საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.03.2024
საქმის ნომერი
2კ-1106აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100122006329154

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1106აპ-23 ქ. თბილისი

კ. გ.1106აპ-23 18 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირინე მჟავიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. კ–ს - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 27 მაისს, დაახლოებით 01:40 საათზე, წ–ს რაიონის სოფელ მ–ში გამავალ ქუთაისი - ხ–ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გ. კ–ე მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,სუბარუ ლეგასი ბ4"-ის მარკისა და მოდელის, ,,........" სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომობილით მოძრაობდა ქალაქ ქუთაისის მიმართულებით, რა დროსაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33.1 და 33.6 მუხლების მოთხოვნები. კერძოდ, მოძრაობდა რა კანონით დასაშვებზე გადაჭარბებული სიჩქარით, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის გვერდულზე განთავსებულ ბეტონის კონსტრუქციის ჯებირს, რის შემდეგაც ავტომობილი რამდენიმეჯერ გადაბრუნდა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ ავტომობილში მსხდომი მგზავრები - ა. მ–ი და მ. ი–ე, ხოლო ს. ი–ემ და მ. კმ მიიღეს სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 იანვრის განაჩენით:

3.1. გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, გ. კ–ს 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

3.3. მსჯავრდებულ გ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 11 აგვისტოდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

4.1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირინე მჟავიამ მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ. კ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

4.2. მსჯავრდებულმა გ. კ–მ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირინე მჟავიამ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას გ. კ–ს სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ გ. კ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ გ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ გ. კ–ს აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის, მოწმეთა: ნ. ც–ს, გ. გ–ს, ნ. მ–ს, ი. ო–ს, შ. კ–ს, რ. ი–ს, ვ. ი–ს, ი. მ–ს, ბ. მ–ს, ნ. ი–ს, დ. ი–ს, გ. ი–ს გამოკითხვის ოქმები, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N....... დასკვნა, სახანძრო ტექნიკური ექსპერტიზის ს.ტ./...... დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. კ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილები სასჯელის სახით ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

12. სააპელაციო სასამართლომ გ. კ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა გ. კ–მ ჩაიდინა მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაული, რომელსაც აღიარებს და ინანიებს; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, პირველადაა სამართალში; გასაჩივრებული განაჩენით გ. კ–სათვის განსაზღვრული როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელის დამძიმების საფუძველი წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება.

12.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი ა. მ–ს ოჯახის წევრების (მშობლების) პოზიცია ავტომატურად ვერ გახდება სასჯელის გამკაცრების საფუძველი, ვინაიდან ერთი მხრივ, ი. მ–ი (დედა) და ბ. მ–ი (მამა) არ არიან ცნობილნი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. კერძოდ, 2022 წლის 2 აგვისტოს წილისყრის შესახებ ოქმით დგინდება, რომ საქართველოს სსსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ჩატარებული წილისყრის შედეგად, გარდაცვლილ ა. მ–იის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა რ. ი–ე (ა. მ–ს მეუღლე) (იხ.: ტ.1, ს.ფ. 189-190), რომელიც 2022 წლის 3 აგვისტოს დადგენილებით ცნობილ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ (იხ.: ტ.1, ს.ფ.191).

12.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).

13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, გ. კ–სათვის დამატებით სასჯელად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის განსაზღვრისას ქუთაისის სააპელაციო სასამართლო უთითებს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილები დამატებითი სასჯელის სახით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, დამატებით საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლზე მითითება - არასწორია. თუმცა აღნიშნული ვერ გახდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი, ვინაიდან ვერ შეფასდება მატერიალური სამართლის ნორმის ისეთ მნიშვნელოვან დარღვევად, რასაც შეუძლია არსებითად იმოქმედოს საქმის განხილვის შედეგზე.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირინე მჟავიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე