საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.07.2024
საქმის ნომერი
2კ-353აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100123007531990

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №353აპ-24 ქ. თბილისი

კ-ი გ. 353აპ-24 17 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. კ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მაისს, - ბრალად ედება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. რ-ში, ...-ე მ/რ-ნის №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, გ. კ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, მეუღლის მიერ სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ საშუალებით მეგობარ მამაკაცთან მიმოწერის გამო, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ლ. მ-ზე, კერძოდ, მარჯვენა ხელით თმა ძლიერად მოქაჩა, რა დროსაც ლ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. რ-ში, ...-ე მ/რ-ნის №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, გ. კ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, მისი მეუღლის მიერ სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ საშუალებით მეგობარ მამაკაცთან მიმოწერის გამო, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ლ. მ-ზე, კერძოდ, ორივე ხელი მოკიდა მხრებში და ძლიერად მოუჭირა, რა დროსაც ლ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. რ-ში, ...-ე მ/რ-ნის №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, გ. კ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, მისი მეუღლის მიერ სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ საშუალებით მეგობარ მამაკაცთან მიმოწერის გამო, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ლ. მ-ზე, კერძოდ, მარჯვენა ხელი გაარტყა სახის არეში, რა დროსაც ლ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. რ-ში, ...-ე მ/რ-ნის №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, გ. კ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, მისი მეუღლის მიერ სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ საშუალებით მეგობარ მამაკაცთან მიმოწერის გამო, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ლ. მ-ზე, კერძოდ, მარცხენა ხელი გაარტყა სახის არეში, ასევე, სახის არეში რამდენიმე წამის განმავლობაში ძლიერად დააჭირა ბალიში, რა დროსაც ლ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. გ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 2 ივნისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 5 ივნისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 22 ივნისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 24 ივნისის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გაუქმდა გ. კ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი აკრძალვები.

2.3. გ. კ-ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენის გაუქმება, გ. კ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 2 ივნისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 5 ივნისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 22 ივნისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 24 ივნისის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ლ. მ-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

8. მოწმეების - გ. ფ-სა და დ. ო-ს ჩვენებები თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, ვინაიდან ისინი არ არიან არცერთი ფაქტის თვითმხილველნი და ადასტურებენ მხოლოდ მათ მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტების კანონიერებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

9. №... შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას გ. კ-ს მიერ დაზარალებულის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფორმასა და მისი ჩადენის თარიღებზე, ბრალდების მხარე კი გ. კ-ს ედავება კონკრეტულ თარიღებში - 2023 წლის 2 ივნისს, 5 ივნისს, 22 ივნისს, 24 ივნისს ძალადობისა და 2023 წლის 24 ივნისს მუქარის ჩადენის ფაქტებს,10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი რჩება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, მოითხოვს - დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ ობიექტურ კრიტერიუმებზეც - ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს N627აპ-19 განჩინება; 443აპ-20 განაჩენი; 2021 წლის 3 თებერვლის 1003აპ-20 განაჩენი).

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

12. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

14. განსახილველ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ლ. მ-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მით უფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

16. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა გ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 2 ივნისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 5 ივნისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 22 ივნისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 24 ივნისის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გ. კ-ს სასარგებლოდ.

17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი