საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.10.2023
საქმის ნომერი
2კ-642აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№642აპ-23 თბილისი

ა-ი ვ., 642აპ-23 9 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის, ასევე – მსჯავრდებულ ვ. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების: ბ. ჯ-ისა და ა. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. ა-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 111,1261-ე მუხლის 12-ელი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ).

2. აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგით:

· 2021 წლის 13 სექტემბერს, დღისით, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ-ში მდებარე ა-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ფულის მიცემაზე უარის გამო გაბრაზებულმა ვ. ა-მა მარჯვენა ფეხის ზურგის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე – თ. ა-ზე. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2021 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ-ში მდებარე ა-ების ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, ვ. ა-მა გულმკერდის არეში ხელის დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე – თ. ა-ზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, დაახლოებით 17:00 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ-ში მდებარე ა-ების ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, ვ. ა-მა, პირუტყვისადმი სასტიკად მოპყრობისათვის საყვედურის გამო, თმის მოქაჩვით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე – თ. ა-ზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული სისტემატური ძალადობების შედეგად დაზარალებულმა თ. ა-მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

· 2021 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ-ში მდებარე ა-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ვ. ა-მა თავისი მეუღლის – თ. ა-ის – განზრახ მოკვლის მიზნით, სანადირო თოფიდან მისი მიმართულებით ორჯერ დამიზნებით გასროლით სცადა, მოეკლა თ. ა-ი, თუმცა, არაზუსტი გასროლების გამო, ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.

· 2022 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 01:30 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ-ში მდებარე ა-ების ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, ვ. ა-მა, მობილური ტელეფონის თხოვებაზე უარის გამო, ხელების გადაგრეხვის გზით ფიზიკურად იძალადა თავის შვილზე – მ. ა-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ-ში მდებარე ა-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ვ. ა-ი დანის დემონსტრირებით და სიტყვებით – „უნდა მოგკლა, დაგასახიჩრო, ხელები და ენა დაგაჭრა!“ – ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს – თ. ა-ს, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ვ. ა-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,1261-ე მუხლის 12-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 3 წლით, 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით კი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით, 5 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები – იარაღის დამზადება, შეძენა (მათ შორის – სამსახურებრივ-საშტატო იარაღის), შენახვა, ტარება და გამოყენება, ასევე – საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი – სანადირო თოფი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ვ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2022 წლის 26 იანვრიდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით 5 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები – იარაღის დამზადება, შეძენა (მათ შორის – სამსახურებრივ-საშტატო იარაღის), შენახვა, ტარება და გამოყენება, ასევე – საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი – სანადირო თოფი.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ:

· 2021 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ-ში მდებარე ა-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ვ. ა-მა თავისი მეუღლის – თ. ა-ის – განზრახ მოკვლის მიზნით, სანადირო თოფიდან მისი მიმართულებით ორჯერ დამიზნებით გასროლით სცადა, მოეკლა თ. ა-ი, თუმცა არაზუსტი გასროლების გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.

· 2022 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 01:30 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ-ში მდებარე ა-ების ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, ვ. ა-მა, მობილური ტელეფონის თხოვებაზე უარის გამო, ხელების გადაგრეხვის გზით ფიზიკურად იძალადა თავის შვილზე – მ. ა-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ-ში მდებარე ა-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ვ. ა-ი დანის დემონსტრირებით და სიტყვებით – „უნდა მოგკლა, დაგასახიჩრო, ხელები და ენა დაგაჭრა!“ – ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს – თ. ა-ს, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორი გიორგი სახიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, ვ. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,1261-ე მუხლის 12-ელი ნაწილით, 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით სამართლიანი, კანონიერი და შესაფერისი სასჯელის განსაზღვრას, მსჯავრდებული ვ. ა-ი და მისი ადვოკატები კი – კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას ბრალდების ყველა ეპიზოდში.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ვ. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,1261-ე მუხლის 12-ელი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ არის დადასტურებული. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია პირდაპირი სახის სხვა მტკიცებულება ვ. ა-ის ბრალეულობის დასადასტურებლად. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, იგი ჩატარდა ვითარების აღდგენის მიზნით და დაზარალებულის ჩვენებასთან ერთობლივად ბრალდების ამ ეპიზოდში არ ქმნის მტკიცებულებათა სტანდარტს.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულის სრულად გამართლების თაობაზე, ვინაიდან ვ. ა-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადასტურებულია დაზარალებულებისა და მოწმეების: თ. ა-ის, მ. ა-ის, ე. პ-ისა და სხვათა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმებით, ფსიქოლოგიური, ბალისტიკური, ცივი იარაღის ექსპერტიზების დასკვნებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით. ამასთან, დაზარალებულებისა და ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ისინი შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მათი საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი არ გააჩნია.

11. საყურადღებოა, რომ ექსპერტმა პაატა დუმბაძემ დაადასტურა ბალისტიკური დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ სანადირო თოფიდან უნებლიე გასროლა არ ხდებოდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად: 6 დანა და 6 ვაზნა ამოიღეს ბრალდებულის ლეიბის ქვევიდან, კარიდან და კარის ჩარჩოდან კი – მომრგვალო ფორმის მეტალის ნივთები (ვაზნის შემადგენელი ნაწილი – №- ფინდიხი). შესაბამისად, უდავოა, რომ მთვრალმა ვ. ა-მა, დამჯდარმა, ორჯერ გაისროლა სწორედ კარის მიმართულებით, სადაც თ. ა-ი ეგულებოდა. ეს მიუთითებს ბრალდებულის განზრახვაზე, მოეკლა მეუღლე.

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, გასროლის მომენტთან დაკავშირებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად არ გაიზიარეს მოწმეების: ლ. ა-სა და ს. ლ-ის – ჩვენებები, რადგან ისინი ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მიმართულია ვ. ა-ის მდგომარეობის შემსუბუქებისაკენ.

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34); კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).

14. საკასაციო სასამართლო მხარეთა საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობით, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №411აპ-23, №634აპ-22, №605აპ-23, №153აპ-23). საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება ვ. ა-ის ქმედებათა კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.

15. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ვ. ა-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც, მისი შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია.

16. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორთა პრეტენზიებსაც ასევე დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის, ასევე, მსჯავრდებულ ვ. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების: ა. კ-ისა და ბ. ჯ-ის, საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე