საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122006280800
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №266აპ-23 ქ. თბილისი
გ.ვ. 266აპ-23 2 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ალექსანდრე ჩხეიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. გ–ის, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს ინტერესების არსებითი დარღვევა, ასევე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 18 აგვისტოს, საღამოს საათებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულებიდან თ–ში, .........ის ჩიხი N..-ში მდებარე შპს „.......... ცენტრში“ გადაიყვანეს ბრალდებული გ. ს–ე, რომელსაც ფსიქოლოგიურ-ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ესაჭიროებოდა შესაბამისი მკურნალობა. პატიმარი გ. ს–ე მოთავსდა ხსენებული ცენტრის მე-.. სართულზე მდებარე N.. პალატაში, სადაც მასზე ელექტრონული საშუალებით უწყვეტად მეთვალყურეობდნენ.
2.2. 2022 წლის 19 აგვისტოს 10:00 საათიდან - 2022 წლის 20 აგვისტოს 10:00 საათამდე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-.. განყოფილების ესკორტის ოფიცერი ვ. გ–ი სხვა თანამშრომლებთან ერთად, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თ–ში, .......ის ჩიხი N..-ში მდებარე შპს „.........ცენტრის" მე-.. სართულზე, სადაც სხვადასხვა პალატებში განთავსებულნი იყვნენ პატიმრები, მათ შორის - გ. ს–ე.
2.3. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N... ბრძანების 27-ე მუხლის თანახმად, დაწესებულებაში შესვლისას საბადრაგო ჯგუფის წევრები ტოვებენ იარაღს და საბრძოლო მასალებს დაწესებულების სამორიგეო ნაწილში. ამავე ბრძანების 74-ე მუხლის თანახმად, საბადრაგო ჯგუფის წევრები ვალდებული არიან: არ დატოვონ მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე ბრალდებული/მსჯავრდებული, რომლის გაყვანა/გადაყვანა ან დაცვა ევალება ყოფნის სხვა ადგილებში, ასევე, აწარმოონ დაკვირვება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე, არ მისცენ მათ ნება იხმაურონ, მოწიონ, იყვნენ კარების გისოსებთან, დაფარონ განთავსების შიგნითა ნაწილი.
2.4. „პატიმრობის კოდექსის“ 572-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ან/და შენახვა, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა, გარდა პატიმრობის კოდექსის 572-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის და ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაცვის განხორციელების შემთხვევებისა.
2.5. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იარაღით მოსარგებლე უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვას.
2.6. ზემოაღნიშნული ნორმატიული მოთხოვნებისა და ხელმძღვანელი პირების სიტყვიერი მითითების მიუხედავად, 2022 წლის 20 აგვისტოს, 09:31 საათზე, თ–ში, .........ის ჩიხი №..-ში მდებარე შპს „............ ცენტრის“ მე-.. სართულზე მდებარე დერეფანში, რომლის მიმდებარე პალატებშიც იმყოფებოდნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები, ვ. გ–ი წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი, საშტატო იარაღით. გარდა აღნიშნულისა, ვ. გ–მა იქვე დერეფანში მყოფ პატიმარ გ. ს–ს არ მიუთითა, რომ შესულიყო პალატაში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე. ვ. გ–მა არც ვიზუალურად გააკონტროლა პატიმარი გ. ს–ე, რომელიც მიეპარა მას და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც სამჯერ გაისროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა, რის შედეგადაც, 2022 წლის 25 აგვისტოს გ. ს–ე გარდაიცვალა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ვ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განსაზღვრა 3 წელი.
3.2. მსჯავრდებულ ვ. გ–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 22 აგვისტოდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
3.3. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, ვ. გ–ის დაევალა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ. გ–იისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ვ. გ–იის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ზ–მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა - ალექსანდრე ჩხეიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ვ. გ–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც ვ. გ–ის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, დანაშაულის კატეგორია, ბრალის სახე, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ის გარემოება რომ მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მითუფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
13. მართალია სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვ. გ–ის ქმედებამ (სამსახურებრივმა გულგრილობამ) გამოიწვია მძიმე შედეგი - 28 წლის გ. ს–ს გარდაცვალება, თუმცა პროკურორის მიერ მითითებული გარემოება (დაზარალებულის გარდაცვალება) მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებამ განსაზღვრა დანაშაულის შემადგენლობა, კერძოდ: დაზარალებულ გ. ს–ს გარდაცვალებამ გამოიწვია ქმედების სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით კვალიფიკაცია, ხოლო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
14. სასჯელის უპირობა დამძიმების საფუძველს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ ვ. გ–იის ქმედებით შეილახა როგორც პენიტენციური სამსახურის, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, ვინაიდან იმისთვის რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით აუცილებელია ქმედებამ გამოიწვიოს ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. ამდენად, პროკურორის მიერ მითითებული გარემოება დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს, ხოლო სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლოებმა ბრალის შინაარსი გამოიყენეს არა როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, არამედ - როგორც ჩადენილ ქმედებასთან დასანიშნი სასჯელის პროპორციულობის განმსაზღვრელი კატეგორია.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ. გ–ს მსჯავრად შეერაცხა გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენა, მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, იგი გულწრფელად ნანობს იმ მძიმე შედეგს, რაც მისმა ქმედებამ გამოიწვია, არ არის ნასამართლევი, დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს კერძო პრევენციის მიზნის მიღწევას. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).
19. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ალექსანდრე ჩხეიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე