საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.12.2022
საქმის ნომერი
2კ-990აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 140100121005000717

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №990აპ.-22 20 დეკემბერი 2022 წელი

ნ–ე გ., №990აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულების გ. ნ–სა და ბ. რ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ნ–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (კომერციული მოსყიდვა იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში ახორციელებს ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, პირდაპირ თავის სასარგებლოდ ფულის გადაცემის მოთხოვნა და მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის და სხვა პირის ინტერესებისათვის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. ინდმეწარმე გ. ნ–ე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ: ქ-ი, ავტოსკოლა „ლ–ში“, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ამზადებს მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდებისთვის და გასცემს სერტიფიკატებს. გ. ნ–სე შეუთანხმდა ბ. რ–ს, რომ მსურველების არსებობის შემთხვევაში გასცემდა ყალბ სერტიფიკატს, მოქალაქის მომზადების გარეშე, რომ თითქოს, მან მის ავტოსკოლაში გაიარა სწავლების კურსი. ბ. რ–სმა დანაშაულებრივ ჯგუფში ოპერატიულად ჩართულ ინსპექტორ-გამომძიებელ დ. ჩ–ს მოსთხოვა სავალდებულო 2 - კვირიანი სასწავლო კურსის გავლის გარეშე „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო სერტიფიკატის დამზადების სანაცვლოდ 50 ლარის მისთვის გადაცემა, რაც 2021 წლის 31 მარტს გადასცა დ. ჩ–მა. თავის მხრივ, ბ. რ–მა დ. ჩ–სგან აღებული თანხა გადასცა გ. ნ–ს, რომელმაც დაამზადა დ. ჩ–ს სახელზე „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო სერტიფიკატი, რომ თითქოს, მან გაიარა 2 - კვირიანი მოსამზადებელი კურსი, რაც რეალურად არ გაუვლია. ზემოაღნიშნული ყალბი სერტიფიკატი დ. ჩ–სთვის გადასაცემად გადასცა თავის დამხმარე ბ. რ–ს, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული ყალბი სერტიფიკატი 2021 წლის 19 აპრილს ქ.გ–ი გაასაღა დ. ჩ–სზე.

1.3. ინდმეწარმე გ. ნ–ე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ქ. ხ–ში, ავტოსკოლა „ლ–ში“, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ამზადებს მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდებისთვის და გასცემს სერტიფიკატებს. ბ. რ–სმა დანაშაულებრივ ჯგუფში ოპერატიულად ჩართულ ინსპექტორ-გამომძიებელ დ. ჩ–ს მოსთხოვა სავალდებულო 2 - კვირიანი სასწავლო კურსის გავლის გარეშე „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო სერტიფიკატის დამზადების სანაცვლოდ 50 ლარის მისთვის გადაცემა, რაც 2021 წლის 31 მარტს გადასცა დ. ჩ–სმა. ბ. რ–სმა აღნიშნული თანხა გადასცა გ. ნ–სეს, რომელმაც დაამზადა დ. ჩ–სის სახელზე „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო სერტიფიკატი, რომ თითქოს, მან გაიარა 2 კვირიანი მოსამზადებელი კურსი, რაც რეალურად არ გაუვლია. ზემოაღნიშნული ყალბი სერტიფიკატი, დ. ჩ–სზე გასაღების მიზნით, გადასცა ბ. რ–სს, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული ყალბი სერტიფიკატი 2021 წლის 19 აპრილს ქ.გ–ში გაასაღა დ. ჩ–სზე.

1.4. ბ. რ–სი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,221-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (კომერციულ მოსყიდვაში დახმარება იმ პირისთვის, რომელიც საწარმოში ახორციელებს ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, პირდაპირ თავის სასარგებლოდ ფულის გადაცემის მოთხოვნასა და მიღებაში, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის და სხვა პირის ინტერესებისათვის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა - შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.5. ინდმეწარმე გ. ნ–ე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ქ.ხ–ში, ავტოსკოლა „ლ–ში“, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ამზადებს მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდებისთვის და გასცემს სერტიფიკატებს. გ. ნ–ე შეუთანხმდა ბ. რ–ს, რომ მსურველების არსებობის შემთხვევაში გასცემდა ყალბ სერტიფიკატს მოქალაქის მომზადების გარეშე, რომ თითქოს, მან მის ავტოსკოლაში გაიარა სწავლების კურსი. თავის მხრივ, ბ. რ–სი დაჰპირდა გ. ნ–სეს, რომ დახმარებას გაუწევდა ზემოაღნიშნულ საქმიანობაში. გ. ნ–სის დახმარების მიზნით, ბ. რ–სმა დანაშაულებრივ ჯგუფში ოპერატიულად ჩართულ ინსპექტორ-გამომძიებელ დ. ჩ–სს მოსთხოვა სავალდებულო 2 - კვირიანი სასწავლო კურსის გავლის გარეშე „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო სერტიფიკატის დამზადების სანაცვლოდ 50 ლარის მისთვის გადაცემა, რაც 2021 წლის 31 მარტს გადასცა დ. ჩ–სმა. თავის მხრივ, ბ. რ–სმა დ. ჩ–სისგან აღებული თანხა გადასცა გ. ნ–სეს, რომელმაც დაამზადა დ. ჩ–სის სახელზე „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო სერტიფიკატი, რომ თითქოს, მან გაიარა 2 - კვირიანი მოსამზადებელი კურსი, რაც რეალურად არ გაუვლია. ზემოაღნიშნული ყალბი სერტიფიკატი დ. ჩ–სთვის გადასაცემად გადასცა თავის დამხმარე ბ. რ–სს, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული ყალბი სერტიფიკატი 2021 წლის 19 აპრილს ქ. გ–ში გაასაღა დ. ჩ–სზე.

1.6. ინდმეწარმე გ. ნ–სე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ქ.ხ–ში, ავტოსკოლა „ლ–ში“, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ამზადებს მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდებისთვის და გასცემს სერტიფიკატებს. ბ. რ–მა დანაშაულებრივ ჯგუფში ოპერატიულად ჩართულ ინსპექტორ-გამომძიებელ დ. ჩ–სს მოსთხოვა სავალდებულო 2 - კვირიანი სასწავლო კურსის გავლის გარეშე „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო სერტიფიკატის დამზადების სანაცვლოდ 50 ლარის მისთვის გადაცემა, რაც 2021 წლის 31 მარტს გადასცა დ. ჩ–სმა. თავის მხრივ, ბ. რ–სმა დ. ჩ–სგან აღებული თანხა გადასცა გ. ნ–სეს, რომელმაც დაამზადა დ. ჩ–სის სახელზე „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო სერტიფიკატი, რომ თითქოს, მან გაიარა 2 - კვირიანი მოსამზადებელი კურსი, რაც რეალურად არ გაუვლია. ზემოაღნიშნული ყალბი სერტიფიკატი, დ. ჩ–სზე გასაღების მიზნით, გადასცა ბ. რ–სს, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული ყალბი სერტიფიკატი 2021 წლის 19 აპრილს ქ.გ–ში გაასაღა დ. ჩ–სზე.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის განაჩენით გ. ნ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძელზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, გ. ნ–სეს 2 წლით ჩამოერთვა: ა) სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; ბ) საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების განხორციელების უფლება; გ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებისათვის მოქალაქეების მომზადების და აღნიშნულის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემის უფლება;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 5000 ლარი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული ძირითადი სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ნ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, გ. ნ–სეს 2 წლით ჩამოერთვა: ა) სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; ბ) საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების განხორციელების უფლება; გ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებისათვის მოქალაქეების მომზადების და აღნიშნულის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემის უფლება.

ბ. რ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,221-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,221-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით;

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, ბ. რ–ს 2 წლით ჩამოერთვა: ა) სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; ბ) საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების განხორციელების უფლება; გ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებისათვის მოქალაქეების მომზადების და აღნიშნულის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემის უფლება;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 5000 ლარი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული ძირითადი სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ბ. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, ბ. რ–სს 2 წლით ჩამოერთვა: ა) სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; ბ) საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების განხორციელების უფლება; გ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებისათვის მოქალაქეების მომზადების და აღნიშნულის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემის უფლება.

2.2. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულების - გ. ნ–სისა და ბ. რ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჯ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა, კერძოდ, ითხოვა, რომ გ. ნ–სა და ბ. რ–ს დამატებითი სასჯელის სახით არ დაეკისროთ ჯარიმა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 24 აგვისტოს მსჯავრდებულების - გ. ნ–სა და ბ. რ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჯ–სმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ნ–სა და ბ. რ–სთვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა, კერძოდ, ითხოვა, რომ მათ დამატებითი სასჯელის სახით არ დაეკისროთ ჯარიმა.

3.3. 2022 წლის 19 სექტემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გ. ნ–სა და ბ. რ–სისთვის დანიშნული სასჯელი არის მკაცრი. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულებმა აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, უდავო გახადეს მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორიცელებას, არ არიან ნასამართლევნი, მათ დამატებითი სასჯელის სახით არ უნდა დაეკისროთ ჯარიმა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელების შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ნ–სა და ბ. რ–სს ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა.

5.5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულების - გ. ნ–სა და ბ. რ–სთვის სასჯელების განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები და განუსაზღვრა ისეთი სასჯელები, რომლებიც სამართლიანია და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - გ. ნ–სა და ბ. რ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ–სის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე