საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №774აპ-23 თბილისი
ჩ. გ., 774აპ-23 9 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენით, გ. ჩ-ე, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-4 ნაწილის „გ“ქვეპუნქტებით (ჯ. კ-ისა და დ. ა-ას ეპიზოდები) და მიესაჯა 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენითა და 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და გ. ჩ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2023 წლის 30 იანვრიდან.
2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. ჩ-ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერაა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (2 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით გ. ჩ-ე გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის სამი ეპიზოდისა და 177-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ოთხი ეპიზოდის ჩადენისათვის.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენით გ. ჩ-ე გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
· 2022 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით, 04:00 საათზე, თ-ში, ი. ხ-ას ქ. №--ში მდებარე ა. თ-ის სახელოსნოდან, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრისა და 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენებით ნასამართლევი გ. ჩ-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჯ. კ-ის კუთვნილ, „RAD POWER bikes-ს“ ფირმის, „RADRHINO-ს“ მოდელის ველოსიპედს. გ. ჩ-ის ქმედებით ჯ. კ-ს მიადგა 700 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 00:20 საათზე, თ-ში, ბ-ას ქ. №-ის მიმდებარედ არსებული ავტოფარეხიდან სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრისა და 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენებით ნასამართლევი გ. ჩ-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დ. ა-ას კუთვნილ, 1500 ლარად ღირებულ, „RTS-ის“ ფირმის ველოსიპედს. გ. ჩ-ის ქმედებით დ. ა-ას მიადგა 1500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად: გ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-4 ნაწილის „გ“ქვეპუნქტებით (ჯ. კ-ისა და დ. ა-ას ეპიზოდები) და მიესაჯა 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და გ. ჩ-ეს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენითა და 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2023 წლის 30 იანვრიდან.
4. მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. თ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის გამამტყუნებელ განაჩენს და გამოთქვამს სურვილს, აწარმოოს მოლაპარაკება ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე, რის გამოც ითხოვს „საქმის წარმოებაში მიღებას“.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. სუსგ: №369აპ-19, №385აპ-22) და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
6. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა წარდგენილ ბრალდებებში გ. ჩ-ის უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო ალტერნატიული მოთხოვნის სახით – დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულების: დ. ა-ასა და ჯ. კ-ის, მოწმეების: კ. შ-ას, გ. ს-ის, ა. თ-ის, ლ. ფ-ისა და სხვათა გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ამოღებისა და დათვალიერების ოქმები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, ასევე – თავად ბრალდებულის აღიარება და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ჩ-ის მიერ ქურდობის ორი ეპიზოდის ჩადენა.
8. რაც შეეხება დაცვის მხარის სურვილს, აწარმოოს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით. ამავე მუხლის 11-ელი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ისე – პროკურორს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმდებიან საპროცესო შეთანხმების დადებაზე, პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომელიც ამტკიცებს შეთანხმებას, თუ დაკმაყოფილებულია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი პირობები. ამასთან, მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება. ამდენად, საპროცესო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების წარმოება მხარეთა კომპეტენციას განეკუთვნება, რაშიც საკასაციო სასამართლო რაიმე ფორმით არ ერევა. ამასთან, საკასაციო განხილვის მოცემულ ეტაპამდე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა და პროკურორს სასამართლოსათვის შესაბამისი შუამდგომლობით არ მოუმართავს (იხ. სუსგ: №409აპ-20, №243აპ-21, №378აპ-22).
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ადვოკატის დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
11. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. თ-ის, საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე