საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.07.2023
საქმის ნომერი
2კ-284აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100122005894166

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №284აპ.-23 3 ივლისი, 2023 წელი

ტ–ე ნ., №284აპ.-23 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ტ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. ტ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა (განზარახ მკვლელობის მცდელობა, საქართველოს სსკ-ის 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 21 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.თ–ში, მ–ში, ..........ის ქუჩა №.. ,,..“ ბლოკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ. ტ–მ დანის გამოყენებით შ. ქ–ს განზრახ მკვლელობის მიზნით მიაყენა ოთხი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში, კერძოდ: ერთი შემავალი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში მეშვიდე-მერვე ნეკნთა შუა სივრცეში, ერთი შემავალი ჭრილობა მუცლის წინა კედელზე მარჯვენა სწორი კუნთის საპროექციოდ, ერთი ჭრილობა მარჯვენა წინა მხრის ზედა მესამედში შიდა ზედაპირზე იდაყვის ძვლის საპროექციო მიდამოში და ერთი ჭრილობა მარცხენა წინა მხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე, რის გამოც დაზარალებული გადაყვანილ იქნა ,,........... ჰოსპიტალში“, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლევი ნ. ტ–ე 2022 წლის 22 მარტს, ქ.თ–ში, ს–ს დასახლებაში, №.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რომელიც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენით ნ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ტ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. ტ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 10 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ტ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ–სემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. ტ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის ამ მუხლის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ნ. ტ–ს მიერ დაზარალებულის განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა. ნ. ტ–მ წარდგენილ ბრლადებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მართალია მან სხეულის დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, მაგრამ მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რადგან არ იცნობდა მას. ამასთან, მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში მას განზრახვის სისრულეში მოყვანაში ხელს არაფერი უშლიდა. სასამართლოს უნდა დაედგინა რეალური განზრახვა, ნ. ტ–ს მსხვერპლთან ურთიერთდამოკიდებულება და მოტივი, მხოლოდ დაზიანებების ლოკალიზაცია არ არის საკმარისი ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისთვის.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ტ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ. ტ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ნ. ტ–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ნაწილით დაკვალიცირების შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ ნ. ტ–მ შ. ქ–ს დანით მიაყენა ოთხი დაზიანება, მაგრამ არ ეთანხმება მსჯავრდებულისთვის ბრალად შერაცხული ქმედების კვალიფიკაციას და მიაჩნია, რომ ნ. ტ–ს არ ჰქონდა დაზარალებულის მკვლელობის განზრახვა.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის N309აპ-19 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია: ,,საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულებით განსხვავდება, კერძოდ: თუ პირმა მოკვლის მიზნით დააზიანა სხვა პირის ჯანმრთელობა, მაგრამ სასიკვდილო შედეგი არ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ასეთ შემთხვევაში გამოკვეთილია მკვლელობის მცდელობა და არა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ანუ სწორედ განზრახვის ელემენტი განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ.“ ამასთან, აღსანიშნავია, რომ მკვლელობის განზრახვა შესაძლებელია წარმოიშვას დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული იმწუთიერი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უშუალოდ კონფლიქტის დროს და დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის განზრახვა დროის ხანგრძლივი ინტერვალით უსწრებდეს ქმედებას.

5.6. მოცემულ შემთხვევაში უდავო მტკიცებულებით, დაზარალებულ შ. ქ–ს გამოკითვის ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, დაახლოებით 22:30 საათზე, იგი მეუღლესთან ც. ხ–სთან ერთად კორპუსის ეზოში ასეირნებდა ძაღლს. დაახლოებით 23:00 საათზე, გაიგეს ხმაური და დაინახეს, რომ მაღაზია ,,ი–ს“ შესასვლელი კარის მიმდებარედ უცნობი მამაკაცი ეკამათებოდა მაღაზიის მესაკუთრეს ლ. ჯ–ს და კონსულტანტს - ს. ჯ–ს, რომლებსაც ესაუბრებოდა ხმამაღლა, აგრესიული ტონით, აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მან მეუღლეს უთხრა, რომ დალოდებოდა, თვითონ კი მივიდოდა აღნიშნულ პირებთან, დააწყნარებდა მამაკაცს და განმუხტავდა სიტუაციას. იგი მივიდა მათთან და ლ. ჯ–ს ჰკითხა რა ხდებოდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ადგილი ჰქონდა მცირე გაუგებრობას, კერძოდ, ეს მამაკაცი მაღაზიაში ტოვებდა გასაღებს, რის გამოც მოსვლიათ შეკამათება. მამაკაცს უხეშად მიუმართავს ს. ჯ–სისთვის და მომხდარა კამათი, რაშიც ჩარეულა ლ. ჯ–ე. დაზარალებულმა უცნობ მამაკაცს უთხრა დამშვიდებულიყო, თუმცა ეს პირი მის მიმართ გახდა აგრესიული, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუწყო კამათი. ლ. ჯ–სე მასთან ერთად ცდილობდა მამაკაცის დაწყნარებას. ამ დროს დაზარალებულთან მივიდა მისი მეუღლე - ც. ხ–სი, რომელმაც სთხოვა ასულიყო სახლში. რაზეც უპასუხა, რომ დალოდებოდა რამდენიმე წუთით. ამის შემდეგ, მან უცნობ მამაკაცს მხარზე მოხვია ხელი და უთხრა, რომ საჩხუბარი არაფერი ჰქონდათ. მამაკაცი დაწყნარდა და ის, ლ. ჯ–სე და დაზარალებული გაემართნენ შ. ქუჩის მიმართულებით, რათა მამაკაცი გაეცილებინათ სახლში. დაახლოებით 20 ნაბიჯის გავლის შემდეგ ლ. ჯ–ე დაბრუნდა უკან მაღაზიისკენ. დაზარალებულს მამაკაცისთვის მხარზე ჰქონდა ხელი მოხვეული და მშვიდად ესაუბრებოდა, ეუბნებოდა სახლში წასულიყო, რადგან არავისთან არაფერი ჰქონდა საჩხუბარი. მამაკაცმა უპასუხა, რომ თუ ვინმეს რამე უნდოდა მასთან, მეორე დღეს ავიდოდა და გაესაუბრებოდა. რაზეც დაზარალებულმა უპასუხა, რომ მასთან არავის ჰქონდა საქმე და სთხოვა წასულიყო სახლში. ამ დროს ხსენებულმა მამაკაცმა აგრესიულად უთხრა ,,შენ რა ჭკუას მარიგებო“ და მოულოდნელად მისი სხეულის მიმართულებით ოთხჯერ სწრაფად მოიქნია ხელი, ბოლო მოქნევის დროს დაინახა, რომ მამაკაცს ხელში ეჭირა დანა, რომელიც იმდენად სწრაფად დაარტყა, რომ პირველი სამი დარტყმის დროს ვერ დაინახა, ხოლო მეოთხედ რომ მოუქნია დაინახა, რომ დანა დაარტყადა და გაიქცა .........ის ქუჩაზე, მეტროსადგურ „........ს თეატრის“ მიმართულებით. გაქცევის დროს მას ხელში ეჭირა დანა და ისე გარბოდა. დაზარალებულმა დაიძახა ,,დანა დამარტყაო“. ამ დროს მას სხეულიდან მოსდიოდა სისხლი. მასთან მაშინვე მივიდნენ ც. და ლ. რომლებმაც შეიყვანეს მაღაზია ,,ი-ს“ საპირფარეშოში და ნახეს, რომ მას მუცლის, გულმკერდისა და ხელების არეში მიყენებული ჰქონდა ჭრილობები, ს. ჯ–მ კი გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. დაზარალებულის განმარტებით, მას ნ. ტ–მ იმდენად სწრაფი მოძრაობებით დაარტყა დანა, რომ გვერდზე გაწევაც ვერ მოასწრო. თავიდან სამჯერ რომ მოუქნია ხელი დანა ვერ დაინახა თითოეული დარტყმის დროს მხოლოდ ძლიერი ფიზიკური ტკივილი იგრძნო, მაგრამ როდესაც მეოთხედ მოუქნია ხელი დაინახა რომ დაარტყა დანა ხელის არეში ვინაიდან მან ხელით დაიფარა მუცელი. მანამდე დაარტყა მუცლისა და გულმკერდის არეში. თითოეული დარტყმის დროს განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

5.7. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია უდავო მტკიცებულებებით, მოწმეების - ც. ხ–ს, ს. ჯ–სა და ლ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმებით, კერძოდ, მოწმე ც. ხ–სის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ იგი მეუღლესთან - შ. ქ–სთან ერთად სეირნობდა თავისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, რა დროსაც იქვე მდებარე მაღაზია „ი–დან“ გაიგეს ხმა. როდესაც მიუახლოვდნენ მაღაზიას დაინახეს, რომ ნ. ტ–სე ეკამათებოდა ლ. და ს. ჯ–სეებს. შ. ქ–მა ნ. ტ–ს სთხოვა დამშვიდებულიყო, თუმცა ეს უკანასკნელი შოთას მიმართ გახდა აგრესიული და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი სიტუაციის განსამუხტად მიუახლოვდა მათ. ნ. ტ–ს დამშვიდებას ცდილობდა ლ. ჯ–ც. ამ დროს შ. ქ–მა ნ. ტ–ს მხარზე მოხვია ხელი და უთხრა რომ საჩხუბარი არაფერი ჰქონდათ და გაემართნენ სხვა ქუჩისკენ, რადგან შ-ს სურდა ნ. ტ–ს უსაფრთხოდ გაცილება. ამ დროს ნ. ტ–მ შ. ქ–ს სხეულის მიმართულებით ოთხჯერ სწრაფად მოიქნია ხელი და გაიქცა, შ. ქ–მა კი დაიძახა ,,დანით დამჭრაო“. ანალოგიური დასტურდება მოწმეების - ლ. და ს. ჯ–ების გამოკითხვის ოქმებითაც.

5.8. ის რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 13 ივნისის ექსპერტიზის N......... დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ შ. ქ–ი მოთავსებულ იქნა კლინიკაში 2022 წლის 21 მარტს 23:20 საათზე და გაეწერა 2022 წლის 30 მარტს 16:00 საათზე. მას აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობები შემდეგ მიდამოებში: 1. ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, წინა აქსილარულ (იღლიის წინა) ხაზზე, მე-7-8 ნეკნთაშუა სივრცეში - შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსით, 2. ჭრილობა მუცლის წინა კედელზე, მარჯვენა სწორი კუნთის საპროექციოდ, მეზოგასტრალურ (მუცლის შუა მესამედის) მიდამოში, მედიოკლავიკულურ (ლავიწშუა) ხაზზე - შემავალი მუცლის ღრუში, დიდი ბადექონისა და წვრილი ნაწლავის დაზიანებით და ჰემოპერიტონეუმით, 3. ჭრილობა მარჯვენა წინამხრის ზედა მესამედში, შიდა ზედაპირზე, იდაყვის ძვლის საპროექციოდ - შუათანა ნერვის, კუნთების და მტევნის მე-3-4-5 თითების მომხრელი მყესების დაზიანებით და 4. ჭრილობა მარცხენა წინამხრის შუა მესამედში, უკანა ზედაპირზე (ჭრილობა გაიკერა). სასწრაფოს ბარათის თანახმად, ნაჩხვლეტი/ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მუცელზე და მარჯვენა ზედა კიდურზე. დაზიანებები (ჭრილობები) ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 21.03.22.წ. გულმკერდისა და მუცლის მიდამოში არსებული ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. მარჯვენა წინამხარზე არსებული ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო, ხოლო მარცხენა წინამხარზე არსებული ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებები (ჭრილობები) ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

5.9. მოცემულ შემთხვევაში დაზრალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ასევე, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ. ტ–მ დაზარალებულს დანით ოთხჯერ მიაყენა დაზიანება, რომელთაგან გულმკერდისა და მუცლის მიდამოში მიყენებული ჭრილობები ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულს ნ. ტ–მ თანნაქონი დანით სწრაფად და მოულოდნელად იმ დროს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, როდესაც მაღაზიის მეპატრონესა და ნ. ტ–ს შორის კამათი უკვე დასრულებული იყო და დაზარალებული ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან მის გაცილებას. დაზიანებების მიყენების შემდეგ კი ნ. ტ–ე გაიქცა. დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებების ხარისხი და ლოკალიზაცია, ასევე ის, რომ მან შ. ქ–ს დანით მიაყენა ოთხი დაზიანება, მიუთითებს იმაზე, რომ იგი მოქმედებდა მისი მოკვლის განზრახვით.

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ. ტ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

5.11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ტ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე