საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.04.2022
საქმის ნომერი
2კ-379აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003019028

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №375აპ-22 ქ. თბილისი

რ. ა. 375აპ-22 29 აპრილი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ა. რ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.

2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 16 მაისს, დაახლოებით 07:50 საათზე, თ–ში, ჭ .....ს №.. -ის წინ, „ტოიოტა ისტის“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით ....), რომელსაც მართავდა ა. რ–ე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3, მე-6 და 22-ე პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებისა და 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, შეეჯახა ქვეით თ. გ–ს. მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა მძღოლ ა. რ–ს მიერ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფამ და მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით თ. გ–ი იმავე დღეს გარდაიცვალა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით ა. რ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

მსჯავრდებულ ა. რ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. რ–ს ადვოკატმა გ. ტ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. ადვოკატის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის ძალაში დატოვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორის მტკიცებით, ა. რ–ე მოძრაობდა წესების სრული დაცვით და არ შეეძლო შეჯახების თავიდან აცილება; სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა არ დაუსაბუთებია, რატომ უარყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გამოცდილი ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა.

8. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორი დავით კიკაჩეიშვილი შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვებას.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას, ხოლო შესაგებლით პროკურორი - გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ა. რ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011).

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ა. რ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივისა“ და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. რ–ს მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

13. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებზე, ფოტოსურათებზე, ხოლო, მეორე მხრივ - თავად მსჯავრდებულის ჩვენებაზე, რომლის თანახმად, 2017 წლის 16 მაისს, დილის საათებში, იგი ბ-დან უ-ს მიმართულებით გადაადგილდებოდა ......ს გამზირზე. მოძრაობა იყო ჩვეულებრივი და გზა არ იყო დატვირთული, ხილვადობა იყო კარგი. ბ–ს ქუჩისა და ......ს გამზირის კვეთასთან არსებულ შუქნიშანზე ავტომობილებისათვის ენთო ,,მწვანე“ და შესაბამისად, განაგრძო სვლა. იმავდროულად ტროტუარზე შენიშნა ქალბატონი, რომელიც იწყებდა გზის პერპენდიკულარულად გადაკვეთას. დაახლოებით 50-60 მეტრში დაინახა, როგორ უყურებდა პირველ ზოლში მყოფი ქვეითი მას თვალებში. იმ იმედით, რომ ქვეითი დაიცავდა მოძრაობის წესებს და გაატარებდა ავტომობილს, განაგრძო სვლა, არ ჩათვალა საჭიროდ ხმოვანი სიგნალის გამოყენება და სხვა მანევრის შესრულება. მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ მას, როგორც მძღოლს, საფრთხე წარმოეშვა მას შემდეგ, რაც ქვეითი შევიდა მეორე ზოლში. ამ დროისათვის ავტომობილი საგრძნობლად მიუახლოვდა ქვეითს, შიშით, რომ იგი შესაძლოა, მის წინ გადამხტარიყო ან უკან დაეხია, არ გამოიყენა ხმოვანი სიგნალი და არ შეიცვალა სამოძრაო ზოლი. ბრალდებულის განმარტებით, დროისა და მანძილის სიმცირის გამოც ვერ შეძლო გვერდითი სამოძრაო ზოლის შესწავლა და შემდგომ უსაფრთხოდ გადასვლა, ვერც მკვეთრი მუხრუჭი გამოიყენა, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეითზე შეჯახება ავტომანქანის წინა, მარცხენა ნაწილით, ფარით. ავტომანქანა შეეჯახა მარცხენა კუთხით. შეჯახებისას ქვეითი მე-2 ზოლის გადასვლას ასრულებდა, ერთი ნაბიჯიც და გადაასწრებდა (11:45:35). მაშინ, როცა ქვეითი გადავიდა მის სამოძრაო ზოლში, ა. რ–მ ფეხი დაადგა მუხრუჭს, თუმცა მსუბუქად და არა - მკვეთრად, რადგან არ იცოდა დაბნეული ქვეითი უკან დაბრუნდებოდა, თუ წინ გააგრძელებდა გზას (11:45:09; 12:05:05; 12:06:52). ვერავინ ვერ შეძლებდა დამუხრუჭებას ან გვერდზე გადასვლას (11:47:48).

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქვეითად მოსიარულე თ. გ–ი არ გადადიოდა ქვეითთა სპეციალურ გადასასვლელზე, თუმცა ქვეითის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა არ გამორიცხავს მძღოლის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და შესაბამისად, მის ბრალეულობას.

15. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტი). სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს (33-ე მუხლის მე-2 პუნქტი), გზაზე მოძრაობისას არ უნდა განახორციელოს ქვეითთა საფრთხის შემქმნელი მოქმედება (25-ე მუხლის პირველი პუნქტი) და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები და ველოსიპედისტები (21-ე მუხლის მე-6 პუნქტი).

16. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისათვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.

17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და არც მსჯავრდებული ხდის სადავოდ, რომ ტროტუარზე შენიშნა ქვეითი თ. გ–ი, რომელიც იწყებდა გზის პერპენდიკულარულად გადაკვეთას. დაახლოებით 50-60 მეტრში დაინახა, როგორ უყურებდა პირველ ზოლში მყოფი ქვეითი მას თვალებში. იმ იმედით, რომ ქვეითი დაიცავდა მოძრაობის წესებს და გაატარებდა ავტომობილს, განაგრძო სვლა, არ ჩათვალა საჭიროდ ხმოვანი სიგნალის გამოყენება და სხვა მანევრის შესრულება, ვერც მკვეთრი მუხრუჭი (დაადგა მუხრუჭს ფეხი, თუმცა მსუბუქად და არა - მკვეთრად) გამოიყენა.

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ა. რ–ს ქმედება არ შეიცავდა არცერთ პრევენციულ ზომას, რაც შესაძლებელს გახდიდა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას, რისი შესაძლებლობაც, სასამართლოს მიერ გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, არსებობდა.

19. მართალია მძღოლს არ ევალებოდა გაეთვალა ის გარემოება, რომ ქვეითი დაარღვევდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნას (იქ, სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, ქვეითი არ უნდა გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრამდე და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნებამდე), თუმცა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით მძღოლზე დაკისრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ა. რ–ე არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დაცვის ვარაუდზე; უნდა შეერჩია ისეთი სიჩქარე (მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ადგილზე დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა), რომელიც საშუალებას მისცემდა დაეცვა მოძრაობის უსაფრთხოება სატრანსპორტო საშუალების კონტროლით (ამავე კანონის 33-ე მუხლი), მით უფრო, რომ მძღოლმა თავიდანვე შენიშნა, რომ ქვეითი იმყოფებოდა ავტომობილის მოძრაობის ზოლთან სახიფათო სიახლოვის ზღვარზე, უწყვეტი ტემპით მოძრაობდა ავტომობილის სამოძრაო ზოლში, რის გამოც არსებობდა საფრთხე, რომ ქვეითი აღმოჩნდებოდა ა. რ–ს ავტომანქანის სამოძრაო ზოლში.

20. სასამართლო ითვალისწინებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის - ლ. ა–ს ჩვენებას, რომ ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით არ გამოვლენილა მკვეთრი მუხრუჭის ნიშნები; საავტომობილო გზის დატვირთულობას დაზარალებულის მიერ საავტომობილო გზის გადაკვეთის დაწყებიდან შეჯახებამდე (პრაქტიკულად თავისუფალი (იხ. ტ.1., ს.ფ. 189-192)); ექსპერტ ვ. ხ–ს ჩვენებას, რომ მუხრუჭი არ იქნა გამოყენებული დაჯახებამდე, ავტომანქანის გაჩერებისა და ქვეითის გადაადგილების დროების გათვალისწინებით, თუ ავტომობილი დროულად დაამუხრუჭებდა, ქვეითი გასცდებოდა მას; მძღოლის ვალდებულებას მიეღო ყველა აუცილებელი ზომა („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი), რაც არ შემოიფარგლება და არ გულისხმობს არც მხოლოდ მუხრუჭის გამოყენებას ან გაჩერებას და არც მხოლოდ მანევრის განხორციელებას და იზიარებს ექსპერტ ვ. ხ–ს 2018 წლის 3 ოქტომბრის დასკვნას, რომ ავტომობილის მძღოლს შეეძლო და უნდა მიეღო ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, ავტომანქანის დამუხრუჭებით.

21. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა და არ იმსჯელა, რატომ უარყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა, ვინაიდან გასაჩივრებულ განაჩენში, მათ შორის, ყურადღება არის გამახვილებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების მსჯელობის სიმწირეზე, ასევე მითითებულია, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მიღებული დასკვნა, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს უფრო ღრმა და ყოველმხრივ კვლევას საკითხის ირგვლივ, თავსებადია საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან.

22. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

23. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ა. რ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

24. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

26. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

27. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე