დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142222700450450
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №14აგ-22 16 მაისი, 2022 წელი
მ-ი თ, 14აგ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს განაჩენით:
1.1. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ჩხეიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
1.2. დამტკიცდა პროკურორ ალექსანდრე ჩხეიძესა და ბრალდებულ თ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
1.3. თ. მ-ი, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
2. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის №1720/19 გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ თ. მ-ს მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განაჩენით:
3.1. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
3.2. დამტკიცდა პროკურორ ლევან ჟორჟოლაძესა და ბრალდებულ თ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
3.3. თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ თ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით.
4. 2022 წლის 15 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ. მ-ა და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განაჩენის გადასინჯვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განაჩენით:
5.1. მსჯავრდებულ თ. მ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.2. თ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან - სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
5.3. თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ თ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
5.4. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორმა - მსჯავრდებულმა თ. მ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა და 3 წლით პირობით მსჯავრზე ნაკლები ოდენობის შეფარდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ თ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს იმ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც დაიშვება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა.
3. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განაჩენით დადგენილი მსჯავრდებიდან თ. მ-ს ქმედება გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის 1-ელ ნაწილსა და სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
5. მსჯავრდებულ თ. მ-ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულ სასჯელთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
6. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.09.2012. განჩინება საქმე №39აგ-12 და 30.06.2015 წ. განაჩენი საქმე №25აგ-15). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა შეუმცირდეს იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კვალიფიკაციით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
7. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ თ. მ-ს სასჯელის ზომა კანონიერად შეუმცირდა შეცვლილი კვალიფიკაციის ფარგლებში და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე), რაც ჩაეთვალა პირობით. აღნიშნული სასჯელი კანონიერია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
8. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განაჩენში შეტანილი ცვლილების ნაწილში და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. მ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი