საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.02.2023
საქმის ნომერი
2კ-1098აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.02.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160100122005562087

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1098აპ-22 2 თებერვალი, 2023 წელი

ბ–ე ნ., 1098აპ-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენით ნ. ბ–ე (პირადი ნომერი ...........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 75-ე მუხლის შესაბამისად, ნ. ბ–ს დანიშნული სასჯელის მოხდა გადაუვადდა მშობიარობის შემდეგ - 1 (ერთ) წლამდე.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2021 წლის 16 მაისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. დ–ს გასასვლელში, დ–დან სოფელ .........ის მიმართულებით, ..........ის საავტომობილო გზის მე-.. კილომეტრზე, ,,NISSAN X-TERRA-ს“ მარკის ავტომობილით მოძრაობისას ნ. ბ–მ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საავტომობილო გზიდან გრუნტიან გვერდულზე, რა დროსაც დაიწყო მოცურება და გზის სავალ ნაწილზე ამოტრიალდა, რის შედეგადაც მგზავრმა შ. ბ–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მგზავრები - ლ. მ–ი და გ. ა–ი გარდაიცვალნენ.

1.3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა და მსჯავრდებულ ნ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. მ–მა. პროკურორმა მოითხოვა ნ. ბ–ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით და სასჯელის გადავადების გაუქმება. დაცვის მხარემ მოითხოვა თავისუფლების აღკვეთის სახთ დანიშნული სასჯელის სრულად პირობით ჩათვლა.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მჯავრდებულ ნ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ. მ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ნ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე ნ. ბ–ეეს ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ნ. ბ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი.

2.2. 2022 წლის 17 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. ბ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. პროკურორის პოზიციით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა, რომ ნ. ბ–ის ქმედების შედეგად გარდაიცვალა ორი პირი და მას განუსაზღვრა მსუბუქი სასჯელი. ნ. ბ–ის ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით დანიშნულია შეუსაბამოდ ჰუმანური და არასამართლიანი სასჯელი. ასევე, სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ უგულებელყო დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ი. ტ–ს პოზიცია, რომელიც არ არის მსჯავრდებულთან შერიგებული და დღემდე გააჩნია პრეტენზია მის მიმართ. მართალია, მსჯავრდებულმა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ის მართავდა ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ არასრულწლოვნებიც და მას მართებდა უფრო მეტი ყურადღება. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის შეუსაბამოდ მსუბუქი, რადგან იგი არ არის საკმარისი დანაშაულის პრევენციისთვის და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად აუცილებელია მკაცრი სანქციის გამოყენება.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2. მსჯავრდებული ნ. ბ–ე დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდების მხარე სადავოდ მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელის პირობითად ჩათვლის მექანიზმის ეფექტიანობას დანაშაულის პრევენციის მიზნებთან მიმართებით, ასევე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას ნ. ბ–ს მიერ წინდახედულობის ნორმის დარღვევის ხარისხისა და დაზარალებულის პრეტენციის გათვალისწინებით.

4.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის პირის დასჯა და მისი სამართლიანობა ვლინდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობასა და პროპორციულობაში. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

4.4. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულს სასჯელი განსაზღვრული აქვს შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში, რაც უკავშირდება 6 წლით თავისუფლების აღკვეთასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას. საქმის ინდივიდუალური გარემოებები, ერთი მხრივ, მოიცავს გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად გამოწვეულ მძიმე შედეგს - ორი პირის გარდაცვალებისა და ერთი პირის ჯანმრთელობის დაზიანების სახით, ხოლო, მეორე მხრივ - გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები: არ ყოფილა ნასამართლევი, აღიარა დანაშაული და უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ასევე მისი პირადი და ოჯახური პირობები - ორსულობის ფაქტი. განსახილველი დანაშაულისათვის დადგენილი სანქცია, თავისუფლების აღკვეთის გარდა, სხვა ალტერნატიულ ძირითად სასჯელს არ ითვალისწინებს, ხოლო სასჯელის ზომის შერჩევისას სასამართლო ვალდებულია, გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთა ისეთი ვადით, რაც მკაცრად აუცილებელია სასჯელის მიზნების მისაღწევად და პროპორციულია ჩადენილი დანაშაულის გარემოებების მხედველობაში მიღებით. კასატორის პოზიციით, მსჯავრდებულს მართებდა მეტი ყურადღების გამოჩენა, რადგან მართვისას ავტომანქანაში არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო აღნიშნავს, რომ წინდახედულობის ნორმის დარღვევის ხარისხმა და გამოწვეულმა შედეგმა განაპირობა ნ. ბ–ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის კვალიფიციური შემადგენლობით, რაც თანამდევი მძიმე შედეგისათვის ითვალისწინებს მძიმე სასჯელის სახესა და ზომას. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის სანქციით გათვალისწინებულ დიაპაზონს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 6-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას შორის სასჯელის ისეთი ვადა უნდა იქნეს შერჩეული, რაც ყველაზე უკეთ მოემსახურება სასჯელის მიზნების მიღწევას. ასევე, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის პოზიცია მსჯავრდებულთან მიმართებით პრეტენზიის ქონის თაობაზე, არ წარმოადგენს სასჯელის დამძიმების წინაპირობას, რამდენადაც გამოყენებული სასჯელის გამკაცრება მოცემულ შემთხვევაში არ უკავშირდება დაზარალებულის რეპარაციისა და რესტიტუციის ინტერესს, სცილდება სასჯელის მიზნებს და სისხლის სამართალწარმოებას აქცევს დამნაშავისათვის სამაგიეროს მიზღვის ინსტრუმენტად.

4.5. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, გაუფრთხილებელ დანაშაულზე, რომელიც ექცევა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ კრიტერიუმებში, დაადგინოს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და მსჯავრდებულს განუსაზღვროს ადეკვატური გამოსაცდელი ვადა. ამასთან, სასამართლომ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გაითვალისწინოს სასჯელის სამართლიანობისა და ინდივიდუალიზაციის პრინციპები.

4.5. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანშეწონილობას, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად იმსჯელა ყველა იმ გარემოებაზე, რის გამოც მიიჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება პროპორციულ და ლეგიტიმურ მიზნებთან შესაბამის ღონისძიებად. დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა გულისხმობს არა მსუბუქი სასჯელის შეფარდებას, არამედ - მისი აღსრულების სპეციალური წესის დადგენას, რა დროსაც საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს მოლოდინი, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესი ეფექტიანად წარიმართება მისი საზოგადოებისგან მკაცრი იზოლირების გარეშე, თუმცა სახელმწიფოს კონტროლისა და აქტიური ზედამხედველობის პირობებში. ასეთი ჰუმანური მიდგომა გამართლებული და გამოსადეგია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს წარსული ნასამართლობის ისტორია, დანაშაულის რეციდივის მაღალი რისკი, ხოლო მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და დანაშაულის შემდგომი ვითარება არ წარმოშობს სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის და, შესაბამისად, პიროვნების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების მკაცრი შეზღუდვის აუცილებლობასა და გარდაუვალობას. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის არგუმენტაციას, რომ ნ. ბ–ს გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენისას მეტი ყურადღება მართებდა, ეს გარემოება ასახულია კიდეც ნ. ბ–ს დამნაშავედ ცნობასა და მისთვის შერჩეულ სასჯელში - 6 წლით თავისუფლების აღკვეთაში. გარდა ამისა, მაქსიმალური გამოსაცდელი ვადის - 6 წლით განსაზღვრა წარმოადგენს შესაბამის პერიოდში მსჯავრდებულის სათანადო ქცევის კონტროლის ეფექტიან მექანიზმსა და გარანტს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დანერგილია პირობითი მსჯავრის აღსრულების საკმაოდ მოქნილი მექანიზმი, სასჯელის პირობითად ჩათვლა არ უნდა აღიქმებოდეს სახელმწიფოს უმოქმედობად სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულების მიმართ და არ უნდა შეფასდეს მსჯავრდებულის კონტროლისა და ზედამხედველობის მიღმა დატოვებად. პროკურორი ვერ უთითებს ვერცერთ რელევანტურ კრიტერიუმს, რაც მოცემულ შემთხვევაში მიზანშეუწონლად აქცევდა კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის მექანიზმის გამოყენებას. კასატორის პოზიციის საპირისპიროდ, იკვეთება, რომ მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა, აღიარა დანაშაული და უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საპროცესო რესურსის დაზოგვასა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, შეფარდებული სასჯელის ზომა წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას, ამასთან, არ არსებობს სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის უკიდურესი საჭიროება, ვინაიდან პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის აღსრულება არ წარმოადგენს სახელმწიფოს თვითმიზანს, თუკი დამნაშავის რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის მიზნები მიღწევადია სასჯელის მოხდის ალტერნატიული რეჟიმის პირობებში.

4.6. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე