საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100119002988522
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №29აპ-22 ქ. თბილისი
პ.დ. 29აპ-22 11 აპრილი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილისა და მსჯავრდებულ დ. პ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. პ–ს,- დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ორი პირის განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
1.2. განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვისა და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. პ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2019 წლის 3 იანვარს, 00:30 საათიდან 01:00 საათამდე პერიოდში, ო. შ–სა და ვ. ო–ს მიერ დ. პ–ს მეუღლის მოსახლეობაში უხამსად მოხსენიების გამო განაწყენებული დ. პ–ი შურისძიების მოტივით, ო. შ–სა და ვ. ო–ს განზრახ მოკვლის მიზნით, მივიდა დ. თ–ში, ო. შ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც მისი განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ ნაქონი დანით გულმკერდის მარჯვენა არეში მიაყენა დაზიანება ვ. ო–ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, დ. პ–მ ვ. ო–ს მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაფარვისა და ო. შ–ს მკვლელობის გაადვილების მიზნით, ხელთ ნაქონი გადაჭრილი, გლუვლულიანი სანადირო თოფიდან, განზრახ მოკვლის მიზნით, მარჯვენა მხრის არეში ესროლა და დაზიანება მიაყენა ნ. ა–ს, რომელმაც შეძლო და გაქცევით უშველა თავს. აღნიშნულის შემდეგ კი შურისძიების მოტივით, იმავე სანადირო გლუვლულიანი თოფიდან დ. პ–მ სახის არეში ესროლა ო. შ–ს, რომელიც მიყენებული დაზიანებით ასევე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
2.2. ა. შ–მ 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, გაიგო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დ–ს რაიონის სოფელ ჭ–ში მდებარე გ. გ–ს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა პირი, რომელმაც დ. თ-ში ორი კაცი მოკლა. ა. შ–მ წინასწარ შეუპირებლად დაფარა დ. პ–ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის შემდგომაც, გ. გ–ს თხოვნით, იმავე დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა. შ–მ და გ. წ–მ, ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავგტომობილით (სახელმწიფო ნომრით ......), რომელსაც ა. შ–ი მართავდა, დ. პ–ი დ-ს რაიონის სოფელ ჭ-დან წაიყვანეს გ–ს რაიონის სოფელი გ–ს გადასახვევამდე.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 20 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლების თანახმად, დამატებით სასჯელად 4 წლით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები);
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლების თანახმად, დამატებით სასჯელად 4 წლით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები);
დანიშნული სასჯელი დ. პ–მ უნდა მოიხადოს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიულ - სტაციონარული დახმარების შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში - აკად. .............ს ....... ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, (..........) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიულ - სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთო წესით;
დ. პ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში და ექსპერტიზაზე ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2019 წლის 7 იანვრიდან.
4. ამავე განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ა. შ–ს შორის 2019 წლის 24 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება და ა. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 3 იანვარს, 00:30 საათიდან 01:00 საათამდე პერიოდში, ო. შ–ს მიერ დ. პ–ს მეუღლის მოსახლეობაში უხამსად მოხსენიების, ვ. ო–ს მიერ ო. შ–ს დ. პ–საგან დაცვისა და ვ. ო–ს ო. შ–სთან ერთად მის საცხოვრებელ სახლში ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნის გამო განაწყენებული დ. პ–ი შურისძიების მოტივით, ო. შ–სა და ვ. ო–ს განზრახ მოკვლის მიზნით, მივიდა დ. თ-ში, ო. შ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ ნაქონი დანით/მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით გულმკერდის მარჯვენა არეში მიაყენა დაზიანება ვ. ო–ს, რომელიც მიყენებული დაზიანებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, დ. პ–მ ვ. ო–ს მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის და ო. შ–ს მკვლელობის გაადვილების მიზნით, ხელთ ნაქონი გადაჭრილი, გლუვლულიანი სანადირო თოფიდან, განზრახ მოკვლის მიზნით, მარჯვენა მხრის არეში ესროლა და დაზიანება მიაყენა ნ. ა–ს, რომელმაც შეძლო და გაქცევით უშველა თავს. აღნიშნულის შემდეგ კი შურისძიების მოტივით, იმავე სანადირო გლუვლულიანი თოფიდან დ. პ–მ სახის არეში ესროლა ო. შ–ს, რომელიც მიყენებული დაზიანებით ასევე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
5.1. ა. შ–მ 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, გაიგო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დ–ს რაიონის სოფელ ჭ–ში მდებარე გ. გ–ს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა პირი, რომელმაც დ. თ–ში ორი კაცი მოკლა. ა. შ–მ წინასწარ შეუპირებლად დაფარა დ. პ–ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის შემდგომაც, გ. გ–ს თხოვნით, იმავე დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა. შ–მ და გ. წ–მ, „მერსედეს - ბენცის“ მარკის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით ....), რომელსაც ა. შ–ი მართავდა, დ. პ–ი დ-ს რაიონის სოფელ ჭ-დან წაიყვანეს გ–ს რაიონის სოფელი გ–ს გადასახვევამდე.
6. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
6.1. მსჯავრდებულმა დ. პ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ბ–მ სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული საჩივრით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა. კერძოდ, დ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და დ. პ–სთვის მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.
6.2. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა, რომელმაც მოითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენის კვალიფიკაციის (და არა სასჯელის) ნაწილში უცვლელად დატოვება.
6.3. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა და დ. პ–სთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დ. პ–ს მიმართ კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. პროკურორი გიორგი კრავეიშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენში ცვილების შეტანასა და მსჯავრდებულისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებული დ. პ–ი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. პ–ს შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ბრალდების მხარე ითხოვს დ. პ–სათვის სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ არ ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში; ვ. ო–ე მას არ მოუკლავს; განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; არასწორად შეფასდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ დადგინდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; თუმცა კასატორი არ ასაბუთებს თავის პოზიციას, არ უთითებს გარემოებებს რომლებიც ადასტურებს მის პოზიციას, ხოლო დამატებით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მართალია მიმოიხილავს ცალკეულ მტკიცებულებას, მაგრამ არ ახდენს კონკრეტული მოთხოვნის იდენტიფიცირებას.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს დ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: დაზარალებულ ნ. ა–ს, მოწმეების - მ. შ–ს, ლ. პ–ს, თ. გ–ს, ა. გ–ს, ლ. ა–ს, რ. გ–ს, გ. წო–ს, თ. ჯ–ს ჩვენებებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გ. გ–ს გამოკითხვის ოქმით, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების შესახებ ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 17 აპრილის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) დასტურდება დ. პ–ს მიერ ორი პირის - ვ. ო–სა და ო. შ–ს განზრახ მკვლელობა და ნ. ა–ს განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის (ვ. ო–ს განზრახ მკვლელობის) დაფარვისა და სხვა დანაშაულის (ო. შ–ს განზრახ მკვლელობის) ჩადენის გაადვილების მიზნით. ამასთან, გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. პ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. სასამართლოს კი მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. სასამართლო, მათ შორის - სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 30 აპრილის დასკვნის მხედველობაში მიღებით (რომლის თანახმად, დ. პ–ს ბრალად შერაცხული მართლსაწინაარმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს აღენიშნებოდა ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი ....; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), გართულებული ნარკოტიზაციით. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს დ. პ–ი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა ემოციური არასტაბილური პერსონალური აშლილობა, გართულებული ნარკოტიზაციით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხაობა)), ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების, კერძოდ, უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ.
13. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს და იმ გარემოებას, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38) და სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
14. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და დ. პ–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის - საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთა - მაქსიმალური ხანგრძლივობა; ხოლო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის - საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან - თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური ხანგრძლივობით. ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განუსაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ხანგრძლივობა - 20 წელი, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია.
15. იმავდროულად, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული, სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად: ამჟამად დ. პ–ს აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა - ისტერიული ფსიქოზი (კოდი - ...; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით); თავისი ფსიქიკური მდგომარეობით დ. პ–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში; დ. პ–ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში; თავისი ფსიქიკური მდგომარეობით დ. პ–ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირებისთვის ზიანის, მუქარის და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი; თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხასიათის მიხედვით, დ. პ–ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი დ. პ–მ უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდირებულია აკად. ......სახელობის ..... ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ...........), არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.
16. აღნიშნულის საფუძველზე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დ. პ–ს მისთვის შეფარდებული სასჯელის მოხდა განუსაზღვრა: არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში - აკად. ........... ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (............) - არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე; ხოლო შემდეგ - სასჯელის მოხდის გაგრძელება პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთო წესით.
17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009) და სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
18. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
21. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011).
22. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს სამართალწარმოების მიმდინარეობისას მისი უფლებების დარღვევაზე.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების და საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილისა და მსჯავრდებულ დ. პ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. მსჯავრდებულ დ. პ–ს საკასაციო საჩივარი, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე