დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.05.2022
საქმის ნომერი
2კ-25-I-22
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010141222005600741

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

N251-22 11 მაისი, 2022 წელი

ბ–ე ვ., 251-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ–ს საკასაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განჩინებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით:

ვ. ბ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 წელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2500 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ბ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 წელი და ჯარიმა - 2500 ლარი.

ვ. ბ–ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით:

ვ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ბ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ვ. ბ–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-ე, 44-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით.

ვ. ბ–ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა მსჯავრდებულ ვ. ბ–ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

4. აჭარის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 11 დეკემბრის წერილის თანახმად მსჯავრდებულმა ვ. ბ–მ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 80 საათით დაასრულა 2017 წლის 8 მაისს.

5. მსჯავრდებულ ვ. ბ–ე სასჯელის მოხდის მიზნით დააკავეს - 2022 წლის 3 მარტს.

6. 2022 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა და მოითხოვა მსჯავრდებულ ვ. ბ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განჩინებით:

,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ვ. ბ–ე გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან. მასვე აღუდგა ამავე განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა.

მსჯავრდებულ ვ. ბ–ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საქართველოს სსკ-ის 41-ე, 44-ე მუხლების შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებებზე არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

მსჯავრდებულ ვ. ბ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 3 მარტიდან.

8. 2022 წლის 12 აპრილს მსჯავრდებულმა ვ. ბ–ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განჩინება და მოითხოვა მისთვის დანიშნულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ დანაშაულების ჩამონათვალს, რომლებზეც სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლოა, გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი. ამდენად, ამ კანონში არსებული დებულებები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

11. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ვ. ბ–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაზეც არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება.

12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ვ. ბ–ე ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულ სასჯელზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, ვინაიდან ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

13. ვინაიდან ვ. ბ–ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მხედველობაში მიღებით, ვ. ბ–ს ვერ აღუდგება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

14. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განჩინება, რომლითაც ვ. ბ–ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულ სასჯელებზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, კანონიერია და არ არსებობს მსჯავრდებულ ვ. ბ–ს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. ბ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სანდოძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე