საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 180100119002881017
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №34აპ.-22 14 მარტი, 2022 წელი
ღ–ი ზ., 34აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის 30 იანვარს ზ. ღ–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნადირობა საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ ნადირზე); საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, 2017 წლის პირველი ივნისის რედაქცია); საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, 2017 წლის პირველი ივნისის რედაქცია).
1.2. ზ. ღ–ისთვის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 15 ოქტომბერს, თ–ს რაიონში, ხ–ს ხეობაში, ზ. ღ–მ სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ ინადირა და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მურა დათვი, რის შედეგადაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიადგა 50000 ლარის ზიანი.
- ზ. ღ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული, ..... წლების ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი „მოსინის“ კონსტრუქციის N ...... შაშხანა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს ზ. ღ–ი ატარებდა 2017 წლის 15 ოქტომბერს თ–ს რაიონის სოფელ ა–ში, რაც ამოიღეს „უაზის“ მარკის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით .....).
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენით ზ. ღ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის პოზიცია:
4.1. 2021 წლის 9 დეკემბერს პროკურორმა ნათია კიკალიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: ზ. ღ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში.
4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი, პროკურორი ნათია კიკალია აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, მოწმე ა. გ–ს ჩვენება, მოწმეების - ი. ტ–ს, დ. ს–ისა და ე. გ–ს გამოკითხვის ოქმები, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მომართვის წერილი, ექსპერტ-კრიმინალისტების - მ. რ–ს, ი. ქ–ს, ექსპერტების - ა. შ–ს, მ. ფ–ს, ზ. ზ–ს გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ექსპერტიზის დასკვნები.
4.3. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე, მასში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების თვალსაზრისით, მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. ღ–ის საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობა განაპირობა.
5.2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.3. ექსპერტიზის დასკვნებით, დათვალიერებისა და ამოღების ოქმებით და ამ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირთა ჩვენებებით დადგენილია ,,უაზის“ მარკის ავტომანქანიდან ოთხი ტომარა ხორცის და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტი, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებებით არ დგინდება საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ეკუთვნის ზ. ღ–ს, იმ პირობებში, როცა ავტომანქანაში ზ. ღ–ის გარდა იჯდა კიდევ სამი პირი.
5.4. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების - გ. ბ–ს, ჯ. რ–სა და მ. წ–ს ჩვენებები და მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ინფორმაციები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან მათი ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და არათანმიმდევრულია, რის გამოც შეუძლებელია იმის დადგენა, მათ ზ. ღ–ის მიერ მურა დათვის მიმართულებით გასროლა დაინახეს, თუ მხოლოდ დათვი დაინახეს, რომელიც ზ. ღ–ის გამოჩენისას აგრესიული გახდა, გაეკიდა მას და ამიტომ ივარაუდეს, რომ ზ. ღ–მ დათვს ესროლა.
5.5. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი აჩენს ეჭვს ზ. ღ–ს ბრალეულობის შესახებ, რაც უნდა გადაწყდეს გამართლებულის სასარგებლოდ.
5.6. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე