გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100122005470116
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1070აპ-22 7 თებერვალი, 2023 წელი
ა-ი ვ 1070აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. ა-ს ბრალად დაედო ოჯახში ძალადობა, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 2 დეკემბერს, ღამით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ნასამართლევმა ვ. ა-მა ქ-ი, დ. ა--ს გამზირის N-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არაერთგზის იძალადა თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ. კ-ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელის სახისა და ფეხის მუცლის არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ივნისის განაჩენით ვ. ა-ი, - დაბადებული --- წლის 1- ივნისს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ვ. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ვ. ა-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ვ. ა-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი, მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, გამოძიებას საფუძვლად დაედო თავად დაზარალებულის შეტყობინება მეუღლის მხრიდან ჩადენილი ძალადობის შესახებ. მან გამოკითხვის დროს დეტალურად აღწერა აგრესიული ძალადობრივი ქმედებები, განაცხადა თანხმობა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მოითხოვა, გაცემულიყო შემაკავებელი ორდერი. დათვალიერდა მისი სხეული, რომელზეც აღენიშნებოდა დაზიანება (სახის, ყელის არეში).
5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და ვ. ა-ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმდაც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ვ. ა-ის დამნაშავედ ცნობისათვის, საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმის მასალათა ქრონოლოგიური ანალიზი ერთობლივად უტყუარად მიუთითებს ბრალდებულის მიერ ლ. კ--ს მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენას.
3. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ კერძო (დახურულ) სივრცეში მტკიცებულებათა მოპოვება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს და ხშირად შეუძლებელიცაა, სწორედ ამიტომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე დაუშვებელია არსებული მტკიცებულებების რაიმე სახით კლასიფიკაცია, რაოდენობრივი შეფასება, წინასწარ იურიდიული ძალის განსაზღვრა და შინაარსის ინტერპრეტაცია. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებულად, აშკარად და დამაჯერებლად ადასტურებს მომხდარ ფაქტებს, ერთიანი ლოგიკური ჯაჭვით აღადგენს დანაშაულის ვითარებას და ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N269აპ.-22 და №1052აპ-22 გადაწყვეტილებები).
4. განსახილველი ბრალდება სწორედ კერძო (დახურულ) სივრცეში არის ჩადენილი და შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დეტალურად გააანალიზებს, საქმეში წარმოდგენილი მასალები რამდენად ლოგიკურად ებმის და ავსებს ერთმანეთს.
5. საკასაციო პალატა, პირველყოვლისა, ყურადღებას მიაქცევს N-- შეტყობინებას - ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ. განმცხადებელს წარმოადგენს ლ. კ, რომელიც აღნიშნავს, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (რეგისტრაციის რეზოლუცია: 03/12/2021, 00:05). იმავე დღეს, კერძოდ, 2021 წლის 3 დეკემბერს, გამომძიებელი თ. დ-აია ადგენს ლ. კ--ს სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმს, სადაც აღწერს ლ. კ-ს სხეულზე არსებულ დაზიანებასა და მის წარმომავლობას (რომელიც ემთხვევა შეტყობინების რეგისტრაციაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას). 2022 წლის 29 აპრილს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაიკითხა გამომძიებელი თ. დ-აია, რომელმაც ისაუბრა დაზარალებულის სხეულის გარეგნულ დათვალიერებასა და მის მიერ გამოცემულ შემაკავებელ ორდერზე (ბრალდებულის მიმართ); კერძოდ, მოწმემ აღნიშნა, რომ როგორც მას დაზარალებულმა განუმარტა, 2021 წლის 2 დეკემბერს, ღამით, ფიზიკური დაზიანება მიაყენა მეუღლემ, ვ. ა-მა. დაზარალებულს მართლაც აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში, კერძოდ, ნიკაპზე ჰქონდა ნაკაწრი, ხოლო ყელის არეში - შეწითლება. სხეულის დათვალიერების პროცესი დასურათდა და დათვალიერების ოქმთან ერთად დაერთო სისხლის სამართლის საქმის მასალებს.
6. ზემოაღნიშნულ მასალებთან ერთად, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 30 დეკემბრის N-- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას (უდავო მტკიცებულება), რომლის თანახმადაც, ლ. კ-ს შემოწმებისას (03.12.2021) კისრის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
7. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოწმეების - ნ. ა-ა და თ. ა--ას (ვ- ა-ის დედა) გამოკითხვის ოქმების შინაარსს, რომლებიც მხარეთა მიერ უდავოდ არის მიჩნეული, კერძოდ:
7.1. მოწმე ნ. ა-ე უთითებს, რომ მას ვ. ა--მა ოთახის მიქირავება სთხოვა და უთხრა, რომ მხოლოდ ის და თავისი მეუღლე იცხოვრებდნენ. მოწმე დასთანხმდა და ვ-ს მეორე სართულზე ერთი ოთახი მიაქირავა (სადაც იგი მეუღლესა და პატარა შვილთან ერთად ცხოვრობდა). რამდენიმე დღის შემდეგ ვ-მა მეორე ქალბატონი შემოიყვანა და ნ. ა-ეს განუცხადა, რომ ისიც მისი ცოლი იყო და დედამისი წაიყვანდა. მართლაც, 2 დეკემბერს ვ-ის დედა ჩამოვიდა, რომელსაც ერთი რძალი უნდა წაეყვანა, მაგრამ 3 დეკემბერს, ღამით, მოწმეს მათი ოთახიდან შემოესმა ხმაური. ნ. ა-ემ დაინახა, რომ ვ. ა-ის მეუღლეს ხელში ეჭირა ბავშვი და კიოდა. მოწმე მიხვდა, რომ ისინი ნაჩხუბრები იყვნენ და სახლიდან გაყარა.
7.2. მოწმე თ. ა-ა უთითებს, რომ ვ. ა-ი მისი შვილია, რომელსაც ჰყავს მეუღლე - ლ. კ. მათ ორი შვილი ჰყავთ. 2021 წლის 2 დეკემბერს თ. შვილთან ჩავიდა სტუმრად. ვ-ი სახლში 23:30 საათისკენ დაბრუნდა. ლ-მ მას ხმამაღალი საუბარი დაუწყო, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ისინი ხმამაღლა კამათობდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი მოწმეს არ დაუნახავს. მისი იქ ყოფნის დროს ისინი ხმამაღლა კამათობდნენ და ბინის მეპატრონემ ყველა გამოყარა სახლიდან.
8. ამდენად, მოწმე ნ. ა-ე და თ. ა-ი უტყუარად ადასტურებენ, რომ გარკვეული ფორმის კონფლიქტი (ხმაური, კივილი) ვ. ა-სა და ლ. კ-ს შორის ნამდვილად იყო. მართალია, უშუალოდ დარტყმაზე აღნიშნული მოწმეები არ საუბრობენ, მაგრამ, მოწმე თ. ა-ა უთითებს, რომ ვ-ი სახლში 23:30 საათისკენ დაბრუნდა (2021 წლის 2 დეკემბერს) და ამის შემდეგ დაიწყო მათ შორის სიტყვიერი ჩხუბი. როგორც აღინიშნა, ოჯახური ძალადობის თაობაზე შეტყობინების რეზოლუცია დათარიღებულია 2021 წლის 3 დეკემბრით, 00:05 საათით (განმცხადებელია თავად დაზარალებული); სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემოწმებისას (03.12.2021) ლ. კ-ს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანება, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოებები, რომ - ლ. კ-სა და ვ. ა-ს შორის ნამდვილად არსებობდა გარკვეული სახის დაპირისპირება, რომლიდანაც უმცირეს დროში თავად დაზარალებული ატყობინებს შესაბამის ორგანოს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე და ამასთან, აღნიშნული ფიზიკური დაზიანებები ხილულია და დასტურდება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნითაც, - ერთობლივად ადასტურებს ბრალდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენას. საკასაციო სასამართლო დამატებით უთითებს, რომ სხვა, რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ზემოაღნიშნულ მოვლენათა ქრონოლოგიურ ჯაჭვს, თუნდაც ერთ ნაწილში საეჭვოს გახდიდა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
10. ქმედების ჩადენის არაერთგზისობაზე მიუთითებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განაჩენი, რომლითაც ვ. ა-ი დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), ხოლო ნასამართლობა დანაშაულის ჩადენის დღეს გაქარწყებული არ ჰქონდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
11. რაც შეეხება ფაქტს, რომ დაზარალებულმა ლ. კ-მ სასამართლოს არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციაზე (,,სტამბოლის კონვენცია“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება. კონვენციაში მითითებულია, რომ აღნიშნული დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე დამოკიდებული და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. აღნიშნული კონვენციის განმარტებითი ბარათის თანახმად, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიების სტადიაზე უნდა მოიპოვონ არსებითი სახის მტკიცებულებები, დაკითხონ მოწმეები, მიიღონ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ., რათა დარწმუნდნენ, რომ სასამართლო პროცესის შემდგომი გაგრძელება არაა მხოლოდ მსხვერპლის განაცხადზე დამყარებული (Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 280).
12. ამდენად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს სამართლებრივ მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, ხოლო, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი/განცხადება უკან დაზარალებულმა ან/და შეურიგდა თუ არა მოძალადეს.
13. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის - მოწმე თ. დ-აიასა და უდავოდ ცნობილი მოწმეების ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი (რომლის თანახმადაც, მსხვერპლს აღენიშნება დაზიანება) ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ხასიათისაა.
14. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადასტურებულია, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოხსენებულ ბრალდებაში.
საკასაციო სასამართლოს მიერ ვ. ა-ისათვის შერჩეული სასჯელის სახე და ზომა:
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი პასუხობდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ მიზნებს.
16. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია, ზედმიწევნით შეფასდეს ძალადობის ხარისხი, კერძოდ: 1) რა ფორმით ჩაიდინა პირმა ძალადობა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), 2) რამდენ ეპიზოდად და დროის რა შუალედით, 3) რა ხერხის გამოყენებით (მაგალითად, ემუქრებოდა არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ დანის დემონსტრირებით), 4) დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება, მისი ლოკალიზაცია და ა.შ.. ამ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების ფაბულის თანახმად, ვ. ა-ს დანაშაული ჩადენილი აქვს ერთ ეპიზოდად, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზიანებათა მსუბუქ ხარისხად არის შეფასებული (ჯანმრთელობის მოშლის გარეშე). ამდენად, მოცემულ საქმეში ძალადობის ხარისხი არ არის მეტისმეტად მაღალი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ა-ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს არასაპატიმრო სახის სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, თუმცა, მისი მაქსიმალური ზომის - 400 საათის ოდენობით. ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვ. ა-ი პატიმრობაში იმყოფებოდა - 2022 წლის 10 იანვრიდან 2022 წლის 3 ივნისის ჩათვლით, რის გამოც დანიშნული სასჯელი მას სრულად მოხდილად უნდა ჩაეთვალოს.
18. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელთან ერთად, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განაჩენს, რომლითაც ვ. ა-ს დანიშნული ჰქონდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 120 საათით; აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად არის დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის განაჩენით. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის განჩინების მიხედვით, მსჯავრდებულმა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის არცერთი საათი არ შეასრულა და აღნიშნული სასჯელი მას შეეცვალა ჯარიმა - 2000 ლარით (წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, არ იკვეთება, რომ ვ. ა-ს ჯარიმა აქვს გადახდილი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ უნდა იხელძღვანელოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის თანახმადაც, საკასაციო პალატამ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად უნდა მიუმატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის კატეგორიისა და მისი განმეორებით ჩადენის ფაქტის მხედველობაში მიღებით, მიზანშეწონილი არ არის შთანთქმის პრინციპის გამოყენება, რის გამოც ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული (განჩინებით საბოლოოდ შეცვლილი) სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარი.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო ვ. ა-ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის გამამართლებელი განაჩენი გაუქმდეს:
3. ვ. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 400 (ოთხასი) საათით;
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 120 (ას ოცი) საათით, რაც ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით შეცვლილია ჯარიმა - 2000 ლარით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 400 (ოთხასი) საათით (რაც ამავე სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2022 წლის 10 იანვრიდან 2022 წლის 3 ივნისის ჩათვლით, ჩაეთვალოს მოხდილად) და ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.
5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი