საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.12.2022
საქმის ნომერი
2კ-903აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100121005235605

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№903აპ-22 ქ. თბილისი

ბ–ა რ., 903აპ-22 19 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ბ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ჯ–ამ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და რ. ბ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე ან 180-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით მსჯავრდების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, ასევე - პირობითი მსჯავრის გამოყენებას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: საქმის მასალებით დგინდება, რომ ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში დაბრუნების შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და ამდენად, რ. ბ–სას ქმედებაში გამოკვეთილია აღწერილი და დაყადაღებული ქონების გასხვისება, რითაც საფრთხე შეექმნა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; ამასთან, თუკი რ. ბ–ას ლიზინგის ხელშეკრულების დადებისთანავე ჰქონდა ლიზინგის საგნის დაუფლების განზრახვა, მის ქმედებაში გამოკვეთილია არა მითვისების, არამედ - თაღლითობის შემადგენლობა, რომელიც უფრო მსუბუქი დანაშაულია; განაჩენით არ არის დადგენილი, მითვისებაა ჩადენილი თუ გაფლანგვა, რომლებიც არსებითად განსხვავებული ქმედებებია; რ. ბ–სას სასამართლოში ადვოკატი არ ჰყოლია და შესაბამისად, შეუძლებელია, გაეცნობიერებინა მტკიცებულებების უდავოდ ცნობის სამართლებრივი შედეგები; საყურადღებოა, რომ მსჯავრდებულის აღიარება და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობა სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენით რ. ბ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობაზე საქმიანობის უფლება; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ბ–მ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2018 წლის 19 ნოემბერს, ქ. ქ–ში, შპს „......... კომპანიასა“ და რ. ბ–სას შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება. „VOLKSWAGEN-GTI-ის“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით NN.....) შეფასდა - 23000 ლარად, თუმცა რ. ბ–სას ნასყიდობის თანხიდან - 13000 ლარი ჩაერიცხა მის მიერ მითითებულ სს „ს–ს ბანკის“ ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი - 10000 ლარი გაიქვითა ლიზინგის ხელშეკრულების პირველადი შენატანის თანხაში. რ. ბ–მ თავისი შეხედულებისამებრ განკარგა მისთვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული ზემოაღნიშნული ავტომანქანა, რის შედეგადაც, შპს „......... კომპანიას“ მიადგა - 13000 ლარის ქონებრივი ზიანი.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ბ–სას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ჯ–სამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და რ. ბ–სას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე ან 180-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით მსჯავრდების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, ასევე - პირობითი მსჯავრის გამოყენებას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რადგან განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დადგინდა რ. ბ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის - დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების - ჩადენა, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში არსებული სამხილების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ: მოწმეების - ნ. კ–სა და დ. ე–ს ჩვენებებიდან, ლიზინგის ხელშეკრულებიდან, მიღება-ჩაბარების აქტიდან, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან და საქმეში არსებული სხვა სამხილებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას რ. ბ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომლის მიხედვით, რ. ბ–ს ქმედებაში შესაძლოა, იკვეთებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე ან ამავე კოდექსის 180-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნები, ვინაიდან სარწმუნოდ დადგენილია, რომ მსჯავრდებულს შპს „......... კომპანიასთან“ დადებული ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე მართლზომიერ მფლობელობაში გადაეცა ავტომანქანა, რომელიც რ. ბ–მ თავისი შეხედულებისამებრ განკარგა, რითაც შპს „......... კომპანიას“ მიაყენა - 13 000 ლარის ზიანი, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ერთი მხრივ, რ. ბ–სას ქმედებაში სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების განზრახვა არ დგინდება, რაც თაღლითობის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია, ხოლო, მეორე მხრივ, დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა მიითვისა შპს „.......... კომპანიის“ კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც მას სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე ჰქონდა გადაცემული მართლზომიერ მფლობელობაში, რაც უპირობოდ გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლით გათვალისწინებულ - აღწერილ, დაყადაღებულ ან ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებულ ქმედებებს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით დასჯადი დანაშაულის შემადგენლობაზე მიუთითებს.

10. დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებების უდავოდ ცნობასა და მათ გამოკვლევაზე უართან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში. შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებულ უფლებას მათ შორის წარმოადგენს - ბრალდებულის უფლება, დაკითხოს ბრალდების მხარის მოწმეები. ამასთან, კონვენციის მე-6 მუხლის არც ტექსტი და არც მისი სულისკვეთება არ უკრძალავს პირს, საკუთარი ნებით ცალსახად, ან ჩუმი თანხმობის გზით უარი განაცხადოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებაზე. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ იმისათვის, რათა ასეთი უარი კონვენციის მიზნებთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი არ უნდა იძლეოდეს ეჭვის წარმოშობის საფუძველს (უნდა განხორციელდეს არაორაზროვანი ფორმით) და ამ ვითარების დაცვის გარანტიები უნდა არსებობდეს. გარდა ამისა, ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს. უფრო მეტიც: ვიდრე სავარაუდოა, რომ ბრალდებულმა შეიძლება უარი თქვას მე-6 მუხლით გარანტირებულ მნიშვნელოვან უფლებაზე, უნდა გამოჩნდეს, რომ იგი გონივრულად ითვალისწინებდა ამ ქმედების სამართლებრივ შედეგს (შეეძლო მისი ქცევის შედეგების განჭვრეტა) იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე: Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, §73 და 2006 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე: Sejdovic v. Italy, [GC], no. 56581/00 § 86). საკასაციო სასამართლომ შეაფასა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რ. ბ–სას მიერ თავის უფლებაზე (სრულად გამოეკვლია ბრალდების მხარის მტკიცებულებები) უარის თქმის პროცედურა შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, კერძოდ: იყო არაორაზროვანი და არ არსებობს მისი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი; არ ეწინააღმდეგებოდა რაიმე საჯარო ინტერესს და საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლის მკაფიო განმარტების პირობებში, მსჯავრდებულს გონივრულად შეეძლო, განეჭვრიტა თავისი ქმედების (უფლებაზე უარის თქმის) სამართლებრივი შედეგი.

11. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომლის მიხედვით, რ. ბ–სათვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ: მისი აღიარება და მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, რადგან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და სწორედ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა ჩადენილი დანაშაული; მტკიცებულებების ნაწილი გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, რ. ბ–ს ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი შეუფარდა, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება და მისი ნაწილის პირობითად ჩათვლა, მოცემულ შემთხვევაში, არ არის მიზანშეწონილი.

12. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი