საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.04.2022
საქმის ნომერი
2კ-113აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100121004442530

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №113აპ.-22 14 აპრილი, 2022 წელი

ს-ე დ., 113აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ს–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენით დ. ს–ე (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით დ. ს–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის გამოყენებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, ასევე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათით და საბოლოოდ დ. ს–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და საზოგადებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათით.

1.3. მსჯავრდებულ დ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 29 იანვრიდან.

1.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ს–ემ ჩაიდინა: მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

1.5. დ. ს–ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით ნასამართლევმა დ. ს–ემ 2021 წლის 28 იანვარს, ღამის საათებში, თ–ში, .......ს ქუჩა N...-ში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ტ. პ–ს, კერძოდ, ღამის საათებში, გარკვეული პერიოდულობით, უმოწყალოდ ურტყამდა მოქნეულ ხელებს და ფეხებს სახის და სხეულის სხვადასხვა არეში. ცემის შედეგად დაზარალებული დაეცა, ხოლო წაქცეულს დ. ს–ე ურტყამდა წიხლებს და მუშტებს, ასევე მან რამდენჯერმე მოუჭირა ყელზე მარჯვენა ხელი. ტ. პ–მ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ძალადობის ჩადენისას განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

- 2021 წლის 28 იანვარს, ღამის საათებში, ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ, დ. ს–ე მეუღლეს - ტ. პ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „მოკლავდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. კასატორის პოზიცია

3.1. 2021 წლის 17 დეკემბერს მსჯავრდებულმა დ. ს–მ და მისმა ადვოკატმა გ. ფ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვეს მსჯავრდებულ დ. ს–სთვის სასჯელის შემსუბუქება.

3.2. კასატორის აზრით, სასამართლოებმა სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინეს ის გარემოებები, რომ დ. ს–მ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშული; დაზარალებულის განმარტებით, მასა და მსჯავრდებულს შორის კონფლიქტი ამოწურულია; დაზარალებულმა ტ. პ–მ არაერთხელ მიმართა სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება; დ. ს–მ სადავოდ არ მიიჩნია ბრალდების მხარის მოპოვებული მტკიცებულებები.

3.3. ადვოკატი აღნიშნავს, რომ სასამართლოებს სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში უნდა მიეღოთ ის გარემოებები, რომ დ. ს–ს ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც მამის სასჯელაღსრულების დაწესებულბაში ყოფნით გამოუსწორებელი ზიანი ადგებათ როგორც მორალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით; მისი უფროსი შვილი დაბადებიდან არის აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე ბავშვი, რომელიც განსაკუთრებული ემოციური მდგომარეობით გამოირჩევა; დ. ს–ე ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ვინაიდან იგი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას.

4. შესაგებელი:

4.1. 2021 წლის 24 დეკემბერს პროკურორმა დავით ხვედელიძემ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის პოზიციას სასჯელის არაპროპორციულობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

5.2. საკასაციო პალატა მიუთითებს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

5.3. საქმეში არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად პალატას მიაჩნია, რომ დ. ს–სთვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით როგორც დამოუკიდებლად, ასევე დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში დ. ს–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

5.4. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინტენსივობა. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია, ზედმიწევნით შეფასდეს ძალადობის ხარისხი, კერძოდ: 1) რა ფორმით ჩაიდინა პირმა ძალადობა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), 2) რამდენ ეპიზოდად და დროის რა შუალედით, 3) რა ხერხის გამოყენებით (მაგალითად, ემუქრებოდა სიტყვიერად), 4) დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება და ა.შ.. განსახილველ შემთხვევაში დ. ს–ე მეუღლეს - ტ. პ–ს, ღამის საათებში, გარკვეული პერიოდულობით, უმოწყალოდ ურტყამდა მოქნეულ ხელებს და ფეხებს სახის და სხეულის სხვადასხვა არეში. წაქცეულ დაზარალებულს დ. ს–ე ურტყამდა წიხლებს და მუშტებს, ასევე მან რამდენჯერმე მოუჭირა ყელზე მარჯვენა ხელი. ამდენად, მოცემულ საქმეში ძალადობის ხარისხი არის საკმაოდ მაღალი, რაც დანიშნული სასჯელის პროპორციულობაზე მიუთითებს.

5.5. გარდა ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა, სასამართლომ მსჯავრდებულ დ. ს–ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებელი, კერძოდ ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ნასამართლევია ოჯახური დანაშაულების ჩადენისათვის, რა დროსაც მის მიმართ გავრცელდა კანონისმიერი შეღავათები და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. მიუხედავად აღნიშნულისა, პირობით მსჯავრდებულმა დ. ს–მ კვლავ ჩაიდინა განზრახი ოჯახური დანაშაული, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის სასჯელის შემსუბუქება.

5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ს–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე