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 წლით; პასიური საარჩევნო უფლება - 15 წლით; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 წლით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ–მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და დ. დ–ს გამართლება.
6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დ. დ–ს წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2019 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, ე. უ–ს, ნ. ლ–ს, ზ. მ–ს, მ. გ–ს, თ. ხ–ს, გ. ბ–ს, ი. ა–ს, ქ. ბ–ს ჩვენებებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მ. დ–ს გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 14 დეკემბრის ამოღების ოქმით, 2019 წლის 25 დეკემბრის ბინის ჩხრეკის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით: N........; N........., N......., N...... და სხვა მტკიცებულებებით.
7. დაცვის მხარის მითითებით, კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის ჩატარებული 2019 წლის 30 ნოემბრის ე. უ–ს მიერ პოლიციელისათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემა ე.წ. ამოღება; 2019 წლის 30 ნოემბრის ფარულ ვიდეოჩანაწერსა და გამოკითხვის ოქმს შორის სხვაობა ნახევარ საათზე მეტია, ხოლო ამავე დღეს ამოღება შედგენილია 40-45 წუთის შემდეგ.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებულ მსჯელობას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინების საფუძველზე 2019 წლის 30 ნოემბერს 16:13:10 საათიდან 16:30:28 საათამდე, ქ. თ–ში, ......ს გზატკეცილი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. უ–სა და დ. დ–ს შეხვედრისა და საუბრის მიმართ. დ. დ–ს მიერ ე. უ–სათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის შემდეგ ე. უ. უწყვეტი კადრით მიემართება გამომძიებლ გ. ბ–საკენ, რომელსაც აჩვენებს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ნარკოტიკულ საშუალებას, რის შემდეგაც, სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, იწყება ე. უ–ს გამოკითხვა, რომელიც მიმდინარეობს 16:30-16:40 საათამდე. გამოკითხვის დასრულების შემდეგ ე. უ–ს მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ნარკოტიკული საშუალების ამოღება და შესაბამისი წესით დალუქვა ხდება 16:42-16:55 საათზე. შესაბამისად, მთელი პროცესი მიმდინარეობს უწყვეტად.
9. დაცვის მხარე ასევე უთითებს 30 ნოემბრის ამოღების ოქმზე, სადაც მითითებულია, რომ ე. უ–საგან ამოღებულია პოლიეთილენის პაკეტში გახვეული მოშავო ფერის ოთხკუთხედი ფორმის აბი, ხოლო 2019 წლის 1 დეკემბრის ექსპერტიზის N..... ...... დასკვნის თანახმად კი ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ორი ცალი მოშავო-მონაცრისფრო ოთხკუთხა ფორმის აბი.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული, პოლიეთილენის პაკეტში გახვეული აბი ამოღებული და დალუქული იქნა (ლუქი N.....), ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვიზუალური დათვალიერებით პაკეტის და N..... ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო. ამასთან, დაცვის მხარის მიერ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა უდავო მტკიცებულებად არის მიჩნეული.
11. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გამოძიებას არ დაუდგენია თუ ვის ანგარიშზე ჩარიცხა ე. უ.მ თანხა - 602 ლარი. ე. უ–ს მიერ დ. დ–სათვის თანხის ჩარიცხვის ფაქტი უტყუარად დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ბრალდებულის დედის - მ. დ–ს გამოკითხვის ოქმით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით დასჯადი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების გადაცემას სხვა პირისათვის ნებისმიერი ხერხით (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და ა.შ.), როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.
12. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად ეთქვა უარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენაზე. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის თაობაზე შუამდგომლობის ავტორი - ადვოკატი კ. ჩ. სისხლის სამართლის საქმეში ჩაერთო 2020 წლის 15 ივლისს (იხ. ტ.2, ს.ფ-27). თბილისის საქალაქო სასამართლოში დ. დ–ს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო 2020 წლის 15 ივლისს, ხოლო კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულების გამოკვლევა მოხდა 14 სექტემბერს, თუმცა კასატორმა მხოლოდ 2020 წლის 15 დეკემბერს მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს აღნიშნული მიზნით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენის მისთვის ჩაბარებიდან თითქმის 3 თვის შემდეგ(იხ. ტ.2, ს.ფ. 168)). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემული შემთხვევა არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლითა და საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლით დადგენილ სტანდარტს.
13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე