შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100121005348104
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №761აპ -23 16 ნოემბერი, 2023 წელი
ც-ე თ. , №761აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ც–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ც–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ი) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ) და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 26 აგვისტოს, ქ. ჭ-ში მცხოვრები თ. ც–ე, კუთვნილ ავტოფარეხში მოწყობილ სახელოსნოში შესაკეთებლად გაჩერებული მ. ა–ს კუთვნილი „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ავტომანქანის ე.წ. „კატალიზატორს“, რის შედეგადაც, მ-ა ა-ეს მიადგა 4000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
1.3. ქ. ჭ-ში მცხოვრებმა თ. ც–ემ, 2021 წლის გაზაფხულზე, კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალების შემცველი 6 ძირი ნედლი მცენარე – კანაფი, საერთო წონით - 2646,03 გრამი, რომელიც 2021 წლის 29 სექტემბერს ჩხრეკისას ამოიღეს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით:
თ. ც–ე საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
თ. ც–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე;
თ. ც–ე ცნობილ იქნა დამანაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთვა ლითონის საჭრელი ხერხი და ელშესადუღებელი აპარტი.
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა თ. ც–ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 26 აგვისტოს, ქ. ჭ-ში მცხოვრებმა თ. ც–ემ, კუთვნილ ავტოფარეხში მოწყობილ სახელოსნოში შესაკეთებლად მიყვანილი მ. ა–ს კუთვნილი „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ავტომანქანის ნაწილი – ე.წ. „კატალიზატორი“, რის შედეგადაც, მ-ა ა-ეს მიადგა 4000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2.3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. ც–ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. მსჯავრდებულმა თ. ც–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, მათ შორის – „თეგეტა მოტორსის“ მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტით, ვერ დგინდება ავტომანქანაზე ზემოქმედების ხასიათი. ავტომანქანის ე.წ. „ბაჩოკზე“ თითქოსდა ელექტროშედუღების კვალი დათვალიერების შედეგად აღმოაჩინა გამომძიებელმა, რომელიც ამ საკითხის შეფასებაში არაუფლებამოსილი პირია. ამასთან, ავტომანქანას არ ჩატარებია საინჟინრო ექსპერტიზა, ამოღებული ნივთებიდან – ე.წ. „ბარგალკიდან“ და ელექტროშედუღების აპარატიდან არ აუღიათ ნიმუშები მათზე ე.წ. „კატალიზატორის“ კვალის არსებობის დასადგენად. საქმეში ასევე არ მოიპოვება ნივთიერი მტკიცებულება – „კატალიზატორი“ და მისი შეფასების ამსახველი დოკუმენტი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ და ნაწილობრივ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, დადასტურებულად მიაჩნია თ. ც–ს მიერ დაზარალებულ მ. ა–ს კუთვნილი „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანიდან ე.წ. „კატალიზატორის“ მითვისების ფაქტი, თუმცა, იმავდროულად, სასამართლო არ ეთანხმება მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
5.3. დაზარალებულ მ. ა–ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2021 წლის მარტში გამოიყვანა მანქანა პორტიდან, ხოლო 2021 წლის 17 მარტს შეამოწმა და გამოუცვალა ზეთი და ფილტრი. მანქანა იყო კარგ მდგომარეობაში. 2021 წლის 22 აგვისტომდე ავტომობილს პრობლემა არ ჰქონია. ავტომანქანა წინა მხარეს გამოსცემდა ხმას, რის გამოც, მიუყვანა ხელოსანს – თ. ც–ს, რომელმაც განუმარტა, რომ საჭირო იყო ავტომობილის სავალი ნაწილის გამოცვლა. იმავე დღეს, დაზარალებულმა კუთვნილი ავტომანქანა ათხოვა მეზობელს – ს. გ-ს, მას შემდეგ, რაც თ. ც–ემ უთხრა, რომ მანქანით გადაადგილება შესაძლებელი იყო. დაზარალებულის განმარტებით, მანქანა, მას შემდეგ, რაც მეზობელმა დაუბრუნა და მანამდეც, მუშაობდა ნორმალურად და რაიმე პრობლემა არ ჰქონია. მეორე დღეს, მანქანა კვლავ მიუყვანა თ. ც–ს და დააყენა მის ავტოფარეხში, რომელმაც ავტომანქანის ნაწილის შოვნა და შეკეთება გააჭიანურა 6 დღით. შეკეთების შემდეგ, როდესაც დაზარალებულმა მანქანა გამოიყვანა სახელოსნოდან, ჰქონდა ცუდი სუნი, აუვიდა ალი, არ ჩაირთო ეკო რეჟიმი და აანთო „ჩეკი“. მეორე დღეს, მანქანა წაიყვანა სხვა ხელოსანთან, რომელმაც შეამოწმა და უთხრა, რომ „კატალიზატორი“ არ ჰქონდა. 2021 წლის 17 ოქტომბერს კი მანქანა შეამოწმა „თეგეტა მოტორსში“, რა დროსაც დადგინდა, რომ ავტომანქანას უნდა ჰქონოდა ორი კატალიზატორი, თუმცა, შემოწმებისას არც ერთი მათგანი არ აღმოაჩნდა. როგორც განუმარტეს, „კატალიზატორი“ იყო ამოღებული.
5.4. დაზარალებულის ჩვენება დაადასტურა მოწმე რ. ტ–მ, რომელმაც განმარტა, რომ მ-ა ა-ს დაეხმარა მანქანის ფოთის პორტიდან გამოყვანაში. მანქანა იყო გამართულ მდგომარეობაში. რამდენიმე დღის შემდეგ წაიყვანეს ხელოსანთან, შეცვალეს ზეთი და ფილტრი. მან მანქანა დაათვალიერა ქვემოდან, ხელით დააკაკუნა ე.წ. „კატალიზატორის“ ბუდეზე, საიდანაც მოესმა ჩუმი ხმა და ივარაუდა, რომ „კატალიზატორი“ ადგილზე იყო, თუმცა მაყუჩი არ გაუხსნია და ზუსტად არ უნახავს. „კატალიზატორის“ „ბაჩოკი“ იყო ქარხნული, გაჭრის კვალი არ შეუნიშნავს. ამ ფაქტიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ, მან ითხოვა მ. ა–ს ავტომანქანა, რომელიც იყო გამართულ მდგომარეობაში და რაიმე პრობლემა არ ჰქონია. დაახლოებით სექტემბერში, მას დაურეკა მ-ა ა-მ და უთხრა, რომ მანქანა ანთებდა „ჩეკს“, გამოსცემდა ხმას და აღარ ფუნქციონირებდა ეკო რეჟიმი. მისცა მანქანის ჩამომყვანის ნომერი და სთხოვა, დაერეკა მისთვის. ამ უკანასკნელმა განუმარტა, რომ მანქანა ჩამოიყვანა გამართული მდგომარეობით – „კატალიზატორითურთ“.
5.5. მოწმე ს. გ-მა განმარტა, რომ მ. ა–სგან ნათხოვარ მანქანას გზაში პრობლემა არ ჰქონია, მუშაობდა ეკო რეჟიმი, არ ანთებდა „ჩეკს“, არც გამონაბოლქვის სუნი უგრძვნია და არც ძრავის ხმაური გაუგია. მან გამართულ მდგომარეობაში დაუბრუნა ავტომანქანა მესაკუთრეს.
5.6. ამდენად, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ ავტომანქანას შეძენისას და მისით სარგებლობის შემდგომ პერიოდში რაიმე სერიოზული პრობლემა არ ჰქონია. დაზარალებულის მიერ მითითებული გარემოებები – ცუდი სუნის ქონა, აალება, ეკო რეჟიმის ჩაურთველობა – გამოვლინდა სწორედ თ. ც–საგან ავტომანქანის წამოყვანის შემდეგ. თავად მსჯავრდებულის ჩვენებითაც კი დასტურდება, რომ როდესაც 2021 წლის აგვისტოში, მ-ა ა-მ შესამოწმებლად მიუყვანა ავტომანქანა, დაადგინა, რომ „სტერჟინის თავი იყო მოწყვეტილი და რაზვალის ტულკა – დამუშავებული“. სხვა რაიმე პრობლემა მსჯავრდებულს არ გამოუვლენია. 2021 წლის 17 სექტმებერს „თეგეტა მოტორსის“ მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ავტომანქანის ორივე „ბაჩოკიდან“ ამოღებულია „კატალიზატორი“.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, ავტომანქანაში ე.წ. „კატალიზატორის“ არარსებობა ვიზუალური დათვალიერებითაც შესამჩნევი უნდა ყოფილიყო. კერძოდ, 2021 წლის 22 სექტემბერს, გამომძიებელმა ვ. ც-მა დაათვალიერა დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა, რა დროსაც ნახა, რომ მანქანის მაყუჩის წინა და უკანა ბუდიდან ამოღებული იყო „კატალიზატორები“, ხოლო წინა მაყუჩის ლითონის ბუდეს შიგნიდან აღენიშნებოდა ელექტრო შედუღების კვალი. ამასთან, „თეგეტა მოტორსის“ მიერ გაცემული 2021 წლის 17 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ვიზუალური დათვალიერებით შეიმჩნეოდა უკანა და წინა „კატალიზატორის“ ე.წ. „ბაჩოკების“ გახსნა. საგულისხმოა, რომ მოწმე რ. ტ-ეს, რომელმაც ავტომანქანის „კატალიზატორის“ ბუდე შეძენის პირველივე დღეებში დაათვალიერა, მასზე რაიმე ზემოქმედების კვალი არ შეუნიშნავს და აღნიშნა, რომ „კატალიზატორის“ „ბაჩოკი“ იყო ქარხნული, ხოლო გაჭრის კვალი არ დაუნახავს. ასევე, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ თ. ც–სათვის მიმართვამდე, დაზარალებულმა ავტომანქანა შეძენისთანავე შეამოწმა ხელოსანთან, რომელსაც „კატალიზატორის“ არარსებობის ფაქტი არ გამოუვლენია.
5.8. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაზარალებულ მ. ა–ს კუთვნილ ავტომანქანას თ. ც–ესთან შესაკეთებლად მიყვანამდე ჰქონდა ე.წ. „კატალიზატორი“, ხოლო ეს უკანასკნელი ავტომანქანას აღარ აღმოაჩნდა სწორედ მსჯავრდებულის სახელოსნოდან წამოყვანის შემდეგ. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ 2021 წლის 23 სექტემბრის ჩხრეკის ოქმის, აგრეთვე მოწმეების – დ. მ–ს, ა. თ-ისა და ლ. ნ-ას ჩვენებების თანამხად, თ. ც–ს საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და ავტოფარეხში ჩატარებული ჩხრეკისას, სწორედ მსჯავრდებულის მითითებით ამოიღეს დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგნები – ლითონის საჭრელი ელექტრო ხერხი და ელექტროშედუღების აპარატი.
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია თ. ც–ს მიერ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, მ. ა–ს კუთვნილი „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანიდან ე.წ. „კატალიზატორის“ მითვისება.
5.10. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დამამძიმებელი გარემოების – მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – მსჯავრად შერაცხვისა და მისი ქმედების კვალიფიკაციის სისწორეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს შემდეგს: იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა დაუფლებული ნივთის ღირებულების შესახებ და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით დასტურდება დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, პირის ქმედება დააკვალიფიციროს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მართალია, ცალკეულ შემთხვევებში, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის პირობებში, დაუფლებული ნივთის სახეობა ან/და რაოდენობა შესაძლოა, იძლეოდეს მნიშვნელოვანი ზიანის უტყუარად დადგენის შესაძლებლობას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთი, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, არ აძლევს სასამართლოს დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას.
5.11. გარდა ზემოაღნიშნული მსჯელობისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ც–ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის – ქურდობა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ – ჩადენისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მუხლი დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბრალდების მხარემ მისი ქმედება არ დააკვალიფიცირა ხსენებულ დამამძიმებელ გარემოებაზე მითითებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურორი თ. ც–ეს არ ედავება მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევას.
5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. განსახილველ საქმეში რომც მოპოვებოდეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რაც უტყუარად დაადასტურებდა დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტს, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაემძიმებინა მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა, მით უფრო, რომ თ. ც–სათვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაული იმაზე უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს (მოსალოდნელი და შესაძლო მაქსიმალური სანქციის მიხედვით), ვიდრე – ბრალად წარდგენილი ქმედება (კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, მაშინ როდესაც, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი მხოლოდ ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
5.13. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თ. ც–სათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
5.14. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების მიუხედავად, მისთვის შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან გამოყენებული სასჯელი შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლს, ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ. ც–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. თ. ც–ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
4. თ. ც–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
5. თ. ც–ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 4000 ლარი;
6. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, თ. ც–ეს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას ლითონის საჭრელი ხერხი და ელექტროშესადუღებელი აპარატი;
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე