შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 11.10.2023
საქმის ნომერი
2კ-536აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122005929039

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№536აპ-23 ქ.თბილისი

მ.რ. №536აპ-23 11 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. მ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: რ. მ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ქონება მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. მ– ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 19 ნოემბერს, ქ. თ–ში ვ–ს დასახლების მ..“ კორპუსის ბინა N..ში მცხოვრებმა მდგმურმა რ. მ-მა, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მესაკუთრე ნ.- ტ-ის კუთვნილი „ს-ის“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი; აღნიშნული ქმედებით კი დაზარალებულს 1200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

3.1. რ. მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება;

3.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩათვლილი აქვს პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება;

3.4. რ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავებიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2022 წლის 25 მაისიდან 2022 წლის 4 ივლისის ჩათვლით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ. მ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. მ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა სალომე გულიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. მ– ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, 2000 ლარი ჯარიმის გამოყენება ან 4 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წლისა და 8 თვის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წლის და 4 თვის ჩათვლა პირობითად.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განაჩენს რ. მ– ს მსჯავრდების ნაწილში და ითხოვს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

3. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში, რ. მ– ს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში, მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლოც ეთანხმება.

4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენით რ. მ–ს სასამართლომ სასჯელი განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლების საფუძველზე. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ „ 6.5. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. მ. ქმედების ჩადენის დროს - 2021 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით, ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. შესაბამისად, რ. მ– ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის რეციდივი; ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ რ. მ– ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი, რომლის თანახმად: დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენითაც სააპელაციო სასამართლომ დანიშნული სასჯელის სახის და ზომის კანონიერების და სამართლიანობის შემოწმებისას, ყურადღება გაამახვილა დამამძიმებელ გარემოებაზე - დანაშაულის რეციდივზე.

6. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებას რ. მ– სათვის დანაშაულის რეციდივის წესით სასჯელის დანიშვნის ნაწილში. კერძოდ,7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს (2021 წლის 19 ნოემბერს) რ. მ. იყო ნასამართლობის არ მქონე (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 27). როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით რ. მ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით 2021 წლის 28 ნოემბერს ჩადენილი ქმედებებისათვის.

7.1. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენის დადგენისას რ. მ– ს მიმართ კანონიერ ძალაში იყო შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენი, განსახილველი დანაშაულის ჩადენა წინ უსწრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დადგენილი დანაშაულების ჩადენას და ვერ შექმნის დანაშაულის რეციდივს, ვინაიდან განსახილველი დანაშაულის ჩადენის დროს რ. მ. იყო ნასამართლობის არმქონე პირი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი კი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ვინაიდან რ. მ. 2021 წლის 19 ნოემბერს იყო ნასამართლობის არ მქონე პირი, მისთვის სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი წესით კანონშეუსაბამოა. შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან რ. მ–ს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული რეციდივის გამო დამატებით განსაზღვრული 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

8. მსჯავრდებულ რ. მ– ს მიმართ სასჯელის შემსუბუქების თაობაზე კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

10.1. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობები, საკასაციო სასამართლოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების და დანაშაულის ჩადენის შემდგომი ქცევის, კერძო პრევენციის და რესოციალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.

11. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლიანობის, რესოციალიზაციისა და პრევენციის მიზნების მიღწევის, ჩადენილი დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებებისა და რ. მ– ს პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით (აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), მიზანშეწონილად მიიჩნია რ. მ– სათვის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება (თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი წესით (დანაშაულის რეციდივით) დანიშვნის შესახებ).

12. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ რ. მ-მა 2021 წლის 19 ნოემბერს დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოხდისას და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში რ. მ–ს დანაშაული არ ჩაუდენია პირობითი მსჯავრის მოხდისას (რ. მ– ს მიერ ქმედება ჩადენილია 2021 წლის 19 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენის დადგენამდე). შესაბამისად, არასწორია სასამართლოს მიერ საბოლოო სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით (განაჩენთა ერთობლიობის წესით) დანიშვნა.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

13.1. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ განაჩენის გამოტანამდე რ. მ–ს ჩადენილი ჰქონდა სხვა დანაშაულიც (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული), შესაბამისად, საბოლოო სასჯელი რ. მ–ს უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად (საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით). ამდენად, რ. მ– სათვის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად უნდა შთანთქას რ. მ– სათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც რ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2 წელი.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ: რ. მ. ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ რ. მ– ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. რ. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება;

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, რ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.1. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება;

5. რ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავებიდან - 2022 წლის 25 ნოემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2022 წლის 25 მაისიდან 2022 წლის 4 ივლისის ჩათვლით;

6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი