შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 15.09.2023
საქმის ნომერი
2კ-464აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.09.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122005720187

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №464აპ-23 ქ. თბილისი

ფ. ბ. 464აპ-23 15 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ფ-ს, - დაბადებულს 1..წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ფ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 12 მარტს, დაახლოებით 01:35 საათზე, ქ. თ., პ-ს გ-ს №-ში მდებარე ტექნიკის მაღაზია „ე. ს-ი“ ბ.- ფ-მ, კარის დაზიანებით, უკანონოდ შეაღწია და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მაღაზიაში განთავსებულ ნივთებს, რომელთა ღირებულებაც შეადგენს 55 000 ლარს, თუმცა იგი ადგილზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მე-5 სამმართველოს თანამშრომლებმა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ბ. ფ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. ბ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. მსჯავრდებულ ბ. ფ.ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 12 მარტის 01:39 საათიდან.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ:

4.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ბ. ფ.ს მიერ, 2022 წლის 12 მარტს, დაახლოებით 01:35 საათზე, ქ. თ., პ-ს გ-ს №-ში მდებარე ტექნიკის მაღაზია „.......–ი“ ქურდობის მცდელობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.

4.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ბ. ფ.ს მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მაღაზია „.......–ს“ კუთვნილი დიდი ოდენობით ნივთის ფარული დაუფლების მცდელობის ფაქტი.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

5.1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ნინო მიქავამ მოითხოვა ბ. ფ.ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თანაზომიერი სასჯელის განსაზღვრა;

5.2. მსჯავრდებულ ბ. ფ.ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. დ-მა მოთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. ფ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ფ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - ვ. დ-მა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, ბ. ფ.ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან საქართველოს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და სასჯელის სახით 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. ფ.ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ადვოკატმა ვ. დ-მა, რომელიც ითხოვს ბ. ფ.ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცრებას და მისთვის სასჯელის სახით 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ქურდობად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ქურდობისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება; 2. ქმედების ფარული ფორმით ჩადენა და 3. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. ხოლო აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია ნივთის დაუფლების მომენტიდან.

4. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2022 წლის 12 მარტს, დაახლოებით 01:35 საათზე, ქ. თ., პ-ს გ-ს N-ში მდებარე ტექნიკის მაღაზია „.......–ი“ ბ. ფ–მ დააზიანა კარი და შევიდა შიგნით, შუა დარბაზამდე მივიდა და დაბრუნდა უკან. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია - მსჯავრდებულმა ბ. ფ.მ აღნიშნული ქმედებით ჩაიდინა თუ არა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ქურდობის მცდელობა საცავში უკანონო შეღწევით და ჰქონდა თუ არა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების განზრახვა.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების განზრახვის - არსებობა.

6. სასამართლო ითვალისწინებს ქ. თ-. პ....ს გ....ს №-..ში მდებარე მაღაზია „ე–დან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს. პირველ ვიდეოჩანაწერში ჩანს ქ. თ-., პ......ს გ........ს №-ში მდებარე მაღაზია „ე-ს“ შიდა სივრცე და მაღაზიაში შესასვლელი კარის ნაწილი, ვიდეოში 01:59:57 საათზე მაღაზიის შესასვლელ კართან იყრება მინის ნამსხვრევები, რის შემდეგაც მაღაზიაში შედის მამაკაცი, რომელსაც აცვია ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი ფეხსაცმელი და შავი ქურთუკი და აქვს შავი თმა (ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N........ დასკვნითა და ექსპერტ ვ. მ-ს ჩვენებით აღნიშნული პირი არის ბ. ფ.), რომელიც უვლის თაროებს წინ, შემდეგ ნახევარი დარბაზიდან ტრიალდება და 02:00:15 საათზე გადის მაღაზიიდან (ბ. ფ.ს მაღაზიაში ყოფნის ფაქტი დასტურდება ასევე ოდოროლოგიური ექსპერტიზის N......... დასკვნით (მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ)), აღნიშნულით სრულდება ვიდეოჩანაწერი. ხოლო მეორე ვიდეოჩანაწერში ჩანს ქ. თ-ში პ.......ს გ.........ს №...ში მდებარე მაღაზია „ე– ს-ს“ წინა მხარე, ფეხით მოსიარულეთა ბილიკი, ვიდეოში 01:58:46 საათზე ჩანს მაღაზიის წინ ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე მოდის მამაკაცი, რომელსაც აცვია ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი ფეხსაცმელი და შავი ქურთუკი, აქვს შავი თმა. შემდეგ ისევ უკან ბრუნდება მაღაზიის შესასვლელ კართან. 01:59:55 საათზე ჩანს, რომ აღნიშნული პირი უცბად გარბის მაღაზიის შესასვლელ კართან და მინის კარს არტყამს მარჯვენა ფეხს, რის შემდეგაც ქვემოთ იყრება მინის ნამსხვრევები, შედის მაღაზიაში, საიდანაც გამოდის 02:00:17 საათზე. მაღაზიიდან გამოსვლისას აღნიშნული პირი ჩერდება მაღაზიის წინ ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე, შემდეგ მოდიან მასთან პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც სრულდება ვიდეოჩანაწერი.

7. მოწმე მ. მ-ის ჩვენებით, 2022 წლის 12 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თანამშრომელ დ. დ-თან ერთად. მოძრაობდნენ პ......ს გ.......ზე. დაახლოვებით 01:30 სთ-ზე, ბ-----ს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერდნენ, რა დროსაც გაიგონა მინის მსხვრევის ხმა, ავტომარტურად გაიხედა და დაახლოვებით ათ მეტრში დაინახა პ........ს გ..........ს N....ში მდებარე ტელეფონების და აქსესუარების მაღაზიაში ახალგაზარდა მამაკაცის შესვლა. ერთად წავიდნენ მაღაზიის მიმართულებით, რა დროსაც ნახა მამაკაცი, რომელმაც წრე დაარტყა მაღაზიაში განთავსებულ მაგიდას, ეძებდა ნივთებს და ცდილობდა მათ აღებას. ამ მომენტში მამაკაცმა დაინახა მისკენ მიმავალი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, შეწყვიტა მოქმედება, გავიდა გარეთ და ცდილობდა გაქცევას, რა დროსაც დააკავეს.

7.1. ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე დ. დ-მაც.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას. თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზგასასმელია, აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს (საქართველოს საკონსტიტუცი სასამართლოს 2020წლი 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-102)

9. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). შესაბამისად, პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 გადაწყვეტილება; 2020 წლის 6 ოქტომბრის N355აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 10 მარტის 658აპ-20 გადაწყვეტილება). მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ იკვეთება პოლიციელთა მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესება, მოწმე პოლიციელების ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის ქ. თ-ში პ......ს გ.......-ს №...ში მდებარე მაღაზია „ე-დან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს და მოწმე ვ. ძ-ის ჩვენებას. კერძოდ,10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის წარმომადგენლის - ვ. ძ-ის ჩვენებას, რომ მაღაზიაში სადაც ბრალდებული შევიდა მოთავსებული იყო ძვირადღირებული ხმის გამაძლიერებლები და კომპიუტერები, მათი ღირებულება ჯამში დაახლოვებით 20 000 ლარს შეადგენდა, თუმცა წაღებული არაფერი ყოფილა. მოწმის ჩვენების თანახმად, მაღაზიაში მარცხენა მხარეს მაგიდაზე განთავსებულია სამი კომპიუტერი, რომლითაც სარგებლობენ თანამშრომლები; მარჯვენა მხარეს დევს ხმის გამაძლიერებლები, რომლებიც არის მინის სპეციალურ მაგიდაში ჩალაგებული და არის ჩაკეტილი. შემდეგ არის ვიტრინები და აქსესუარები, რომლებიც ასევე დაკეტილია. ვიტრინების კარი დაზიანებული არ ყოფილა.

11. მოწმე ვ. ძ–ს ჩვენების და ზემოაღნიშნულ ვიდეჩანაწერებზე ასახული გარემოებების (ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის) და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს პოლიციელთა - მ. მ-ისა და დ. დ-ის ჩვენებებს. კერძოდ,12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით არ დგინდება ის ფაქტი, რომ ბ. ფ. ეძებდა ნივთებს და ცდილობდა მათ აღებას, რა დროსაც დაინახა პოლიციის თანამშრომლები, შეწყვიტა მოქმედება, გავიდა გარეთ და ცდილობდა გაქცევას. აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ, ჩანაწერებით დგინდება, რომ ბ. ფ. მინის ჩამსხვრევის შემდეგ 8-9 წამში შედის მაღაზიაში, გადაადგილდება ისე, რომ არაფერს არც ეხება და არც იღებს, არ ცდილობს ვიტრინის კარების გახსნას ან/და ვიდეოფირში ასახული და მოწმე ვ. ძ–ს მიერ ჩვენებაში მითითებული ნივთებიდან რომელიმეს დაუფლებას/აღებას; საერთოდ არ უახლოვდება არც მაგიდას და არც ვიტრინას; მხოლოდ ათვალიერებს (უყურებს) მაღაზიაში შუშის კარადაში თაროებზე განთავსებულ ნივთებს; მაღაზიის შუა ნაწილში წყნარად გადაადგილდება (დახლებიდან დისტანცირებულად), მიდის მაღაზიის შუა ნაწილამდე და ისე ბრუნდება უკან რომ არც რაიმე ნივთს ეხება და ვერც იმას ხედავს თუ რა ხდება ქუჩაში (სანამ არ შემობრუნდება) ამასთან მისი დაკავება პოლიციელების მიერ ხდება უკვე მას შემდეგ, რაც ის გამოსულია მაღაზიიდან.

13. შესაბამისად, ვიდეოჩანაწერში ასახული ვითარება არსებითად ეწინააღმდეგება მოწმე-პოლიციელების ჩვენებებს, რადგან არ დასტურდება არც ის რომ ბ. ფ. ეხებოდა რაიმე ნივთს ან შეეცადა რომელიმე ნივთის აღებას, არც ის რომ მან შეწყვიტა მოქმედება (ნივთების დაუფლება) იმის გამო, რომ დაინახა პოლიციელები და არც ის რომ ის შეეცადა გაქცევას (გაქცევის მცდელობის ფაქტს საერთოდ არ ჰქონია ადგილი ვიდეოჩანაწერის თანახმად). ბ. ფ. (ვიდეოჩანაწერის თანახმად) მხოლოდ უყურებს ნივთებს და გამოდის მაღაზიიდან. ბ. ფ–მ შუშის ჩამტვრევას და მაღაზიაში შესვლა-გამოსვლას მოანდომა 23-24 წამი, გარეთ გამოსვლის შემდეგ კი აჩერებენ პოლიციის თანამშრომლები, ბ. ფ. არ ცდილობს არც გაქცევას და არც წინააღმდეგობის გაწევას (ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმადაც, „პირი შედის მაღაზიაში, რომელიც 02:00:17 საათზე გამოდის მაღაზიიდან, რა დროსაც მას უახლოვდება ორი პოლიციის თანამშრომელი, რომლებიც აჩერებენ. აღნიშნული პირი ჩერდება მაღაზიის წინ ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე, შემდეგ მიდიან მასთან პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც სრულდება ვიდეოჩანაწერი“).

14. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს - განსაკუთრებით, ოქმის იმ ნაწილს, რომელიც აღწერს მაღაზიაში ნივთების განლაგებას და სრულ შესაბამისობაშია როგორც მოწმე ვ. ძ–ს ჩვენებასთან, ასევე ზემოაღნიშნულ ვიდეოფირზე ასახულ ვითარებასთან. ოქმის თანახმად, „კარის საშუალებით შევდივართ მაღაზიის დარბაზში, სადაც აღმოსავლეთ კედელთან მიდგმულია თაროები, რომლებზეც განლაგებულია გასაყიდი პროდუქცია, დასავლეთ კედელთან მიდგმულია თაროები და საკიდები, რომლებზეც ასევე განთავსებულია გასაყიდი პროდუქცია. ჩრდილოეთ კედელთან დგას საჯარო დახლი, რომლის სათავსო უჯრები დახურულია, მაღაზიის დარბაზის თითქმის შუა ადგილზე დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით დგას ორი მაგიდა“.

15. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. დანაშაულის მცდელობის დროს იწყება ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელება, მაგრამ დამნაშავისაგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ხერხდება მისი სისრულეში მოყვანა. განსახილველ შემთხვევაში ფაქტი, რომ ბ. ფ.ს განზრახვა მოიცავდა „ე-ს“ მაღაზიაში არსებული ნივთების დაუფლებას, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის (ბ. ფ–ს არ დაუწყია ნივთების ძებნა და არ უცდია მაღაზიაში განთავსებული რაიმე ნივთის აღება)

15.1. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოაღნიშნული ვიდეოფირით დგინდება, ბ. ფ–ს დაკავება განხორციელდა მას შემდეგ, რაც ის გამოვიდა მაღაზიიდან, ამასთან, არ დასტურდება არც ის, რომ მაღაზიაში შესვლის შემდეგ ბ. ფ–მ დაინახა მისკენ მომავალი პოლიციელები და ამიტომ შეწყვიტა დანაშაულებრივი ქმედება, რადგან მაღაზიაში შესვლის მომენტიდან (მათ შორის, როდესაც ქუჩის მიმართ ზურგით იმყოფებოდა) ბ. ფ–ს არ უცდია რაიმე ნივთის დაუფლება

(ასეთი შესაძლებლობის არსებობის მიუხედავად) და, როგორც უკვე აღინიშნა, შემოიფარგლა მხოლოდ მაღაზიაში არსებული ნივთების ყურებით.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვემდგომი სასამართლოების პოზიციას ბ. ფ–ს მიერ განხორციელებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით კვალიფიკაციის ნაწილში.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

18. in dubio pro reo პრინციპი ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ბ. ფ–ს ბრალეულობას მისთვის შერაცხულ ქმედებაში.

20. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელსაც გააჩნია მატერიალური ღირებულება. განადგურება გულისხმობს ნივთზე იმგვარ გარეგან ზემოქმედებას, რის შედეგადაც წყდება მისი ფიზიკური არსებობა ან იგი გამოუსადეგარი ხდება მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისთვის. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს მასზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებით. ამასთან, რადგან დანაშაული მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება, მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, რაც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, უნდა აღემატებოდეს 150 ლარს. ამასთან, დანაშაული შეიძლება ჩადენილი იქნეს პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით და შესაბამისად, დამნაშავეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს რომ მართლსაწინააღმდეგოდ აზიანებს ან ანაგურებს სხვის ქონებას, ითვალისწინებდეს მის მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ან სურდეს ამ შედეგის დადგომა ან არ სურდეს, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას.

21. სასამართლო ითვალისწინებს, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას ბ. ფ.ს საბოლოო სიტყვას, სადაც მან მიუთითა, რომ: 2022 წლის 12 მარტს იმყოფებოდა სტუმრად, რა დროსაც შეატყობინეს რომ მისი მამიდაშვილი გახდა ცუდად, მოხვდა ავარიაში, რის გამოც ძალიან აღელდა, გავიდა გარეთ, სუფთა ჰაერზე (კადრებიც ადასტურებს როგორ ნერვიულობს და ისე გადაადგილდება ქუჩაში); ნერვიულობის ნიადაგზე დაამტვრია ტექნიკის მაღაზია; შიგნით დაუფიქრებლად, ინერციით შევიდა; მას ქურდობის არანაირი მოტივი და განზრახვა არ ჰქონია (რაც კადრებშიც კარგად ჩანს); პროკურორის მტკიცება, რომ მან პოლიციელები დაინახა, სცადა გამოსვლა, გაქცევა და მიმავლა - აბსურდულია, რადგან მას პოლიციელები არ შეუმჩნევია, გამოსვლისთანავე, როდესაც დაინახა პოლიციელები, ასწია ხელები და ჩაბარდა; სხვას ვერაფერს დაამატებს - მან ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება და არ ჩაუდენია ქურდობის მცდელობა.

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. ფ–მ თავისი ქმედებით (ფეხი დაარტყა) გამოიწვია სხვისი ქონების (მაღაზია „ე-ს“ კარის) განადგურება (ჩამსხვრევა), რის გამოც აღნიშნული კარი გამოუსადეგარი გახდა შემდგომი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისათვის და საჭირო გახდა მისი გამოცვლა. კერძოდ, შპს „ ს-ს“ დირექტორ ვ. ძ–ს წერილითა და მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2022 წლის 12 მარტს, ქ. თ-ში, პ........ს გ.........ს N...ში მდებარე შპს „.....ს“ საკუთრებაში არსებული მაღაზია „ე-ს“ შესასვლელი კარის ზედა და გვერდითა მინის ფასადების ჩამსხვრევით შპს „-- ს–მ“ განიცადა ჯამში 1500 ლარის მატერიალური ზიანი (რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ). იმავდროულად, მოვლენათა განვითარების გარემოებებიდან გამომდინარე ბ. ფ–სთვის ობიექტურად ცნობილი იყო, რომ თავისი ქმედებით ახდენდა სხვისი ქონების განადგურებას.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების არგუმენტებს ბ. ფ.ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბრალეულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმე ვ. ძ–ს ჩვენებითა და წერილით, ვიდეოკამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმითა და გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N...... დასკვნითა და ექსპერტ ვ. მ. ჩვენებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა, ბ. ფ.ს საბოლოო სიტყვით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

24. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

25. საკასაციო სასამართლო ბ. ფ.ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს ასევე დაზარალებულ ვ. ძ–ს ჩვენებას, რომელმაც მიუთითა, რომ ბ. ფ.მ ითხოვა ზიანის ანაზღაურების გადანაწილება, რასაც ყოველთვიურად იხდის.

26. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების (აღიარებს სხვისი ნივთის განზრახ განადგურებას, დაზარალებულთან შეთანხმებით ეტაპობრივად იხდის მის მიერ ნივთის განადგურებით გამოწვეულ ზიანს, ჰყავს ოჯახი, დასაქმებულია, არ არის ნასამართლევი) მხედველობაში მიღებით ბ. ფ.ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 7 თვით(იმავდროულად სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისას განსაზღვრული ჰქონდა სასჯელის მინიმუმი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა), რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ბ. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ბ. ფ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

4. ბ. ფ. დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. ბ. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 12 მარტიდან;

6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ.თადუმაძე

მ. ვასაძე