შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 13.09.2023
საქმის ნომერი
2კ-311აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.09.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122005389739

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №311აპ-23 ქ. თბილისი

ც. ხ. 311აპ-23 13 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ხ. ც–ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ხ. ც–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ. თ–ი, გ–ს მე–.., №.. მ... სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხ. ც-მა, ო. ა-ს ურთიერთშელაპარაკებისას, თანნაქონი დანის გამოყენებით განზრახ მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, კერძოდ, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, რის შემდეგაც, იგი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენით:

3.1. ხ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ხ. ც–ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვრა ...........ის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (......) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით;

3.3. მსჯავრდებულ ხ. ც–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2021 წლის 28 ოქტომბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ხ. ც–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. ხ-მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სანქციის მინიმუმის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ასევე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

5.1. ხ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.2. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ხ. ც–ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვრა აკად. .........ს სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (.......) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით;

5.3. ხ. ც–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 28 ოქტომბრიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ხ. ც–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

7. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ხ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ხ-ის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, პროკურორი ითხოვს ხ. ც–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა იარაღის გამოყენებით, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება, რომელიც ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს ავალდებულებს მინიმალურ სანქციაზე 1 წლით მეტი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის მტკიცებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის გათვალისწინებით 1 წლით სავალდებულო დამძიმების საპირწონედ სასჯელის 1 წლით შემსუბუქების შესახებ.

3.1.სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მხოლო ბრალდების მხარემ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხ. ც-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

4. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ხ. ც–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული (მოწმეთა: ო. ა-ის, ა-ს, ქ. ბ-ის, დ. ლ-ის, ნ.ო-ის, გ. გ-ის, კ. გ-ის, გ. ხ-ის, დ. თ-სა და პ. ჯ-ს ჩვენებებით) და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი (მათ შორის: მოწმეების - კ.ბ-ის, მ. ა-ის, გ. დ-ის, დ. ტ–ის, ქ. ც-ს, ვ. ლ-ს, გ. კ-ს, მ. ფ-ის, გ. ქ-ს, დ. ქ-ს, ნ. ხ-ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართული ფოტოსურათებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით) საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ხ. ც–მა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული დანაშაული. სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

5. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ხ. ც–ს მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

6. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ (დანაშაულის ჩადენის დროს, 2021 წლის 28 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია).

7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ ხ.- ც–მა მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული - ო. ა-ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ჩაიდინა დანის გამოყენებით. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი დანაშაულის ჩადენა, მათ შორის, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ხ. ც–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამდე და ჩადენის დროს აღენიშნებოდა ფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული შფოთვითი და დეპრესიული აშლილობა(კოდი - ..... დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ხ. ც. ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა – შერეული შფოთვითი და დეპრესიული აშლილობა არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში, ხ. ც–ს განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება ფსიქიკის დროებითი აშლილობა – მწვავე და წარმავალი ფსიქოზური აშლილობა, არასპეციფიკური – რეაქტიული ფსიქოზი (კოდი – ....... დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ხ. ც–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი ამჟამად დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით, ამჟამად ხ. ც. წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მან უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) „დაწესებულებაში (რეკომენდებულია აკად. ბ. ნანეიშვილისსახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხონი – ქუტირი), არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.

10. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ხ. ც-მა ო. ა-ის მიმართ დანაშაული - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება - ჩაიდინა დანის გამოყენებით.

10.1. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა, მათ შორის - იარაღის გამოყენებით არის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

10.2. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად ადგენს სასჯელის დანიშვნის წესს და სრულად გამორიცხავს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე- 2 ნაწილი ადგენს შეზღუდული შერაცხადობის გათვალისწინების, მაგრამ არა სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის/მუხლის ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ხანგრძლივობით დანიშვნის ვალდებულებას. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში აღნიშნული დანაწესები არ წარმოადგენენ კონკურენციულ ნორმებს და ასეთ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისას, საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმალურ ხანგრძლივობას დამატებული საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმპერატიულად განსაზღვრული 1 წელი არის სასჯელის მინიმალური ხანგრძლივობა, რაც განსახილველი შემთხვევისათვის არის - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

10.3. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე - დაუშვებელია სასჯელის 4 წლით თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მცირე ხანგრძლივობით დანიშვნა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სასჯელის დამამძიმებელი გარემოებისა (დანაშაულის ჩადენა დანის გამოყენებით) და შეზღუდული შერაცხადობის, როგორც სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოების კონკურენციისას, ამ უკანასკნელის მხედველობაში მიღებით საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის უგულებელყოფის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეზღუდული შერაცხადობის არსებობისას სასჯელის შემსუბუქება არ გულისხმობს იმაზე მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობას, რაც კანონის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარეობს.

12. საკასაციო სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის ინდივიდუალურ მახასიათებლებს - კერძოდ, ერთი მხრივ, იმ გარემოებას, რომ ხ. ც-მა დანაშაული ჩაიდინა დანის გამოყენებით და გამოკვეთილია სასჯელის დამამძიმებელი გარემოება, ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულს დანაშაულის ჩადენისას აღენიშნებოდა ფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული შფოთვითი და დეპრესიული აშლილობა (კოდი - ....... დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნების და სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და 531-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, პროკურორ დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს - ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში და ხ. ც–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

13. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონისმიერად არის მოკლებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ (მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული უზრუნველყოფილი იყო იურიდიული დახმარებით) სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე მსჯავრდებული არ აღიარებდა მის მიერ დანაშაულის ჩადენას და არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის დანიშნვის იმპერატიულ წინაპირობას.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ხ. ც. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ხ. ც–ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვროს აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით;

4. მსჯავრდებულ ხ. ც–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2021 წლის 28 ოქტომბრიდან;

5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე