საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.05.2022
საქმის ნომერი
2კ-242აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003964218

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №242აპ-22 ქ. თბილისი

შ. ჯ., 242აპ-22 13 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. შ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ჯ. შ., – დაბადებული .. წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, ჯ. შ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ასევე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 1 წლითა და 6 თვით. ჯ. შ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2020 წლის 1 მაისიდან იმავე წლის 3 მაისის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ. შ-მა ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, ე.ი. დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 29 აპრილს, საღამოს, თბილისში, .. მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ. შ. „ჰონდა ფიტის“ მოდელის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით – ), რომელსაც თვითონ მართავდა, დაეჯახა ქვეით დ. ხ-ს და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ავტომობილით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

· ჯ. შ-მა რომელსაც ევალებოდა დაჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, ავტომობილით დატოვა შემთხვევის ადგილი და დაუხმარებლად განსაცდელში მიატოვა დაზარალებული, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ზომები თავის დასაცავად. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დ. ხ. ადგილზე გარდაიცვალა.

4. მსჯავრდებული ჯ. შ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად მხოლოდ ერთის – 5000-ლარიანი ჯარიმის დატოვებას, სხვა, რაიმე დამატებითი სასჯელის დანიშვნის გარეშე.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს მსჯავრდებული ჯ. შ. ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში (საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, საეჭვო გახადოს მითითებული მუხლით მსჯავრდება).

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ჯ. შ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რაც ერთი მეოთხედით შეუმცირდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად და ჩაეთვალა პირობით.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. შ-სათვის სასჯელის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებზეც მსჯავრდებული მიუთითებს თავის საკასაციო საჩივარში (აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, ნასამართლობის არქონა, გამოძიებასთან თანამშრომლობა, დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და მატერიალური დახმარება, რის გამოც მას პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა, სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, დანაშაული მოხდა გარდაცვლილის ბრალეულობით, არის სტუდენტი, ხასიათდება დადებითად), სასამართლომ უკვე გამოიყენა ჯ. შ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებისას. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მე-21 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, მსჯავრდებულისათვის ერთდროულად განესაზღვრა რამდენიმე დამატებითი სასჯელი.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე