გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №740აპ-23 თბილისი
ფ-ი ვ., 740აპ-23 8 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ – ზურაბ წერეთლის
ადვოკატ – დ-ი მ-ის
გამართლებულ – ვ. ფ-ის
მონაწილეობით განიხილა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის – ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. ფ-ს ბრალად დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2020 წლის 26 ივლისს, დაახლოებით, 22:00 საათზე, მ–---ის საავტომობილო გზის მ…, სოფელ ა-თან, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით – -) მოძრავმა, ალკოჰოლით მთვრალმა ვ. ფ-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ქვეით, ლ. ზ-ეს, რომელიც შეჯახების შედეგად გარდაიცვალა.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით ვ. ფ-ი, - (პირადი №-), ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარდგენილი ბრალდებისათვის. მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ვ. ფ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. ამასთან, მიუთითა: საპირისპიროს ამტკიცებდა ბრალდების მხარის მიერვე მოპოვებული, მათ შორის, საექსპერტო კვლევების შედეგები; ექსპერტმა უარყო ვ. ფ-ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის რომელიმე ნორმის დარღვევა და კატეგორიულად გამორიცხა მისი ბრალეულობა.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა – ზურაბ წერეთელმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ვ. ფ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის წარდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის კანონით დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ვ. ფ-ის დამნაშავეობაში, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრება, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა ვ. ფ-ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, წარმოადგენდა ამ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად წარმოქმნილ, დაუსაბუთებელ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საფუძვლად ვერ დაედებოდა გამამტყუნებელ განაჩენს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილემ – ზურაბ წერეთელმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; ვ. ფ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. პროკურორი საჩივარს აფუძნებს შემდეგ გარემოებებზე: 2020 წლის 26 ივლისს, დაახლოებით, 22:00 საათზე, მ–--ის საავტომობილო გზის მ…, სოფელ ა-თან, „მერსედესის“ მარკის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით – -) მოძრავმა, ალკოჰოლით მთვრალმა ვ. ფ-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ქვეით, ლ. ზ-ეს, რომელიც შეჯახების შედეგად გარდაიცვალა. პროკურორის აზრით, ის გარემოება, რომ ვ. ფ-ი ავტომობილს მართავდა ალკოჰოლით მთვრალი, დასტურდება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მისი ალკოტესტით შემოწმების ქვითრით, ამავე პოლიციელისა და მძღოლის ჩვენებებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის პირველი დეკემბრის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ გ. მ-ის ჩვენებით. პროკურორი ვ. ფ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებებად უთითებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის, დ. ზ-ის, გარდაცვლილ ლ. ზ-ის დედის, ე. თ-ისა და ბიცოლა ნ. ბ-ის ჩვენებებს, ხოლო ავტომობილის მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრის, რ. ფ-ის, საწინააღმდეგო ჩვენებასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ იგი არის მძღოლ ვ. ფ-ის ბიძაშვილი და მისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით შეეცადა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. გარდა ამისა, ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს: 2020 წლის 26 ნოემბრის; 2021 წლის 23 მარტისა და 2021 წლის 28 ოქტომბრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები და ამ დასკვნების გამცემი ექსპერტების ჩვენებები დაფუძნებულია ვარაუდებზე, ექსპერტებმა არასწორად დაადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ეწინააღმდეგება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებსა და საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს, რის გამოც, ითხოვს, რომ სასამართლომ არ გაიზიაროს აღნიშნული დასკვნები, ხოლო საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით სასამართლომ გაიზიაროს შპს „ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის“ 2021 წლის 23 ოქტომბრის კომპლექსური, ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ამ დასკვნის გამცემი ექსპერტების, რ. ვ-ისა და მ. ნ-ის, ჩვენებები, რომლებითაც დასტურდება, რომ ვ. ფ-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
9. გამართლებულ ვ. ფ-ის ადვოკატი ნ. კ-ე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე დაუშვებლად ცნოს და არ განიხილოს პროკურორის საკასაციო საჩივარი, იმ მოტივით, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ვ. ფ-მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ალკოჰოლური სიმთვრალისას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის, ზურაბ წერეთლის, საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა დაინიშნა 2023 წლის 8 ნოემბერს, 12:00 საათზე.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე:
Ш საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა პროცესში მონაწილე პროკურორმა, ზურაბ წერეთელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ვ. ფ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა საკასაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით;
Ш გამართლებულ ვ. ფ-ის ადვოკატი დ. მ. არ დაეთანხმა ბრალდების მხარეს და მოითხოვა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს პროკურორის საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენი, ვინაიდან, მისივე განმარტებით, ვ. ფ-ი „მერსედესის“ მარკის ავტომობილით კანონით დადგენილი სიჩქარით მოძრაობდა გზის მარჯვენა მხარეს, თავის სამოძრაო ზოლში და არ დაურღვევია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო ქვეითი ლ. ზ-ე გზაზე მარცხნიდან მარჯვნივ გადარბენისას შეეჯახა გვერდიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პროკურორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმის მასალების მიხედვით, საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, ექსპერტიზების დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით) დასტურდება, რომ ლ. ზ-ე გარდაიცვალა „მერსედესის“ მარკის ავტომობილთან (სახელმწიფო ნომრით – -), რომელსაც მართავდა ვ. ფ-ი, შეჯახების შედეგად. ვინაიდან, აღნიშნული სადავო არ გამხდარა არც მხარეთა მიერ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს დადგენილად და დეტალურად არ იმსჯელებს. ამასთან, წარმოდგენილი საჩივრისა და მისი შესაგებლიდან გამომდინარე, პალატა დაადგენს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა რამდენად გამოიწვია გამართლებულ ვ. ფ-ის ქმედებამ, კერძოდ, მძღოლმა დაარღვია თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რამაც განაპირობა ქვეით ლ. ზ-ესთან შეჯახება და მისი გარდაცვალება.
3. გარდაცვლილ ლ. ზ-ის დედის, ე. თ-ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენების მიხედვით, მან ლ. ზ-ე მიიყვანა ეკლესიაში. მის წამოსაყვანად დაბრუნდა საღამოს. მოძრაობდა თბილისიდან ჟინვალის მიმართულებით, გზის მარჯვენა სამოძრაო ზოლში. ეკლესიასთან, გზის მეორე მხარეს, გვერდულზე, მოხრეშილ გზაზე გააჩერა მანქანა. მის უკან ორი მანქანა მოდიოდა, რომლებიც გაატარა. გზაზე მანქანები არცერთი მიმართულებით აღარ მოძრაობდნენ. როდესაც ლ--- ეკლესიიდან გამოვიდა, დაუძახა, არ გადმოხვიდე, მანქანა მაინც უნდა მოვატრიალო და მე მოვალო. ლ-მ გაიგონა მისი ნათქვამი, დაუდასტურა, თავი დაუქნია, თან უცინოდა. ე-ემ მოხვევის მაშუქი ჩართო, რა დროსაც ხმა გაიგო და დაინახა, რომ მის შვილს მანქანა შეეჯახა და „გადაიყოლა“. მანქანა, რომელიც ბავშვს დაეჯახა, იმავე მიმართულებით მოძრაობდა, რა მიმართულებითაც თვითონ, თუმცა ვიდრე მოხვევის მაშუქს ჩართავდა, სარკეებში გაიხედეს მან, ასევე, მასთან ერთად მყოფმა მისმა რძალმა, თუმცა მანქანა ვერ შენიშნეს, მაშუქები არ ენთო. შეჯახების დროს აღნიშნული მანქანა გზის მარცხენა, საპირისპირო მიმართულების ზოლში, ტაძრის მხარეს მოძრაობდა. შეჯახების შემდეგ, მისი შვილი რომ დავარდა, მანქანა მარჯვნივ გადავიდა და გაჩერდა. ლ. მანქანამ ზედ შეიგდო და როდესაც მარჯვენა მხარეს გადმოდიოდა, მაშინ გადმოვარდა, ხოლო მანქანამ გააგრძელა მოძრაობა. როგორც ახსოვს, ლ. გზის მარცხენა მხარეს იწვა. შემდეგ შეიძლება თვითონაც აიყვანა, რადგან სულ სისხლიანი იყო, თუმცა კარგად არ ახსოვს. მანქანამ ძლივს დაამუხრუჭა (მუხრუჭის კვალი კიდევ დიდხანს ეტყობოდა იმ ადგილს). მძღოლი რომ გადმოვიდა, ამბობდა: „ეს რა გავაკეთეო“. ის იყო მისი თანაკლასელი ვ. ფ-ი. ე. თ-ის განმარტებით, ლ. გზაზე არ გადმოვიდოდა, რადგან გზის შიში ჰქონდა.
4. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გარდაცვლილ ლ. ზ-ის ნათესავმა, ნ. ბ-მა, განმარტა, რომ ლ-ს ეკლესიიდან წამოსაყვანად მიდიოდა მცირეწლოვან შვილსა და რძალ ე. თ-თან ერთად. იგი მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა. ეკლესიასთან რომ მივიდნენ, ე-მ მანქანა გადაიყვანა ხრეშიან გზაზე, მის უკან მოძრავი მანქანები რომ გაეტარებინა და მოებრუნებინა. გზის მოპირდაპირე მხარეს, ხრეშიან გზაზე იდგა ლ. და მათ ელოდებოდა. მას ე-მ დაუძახა, არ გადმოსულიყო (ლ-ს გზის შიში ჰქონდა), მაინც მანდ მოვდივარო. მანქანას მოხვევის ციმციმა ჩართული ჰქონდა, უნდა მობრუნებულიყო, რა დროსაც გაიგო შეჯახების ხმა. მარცხენა ზოლში დაინახა მანქანა, მაღლა იყო ლ., რის შემდეგაც მანქანა გადმოვიდა მარჯვენა ზოლში, გადმოიყოლა ბავშვი, რომელიც გადმოვარდა აქეთ. მძღოლმა მანქანა მოშორებით გააჩერა. როდესაც მივიდნენ, ლ. მარცხენა ზოლში, თეთრ ხაზთან ახლოს, გვერდულად იწვა, მოხრილი. მძღოლიც მივიდა, ამბობდა: „ეს რა გავაკეთეო“. მოგვიანებით გაიგო, რომ ის იყო ლ. ფ-ი. შემდეგ როცა ხალხი მოგროვდა და ლ---ს დახმარებას ცდილობდნენ, პირველად დახმარებას უწევდნენ, იგი უკვე თეთრ ხაზს იყო გადმოცდენილი, ტანით – მარცხენა ზოლში, ფეხებით მარჯვენა ზოლში. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა ა-ში. ისინი მოძრაობდნენ თბილისიდან გუდაურის მიმართულებით, მარჯვენა სამოძრაო ზოლში. ეკლესია მდებარეობს მარცხნივ. ვიდრე ე-- მობრუნდებოდა, ორივემ გაიხედა და „მანქანის ჭაჭანება არ იყო“. მანქანა, რომელიც შეეჯახა ლ. ზ-ეს, მარცხენა ზოლში იყო და გადმოდიოდა მარჯვენა ზოლში. ეს მანქანა მოძრაობდა მათი თანმხვედრი მიმართულებით და მარჯვენა სამოძრაო ზოლში უნდა ყოფილიყო. როდესაც მანევრირებას აპირებდნენ, ლ. ისევ იდგა და ელოდებოდა. მანქანა, რომელიც შეეჯახა, საიდან „გამოვარდა“ ვერ გაიგო. მუქი ფერის მანქანა იყო და მაშუქები არ ჰქონდა ჩართული. მაშუქები ჩართული რომ ჰქონოდა, ე. არ დაიწყებდა მანქანის მობრუნებას. ეს ყველაფერი „წამებში“ მოხდა, ისეთი სისწრაფით, რომ აღქმაც კი გაუჭირდა. შემთხვევის ადგილზე ქუჩისა და ეკლესიის განათება იყო.
5. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ვ. ფ-ის ავტომობილში მძღოლის გვერდით სავარძელში მჯდომი რ. ფ-ის განმარტებით, 2020 წლის 26 ივლისს, დაახლოებით, 22 საათზე, ბიძაშვილ ვ. ფ-თან ერთად, ავტომობილით მოძრაობდა მ-დან ს-ის მიმართულებით, მარჯვენა სამოძრაო ზოლის შუა ნაწილში, დაახლოებით, 50-60 კმ/სთ სიჩქარით. ჩართული ჰქონდათ ახლო განათების მაშუქები. მიდიოდნენ რესტორნიდან. ვ. ფ-ს ერთი კათხა ლუდი ჰქონდა დალეული. სოფელ ა-ში, ეკლესიასთან მათ სავალ ზოლში სწრაფად გადმოირბინა ქვეითმა და შეეჯახა მათ ავტომობილს, რომელსაც მართავდა ვ. ფ-ი. პირველად ქვეითი დაინახა მათგან, დაახლოებით, 10-15 მეტრში, იგი გამოვიდა ეკლესიის შესასვლელი გზიდან, ინტენსიური მოძრაობა იყო, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა სხვა ავტომობილი, რომლის გამოც ქვეითი ვეღარ დაინახა. როცა ავტომობილი გასცდათ, ქვეითი დაინახა თავიანთ სამოძრაო ზოლში, მათგან დაახლოებით 3 მეტრში. „დანახვა და შეჯახება ერთი იყო“ – განაცხადა მოწმემ. შეჯახებამდე და შეჯახების შემდეგ ვ. ფ-ს მუხრუჭი არ გამოუყენებია და მანქანა გააჩერა გზის მარჯვენა მხარეს. ისინი გადმოვიდნენ ავტომობილიდან, რომელიც იქვე დატოვეს. ვ-მა დარეკა „112-ში“. თვითონ პირველადი დახმარების გაწევის მიზნით მივიდა ქვეითთან, რომელიც იწვა გამყოფ ღერძულა ხაზზე, თავით ეკლესიის, ფეხებით, მარჯვენა ზოლის მხარეს. სასწრაფო დახმარება მალევე მივიდა, დაახლოებით, 5-10 წუთში. ქვეითი არ გადაუადგილებიათ, იმავე ადგილიდან წაიყვანა სასწრაფომ. შეჯახებამდე, ქვეითის მოპირდაპირე მხარეს, შენიშნა გზის გვერდულზე გაჩერებული ავტომობილი, რომელსაც ახლო განათების მაშუქები ჰქონდა ჩართული, მაგრამ მოხვევის მაჩვენებელი ციმციმა ჩართული არ ჰქონდა. ამ მანქანის დანახვისას ვ. ფ-ს მანევრი, მაგალითად მანქანა მარცხნივ, რომ მიემართოს, არ შეუსრულებია. შეჯახებისას მარჯვნივ გადასვლის მანევრი დაწყებული არ ჰქონდა და პირდაპირ მოძრაობდა, შეჯახების შემდეგ გადავიდა მარჯვნივ. შეჯახების შემდეგ ქვეითი საქარე მინაზე დაინახა. შეჯახება დამთავრებული იყო, ქვეითი მიწაზე იყო, როდესაც ვ. ფ-მა მანქანა მარჯვნივ მიმართა.
6. ვ. ფ-ს სასამართლოში ჩვენება არ მიუცია, თუმცა გამოძიების დროს მისი გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია თანხვდენილია მოწმე რ. ფ-ის ჩვენებასთან. ამასთან, გამოკითხვის ოქმი გამოიკვლიეს (წაიკითხეს) ექსპერტ რ. ვ-ის მოწმის სახით დაკითხვისას; ასევე, აღნიშნული ინფორმაცია ექსპერტებმა გამოიყენეს დასკვნების გაცემის დროს.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 26 ნოემბრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მოცემულ საგზაო პირობებში, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით – --) მძღოლი ვ. ფ-ი, ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის, ქვეითთან შეჯახების, თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება (ექსპერტი დ. გ.).
8. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 23 მარტის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით:
· მოცემულ საგზაო პირობებში, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით – ----) მძღოლი ვ. ფ-ი, ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის, ქვეითთან შეჯახების, თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება;
· შემთხვევის ადგილზე ავტომობილს არ დაუტოვებია რაიმე სახის კვალი, რაც საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ავტომობილის მოძრაობის ზუსტი სიჩქარე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს. შესაბამისად, რა სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი, ექსპერტიზის გზით დადგენა შეუძლებელია, თუმცა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტომობილი შემთხვევის შემდეგ საბოლოოდ აღმოჩენილია ქვეითის საბოლოო ვარდნის ადგილიდან, დაახლოებით, 14 მეტრში (ახლო მანძილში), საექსპერტო პრაქტიკიდან გამომდინარე, ექსპერტიზა არ გამორიცხავს, რომ ავტომობილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე მოძრაობდა მძღოლის გამოკითხვის ოქმში მითითებული – 50-60 კმ/სთ – სიჩქარით;
· იმის დადგენა, რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები ლ. ზ-ემ და რა სიჩქარით მოძრაობდა იგი, ექსპერტიზას არ შეუძლია. ავტომობილისა და ლ. ზ-ის სხეულზე არსებულ დაზიანებათა ხასიათის, ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, ავტომობილი წინა მარცხენა გვერდითი ნაწილებით უნდა შესჯახებოდა ქვეით ლ. ზ-ის სხეულის მარჯვენა გვერდით ზედაპირებს;
· მძღოლის გამოკითხვის ოქმში მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საფრთხის შექმნის მომენტიდან შეჯახების ადგილამდე, ქვეითს სწრაფი სირბილით უნდა გაევლო 3 მეტრი, ხოლო თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვის ოქმების გათვალისწინებით (...გზაზე არ მოძრაობდნენ სატრანსპორტო საშუალებები) – ყველაზე ბევრი – 4,5 მეტრი;
· „მერსედესის“ მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით – ---) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას ქვეითთან შეჯახებით განუვითარდა ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები, ძირითადად, წინა მარცხენა გვერდით ნაწილში, წინა მარცხენა ფრთაზე, წინა საქარე მინაზე, წინა მარცხენა ფრთისა და წინა მარცხენა კარის შეუღლების მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები თავისი ფორმითა და ხასიათით განვითარებულია მკვრივ, რბილგარსიან საგანთან კონტაქტის შედეგად, როგორიც არის ადამიანის სხეული;
· „მერსედესის“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით – ---) საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულია;
· საქმეში არსებული მასალების მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, ტექნიკური თვალსაზრისით, უნდა განვითარებულიყო იმ პირობებში, როგორც ეს შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლისა და მისი მგზავრის გამოკითხვის ოქმებშია მოცემული და არა იმ პირობებში, როგორც ეს ნ. ბ-ისა და ე. თ-ის გამოკითხვის ოქმებშია მოცემული (ექსპერტები: გ. ც., დ. გ., ზ.).
9. სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 28 ოქტომბრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით:
o მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით – --) მძღოლს, ვ. ფ-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის, ქვეითთან შეჯახების, თავიდან აცილება არ შეეძლო. მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ აღინიშნება;
o მოცემულ შემთხვევაში დაბრკოლება შეიქმნა იმ მომენტიდან, როდესაც ქვეითმა სწრაფი სირბილით დაიწყო გზის სავალი ნაწილის გადაკვეთა მარცხნიდან მარჯვნივ, ავტომობილის მოძრაობის მიმართულების მიხედვით, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
o საქმის მასალებით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით –-) საბურავებით რაიმე კვალი, რომელიც საშუალებას მისცემდა ექსპერტებს, განესაზღვრათ ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე, არ დაუტოვებია, შესაბამისად, საექსპერტო გამოკვლევის გზით იმის დადგენა, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას, შეუძლებელია, ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტომობილი ქვეითთან შეჯახების შემდეგ გზის მარჯვენა გვერდულზე ეფექტური დამუხრუჭების გარეშე თანაბარი შენელებით გაჩერდა ქვეითის საბოლოო ვარდნის ადგილიდან, დაახლოებით, 13.4 მეტრის დაცილებით, საექსპერტო პრაქტიკიდან გამომდინარე და არსებული ცდომილებების გათვალისწინებით, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ავტომობილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე მოძრაობდა, დაახლოებით, 50-60 კმ/სთ-ით, როგორც ეს ავტომობილის მძღოლის გამოკითხვის ოქმშია მითითებული;
o მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილის მოძრაობის მიმართულებით განთავსებული საგზაო ნიშნები 5.19.1 5.19.2. „ქვეითთა გადასასვლელი“; 3.20 „გასწრება აკრძალულია“ და 1.24. „ბავშვები“, არ ზღუდავენ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას;
o შემთხვევის ადგილზე, ეკლესიის მიმდებარედ, გზის სავალი ნაწილის მარჯვენა გვერდულზე გაჩერებული ავტომობილი და გზის გადასწვრივ გზის მარცხენა გვერდულზე მდგომი ქვეითი მოძრაობისათვის დაბრკოლებას არ უქმნიდნენ. შესაბამისად, მოძრაობის ზოლი, რომელზეც მოძრაობდა ავტომობილი თავისუფალი იყო და ავტომობილის მძღოლს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღების გარეშეც, მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად შეეძლო გაეგრძელებინა მოძრაობა;
o შექმნილ საგზაო სიტუაციაში მოძრაობაში საფრთხე შეიქმნა იმ მომენტიდან, როდესაც გზის მარცხენა გვერდულზე მდგომმა ქვეითმა დაიწყო გზის სავალი ნაწილის გადაკვეთა მარცხნიდან მარჯვნივ, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით -----) მოძრაობის მიმართულების მიხედვით;
o მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, პირველადი ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა ლ-ის მიმართულების სამოძრაო ზოლში, ღერძულა ხაზიდან, დაახლოებით, 1 მეტრის დაცილებით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მარცხენა გვერდის წინა ნაწილსა და ქვეითის სხეულის მარჯვენა გვერდით ზედაპირებთან. შეჯახების მომენტში ქვეითი მოძრაობდა და გზის სავალ ნაწილს კვეთდა მარცხენა გვერდულიდან გზის დაახლოებით მართობულად, ხოლო „მერსედესის“ მარკის ავტომობილი მოძრაობდა ლ-ის მიმართულებით სამოძრაო ზოლში, ღერძულა ხაზის დაახლოებით პარალელურად;
o საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი „მერსედესის“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით -----) წინა მარცხენა ფრთის ზედაპირზე აღინიშნება მუქი მოლურჯო ფერის მატირებული ვისკოზის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ლ. ზ-ის კაბის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;
o სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური და სამედიცინო დასკვნების მიხედვით: „მერსედესის“ მარკის ავტომობილსა და ლ. ზ-ის სხეულზე არსებულ დაზიანებათა ხასიათის, ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, ავტომობილი თავისი წინა მარცხენა გვერდითი ნაწილებით უნდა შესჯახებოდა ქვეით ლ. ზ-ის სხეულის მარცხენა გვერდით ზედაპირებს;
o ავტომობილის მარცხენა გვერდის წინა ნაწილთან პირველადი კონტაქტის შემდეგ, ქვეითის სხეული, მისი მოძრაობით გამოწვეული ინერციით, ტანით გადაიხარა წინ და სხეულის ნაწილებით შეეხო წინა მარცხენა დგარს, საქარე მინის მარცხენა ნაწილსა და წინა მარცხენა კარის უკანა ხედვის სარკეს, რის შედეგადაც სხეული წინ და მარცხნივ გადაადგილდა, ავტომობილს სრულად დაშორდა და ასფალტის ზედაპირზე დაეცა. შეჯახების მომენტში ქვეითი მოძრაობდა და გზის სავალ ნაწილს კვეთდა მარცხენა გვერდულიდან გზის დაახლოებით მართობულად, ხოლო დადგენა, თუ რა სიჩქარითა და ტემპით კვეთდა გზის სავალ ნაწილს, საექსპერტო გამოკვლევის გზით შეუძლებელია;
o „მერსედესის“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით – -----) წინა ფრთასხმულობის, კერძოდ: ბამპერის წინა ნაწილის, მოპირკეთებისა და „კაპოტის“ (ძრავის სახურავის) წინა ნაწილის გეომეტრიული ზომები დარღვეული არ არის. ამასთან, აღნიშნული დეტალების ცალკეულ ადგილებში აღინიშნება საექსპლუატაციო ხასიათის უმნიშვნელო ზედაპირული მექანიკური დაზიანებები ნაჭდევებისა და გრძივი ხეხვის სახით, ცალკეულ ადგილებში ლაქსაღებავის საფარის ზედაპირული აშრევებებით და აცვენით. ავტომობილს მარცხენა გვერდის წინა ნაწილზე, კერძოდ, წინა მარცხენა ფრთის გვერდით ზედაპირზე, კარის წინა ნაწილსა და მარცხენა დგარზე აღენიშნება მექანიკური დაზიანებები ჩაჭყლეტილების სახით რბილი გადასვლებით. საქარე მინის მარცხენა ნახევარი დამსხვრეულია ორი მზისწნულის სახით. მარცხენა კარზე უკანა ხედვის სარკე მოგლეჯილია დამაგრების ადგილიდან. ავტომობილის მარცხენა გვერდის წინა ნაწილზე დამზიანებელი ძალა მოქმედებდა მარცხნიდან მარჯვნივ;
o ავტომობილის მარცხენა გვერდის წინა ნაწილზე აღწერილი დაზიანების ფორმა, ხასიათი, დამზიანებელი ძალების მოქმედების მიმართულებები მიუთითებენ იმაზე, რომ ისინი განვითარებულნი არიან მკვრივ, რბილგარსიან საგანთან (საგნებთან) კონტაქტით, როგორიც არის ადამიანის სხეულიც;
o „მერსედესის“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით –----) საჭის მექანიზმი, სამუხრუჭე სისტემა და სავალი ნაწილები მთლიანად დაკომპლექტებულია კონსტრუქციული დეტალებით, რომელთა მთლიანობები დარღვეული არ არის და ტექნიკურად გამართულია. ტექნიკური გაუმართაობები, რასაც შეეძლო გამოეწვია კონკრეტული შემთხვევა, ავტომობილის კონსტრუქციაში არ აღინიშნება;
o მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, ტექნიკური თვალსაზრისით, არ განვითარებულა ისე, როგორც ამას აღწერენ ე. თ-ი და ნ. ბ-ი და დადგენილებაშია მითითებული, რომ სოფელ ა-ში მდებარე ეკლესიის წინ არსებულ საავტომობილო გზაზე, ვ. ფ-ი გადავიდა გზის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სავალ ზოლში და შეეჯახა ქვეით ლ. ზ-ეს. საქმის ასეთ ვითარებაში, იმის აუცილებელი გათვალისწინებით, რომ შეჯახება მოხდა ავტომობილის მარცხენა გვერდის წინა ნაწილით, ტექნიკური თვალსაზრისით, ქვეითი შეჯახების შედეგად ვერ მოხვდებოდა ღერძულა ხაზის მიდამოში, ნაწილობრივ მარჯვენა სამოძრაო ზოლში, სადაც ასევე არის შეჯახების შედეგად დატოვებული სისხლისმაგვარი ლაქები;
o „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, საგზაო მოძრაობის წესებსა და პირობებს, საგზაო ნიშნებსა და საგზაო მონიშვნებს. საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა, განუხრელად უნდა დაიცვან ამ კანონით განსაზღვრული მუხლების მოთხოვნები, მათ შორის, დადგენილებაში მითითებული: 21.6; 25.8; 26.2 და 33.1 მუხლების მოთხოვნები;
o საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა დასახლებულ პუნქტში, სადაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ-ით. შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილის მოძრაობის მიმართულებით განთავსებული საგზაო ნიშნები: 5.19.1; 5.19.2 „ქვეითთა გადასასვლელი“; 3.20 „გასწრება აკრძალულია“ და 1.24 „ბავშვები“ არ ზღუდავენ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. შემთხვევის ადგილზე, ეკლესიის მიმდებარედ, გზის სავალი ნაწილის მარჯვენა გვერდულზე გაჩერებული ავტომობილი და მის გადასწვრივ გზის მარცხენა გვერდულზე მდგომი ქვეითი მოძრაობისათვის არ ქმნიდნენ დაბრკოლებას. შესაბამისად, ზოლი, რომელზეც მოძრაობდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, თავისუფალი იყო და მძღოლს გზის აღნიშნულ მონაკვეთზე რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღების გარეშე, მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად შეეძლო გაეგრძელებინა მოძრაობა (ექსპერტი ზ. თ.).
10. სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული შპს „ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის“ 2021 წლის 23 ოქტომბრის კომპლექსური, ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით:
§ „მერსედესის“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით – ----) შემთხვევის მომენტისათვის იყო ტექნიკურად გამართული;
§ ქვეით ლ. ზ-ესთან შეჯახება მოხდა ავტომობილის წინა მარცხენა ნაწილით შემხვედრ საპირისპირო სამოძრაო ზოლში. აღნიშნულს მიუთითებს ქვეითის სხეულზე არსებული დაზიანებების ფორმა, ხასიათი და განთავსება/ლოკალიზაცია, რომელიც სიმაღლით შეესაბამება სამედიცინო დასკვნაში არსებულ ქვეითის ლანჩიდან ზემოთ, დაახლოებით, 38 სმ-ზე მუხლებზე განვითარებულ ნაჭდევებს;
§ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმი, ტექნიკური თვალსაზრისით, მთლიანად შეესაბამება ე. თ-ისა და ნ. ბ-ის გამოკითხვის ოქმებში აღწერილ გარემოებებს;
§ მოცემულ პირობებში, შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით ვერ განვითარდებოდა იმ გარემოებებში, როგორც ამას გამოკითხვის ოქმებში უთითებენ „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლი და მისი მგზავრი (ამ დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულ, ავტომობილზე არსებულ დაზიანებათა გამო, ტექნიკური თვალსაზრისით, მთლიანად გამოირიცხება ქვეით ლ. ზ-ის მიერ სავალი ნაწილის ჩქარი სირბილით გადაკვეთა);
§ ქვეითთან შეჯახება, მისი გადაგდება გზის სავალ ნაწილზე და საბოლოო განთავსება, ავტომობილზე განვითარებული ძლიერი დაზიანებები და სამედიცინო დასკვნაში აღწერილი ლ. ზ-ის სხეულზე არსებული სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები, ტექნიკური თვალსაზრისით, ექსპერტებს აძლევს საშუალებას დაასკვნან, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ქვეითთან შეჯახებამდე მოძრაობდა არა 50-60 კმ/სთ-ით, არამედ დაახლოებით, – 80-83 კმ/სთ-ით;
§ „მერსედესის“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით – -) მძღოლმა, ვ. ფ-მა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უგულებელყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1, 33.2, 33.6 მუხლების, საგზაო ნიშნის 1.24 „ბავშვები“ და 1.1. მონიშვნის ხაზის მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაში აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა (ექსპერტი რ. ვ-ი).
11. ექსპერტმა ზ. თ-ემ სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა და განმარტა შემდეგი:
ü ზ. თ-ემ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ჩაატარა კომისიური ავტოტექნიკური ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზა და მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას ეთანხმება. მოწმემ განმარტა, რომ მას კვლევის ჩატარება დაევალა რ. ვ-თან ერთად. მოგვიანებით გაიგო, რომ რ. ვ-ს გაუცია დასკვნა, რომლის შინაარს არ იცნობს. მათ ზოგადად ჰქონდათ საუბარი და ფიქრობდა, რომ ისიც ეთანხმებოდა მის დასკვნას, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ გაცემულ იქნა სხვა შინაარსის დასკვნა.
ü მოწმემ აღნიშნა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოება, რომ ქვეითს ორივე წვივზე აქვს დაზიანებები, მისთვის არ ცვლის სურათს, რადგან თუ დავუშვებთ, რომ ქვეითი იდგა, ორივე ფეხი იყო ფიქსირებული და შეჯახება მოხდა წინა მხრიდან, მაშინ უნდა განვითარებულიყო ე. წ. ბამპერ მოტეხილობა, თუმცა ქვეითს დაზიანება აქვს თავის არეში, ანუ როცა შეეზღუდა წინ წასვლა, ინერციით გადაიწია წინ და დგარი მოხვდა თავის არეში. წვივის არეში დაზიანებები შეიძლება განვითარებულიყო წინ გადავარდნის ან გადაგორების შემთხვევაშიც, ან როცა ტანით გადაიწია, მუხლებზე მოხდა გასმითი სახის დაზიანება. წინიდან კონტაქტის შემთხვევაში, მუხლებზე ასეთი დაზიანების მიყენება მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა და აღნიშნა, რომ ქვეითი არ იყო გაჩერებული არამედ – მოძრაობდა. ვინაიდან, ქვეითი ფრთას რომ შეეხო, ინერციის ძალით თავი წინ გადაიხარა და მოხდა შეჯახება, ინერცია რომ არ ჰქონოდა, მანქანა ჩაივლიდა, შეიძლება უბრალოდ გაესვა.
ü მისივე განმარტებით, ქვეითთან შეჯახების შედეგად ავტომობილის ფრთა ჩაიჭყლიტა. წინა მარცხენა ფრთა არის დაძრული წინიდან უკან, შეერთების ადგილზე არის ჩაღუნული, სხეული რომ დააწვა წინა ნაწილში, ფრთა უკან წავიდა და გაიზარდა გვერდითი ღრეჭო. ფრთის უკან დაწევა შეიძლება განვითარებულიყო წინიდან ან გვერდიდან დაჯახების შემთხვევებში, თუმცა წინიდან დაჯახებას გამორიცხავს, ვინაიდან რაიმე დაზიანება უნდა დარჩენილიყო, რაც არ არის. ფარის ოვალს არავითარი დაზიანება არ აქვს, შესაბამისად, მასთან კონტაქტი არ ყოფილა. წინა ფრთის ნაწილით რომ შესჯახებოდა, ძრავის სახურავი ე.წ. „კაპოტი“ აუცილებლად უნდა იყოს დეფორმირებული, რაც არაა. დაზიანება წინა მარცხენა დგარზე არის. წინიდან არ შეჯახებია. ამასთან, ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების დროს ბოჭკოები აღმოჩნდა მარტო ფრთაზე, სხვაგან – არა. მოწმემ აღნიშნა, რომ იგი არ გამორიცხავს შეჯახებას მარცხენა გვერდის წინა ნაწილით, თუმცა ფრთის წინა ნაწილზე შეჯახებას კატეგორიულად გამორიცხავს. წინა მხრიდან დარტყმის შემთხვევაში ქვეითი ზემოთ ავარდებოდა. მისივე განმარტებით, შეჯახების მომენტი ხდება ძალიან მცირე დროის მონაკვეთში, შეიძლება იქ მდგომმა ადამიანმაც კი ვერ დააფიქსიროს. თუ ქვეითი იდგებოდა, დგარს ვერ შეეხებოდა, ავტომობილი გაივლიდა. ის, რომ დგარზე, საქარე მინასა და ქვეითის მარჯვენა ხელის იდაყვზეა დაზიანება, ასევე, საქარე მინის სარკე არის მოტეხილი, მიანიშნებს, რომ ქვეითი მოძრაობდა და ინერციის ძალით წინ გადაიხარა.
ü მოწმემ აღნიშნა, რომ სქემაზე არ იყო დაფიქსირებული ვარდნის შედეგად ადამიანის სხეული სად იყო, ხოლო წარდგენილი ვიდეოკამერის ჩანაწერიდან ჩანდა, რომ ქვეითი იყო გამყოფ ხაზზე, თავით ეკლესიისკენ, ნაწილობრივ საპირისპირო ზოლში, ფეხები ზოლიდან დაცილებული იყო დაახლოებით ერთი მეტრით. შეჯახების შემდეგ ქვეითი გაიტყორცნებოდა წინ და მარცხნივ. მეორადი შეჯახება ქვეითზე არ ყოფილა, ავტომობილმა გაიარა გვერდით, შესაბამისად, შეეჯახებოდა გზის სავალ ნაწილზე და არა – გვერდულზე, სხვანაირად, ქვეითი იქ ვერ მოხვდებოდა.
ü მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ იქ არ იდგა ამკრძალავი ნიშნები, იდგა გამაფრთხილებელი ნიშნები. გზის გვერდულზე გაჩერებული ავტომობილი და უძრავად მდგარი ქვეითი არ ქმნიდნენ დაბრკოლებას მძღოლისთვის, მას შეეძლო თავის სამოძრაო ზოლში გაეგრძელებინა მოძრაობა. საფრთხე შეიქმნა იმ დროს, როდესაც ქვეითმა დაიწყო გზის გადაკვეთა, გადარბენა. აქედან გამომდინარე, მძღოლს ამ მომენტიდან უნდა მიეღო ზომები გაჩერებისათვის.
ü მოწმის განმარტებით, მეთოდიკაში დიფერენცირებული მიდგომაა მძღოლის რეაქციისა, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ საიდან და რა მიმართულებით კვეთს ქვეითი გზას – მარცხნიდან თუ – მარჯვნიდან. თუ ქვეითი მარცხნიდან კვეთს სამოძრაო ზოლს, უნდა ვივარაუდოთ, რომ შუა ზოლში ის გაჩერდება და გაატარებს მოძრავ მანქანას. ექსპერტმა მიიჩნია, რომ ქვეითთან პირველადი კონტაქტი მოხდა ღერძულა ხაზიდან დაახლოებით ერთი მეტრის მოცილებით, რადგან ქვეითის კიდურები გზის ღერძულა ხაზიდან დაცილებული იყო ერთი მეტრით. ამასთან, კონტაქტი იყო ერთჯერადი, რის გამოც, მიაჩნია, რომ ავტომობილმა გაიარა ღერძულა ხაზიდან ერთი მეტრის მოცილებით. ამ დარტყმის მერე ავტომობილი თანაბარი შენელებით გაჩერდა.
ü ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ავტომობილის კვალი არ იყო დატოვებული, ერთადერთი კვალი იყო ქვეითად მოსიარულის კოორდინატები. მას არ ჩაუტარებია კვლების გამოკვლევა, გაიზიარა ის კვლები, რომლებიც იყო აღნიშნული სქემაზე. გზა იყო ასფალტირებული, სწორი, უდეფექტო; იყო თუ არა დახრილობა, არ იცის; სისხლის კვალი იყო ორივე სამოძრაო ზოლში, უფრო მეტი კვალი იყო მძღოლის სამოძრაო ზოლში. სისხლის კვალი იწყებოდა ადგილიდან, სადაც იყო ქვეითის თავი. მან ვიდეოში ნახა, თავი სად ჰქონდა და ფეხები სად, ეს იყო მისთვის მნიშვნელოვანი. სისხლი საით დაიღვარა, ესაა შემდეგი ეტაპი და არაა მნიშვნელოვანი. გზის მარცხენა ზოლის სიგანე, რომელზეც ქვეითი იდგა, არის 3.5 მეტრი, ხოლო მარჯვენა – 3.4 მეტრი. ქვეითად მოსიარულეს სხეული 14-15 მეტრითაა გადაადგილებული შეჯახების ადგილიდან დავარდნის ადგილამდე. გადაადგილდა მანქანის მიმართულებით დაახლოებით 10 მეტრით. შეჯახების შემდეგ მანქანამ სხეულს მიანიჭა სიჩქარე და რაღაც მანძილზე ერთად გადაადგილდებოდნენ. შემდეგ სხეული ინერციის ძალით გაიტყორცნა წინ. სხეული გააგრძელებდა გადავარდნას იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც ჰქონდა ავტომობილს. მანევრი რომ ყოფილიყო დაწყებული, მანქანა შეეჯახებოდა და გაეცლებოდა. იმ ადგილზე სხეული ვერ დაეცემოდა. მოცემულ შემთხვევაში არის კონტაქტი, იმპულსი, მანქანას მარცხნიდან მარჯვნივ რომ ჰქონოდა დაწყებული მოხვევა, მაშინ ღერძულა ხაზზე ვერ დაეცემოდა სხეული. ავტომობილზე და ქვეითზე არსებული დაზიანებები იძლევა იმისი თქმის შესაძლებლობას, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ვერ განვითარდებოდა ისე, როგორც ამას დაზარალებული უთითებს და ტექნიკური თვალსაზრისით შეიძლება განვითარებულიყო ისე როგორც მძღოლის ჩვენებაშია, რადგან გვერდულზე დაჯახების შემთხვევაში ქვეითი გზის ამ მონაკვეთში ვერ მოხვდებოდა.
12. სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა რ. ვ-მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა შემდეგი:
v 2021 წლის 29 სექტემბერს, შპს „ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრში“ შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის, ზურაბ წერეთლის, დადგენილების საფუძველზე, ხელშეკრულება გაფორმდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში დანიშნული 2020 წლის 26 ივლისს, მ-ის საავტომობილო გ-ზე დ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის კომპლექსური, ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად, სადაც ის მიწვეული იყო ექსპერტის სახით. მართალია, დადგენილებაში, რომლითაც იხელმძღვანელა, ავტოტექნიკური, ტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნული არ იყო, მაგრამ იყო კითხვა ტრანსპორტისა და ქვეითის გადაადგილებაზე, რის გამოც მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციისა და ცოდნის ფარგლებს სცილდებოდა, ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის საჭირო იყო სამედიცინო ექსპერტი. ამიტომ ექსპერტება აღარ დაკავშირებია. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ მიმართა, რადგან მათი ექსპერტიზის ცენტრი არის დამოუკიდებელი და ე. თ-ის განცხადების საფუძველზე, მისი რეკომენდაციით, მოიწვია მ. ნ-ი. მოწმემ აღნიშნა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ იყო სრულყოფილი, ამიტომ სჭირდებოდა სპეციალისტი, რომელიც აუხსნიდა ავტომობილთან კონტაქტისას რა ფორმით იყო მიყენებული დაზიანებები. რადგან იმ გარემოებას, თუ რა ფორმატით იყო სხეულზე მიღებული დაზიანებები, დასკვნაზე შეეძლო გავლენის მოხდენა. მან ექსპერტ მ. ნ-თან გაიარა კონსულტაცია და ერთად ჩაატარეს ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ქვეითი ფაქტობრივად იყო სტატიკურ მდგომარეობაში და სატრანსპორტო საშუალებასთან კონტაქტისას არ გადაადგილდებოდა;
v სამედიცინო კვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ქვეითს ორივე ფეხზე, ერთ სიმაღლეზე განვითარებული ჰქონდა გასმითი ხასიათის დაზიანება, რაც შეესაბამება გზის ზედაპირიდან ავტომობილის ბამპერის სიმაღლეს, ასეთი სახის დაზიანებებს სამედიცინო ლიტერატურებში ბამპერ-დაზიანება ან ბამპერ-მოტეხილობა ეწოდება. აღნიშნული დაზიანების თავისებურებების მიხედვით, ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში ავტომობილი ქვეითს შეეჯახა დიდი ძალით, ავტომობილის წინა მარცხენა ნაწილებით, რამაც განაპირობა ფრთის უკან დაჩოჩება, ამავდროულად, ჩაღუნვა ფრთის შედარებით სუსტ ადგილზე, ფრთის ოვალური ზედაპირის შუაში, საბურავის ზემოთ, რომელიც მიწის ზედაპირიდან დაშორებულია დაახლოებით 68-71 სმ-ით (მუხლის სახსარი ლანჩის ძირიდან დაახლოებით 38 სმ-ზე და ვერ სწვდება აღნიშნულ ოვალურ ზედაპირს, ხოლო გვერდიდან შეჯახებით შეღუნვისაგან ზღუდავს, იცავს საბურავის გვერდითი ზედაპირები. საბურავის ცენტრამდე სიმაღლე დაახლოებით 35 სმ-ია. ირკვევა, რომ ქვეითზე პირველადი კონტაქტი-შეჯახება მოხდა წინა ბუფერის მარცხენა ნაწილით, შემდეგ ქვეითი შევარდა მარცხენა ფარის ზემოთ „კაპოტზე“ (ძრავის სახურავი), გასრიალდა „კაპოტის“ ზედაპირზე (ნაწილობრივ მარცხნივ), შეეჯახა შუბლა მინას, იმავე სიმაღლეზე საქარე მინის დგარსა და გვერდით სარკეს, შემდეგ შუბლა მინის ზედა ნაწილს. მინაზე შეჯახების ძალით განვითარებულმა ღრმულებმა ჩაახშო ქვეითზე მოქმედი მარცხნივ გადაადგილების ძალები, მცირე დროით გადაადგილდნენ ერთად პირდაპირ და მარჯვნივ (ე.ი. ავტომობილის მარჯვნივ მოხვევის რკალზე, რაზეც მიგვანიშნებს „კაპოტის“ (ძრავის სახურავი) ზედაპირზე დარჩენილი ზედაპირული სრიალის კვლები), რის შემდეგაც მოხდა განცალკევება – ქვეითის გდება დახრილი 7-გრადუსიანი კუთხით, დაახლოებით 14 მეტრი მანძილიდან დახრის გასწვრივ ხაზთან. დაცემის ადგილიდან კი გასრიალება ინერციით უნდა გაეგრძელებინა გადაგდების მანძილის გასწვრივ ხაზზე, ავტომობილის მოძრაობის მიმართულებით, მარჯვნივ;
v მოწმის განმარტებით, რა სახის დაზიანებები იქნებოდა მიყენებული ქვედა კიდურებზე ქვეითის მოძრაობის შემთხვევაში, ცალკე კვლევის საგანია, მაგრამ, მისი აზრით, მოძრაობის შემთხვევაში, კიდურები განცალკევებული იქნებოდა და განსხვავებული პოზიცია ექნებოდა, იმის მიხედვით, რომელი კიდური იყო წინ და რომელი უკან, სხვადასხვა სახის დაზიანება იქნებოდა მიყენებული, კერძოდ, ქვეითის გადაადგილების შემთხვევაში ორივე კიდურზე ერთნაირი გასმა ვერ იქნებოდა, შეიძლება, ერთზე შიგნითა მხრიდან ყოფილიყო დაზიანება, მეორეზე – გარედან ან ერთზე ყოფილიყო დაზიანება, მეორეზე – არა. საქარე მინაც სხვა სახის დაზიანებას მიიღებდა. დაზიანების სიმაღლის ავტომობილის კონსტრუქციასთან თანხვდენა ადასტურებს ქვეითის კავშირს ავტომობილთან. ქვეითის რაღაც დოზით კონტაქტმა ფრთის წინა ნაწილთან (ბამპერთან) გამოიწვია ფრთის სუსტი ადგილის შუაში ჩაღუნვა და ადგილიდან უმნიშვნელოდ უკან დაწევა, რაც აღინიშნა კარის ღერძთან მისი ჩაზნექით (ღუნვა), ვინაიდან, თუ ფრთა უკან არ დაიწევდა, არ იქნებოდა კონტაქტი კართან ე.ი. კარი ვეღარ გაიღო, ოდნავ წინ წაიწია და იმ ადგილზე ჩაიღუნა;
v ექსპერტის განმარტებით, შემთხვევის მონაწილე ავტომობილი მან შეისწავლა მ--- არსებულ სპეციალურად დაცულ საჯარიმო ავტოსადგომზე. აღმოჩნდა, რომ ავტომობილს დაზიანებული ჰქონდა: წინა ბუფერის მარცხენა წინა მხარე, კუთხე (ბუფერზე აღენიშნებოდა დეფორმაციით გამოწვეული საღებავის ბზარები), მარცხენა წინა ფრთის წინა კუთხესთან გასმითი ხასიათის ნაკვალევი; დაახლოებით, მარცხენა წინა თვლის თაღის შუა ნაწილთან უმნიშვნელო დეფორმაციის ნაკვალევი; ძრავის სახურავის (კაპოტის) წინა მარცხენა კუთხესთან, წინა მარცხენა მაშუქის თავზე, საღებავის მცირედი ანატკეცი, რომლის გასწვრივ ძრავის სახურავზე საქარე მინამდე შეიმჩნევა დაახლოებით, 15-20 სმ სიგანის სწორხაზოვანი გასმითი ხასიათის ნაკვალევი; ავტომობილის საქარე მინის მარცხენა ქვედა და ზედა კუთხე გაბზარულია; დაზიანებულია მარცხენა უკუხედვის სარკე და მარცხენა წინა კარის ღრეჩო. აღნიშნული დაზიანებების შეფასების შედეგად, ექსპერტმა მიიჩნია, რომ წინა მარცხენა ნაწილს ახასიათებდა ნაკლებად მკვრივ საგანთან (როგორიცაა ადამიანის სხეული) დიდი ძალით კონტაქტის (შეჯახების) ნიშნები. წინა მარცხენა ფარის ქვედა მარცხენა რკალთან, კერძოდ, ფრთის წინა ნაწილზე შეინიშნება ბუფერის ნაწიბურის კონტაქტის ნიშნები, ბუფერის უკან დაჩოჩების ხარჯზე ფრთის წინა ნაწილზე მირტყმის სახით, რის გამოც ბუფერის ამ რკალს დაახლოებით 10 სმ-ის სიგრძის ზედაპირზე ნაწილობრივ ამძვრალია საღებავის ფენა და წარმოქმნილია უამრავი მცირე ზომის ბზარი. სხვადასხვა ფორმისა და სიგრძის ბზარებს მოიცავს ბუფერის მარცხენა კიდის ოვალური ზედაპირები. დაჯახების შედეგად ბზარები წარმოქმნილია თითქმის 20-25 სმ-ის ფართზე, რომელიც მიწის ზედაპირიდან მდებარეობს 30-35 სმ-ზე. ბუფერის მაშუქი ფარის ქვედა ოვალური შვერილის მქონე გარსაკრის სიგანე (სიმაღლე) არის დაახლოებით 7 სმ, ხოლო სიგრძე, დაახლოებით 50 სმ. ბუფერის წინა შვერილის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 40 სმ. ბუფერის წინიდან უკან ძალით ზემოქმედების გამო ფრთას ახასიათებს უკან დაჩოჩება. ფრთის უკან დაჩოჩების გამო ფრთის უკანა ზედაპირი წინა მარცხენა კარის წინა ზედაპირს მიებჯინა. კარის გაღების შედეგად კი, კარის წინა მიბჯენილი ზედაპირებით ფრთის უკანა ზედაპირები დაზიანდა. მარცხენა მაშუქი ფარის გასწვრივ, ზემოთ ძრავის სახურავის (კაპოტის) წინა ზედაპირზე აღნიშნული ფარის დაახლოებით მთელ სიგანეზე წარმოქმნილია ნაკლებად მკვრივი საგნით დაწოლით განვითარებული ზედაპირული სრიალის კვლები წინიდან უკან და ნაწილობრივ – მარცხნივ;
v ავტომობილის ქვეითთან შეჯახების ადგილთან მიმართებით ექსპერტმა განმარტა, რომ მისთვის რთული იყო შეჯახების წერტილის განსაზღვრა, ვინაიდან, საქმის მასალებში არ იყო მითითებული შეჯახების ადგილი. ყოველ შემთხვევაში ჩამოვარდნის ადგილამდე უნდა მომხდარიყო შეჯახება. სამედიცინო კვლევის შედეგის გათვალისწინებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმიდან და ქვეითის სხეულზე არსებული დაზიანებებიდან გამომდინარე, ექსპერტმა მიიჩნია, რომ შეჯახება მოხდა შემხვედრ სამოძრაო ზოლში. ამასთან, დააზუსტა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა და განმარტა, რომ ქვეითი გაჩერებული იყო არა ეკლესიის შესასვლელთან მოხრეშილ გზაზე, არამედ შესული იყო საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლში 2 მეტრით და იყო სტატიკურ მდგომარეობაში;
v ავტომობილის სიჩქარესთან მიმართებით, მოწმის სახით დაკითხვისას რ. ვ-მა განმარტა, რომ როცა არ არსებობს სამუხრუჭე კვალი, ვიდეო ფირი და სხვა მასალა რომ გამოითვალოს სიჩქარე ხელმძღვანელობენ მეთოდიკებში არსებული ფორმულებით, რაც მან გამოიყენა. მძღოლის გამოკითხვის ოქმში მითითებული იყო, რომ შეჯახების შემდეგ მან მანქანა გააჩერა სავალი გზის მარჯვენა მხარეს, მკვეთრი მუხრუჭის გამოყენების გარეშე. ასეთ შემთხვევაში გამოითვლება დაშორების მანძილი, დაჯახების მომენტიდან სიჩქარის განულებამდე. ლიტერატურულ წყაროში მოცემულია, რომ ავტომობილი შეიძლება გაჩერდეს მკვეთრი დამუხრუჭებით ან შენელებით, ამასთან შეიძლება ავტომობილმა ნაკვალევი არ დატოვოს, მაშინ შეიძლება გამოვიყენოთ სიჩქარის გამოთვლის ფორმულა. მოწმის განმარტებით, ეს ფორმულა გამოიყენება შენელების შემთხვევაშიც და იმ შემთხვევაშიც თუ არსებობს დამუხრუჭების კვალი. მოცემულ შემთხვევაში ავტომობილი ვერ შეჩერდებოდა დამუხრუჭების გარეშე, ამ ფორმულაში გამოიყენა დაშორების მანძილი. ქვეითის ვარდნის ადგილიდან ავტომობილი გაჩერდა 13.4 მ-ში. მუშა დამუხრუჭების დროს შენელების სიდიდე არ იყო ცნობილი, აიღო ის სიდიდე, რომელიც არის მეთოდიკაში, ეს არის დამუხრუჭების დროს გამოსაყენებელი სიდიდე 6.8 მ/წმ, რადგან მძღოლმა მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეანელა. თუმცა, მისივე განმარტებით, თუ მანქანა გაჩერების დროს კვალს ტოვებს, მისი სიჩქარე და იმ მანქანის სიჩქარე, რომელიც კვალს არ ტოვებს, ერთსა და იმავე მანძილზე გაჩერებისას არ იქნება ერთნაირი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სიჩქარის გამოთვლისას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გზის ზედაპირს, ვინაიდან იცვლება ჩაჭიდების კოეფიციენტი. მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულია შეჯახების ადგილიდან გაჩერების ადგილამდე მანძილი. თუმცა რა მანძილი გაიარა გაჩერებამდე ავტომობილმა მოასფალტებულ გზაზე და რამდენი მოხრეშილზე, არ იცის. მან ფორმულაში შეჯახებიდან გაჩერებამდე მიუთითა 38.5 მეტრი, გზის ზედაპირის გამო ცდომილება შეიძლება იყოს 5%, ანუ მანქანის სიჩქარე იქნებოდა 70-75 კმ/სთ. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან შეჯახების ადგილი სქემაზე არაა აღნიშნული, მან მანძილი გაზომა შემდეგი პრინციპით: ეკლესიის გამოსასვლელი არის დაახლოებით 3.7 მეტრი სიგანის; ქვეითი გადაადგილდებოდა მართობულად და, სავარაუდოდ, შუა ნაწილში გამოვიდოდა, შეჯახება უნდა მომხდარიყო 1.7 მეტრის მონაკვეთში; ვერ იტყვის, პირდაპირ მიდიოდა ფეხით მოსიარულე თუ ირიბად კვეთდა გზის სავალ ნაწილს, ამიტომ აქაც შეიძლება იყოს 5%-იანი ცდომილება. მისივე განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში 50% დატვირთვა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, რადგან ავტომანქანაში ერთი მგზავრი იჯდა, რაც არ გაუთვალისწინებია, თუმცა მისივე განმარტებით, შენელების კოეფიციენტი იგივე იქნებოდა.
13. სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას ექსპერტმა, მ. ნ-მა, ქვეითის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან მიმართებით დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზა, სადაც მონაწილეობა მიიღო შპს „ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის“ მიმართვის საფუძველზე. კვლევის მიზანი იყო 2020 წლის 26 ივლისს, დ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მედეგად გარდაცვლილ ქვეით ლ. ზ-ის სხეულზე დაზიანებების წარმოქმნის მექანიზმის დადგენა. კვლევის შედეგად დადგინდა:
ü ქვეითმა ლ. ზ-ემ ტრავმა მიიღო მოძრავი ავტომობილის მის სხეულთან შეჯახების დროს და დაზიანების მიღებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა;
ü მოძრავი ავტომობილის შეჯახების შედეგად ლ. ზ-ემ მიიღო სხეულის დაზიანებები: ქალა-ტვინის მძიმე, ბლაგვი ტრავმა, ქალასარქველისა და ქალას ფუძის ძვლების მოტეხილობა, სისხლჩაქცევით რბილი საფარის შიგა ზედაპირზე, თხემ-კეფის მიდამოში მარცხნივ, მაგარი გარსის აშრევებით ქალას ძვლებიდან მარცხნივ, სისხლჩაქცევებით თავის ტვინის რბილ გარსებში, ორმხრივი, თავის ტვინის შეშუპებით, სისხლჩაქცევებით ორივე ფილტვის სანეკნე ზედაპირზე;
ü გარეგნულად სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: ნაჭდევები უპირატესად სხეულის მარჯვენა ნახევრის წინა-გვერდით და უკანა ზედაპირებზე, კერძოდ, სახის მარჯვენა ნახევარზე: მარჯვენა წარბის, მარჯვენა ლოყის, მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა და წინა ზედაპირზე (სისხლჩაქცევები), თეძოს ძვლის ქედის მიდამოში მარჯვნივ (ტერფის პირიდან 84.5 სმ-ის დაშორებით) სისხლნაჟღენთით; მარჯვენა მუხლის სახსრის უკანა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე ტერფის ძირიდან 36.5 სმ-ის დაშორებით სისხლნაჟღენთით; მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 36.5 სმ-ის დაშორებით. მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 36.5 სმ-ის დაშორებით, ზედა ტუჩისა და ცხვირის მარცხენა ფრთის მიდამოზე; დაჟეჟილი ჭრილობები ნიკაპის, მარჯვენა იდაყვის უკანა ზედაპირის მიდამოზე (სისხლჩაქცევებით); სისხლნაჟღენთით მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე;
ü ლ. ზ-ის სხეულზე არსებული დაზიანებები: ნაჭდევები, დაჟეჟილი ჭრილობები და ერთეული სისხლნაჟღენთები სიცოცხლის დროინდელია და მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნების ზემოქმედებით, კერძოდ, წარმოქმნილია მოძრავი ავტომობილის ქვეითის სხეულთან შეჯახების შედეგად; კომპლექსი, დაზიანებების უპირატესი განლაგებით სხეულის მარჯვენა ნახევარში, მოძრავი ავტომობილის ქვეითის სხეულთან შეჯახების ფაზების გათვალისწინებით, წარმოქმნილი უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფი ქვეითის სხეულის წინა ზედაპირთან მოძრავი ავტომობილის ფრონტალური შეჯახებისას, ადგილობრივი კონტაქტური დაზიანებების წარმოქმნით ავტომობილის წარზიდულ ნაწილებთან შეჯახების ადგილებში, კერძოდ, ორივე მუხლის სახსრისა და წვივის ზედა მესამედის წინა ზედაპირებზე, კარგად კონტურირებული, ერთგვაროვანი, ერთ სიმაღლეზე არსებული ნაჭდევების სახით. აღნიშნული დაზიანებები განლაგებულია ტერფის ძირიდან 36.5 სმ-ისა და ფეხსაცმლის ლანჩის ძირიდან 38 სმ-ის დაშორებით; სხეულის შემდგომმა ვარდნამ (ავტომობილზე შეგდებამ), სხეულის ავტომობილიდან გადაგდებამ და გზის საფარზე შემდგომმა ვარდნამ, დაზიანებები გამოიწვია უპირატესად სახის მარჯვენა ნახევარში, თეძოს ქედის მიდამოში, მარჯვნივ, მარცხენა მუხლის სახსრის უკანა გვერდით ზედაპირზე, მარჯვენა იდაყვის უკანა ზედაპირზე, ქალა ფუძის ძვლების მოტეხილობა და ერთეული დაზიანებები მარცხენა ხელის მტევნის ზურგის მიდამოში;
ü ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბამპერის რა ნაწილით შეეჯახა, ამის თქმა არ შეუძლია, თუმცა ფრონტალური სახის შეჯახება ექსპერტებისათვის წინიდან შეჯახებას ნიშნავს. ამ შემთხვევაში იყენებენ სხეულის ღერძებს, ეს იყო მუხლების მიდამოში წინიდან პირველი შეჯახება. სხეულზე არსებული დაზიანებები: მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 36.5 სმ-ის დაშორებითა და მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 36.5 სმ-ის დაშორებით, მეტყველებს იმაზე, რომ მისი ორივე ფეხი იყო ერთად, არ მოძრაობდა და პირველადი შეჯახება მოხდა წინიდან. ამ სიმაღლეზე არსებულ დაზიანებებს ძალიან ხშირად იწვევს ბამპერთან შეჯახება. ავტომობილის გვერდითა ზედაპირთან შეჯახების დამახასიათებელი დაზიანებები სხეულზე არ აღინიშნება. პირველი კონტაქტის შედეგად სხეული ავარდება, შემდეგ გადავარდება და დაეცემა, ამიტომ მნიშვნელოვანია პირველადი კონტაქტის ადგილი. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ლ. ზ-ეს სხეულზე მუხლის არეში აღენიშნება დაზიანებები, მოტეხილობა არ არის. თუმცა აუცილებელი არ არის ბამპერ-მოტეხილობის განვითარება. მისივე განმარტებით, ზოგადად ნაჭდევის წარმოქმნა დაცემით შესაძლებელია, მაგრამ მათ სიმეტრიულობას, მოცემულ სიმაღლეზე განვითარებას, პირველად კონტაქტთან მივყავართ. ამასთან, დაცემისას სისხლნაჟღენთი ნაკლებად წარმოიქმნება;
ü ექსპერტმა განმარტა, რომ მათ სიტუაციური ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ, მათ მიიჩნიეს პირველად კონტაქტად მუხლის წინა ზედაპირი, ორივე არის ერთდროული ზემოქმედება, ასეთი სიმეტრიული დაზიანება დამახასიათებელია მსუბუქი ავტომობილის შეჯახებისთვის. წვივის წინა ზედაპირებზე არ არის გასმითი ხასიათის დაზიანება, ეს არის სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები. სისხლნაჟღენთი ეს არის დარტყმა და ნაჭდევი – ოდნავი გადაადგილება. წინა ბამპერით შეჯახების დროს შესაძლებელია არ განვითარდეს მოტეხილობა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ლ. ზ-ის ასაკს, როცა ძვალი ბევრად უფრო რბილი და დრეკადია. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. შეჯახების პირველადი კონტაქტის შემდეგ იყო სხეულის ავარდნა ავტომობილის ძრავის სახურავზე „კაპოტზე“, გადაგდება და ვარდნა. გამორიცხულია წვივის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანებები განვითარებულიყო საბურავებთან კონტაქტის შედეგად, ვინაიდან ეს დაზიანებები განვითარებულია წარზიდულ ნაწილებთან პირველადი კონტაქტის შედეგად, მეორე ფაზაში, ანუ აგდების დროს შესაძლებელია კონტაქტი მომხდარიყო საქარე მინასთან და მიეღო დაზიანებები თავის არეში, ავტომობილის ძრავის სახურავზე „კაპოტზე“ რატომ არაა დაზიანებები, არ იცის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გოგონას წონა იყო 46 კგ, ყველაფერი ინდივიდუალურია, გააჩნია, რა ძალით მოხდა;
ü ექსპერტი გამორიცხავს, რომ წვივებზე არსებული დაზიანებები ზოგადად შესაძლებელია განვითარდეს ვარდნით, თუ არსებობს რაღაც შემაღლებული ადგილი, რაც ორივე წვივის სიმეტრიულ დაზიანებას გამოიწვევს, ჩვეულებრივი ვარდნის დროს ასეთი სიმეტრიული დაზიანება ვერ განვითარდებოდა. თუ გრუნტის ზედაპირზე ეცემა, ის მომრგვალო ფორმისაა. მოცემულ შემთხვევაში კი ქვეითად მოსიარულეს მარჯვენა მუხლის სახსრის უკანა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე ტერფის ძირიდან 36.5 სმ-ის დაშორებით (ფეხსაცმლის ლანჩის ძირიდან 38 სმ.) აღენიშნება ერთმანეთში გარდამავალი მოიისფრო სისხლნაჟღენთი და მოწითალო, კანის ზედაპირის ქვემოთ მდებარე ნაჭდევები (საერთო ფართი – 7 სმ. X 2-4.5 სმ.). ასეთივე ნაჭდევი აღენიშნება მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 36.5 სმ-ის დაშორებით, ზომით – 12.5 X 7.5 სმ. მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 36.5 სმ-ის დაშორებით, ზომით – 11.5 X 7.3 სმ.
ü ექსპერტმა აღნიშნა, რომ წვივებზე არსებული კონტაქტი არის პირველადი ავტომობილის წარზიდული ნაწილით, მანქანის რომელი ნაწილით, არ იცის, თეძოს მიდამოში არსებული დაზიანება მიღებულია თუ არა სარკით, ვერ იტყვის, რადგან არის ჩვეულებრივი დაზიანება იდენტიფიცირებული საგნის გარეშე. სარკე რატომ მოსტყდა მან არ იცის. მისი აზრით, ქვეითი იყო გაჩერებული, ფეხები იყო ერთად, შეჯახება მომხდარია ბამპერის წინა მარცხენა კუთხით. საქარე მინაზე, შესაძლებელია თავის სახის მარჯვენა ნახევრით იყოს დაზიანება მიყენებული, მაგრამ მენჯით არის თუ არა დაზიანება მიყენებული, ამის თქმა არ შეუძლია. მ. ნ-მა აღნიშნა, რომ გოგონას არ ჰქონია იმდენი ჭრილობა, რომ თქვას გზაზე არსებული სისხლის კვალი დაცემით იყო, ეს უფრო ყურებიდან ან ცხვირიდან წამოსული სისხლია და გზაზე დარჩა საავადმყოფოში გადაყვანის დროს.
14. გარდა ამისა, საქმის მასალების, კერძოდ: ავტოსაგზაო შემთხვევის დათვალიერების ოქმის; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმის დანართი სქემის; ფოტო და ვიდეომასალების მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი მდებარეობს მ-ის საავტომობილო გ-ზე, დ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ის ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტში. მ-დან ს-ის მიმართულებით შემთხვევის ადგილამდე გზის მარჯვენა გვერდულზე განთავსებულია საგზაო ნიშანი „ქვეითთა გადასასვლელი“, საიდანაც 14.30 მეტრის შემდეგ არის ჰორიზონტალური მონიშვნა ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელი („ზებრა“). „ზებრის“დასაწყისიდან 17.10 მეტრი არის წყვეტილი „ღერძულა ხაზი“, რომლის დასრულებიდან 33.20 მეტრში გზის მარჯვენა გვერდულზე განთავსებულია საგზაო ნიშანი „გასწრება აკრძალულია“, ხოლო ამ ნიშნიდან 44.10 მეტრში გზის მარჯვენა გვერდულზე განთავსებულია საგზაო ნიშანი „ბავშვები“, რომლის შემდეგ 40.50 მეტრში ასფალტზე იყო სისხლის კვალი, სქემის პირობითი აღნიშვნა – №6, რაც გამყოფი „ღერძულა ხაზიდან“ მარჯვნივ დაშორებული იყო 1 მეტრით, საიდანაც 4.60 მეტრში ასევე ლ-ის მიმართულებით იყო სისხლის მეორე კვალი, სქემის პირობითი აღნიშვნა – №7, რაც გამყოფი „ღერძულა ხაზიდან“ მარჯვნივ დაშორებული იყო 45 სანტიმეტრით, ხოლო მეორე კვალიდან გზის მარცხენა კიდემდე, სქემის პირობითი აღნიშვნა – №5-მდე, გზის საპირისპირო ზოლზე, 5.40 მეტრზე გრძელდებოდა სისხლის კვალი. გზაზე არსებული სისხლის კვალი სქემის პირობითი აღნიშვნა – №7-დან 13.40 მეტრში ლ-ის მიმართულებით გზის მარჯვენა მოხრეშილ გვერდულზე გაჩერებული იყო „მერსედესის“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით – --).
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უშიშროება და ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტია ის, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია: პირის გაუფრთხილებელი ქმედება (თვითიმედოვნება ან დაუდევრობა), რასაც შედეგად მოჰყვა მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს: ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას; მძიმე შედეგს – სიცოცხლის მოსპობას; მიზეზობრივ კავშირს წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.
16. აქედან გამომდინარე, ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა; ამ დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა; მოძრაობის უსაფრთხოების წესის იმ პირის მიერ დარღვევა, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და ამ პირის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ალკოჰოლური სიმთვრალისას. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსისაა და ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს, პირმა თავისი ქმედებით (მოქმედებით ან/და უმოქმედობით) დაარღვია თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი და ამ კანონით დადგენილი წესებით მოძრაობისას თუ შესძლებდა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას. ხოლო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, საგზაო მოძრაობის წესებსა და პირობებს, საგზაო ნიშნებსა და საგზაო მონიშვნებს. საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს.
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, დასტურდება და სადავო არ არის, რომ ლ. ზ-ე გარდაიცვალა „მერსედესის“ მარკის ავტომობილთან (სახელმწიფო ნომრით – ---), რომელსაც მართავდა ვ. ფ-ი, შეჯახების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ადგენს: ვ. ფ-მა დაარღვია თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, მათ შორის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას ავტომობილს მართავდა თუ არა ალკოჰოლით მთვრალი და მის მიერ კანონის მოთხოვნების უგულებელყოფამ რამდენად გამოიწვია ქვეით ლ. ზ-ესთან შეჯახება და მისი გარდაცვალება.
18. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, არ ეთანხმება პირველი და მე-2 ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებებს, ასევე, დაცვის მხარის მოტივებს, იზიარებს პროკურორის მოსაზრებას და აღნიშნავს: საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ვ. ფ-მა „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მართვისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, კერძოდ: ალკოჰოლით მთვრალმა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რამაც გამოიწვია ქვეით ლ. ზ-ესთან შეჯახება და მისი გარდაცვალება. პალატამ აღნიშნული დაასკვნა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
19. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ საქმეში გამოკვლეული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს: 2020 წლის 26 ნოემბრის; 2021 წლის 23 მარტისა და 2021 წლის 28 ოქტომბრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები გაცემულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ავტომობილის მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის დასადგენად საჭირო საკვანძო საკითხების ზედაპირული და არასრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, მათ შორის: უგულებელყოფილია გარდაცვლილის სხეულსა და „მერსედესის“ მარკის ავტომობილზე არსებული დაზიანებები. ამასთან, ექსპერტებმა „მერსედესის“ მარკის ავტომობილის სავარაუდო სიჩქარე გამოთვალეს მხოლოდ ამავე ავტომობილის მძღოლ ვ. ფ-ისა და მის გვერდით მჯდომი მგზავრის, მისივე ბიძაშვილის, რ. ფ-ის, ჩვენებების საფუძველზე და არა საქმის სხვა მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების დეტალურად შესწავლის შედეგად. ამავე დროს, აღნიშნულ დასკვნებში უგულებელყოფილია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მძღოლი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას ავტომობილს მართავდა ალკოჰოლით მთვრალი, რაც წარმოადგენს კანონის დარღვევასა და მოცემულ სიტუაციაში ქვეითთან შეჯახების ერთ-ერთ საგულისხმო განმაპირობებელ გარემოებას. გარდა ამისა, აღნიშნული დასკვნები რადიკალურად ეწინააღმდეგება 2021 წლის 23 ოქტომბრის კომპლექსური, ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ამ დასკვნის გამცემი ექსპერტების ჩვენებებსა და საქმეში არსებულ სხვა საყურადღებო მტკიცებულებებს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ 2020 წლის 26 ნოემბრის, 2021 წლის 23 მარტისა და 2021 წლის 28 ოქტომბრის ექსპერტიზების დასკვნებში ექსპერტთა მიერ არასწორად არის გამოკვლეული და შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, ექსპერტებმა კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან მიმართებით არასრულყოფილად მიუთითეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები, რომელთა მოთხოვნები უგულებელყო მძღოლმა და უმეტეს შემთხვევაში არასწორად განმარტეს ეს ნორმები. ამავე დროს, მათ ვარაუდის საფუძველზე, ზოგადად დაასკვნეს, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლ ვ. ფ-ს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია.
20. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეულ შპს „ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის“ 2021 წლის 23 ოქტომბრის კომპლექსური, ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და ამ დასკვნის გამცემი ექსპერტების, რ. ვ-ისა და მ. ნ-ის, ჩვენებებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული დასკვნა, საქმეზე ჩატარებული დანარჩენი ექსპერტიზის დასკვნებისაგან განსხვავებით, არის სრულყოფილი. ამასთან, ამ დასკვნის მოსამზადებლად ექსპერტებმა, რ. ვ-მა და მ. ნ-მა, დეტალურად გამოიკვლიეს საქმის მასალები (მათ შორის: ფაქტობრივი გარემოებები, ასფალტზე არსებული სისხლის კვლები, გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები; რ. ვ-მა დამატებით დაათვალიერა და გამოიკვლია „მერსედესის“ მარკის ავტომობილზე არსებული დაზიანებები), რის შედეგადაც, გასცეს სრულყოფილი დასკვნა, რომლითაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმის განვითარების პირობები ნათლად არის წარმოჩენილი და ირკვევა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლ ვ. ფ-ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევამ.
21. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა კატეგორიულად ვერ გაიზიარებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს: 2020 წლის 26 ნოემბრის; 2021 წლის 23 მარტისა და 2021 წლის 28 ოქტომბრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებს და სრულად ეთანხმება შპს „ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის“ 2021 წლის 23 ოქტომბრის კომპლექსური, ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. ამასთან, 2021 წლის 23 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის, ამ დასკვნის გამცემი ექსპერტების, რ. ვ-ისა და მ. ნ-ის, ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, კერძოდ: ავტოსაგზაო შემთხვევის დათვალიერების ოქმის; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმის დანართი სქემის; ფოტო და ვიდეომასალის; საპატრულო პოლიციელთა სამხრეკამერებისა და საპატრულო ეკიპაჟის ბორტის ვიდეოკამერის ჩანაწერებისა და მათი დათვალიერების ოქმების; მოწმეთა ჩვენებების (მათ შორის: გარდაცვლილის დედის, ე. თ-ისა და ნათესავის, ნ. ბ-ის, ჩვენებების); გარდაცვლილის სხეულსა და ავტომობილზე არსებული დაზიანებების; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე ასფალტზე არსებული სისხლის კვლების გათვალისწინებით, პალატა აღნიშნავს, რომ ვ. ფ-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შემდეგი მოთხოვნები:
21.1.
1) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მძღოლი ვალდებულია, იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად: დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ. ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალისას, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციასა და ყურადღებას.
2) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ისჯება სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალისას მართვა, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის მე-10 ნაწილის თანახმად, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალე გამოვლინდა ტესტირების მეშვეობით. ამასთან, კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობის შემთხვევაში, შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანო ხელმძღვანელობს ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის ტოქსიკოკინეტიკის შესწავლის საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, რომელთა თანახმად, ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია ყოველ 1 საათში 0.15 პრომილით მცირდება.
3) მოცემულ შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლ ვ. ფ-ის ალკოტესტით შემოწმებისას მას დაუდგინდა 0.487 პრომილე ალკოჰოლი, ხოლო ალკოტესტით შემოწმებიდან (2020 წლის 26 ივლისი, 22:38 სთ.) 2 საათისა და 42 წუთის შემდეგ (2020 წლის 27 ივლისი, 01:20-01:30 სთ.) აღებულ სისხლის ნიმუშზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის პირველი დეკემბრის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვ. ფ-ის სისხლის ნიმუშში ეთილის სპირტი არ აღმოჩნდა, თუმცა ამავე ბიუროს 2020 წლის 31 დეკემბრის ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სისხლში ალკოჰოლის არსებობის შემთხვევაში, ცოცხალი ორგანიზმი 1 საათის განმავლობაში ჟანგავს, საშუალოდ, 0.15‰ ალკოჰოლს (ელიმინაციის ფაზის დასაწყისში – 0.10-0.13‰, საშუალო ფიზიკური დატვირთვისას – 0.15-0.18‰, ხოლო ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას – 0.20‰ ალკოჰოლს). ამავე დროს, სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა, გ. მ-მა, დაადასტურა თავისი დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ალკოტესტით შემოწმებიდან სისხლის ნიმუშის აღებამდე 2 საათისა და 42 წუთის შემდეგ, ისეთი ძლიერი ემოციური დატვირთვისას, როგორიც ჰქონდა ვ. ფ-ს, ალკოტესტზე დაფიქსირებული ალკოჰოლის ოდენობა სრულად გავიდოდა. გარდა ამისა, ავტომობილში მძღოლის გვერდით სავარძელში მჯდომმა რ. ფ-მა დაადასტურა, რომ ისინი მოდიოდნენ რესტორნიდან, სადაც ვ. ფ-ს ერთი კათხა ლუდი ჰქონდა დალეული.
4) აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ფ-ი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას „მერსედესის“ მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით –---) მართავდა ალკოჰოლით მთვრალი, რითაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, ავტომობილის ალკოჰოლური სიმთვრალისას მართვა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლთან მიმართებით, წარმოადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს და, შესაბამისად, ალკოჰოლური სიმთვრალისას ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, კვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
21.2.
1) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მიხედვით, ამკრძალავი ნიშანი ზღუდავს მოძრაობას ან აუქმებს შეზღუდვას. ამკრძალავი ნიშანი 3.20. „გასწრება აკრძალულია“ კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ამავე კანონის დანართი №2-ის მიხედვით, საგზაო მონიშვნა ადგენს მოძრაობის გარკვეულ რეჟიმებსა და წესრიგს, არის მძღოლის ვიზუალური ორიენტაციის საშუალება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამოუკიდებლად, ისე საგზაო მოძრაობის ორგანიზების სხვა ტექნიკურ საშუალებებთან ერთად. ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1. ჰყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ან სავალი ნაწილის საზღვარს, რომელზე შესვლაც აკრძალულია; 1.1. ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1. ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად. ამავე დანართის შენიშვნის მიხედვით, 1.1. ჰორიზონტალური მონიშვნის აღსანიშნავად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერმინი „ღერძულა ხაზი“.
2) მოცემულ შემთხვევაში, განაჩენის სამოტივაციო ნაწილის 21-ე პუნქტში მითითებული მტკიცებულებების შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გადავიდა სავალი გზის საპირისპირო ზოლში და შეეჯახა ქვეით ლ. ზ-ეს. ვ. ფ-მა სავალი გზის საპირისპირო ზოლში გადასვლით უგულებელყო ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.20. „გასწრება აკრძალულია“, რომელიც კრძალავს შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლას და ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1. „ღერძულა ხაზი“, რომელიც კრძალავს ხაზის გადაკვეთას, რითაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებული მოთხოვნები.
21.3.
1) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მიხედვით, მაფრთხილებელი ნიშანი საგზაო მოძრაობის მონაწილეს აუწყებს იმ გზის სახიფათო მონაკვეთთან მიახლოებისა და მასზე არსებული საფრთხის ხასიათის თაობაზე, რომელზე გადაადგილებაც შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვს. მაფრთხილებელი ნიშანი 1.24. „ბავშვები“ მძღოლს აფრთხილებს გზის მონაკვეთთან საბავშვო დაწესებულების არსებობის თაობაზე, საიდანაც დიდია ბავშვების სავალ ნაწილზე გამოჩენის ალბათობა. მაფრთხილებელი ნიშანი 1.23. „ქვეითთა გადასასვლელი“ მძღოლს აფრთხილებს 5.19.1 და 5.19.2 ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.3 მონიშვნებით აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. ამავე დანართის თანახმად, განსაკუთრებული მითითებების ნიშანი 5.19.1, 5.19.2. „ქვეითთა გადასასვლელი“ წარმოადგენს გზაზე ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოყოფილ ადგილს. 5.19.1 ნიშანი იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 5.19.2 ნიშანი – გზის მარცხენა მხარეს. ამავე კანონის დანართი №2-ის მიხედვით, ჰორიზონტალური მონიშვნა 1.14.1. აღნიშნავს ქვეითთა არარეგულირებულ გადასასვლელს, ხოლო 1.14.2. აღნიშნავს ქვეითთა არარეგულირებულ გადასასვლელს („ზებრა“).
2) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის მონაწილე ქვეითების, განსაკუთრებით ბავშვების, მიმართ. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა არ უნდა შეასრულოს ქვეითთათვის საფრთხის შემცველი მოქმედება. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, გზაზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გასწვრივ მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ჩართული გარე სანათი ხელსაწყოს მქონე სატრანსპორტო საშუალების მიმართ, რათა, აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება.
3) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვს განვითარების დონე არ აძლევს შესაძლებლობას, სრულყოფილად გაანალიზოს საგზაო მოძრაობის პირობები; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და, აუცილებლობის შემთხვევაში, მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეძლებს გაჩერებას.
4) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს. ამასთან, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ-ით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში – არაუმეტეს 20 კმ/სთ-ით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, აგრეთვე, გვერდითი ინტერვალის დაცვა.
5) საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვ. ფ-ი ვალდებული იყო ყურადღება გაემახვილებინა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე არსებულ საგზაო ნიშნებსა და მონიშვნებზე, განსაკუთრებით მაფრთხილებელ ნიშანზე 1.24. „ბავშვები“; ბავშვების სავალ ნაწილზე გამოჩენის ალბათობის გათვალისწინებით, უნდა შეენელებინა სვლა და გამოეჩინა განსაკუთრებული სიფრთხილე. ამასთან, მოძრაობა გაეგრძელებინა ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებდა საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში, მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეძლებდა ავტომობილის გაჩერებას.
6) ამასთან, მძღოლის გვერდით მჯდომი რ. ფ-ის ჩვენების თანახმად, მათ გზის მარცხენა გვერდულიდან მარჯვნივ, მათი სამოძრაო ზოლისკენ მოძრავი ქვეითი შენიშნეს, ამიტომ მძღოლს მყისიერად უნდა შეემცირებინა სიჩქარე, მით უფრო, რომ ასევე შენიშნეს ქვეითის გადასწვრივ მათივე სამოძრაო გზის მარჯვენა გვერდულზე მდგარი გარე სანათებჩართული ავტომობილი, რაც სიფრთხილის გამოჩენისა და სიჩქარის შემცირების დამატებითი ფაქტორი იყო, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭების კვალი არ არის აღმოჩენილი. უფრო მეტიც, განაჩენის სამოტივაციო ნაწილის 21-ე პუნქტში მითითებული მტკიცებულებების, მათ შორის: შპს „ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის“ 2021 წლის 23 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნისა და ამ დასკვნის გამცემი ექსპერტების, რ. ვ-ისა და მ. ნ-ის, ჩვენებების, რომლებიც განმარტავენ, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით შეესაბამება ე. თ-ისა და ნ. ბ-ის გამოკითხვის ოქმებში აღწერილ გარემოებებს (ტექნიკური თვალსაზრისით გამოირიცხება ქვეით ლ. ზ-ის მიერ გზის სავალი ნაწილის ჩქარი სირბილით გადაკვეთა) საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომობილი მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეეჯახა გზის მარცხენა საპირისპირო ზოლში მდგარ (სტატიკურ მდგომარეობაში მყოფ) ქვეით ლ. ზ-ეს.
7) აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე, ეკლესიის მიმდებარედ, გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს მყოფი ქვეითი და მის გადასწვრივ გზის მარჯვენა გვერდულზე მდგარი გარე სანათებჩართული ავტომობილი, გზის მოცემულ მონაკვეთზე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების გათვალისწინებით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მოძრაობისათვის ქმნიდნენ დაბრკოლებას, რის გამოც, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვ. ფ-ი ვალდებული იყო, შეენელებინა სვლა და გამოეჩინა განსაკუთრებული სიფრთხილე. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. ფ-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის აღნიშნული მოთხოვნებიც.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ 2020 წლის 26 ივლისს, დაახლოებით, 22:00 საათზე, მ--ის საავტომობილო გზის მ---, სოფელ ა-----------თან, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით – U--------) მოძრაობისას ვ. ფ-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნები, კერძოდ: „მერსედესის“ მარკის ავტომობილის ალკოჰოლური სიმთვრალისას მართვისას უგულებელყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე არსებული საგზაო ნიშნები და მონიშვნები, გადაკვეთა „ღერძულა ხაზი“, გადავიდა სავალი გზის მარცხენა მხარეს საპირისპირო ზოლში, ასევე, უგულებელყო ამავე ზოლში მყოფი ქვეითი და მის გადასწვრივ თავისი სავალი გზის მარჯვენა გვერდულზე მდგარი გარე სანათებჩართული ავტომობილი და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე იმ კონკრეტული მონაკვეთის უსაფრთხოდ გავლისათვის საჭირო კანონით გათვალისწინებული სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობით ვერ შეძლო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და შეეჯახა სავალი გზის მარცხენა მხარეს საპირისპირო ზოლში მყოფ ქვეით ლ. ზ-ეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
23. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ. ფ-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
25. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვ. ფ-ი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ არ მიიმალა და თავად დარეკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში. იგი არც პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მიიმალა და მონაწილეობდა სასამართლო სხდომებზე, ასევე, გამოცხადდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე. ამასთან, მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ვ. ფ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 3 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის – ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის – ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენი;
3. ვ. ფ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს დაკავების მომენტიდან;
4. ვ. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო;
5. ვ. ფ-ს 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
6. ნივთიერი მტკიცებულებები: „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით – -----, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ვ. ფ-ის სამსახურებრივი და მართვის მოწმობები დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; სისხლისმაგვარი ლაქები, სისხლისა და თმის ნიმუშები, თმის ღერები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ნიმუშები განადგურდეს, ხოლო ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე