შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 02.11.2023
საქმის ნომერი
2კ-447აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.11.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100121005308499

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №447აპ-23 ქ. თბილისი

ნ. ც. ს., 447აპ-23 2 ნოემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ც-ს, – დაბადებულის 1--- წლის 25 ივლისს, – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ-ს საკასაციო საჩივარი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ზ-მ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების შეცვლასა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში ს. ც-ს უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ განაჩენი, მსჯავრდების ამ ნაწილში, უკანონოა, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარადგინა სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ს. ც-ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებას. თავად მსჯავრდებულის განმარტებით, ს. მ-სათვის ნარკოტიკული საშუალებები არასდროს მიუსაღებია, არამედ – ერთობლივად იძენდნენ მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ ს. მ-მ ს. ც-ს გადასცა ფული, ხოლო ს. ც-მ – ნარკოტიკული საშუალება, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ, თუმცა არ ეთანხმება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის ქმედების ნარკოტიკული საშუალების გასაღებად კვალიფიკაციას, რამეთუ ს. ც-მ ს. მ-თან ერთობლივად მოხმარების მიზნით შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები და მათი გასაღების მიზანი არ ჰქონია. კასატორის მითითებით, უკანონო გასაღების დროს გამოკვეთილია ერთი პირის კუთვნილი ნარკოტიკული საშუალების მეორისთვის გადაცემა და არა – ერთად შეძენილისა, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაშია, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია და უსაფუძვლოდ დასაჯა ს. ც. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ც-ს ბრალად დაედო: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა (4 ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (4 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2021 წლის 29 ოქტომბერს, ... დასახლებაში, ს. ც-მ, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,3300 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“ 320 ლარად უკანონოდ მიასაღა ს. მ-ს, რომელიც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2.2. 2021 წლის 9 ნოემბერს, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ც-მ, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,1241 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“ 240 ლარად უკანონოდ მიასაღა ს. მ-ს, რომელიც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2.3. 2021 წლის 17 ნოემბერს, ... დასახლებაში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ც-მ, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,2047 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“ 350 ლარად უკანონოდ მიასაღა ს. მ-ს, რომელიც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2.4. 2021 წლის 24 ნოემბერს ... მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ც-მ, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,2783 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“ 350 ლარად უკანონოდ მიასაღა ს. მ-ს, რომელიც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. ს. ც-ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა (4 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (4 ეპიზოდი).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის განაჩენით ს. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და, საბოლოოდ, ს. ც-ს მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2021 წლის 26 ნოემბრიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ეკატერინე მაჭარაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ს. ც-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ს. ც-მ 2021 წლის 29 ოქტომბერს, 2021 წლის 9 ნოემბერს, 2021 წლის 17 ნოემბერსა და 2021 წლის 24 ნოემბერს სხვადასხვა ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა პვპ“ გადასცა ს. მ-ს, თუმცა, ბრალდების მხარის მტკიცებით, ს. ც-მ ნარკოტიკული საშუალებები მიასაღა ს. მ-ს, ხოლო დაცვის მხარის მითითებით, ს. ც-ს ნარკოტიკული საშუალებები არ გაუსაღებია, არამედ – მხოლოდ ს. მ-თან ერთობლივად მოხმარების მიზნით შეიძინა და ინახავდა მათ.

3. ამდენად, მხარეები თანხმდებიან ს. ც-ს მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დროს ს. მ-სათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის ფაქტებზე, მაგრამ მათი პოზიციები განსხვავდება მსჯავრდებულის ქმედების – ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის – კვალიფიკაციასთან მიმართებით. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ს. მ-სათვის გადაცემით, ს. ც-მ, ანაზღაურების სანაცვლოდ, გაასაღა ისინი, ხოლო დაცვის მხარის პოზიციით, ნარკოტიკული საშუალებების ს. მ-სათვის გადაცემის დროს მსჯავრდებულს მათი რეალიზაციის მიზანი არ ჰქონია.

4. იმისათვის, რათა დამნაშავემ პასუხი აგოს მხოლოდ იმ დანაშაულისათვის, რომელიც მან ჩაიდინა, საკასაციო სასამართლო ვალდებულია მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭოს, ხოლო იმის გამოსარკვევად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII – ნარკოტიკული დანაშაულის – თავით გათვალისწინებული, რომელი დანაშაულის შემადგენლობაა გამოკვეთილი ს. ც-ს ქმედებაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მათ საფუძველზე გადაწყვეტს მსჯავრადშესარაცხი ქმედების საკითხს.

5. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ს. ც-ს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში მსჯავრდებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ ორი ფაქტობრივი გარემოების გამოკვეთა, რომლებიც, თითქოსდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, ერთი მხრივ, ს. ც-მ ოთხჯერ გამოართვა თანხა ს. მ-ს და ოთხჯერვე, მოგვიანებით, გადასცა მას ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო, მეორე მხრივ, ს. მ-მ. დაადასტურა, რომ ს. ც-სათვის, ყოველ ჯერზე, გადახდილი თანხების სანაცვლოდ, შეიძინა მისგან ნარკოტიკული საშუალებები.

6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასკვნა იმის თაობაზე, რომ ს. ც-მ უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალებები, არ გამომდინარეობს მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ:

7. 2021 წლის 27 ოქტომბრის განცხადების შინაარსით ირკვევა, რომ ს. მ-მ მიმართა სამართალდამცავებს და აცნობა, რომ მისი ნაცნობი, ს. ც., ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას, კერძოდ, ერთ შეკვრა ,,ამფეტამინს“ ყიდდა 220 ლარად და დასთანხმდა, ს. ც-ს გამოაშკარავების მიზნით გამოძიებასთან ეთანამშრომლა.

8. მოწმე ს. მ-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ მისი ნაცნობის, ს. ც-ს მხილების მიზნით, ნამდვილად მიმართა სამართალდამცავებს და მონაწილეობდა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვებში, რა დროსაც, პირველი შეხვედრის გარდა, ყოველ ჯერზე აღჭურვილი იყო ჩამწერი მოწყობილობით. ს. მ-ს სულ ოთხჯერ გადასცა ოპერატიული თანხა და სანაცვლოდ, 2021 წლის 29 ოქტომბერს, 9, 17 და 24 ნოემბერს მიიღო მისგან ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც წარუდგინა გამომძიებელს.

9. ფულადი თანხების გადაცემისა და დათვალიერების ოქმებით დგინდება, რომ გამომძიებელმა, გ. თ-მ, ს. მ------–---–ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა: 2021 წლის 29 ოქტომბერს – 320 ლარი; 2021 წლის 4 ნოემბერს – 240 ლარი, ხოლო 2021 წლის 17 და 24 ნოემბერს – 350-350 ლარი.

10. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ 2021 წლის 4 ნოემბერს ს. მ-მ ს. ც-ს გადასცა თანხა; 2021 წლის 9 ნოემბერს ს. ც-მ ს. მ-ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება; 2021 წლის 17 ნოემბერს ს. მ-მ ს. ც-ს გადასცა თანხა, ხოლო იმავე დღეს, მოგვიანებით, ს. ც-მ – ნარკოტიკული საშუალება; 2021 წლის 24 ნოემბერს ს. მ-მ ს. ც-ს გადასცა თანხა, ხოლო იმავე დღეს, მოგვიანებით, ს. ც-მ – ნარკოტიკული საშუალება.

11. 2022 წლის 3 ივნისის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის №.. დასკვნის მიხედვით, 2021 წლის 4, 9, 17 და 24 ნოემბრის შეხვედრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები და მათზე გამოსახულია ს. ც.

12. 2022 წლის 21 ოქტომბრის № ბიოლოგიური-გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 2021 წლის 29 ოქტომბერს, ს. მ-საგან ამოღებულ ნარკოტიკის შესაფუთ პარკსა და იზოლენტის ფრაგმენტზე; 2021 წლის 9 ნოემბერს ამოღებულ იზოლენტისა და ქაღალდის ფრაგმენტებსა და 2021 წლის 17 ნოემბერს ამოღებულ პოლიეთილენის პარკზე აღმოჩენილია ს. ც-ს ბიოლოგიური მასალა.

13. ამოღების ოქმების მიხედვით, ს. მ-ს 2021 წლის 29 ოქტომბერს, 18:00-18:15 საათზე, ... მიმდებარედ, გამომძიებელმა გურამ თავართქილაძემ ამოუღო პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფხვნილისებრი ნივთიერება; 2021 წლის 9 ნოემბერს, 15:55-16:05 საათზე, ...მიმდებარედ – დაკეცილ ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული ფხვნილისებრი ნივთიერება; 2021 წლის 17 ნოემბერს, 13:35-13:45 საათზე, ... დასახლებაში, ... მიმდებარედ – პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფხვნილისებრი ნივთიერება, ხოლო 2021 წლის 24 ნოემბერს, 15:25-15:40 საათზე, ... მიმდებარე ტერიტორიაზე – პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფხვნილისებრი ნივთიერება, რომლებიც, თავის მხრივ, ს. მ-ს გადასცა ს. ც-მ.

14. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2021 წლის 30 ოქტომბრის №., 2021 წლის 11 ნოემბრის №, 2021 წლის 18 ნოემბრის და 2021 წლის 25 ნოემბრის №- ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ ს. მ-საგან ამოღებული ნივთიერებები შეიცავს ნივთიერება ,,ალფა პვპ-ს“, რომელიც მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა ჯგუფს.

15. ამდენად, არც მხარეები ხდიან სადავოდ და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია, რომ ს. ც-მ ოთხჯერ გამორთვა ს. მ-ს სხვადასხვა ოდენობის თანხა და, ყოველ ჯერზე, მოგვიანებით, გადასცა მას ნარკოტიკული საშუალებები.

16. იმის გამოსარკვევად, თუ რამდენად ქმნის ერთი პირის მიერ სხვა პირისათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მიზნების გათვალისწინების გარეშე, ,,a priori“, მისი უკანონო გასაღების შემადგენლობას, სასამართლომ საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებები – მოწმე ს. მ-ს ჩვენება და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალები – რომლებიც არსებითად მნიშვნელოვანია ს. მ–სა და ს. ც-ს შორის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემამდე არსებული შეთანხმებისა და ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის პროცესში, მათ შორის არსებული კომუნიკაციის შინაარსის დასადგენად და, შესაბამისად, დავის საგნად ქცეული – ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის – საკითხის გადასაწყვეტად.

17. მოწმე ს. მ-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ სამართალდამცავებისათვის განცხადებით მიმართვამდე, რამდენიმე დღით ადრე, ს. ც-სთან (რომელსაც, დაახლოებით, იმავე წლის აგვისტო-სექტემბრიდან იცნობდა) მოუწია ნარკოტიკებზე საუბარი, რა დროსაც, მსჯავრდებულმა შესთავაზა, თუ ფული ექნებოდა, უყიდდა ნარკოტიკს. პროკურორის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თუ ვისგან იყიდიდა ს. ც. ნარკოტიკულ საშუალებას, ს. მ-მ აღნიშნა, რომ ს. ც-მ უთხრა, რომ უნდა მიეცა მისთვის გარკვეული თანხა, რომლის სანაცვლოდ უნდა ეყიდა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო კონკრეტულად რა თანხა იყო საჭირო, ამას ყოველ ჯერზე, ს. ც. ეუბნებოდა ხოლმე. ჯვარედინი დაკითხვის დროს, მოწმემ ასევე განმარტა, რომ შეთანხმების თანახმად, თუ ექნებოდა ჯიბეში თანხა, ს. ც. მიაწვდიდა გარკვეული ოდენობით ნარკოტიკს. ს. მ-მ დაადასტურა, რომ ნარკოტიკების გამსაღებლების მხილების მიზნით, წარსულშიც უთანამშრომლია პოლიციასთან.

18. ამდენად, აღსანიშნავია, რომ მოწმე ს. მ-ს ჩვენებით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალებების გადაცემამდე ს. ც. შეუთანხმდა ს. მ-ს, რომ ნარკოტიკულ საშუალებას უყიდდა და არა – მიჰყიდდა მას, როგორც ეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, რაც სამართლებრივად არსებითად განსხვავებული მოცემულობებია, რამეთუ პირველ შემთხვევაში იკვეთება ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარება, ხოლო მეორე შემთხვევაში – ნარკოტიკული საშუალების გასაღება.

19. ს. ც-ს მიერ ს. მ-სათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის მიზნების დასადგენად ასევე მეტად საყურადღებოა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, რომელთა შინაარსი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ცხადყოფს: ს. მ-სათვის იმთავითვე ცნობილ ფაქტს – ნარკოტიკულ საშუალებებს იგი ს. ც-სგან არ ყიდულობდა, არამედ – თავადაც ნარკოდამოკიდებული ს. ც. ეხმარებოდა მას სხვა, გამოძიებით დაუდგენელი პირ(ებ)ისგან, ნარკოტიკული საშუალებების მოძიებასა და შეძენაში, კერძოდ:

20. 2021 წლის 4 ნოემბრის სატელეფონო საუბრისას ს. მ. ს. ც-ს ეუბნება: ,, – აუ, რავი, ძაან ცუდად ვარ [...]“. ს. ც. ეკითხება: ,, – ვერ გამოხვედი?“, რაზეც ს. მ. პასუხობს: ,, – რავი? რა? სად? რითი? [...] სახლში რას შვრები? ხო არ ის ვქნათ? გნახო? რა ვქნა?“

21. იმავე დღის სატელეფონო საუბრისას, ს. ც. ეუბნება ს. მ-ს: ,, – ჰო, მიდი რავი, ახლა დამირეკა კიდევ ერთმა ჩემმა ბრატმა და რავი მოვიფიქროთო, ერთი 100 მანეთი უდევს იმას, რა“, რაზეც ს. მ. ეკითხება: ,, – ჰო, სულ რამდენი უნდა?“ ს. ც. პასუხობს:,, – ბიჭო, 200 უნდა იმასო, კატიასო, მარა მეშინია, მაგი აყირავეს“. ს. მ. ეუბნება: ,, – არა, მასეთი რად გინდა ძმა?“. ს. ც. განაგრძობს: ,, – ჰო არა. და ჯუმბერას აქვს კიდევ, რაა. და 230-ში მაძლევს“, რაზეც ს. მ. ეუბნება: ,, – აუ მოდი, მე ხო არ გავაძრო? ერთი წამი, დავრეკავ და იქნება სრულად ის ვქნა რაა“. ს. ც.: ,, – ჰო, 230-ად [...] 240 უწერია, 230-ად იძლევა, რაა“.

22. იმავე დღეს, შეხვედრისას, ს. ც. ს. მ-ს ეუბნება: ,, – ეგ ორი ვარიანტია, რა“. ფულის გადაცემის შემდეგ კი დასძენს: ,, – მომე. მაშინ პირდაპირ დავიძვრები და იმას დავითრევ“, ხოლო ს. მ-ს შეკითხვაზე: ,, – ეგრევე დამირეკავ?“, პასუხობს: ,, – არ ვიცი, სად იქნება, ვაკეში იყოო“. ს. მ-ს ჩაკითხვაზე: ,, – მალე იქნება, ჰოო?“, ს. ც. პასუხობს: ,, – კ-ზე იყო ბოლოს“.

23. იმავე დღის სატელეფონო საუბრისას ს. მ- ეუბნება ს. ც-ს: ,, – ჰო, რა ვქნა მე? აბა მითხარი ერთი...“, რაზეც ს. მ. პასუხობს: ,, – ბიჭო რავი, დიდ-დიდ იმას იმას ვშვები რაა, ვეძებ. პატარები ვაფშე არავის არაფერი არა აქვს ძმა და აგერ ვდგევარ მ.. ახლა, ამ წუთას, რა. გაიგე?“. ს. მ. ეკითხება: ,, – არაფერი?“, რაზეც ს. ც. პასუხობს: ,, – ჰო, არავის არაფერი არა აქ, პატარები, სიმონ“. ს. მ.: ,, – ელოდები?“ ს. ც: ,, – ჰო რა! გაგარკვევ ძმაო, არც ჩამირიცხია, არც არაფერი ბრატ, აგერ ჯიბეში მიდევს ფული“. ს. მ.: ,, – ჰო კაი, დამირეკე, რომ იმას იზავ...“. ს. ც.: ,, – ბიჭო რავი რაა. რა გავაკეთო ძმაო? თუ არავის თუ ... ისე ხო არ ჩავურიცხავ ჰარიჰარალოზე, მაგათ დედას...“. ს. მ.: ,, – არა, არა ტოო, რას ლაპარაკობ?!“ ს. ც.: ,, – ჰო, ხო აზრზე ხარ, ბაბუ, ახლა რად მინდა მასე, ნუუ არის რაღაც.“ ს. მ.: ,, – აჰა. არა, ეს გამოვიდა, აქ ჩემ გვერდზე იქნება და რომ წამოხვალ, ისე“. ს. ც.: ,, – ჰო, იყავით, ერთად იყავით და დაგირეკავთ რაა, იტოგში, მანქანით ვარ“.

24. 2021 წლის 9 ნოემბრის შეხვედრისას ს. ც. ს. მ-ს ეუბნება: ,, – ბიჭო, ჰო რაა, კი არ მიყიდია [...]. ჩავრიცხეთ [...] და არ ეყო სამასი ლარი [...]. წავედით მერე, ოცლარიანი არ მიიღო ამ ...-მა, კიდევ ორმოცდაათი ლარი... ვაჰ!“. ს. მ-ს შეკითხვაზე: ,, – გაიჩითება რაღაცეები ისე?“ ს. ც. პასუხობს: ,, – აზრზე არ ვარ“. ს. მ. კვლავ ეკითხება: ,, – ამ დღეებში რამე ფულები რომ მოვხოდო?“, ს. ც. პასუხობს: ,, – ფ. იწერებოდა, უნდა გავჩითოო და შეიძლება გაიჩითა. ის ჰქონდა, ის [...] მეფედონი, მაგრამ აზეზე არა ვარ“, რაზეც ს. მ. ა ეუბნება: ,, – არა, თავი არ მოვაკვლევინოთ“.

25. 2021 წლის 17 ნოემბრის შეხვედრისას ს. ც-სათვის ფულის გადაცემის შემდეგ ს. მ-ს შეკითხვაზე: ,, – იქ დაგელოდები. მალე მოგვარდები შენ?“ ს. ც. პასუხობს: ,, – ხო, კი. [...] მალე მოვგვარდები რა, ახლავე დავურეკავ“.

26. 2021 წლის 24 ნოემბრის შეხვედრისას, თანხის გადაცემამდე, ს. ც ს. მ-ს ეუბნება: ,, – მელოდება...“, რაზეც ს. მ. ეკითხება ,, – რამდენიანია?“ ს. ც. პასუხობს: ,, – არა 310. რამდენი გაქვს? 320 უწერია“.

27. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ მოიპოვება ს. მ-ს და ს. ც-ს 2021 წლის 29 ოქტომბრის, მათი პირველი შეხვედრის ჩანაწერი, რაც ცხადია, მეტ ნათელს მოჰფენდა სადავოდ გამხდარ საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო და სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით ცალსახად დასტურდება, რომ ს. მ-ს მიერ გადაცემული თანხებით, ს. ც. ცდილობდა მისთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა ხერხებით (მათ შორის – დისტანციურად ფულის გადარიცხვითა თუ უშუალო კავშირებით) მოეძიებინა და შეეძინა ნარკოტიკული საშუალებები ს. მ-სათვის. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ გამოძიების მიერ არ გამოკვეთილა რეალური მოტივი, რატომ შუამავლობდა ს. ც. ს. მ-ს ნარკოტიკული საშუალებების შეძენის პროცესში და, კონკრეტულად, რაში გამოიხატებოდა მისი ინტერესი.

28. იმ პირობებში, როდესაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით, მათ შორის – არც მოწმე ს. მ-ს ჩვენებით, არ დასტურდება, ის ფაქტი, რომ ს. ც. შეუთანხმდა ს. მ-ს, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიჰყიდდა მას ნარკოტიკულ საშუალებებს; მოწმე ს. მ-ს ჩვენების გათვალისწინებით, რომელიც ცალსახად მიუთითებს, რომ ს. ც., რომელიც თავადაც ნარკოდამოკიდებული პირია და, შესაბამისად, მუდმივად ნარკოტიკული საშუალებების მოძიების პროცესში იყო ჩართული, უნდა დახმარებოდა მას ნარკოტიკული საშუალებების შეძენაში; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო და სატელეფონო საუბრების ჩანაწერების შინაარსის მხედველობაში მიღებით, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ს. მ-სათვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ს. ც. არ იყო ნარკოტიკების რეალიზატორი, არამედ – ეხმარებოდა მას ნარკოტიკული საშუალებების მისთვის ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეძენაში (ითვალისწინებდა მის ინტერესს ნარკოტიკების სხვა მომხმარებლებთან ერთობლივად შეძენის დროს; უთანხმებდა სავარაუდო გამსაღებლების მიერ შეთავაზებულ პირობებს; უზიარებდა შეძენის დეტალებს, მათ შორის – მოლოდინის პროცესს, თანხის დისტანციურად ჩარიცხვისას შექმნილ პრობლემებს და ა.შ.), საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ს. ც-ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებაში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ს. მ-ს თანხებით შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების მისთვის გადაცემით ს. ც-მ 2021 წლის 29 ოქტომბერს, 2021 წლის 9 ნოემბერს, 2021 წლის 17 ნოემბერსა და 2021 წლის 24 ნოემბერს ჩაიდინა – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი).

29. საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რომელმაც ერთხელ უკვე განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას და, რომ, ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემა არ გამორიცხავს – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას (იხ.: mutatis mutandis საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენი საქმეზე №844აპ-22, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8).

30. ამრიგად, ვინაიდან უტყუარად არ დასტურდება ს. ც-ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღება, არამედ მის ქმედებაში გამოკვეთილია – ნარკოტიკული საშუალებების შეძენაში დახმარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოთხივე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ს. ც. ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხივე ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებები უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ოთხი ეპიზოდი), რომელთა ჩადენისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

31. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც მსჯავრი უნდა დაედოს ს. ც-ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

32. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

33. საკასაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი ქმედება, რასაც სწორი კვალიფიკაცია მიანიჭა სასამართლომ; ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (დანაშაულთა სიმრავლე, რაც ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას ზრდის) გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ ს----- ც---–---ს უნდა მიესაჯოს – 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ს. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლითა და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ს. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ს. ც. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა (2021 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2021 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

4. ს. ც-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. ს. ც-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. ს. ც-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

7. ს. ც-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ს. ც-ს მიესაჯოს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2021 წლის 26 ნოემბრიდან;

9. ს. ც-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას – 10 წლით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება – 5 წლით;

საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებებად ცნობილი:

· ნარკოტიკული ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალა და ს. ც-საგან აღებული ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს;

· ელექტრონული დისკები – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

· ,,xiaomi-ს“ ფირმის მობილური ტელეფონი – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი