შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 04.07.2024
საქმის ნომერი
2კ-152აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003740652

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№152აპ-24 ქ. თბილისი

ტ. ი., 152აპ-24 4 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი--–-- ტ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა-სა და ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი.ტ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ა-მ და ლ. ბ-მ, რომლებიც ითხოვენ განაჩენის შეცვლასა და ი. ტ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა. კასატორების მითითებით, ქმედების მკვლელობად (მცდელობად) დასაკვალიფიცირებლად აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ. სასამართლოს არ გამოუკვლევია დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ურთიერთდამოკიდებულება, არ გამოურკვევია დანაშაულის შესაძლო მოტივი და ქმედების შეწყვეტის მიზეზი. მოწმეებს არ დაუნახავთ, როგორ დაიწყო შელაპარაკება, არ შესწრებიან უშუალოდ დანის ამოღების, მოქნევისა და დარტყმის მომენტს. ი. ტ-ი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, დანაშაულის იარაღი თავიდან არ მოუშორებია, არამედ – დაუყოვნებლივ წარუდგინა სამართალდამცავებს, აღიარა ჩადენილი და ითანამშრომლა გამოძიებასთან. არაფრით დასტურდება, რომ ი. ტ-ს სურდა დ. თ-ს მკვლელობა, მით უფრო, როდესაც დაჭრილი დაზარალებული ვერც გაექცეოდა და ვერც დაემალებოდა ისე, რომ სურვილის შემთხვევაში მსჯავრდებულს მისი მოკვლის განზრახვა ვერ აღესრულებინა. სასამართლოს მიერ ქმედების არასწორმა კვალიფიკაციამ დააზიანა მსჯავრდებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ იზოლაციაში ყოფნა ნეგატიურად მოქმედებს ი. ტ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მსჯავრდებულმა თავისი ნებით შეწყვიტა ქმედება და ხელი აიღო დანაშაულზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლოს განსჯის საგნად უნდა იქცეს ის გარემოება, თუ რატომ დაუმძიმა სააპელაციო სასამართლომ ი. ტ-ს შეფარდებული სასჯელი – 1 წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლზე მითითებით, მაშინ, როდესაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მის ქმედებაში გამოკვეთილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება – იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენა – ვერ დაინახა. იმის გათვალისწინებით, რომ ი. ტ-მ ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა ჩადენილი, თანამონაწილეები არ ჰყოლია და მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენის დროს, შესაძლებელია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მისთვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ი. ტ, – დაბადებული ....---, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ტ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2020 წლის 2 მაისს, დაახლოებით, 15:10 საათზე, ი. ტ .... მიმდებარე ტერიტორიაზე, შეეცადა დ. თ-ს განზრახ მკვლელობას, კერძოდ, განზრახ მკვლელობის მიზნით, დანის გამოყენებით, გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიაყენა 3, ხოლო მუცლის არეში – 2 შემავალი ჭრილობა. ი. ტ-მ განზრახვის აღსრულება ვერ მოახერხა, რადგან დაზარალებულმა წინააღმდეგობის გაწევითა და გაქცევით უშველა თავს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი გოგალაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას სასჯელის გამკაცრების კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულმა ი. ტ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-მ. დაცვის მხარე შეცვლილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნით შუამდგომლობდნენ ი. ტ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა; ი. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ტ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა-სა და ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის ქმედებისათვის არასწორი კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე, რამეთუ განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა ი. ტ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

3. საყურადღებოა, რომ კასატორების არგუმენტაცია ქმედების სამართლებრივ შეფასებასთან მიმართებით, ურთიერთგამომრიცხველი და წინააღმდეგობრივია, ვინაიდან დაცვის მხარე, ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ ი. ტ. არ მოქმედებდა დ. თ-ს მოკვლის განზრახვით, რამეთუ, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, ხელს არაფერი უშლიდა, ბოლომდე აღესრულებინა განზრახვა, ხოლო, მეორე მხრივ, უთითებს, რომ მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი დანაშაულზე, რაც, მათივე მსჯელობის კვალდაკვალ, ადასტურებს, რომ ი. ტ. მოქმედებდა დაზარალებულის მკვლელობის განზრახვით, თუმცა გადაიფიქრა და დანაშაული აღარ დაამთავრა, რაც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს მათ პირველად მტკიცებას, რომ მსჯავრდებული იმთავითვე არ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით.

4. აღსანიშნავია, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ დ. თ-ს დაზიანებები დანით სწორედ ი. ტ-მ მიაყენა და მისი ქმედებები მიზეზობრივად უკავშირდება დამდგარ შედეგს – დაზარალებულისათვის მიყენებულ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებას.

5. განსჯის საგანს წარმოადგენს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება. ბრალდების მხარის მტკიცებით, ი. ტ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო დაცვის მხარის მითითებით, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი ქმედება – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ განმარტებულია: ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას, შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8).

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც და რომლებიც, თითქოსდა, გამორიცხავდნენ ი. ტ-ს ქმედებაში მკვლელობის მცდელობის შემადგენლობას, ვინაიდან საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეფასებული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ:

9. დაზარალებულ დ. თ-ს 2020 წლის 6 მაისისა და 14 ივნისის გამოკითხვის, მისივე მონაწილეობით 2020 წლის 27 მაისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისა და 2020 წლის 27 მაისს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ ,,112-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ეჭვგარეშე ადასტურებს, რომ დ. თ-ს ხელთნაქონი დანით დაზიანებები მიაყენა სწორედ ი. ტ-მ, კერძოდ, მსჯავრდებულმა ქუჩაში მიმავალ დაზარალებულს სახეში შეაფურთხა და იმ დანით, რომელზეც მანამდე ანერწყვებდა, ორი ჭრილობა მიაყენა მუცელში. მის შეკითხვაზე, რატომ იქცეოდა ასე, უპასუხა, რომ ,, – ასეთი ,,ხოში“ ჰქონდა“. თავდასხმისას თან ეძახდა ,, – მოკვდი, ჩაძაღლდიო“ და დედას აგინებდა. დ. თ. შეეცადა, დანა წაერთმია ი. ტ-სათვის, გაუწია წინააღმდეგობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულმა ამჯერად გულმკერდის არეში მიაყენა მას ორი დაზიანება. დ. თ-ს თქმით, შეეშინდა, რომ ი. ტ. მოკლავდა, ამიტომ მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ იგრძნო, რომ ძალა ელეოდა და გაიქცა, თუმცა მსჯავრდებული წამოეწია და კვლავ გულმკერდის არეში ძლიერად დაარტყა დანა. იგი ღობესთან ჩაიკეცა, თავდამსხმელმა კი იფიქრა, რომ მოკვდა და ადგილიდან გაიქცა. დ. თ-მ შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისულ სამართალდამცავებთან იმთავითვე განაცხადა, რომ დაზიანებები მისმა მეზობელმა, ი. ტ-მ მიაყენა და მიუთითა, თუ საით გაიქცა იგი;

10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს, რომ დ. თ-ს 2020 წლის 2 მაისს დაესვა დიაგნოზი: მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმა, ფაშვის ან ჯორჯლის არტერიის ტრავმა, ტრავმული პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია. სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, აღენიშნებოდა: გულმკერდის მარცხენა ნახევარსა და მუცელში შემავალი ჭრილობები, ფილტვის, დიაფრაგმის, წვრილი ნაწლავის, მისი ჯორჯლის, კუჭის, კუჭ-კოლინჯის მარცხენა არტერიის დაზიანებით, მიყენებული მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით, რომლებიც ცალ-ცალკე და ერთობლივად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს;

11. მოწმე ნ. მ-ს ჩვენებით, რომელიც დაზარალებულთან ერთად ცხოვრობს, დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, დ. თ-ს სიგარეტის საყიდლად სახლიდან გასვლიდან მალევე ქუჩიდან უხმეს მის დასახმარებლად და სახლთან ახლოს, ქუჩაში ნახა გაფითრებული და დასისხლიანებული ბიძაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ ი. ტ-მ ,,დაჩეხა“. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს კი მიუთითა ი. ტ-ზე, რომელიც ცდილობდა ადგილიდან მიმალვას;

12. მოწმეების სახით დაკითხული პოლიციელების – ნ. კ-სა და გ. ჯ-ს – ჩვენებები, ასევე – საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ ,,112-დან“ გამოთხოვილი სამხრე კამერების ჩანაწერები ადასტურებს, რომ შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ნახეს ქუჩაში დაჭრილი დ. თ, რომელიც მასზე თავდასხმაში ამხელდა თავის მეზობელს – ი. ტ-ს. იმავეს ამტკიცებდა შემთხვევის ადგილზე მყოფი ნ. მ-ც. მათი მითითებების საფუძველზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ დააკავეს ი. ტ, რომელიც ცდილობდა მიმალვას;

13. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2020 წლის 2 მაისს, შემთხვევის ადგილის მახლობლად – .... მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ი--–-- ტ------ი ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. პირადი ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა მას მარჯვენა ფეხსაცმლიდან ამოუღეს დასაკეცი დანა, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ლაქები;

14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 25 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ი. ტ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანის ტარსა და პირზე აღმოჩენილია დ. თ-ს სისხლი.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც ცალსახაა, რომ დ. თ-ს დაზიანებები მიაყენა ი. ტ-მ, მსჯავრდებულის სადავოდ გამხდარი განზრახვის გამოსარკვევად, საკასაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია დაზარალებულის დაზიანებების რაოდენობასა და ლოკალიზაციას, კერძოდ: დ. თ-ს მიყენებული აქვს სულ 5 შემავალი ჭრილობა, აქედან – 3 გულმკერდის, ხოლო – 2 მუცლის არეში; დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ იარაღს – დანას, როდესაც, არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია, რომ ი. ტ-თან დაპირისპირებული დ. თ. შეიარაღებული არ ყოფილა; მსჯავრდებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის დროს, როდესაც დ. თ-სთვის დანით დაზიანებების მიყენების დროს, ეძახდა: ,,ჩაძაღლდი, მოკვდიო“; მსჯავრდებულის მისწრაფებასა და მის ურყევ ნებას, როდესაც, მიუხედავად დაზარალებულის წინააღმდეგობისა, დ. თ-სათვის გულმკერდის არეში მიყენებული 2 შემავალი ჭრილობის შემდეგ, ი. ტ-მა მუცლის არეშიც მიაყენა მას 2 ჭრილობა, ხოლო დაზარალებულის გაქცევის შემდეგ, დაედევნა მას, დაეწია და ძლიერად ჩაარტყა დანა კვლავ სიცოცხლისათვის სახიფათო – გულმკერდის – არეში, რის შემდეგაც დ. თ. ჩაიკეცა, ხოლო ი. ტ. შეეცადა გაქცევას, რაც, ერთობლივად შეფასებისას, ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ი. ტ-ს მიერ დანაშაულზე ხელის აღებას ან მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვას და უტყუარად მიუთითებს, რომ ი. ტ-ს სურდა დ. თ-ს მოკვლა ან, მიყენებული დაზიანებების რაოდენობისა და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, სულ მცირე, შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა სასიკვდილო შედეგის დადგომის შესაძლებლობას. დანაშაულის შესაძლო მოტივთან მიმართებით, დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის დანაშაულის ჩადენამდე ურთიერთამოკიდებულების დასადგენად, საყურადღებოა დაზარალებულ დ. თ-ს 2020 წლის 6 მაისის გამოკითხვის ოქმი, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია და რომელიც ადასტურებს, რომ შემთხვევამდე, დაახლოებით, სამი წლით ადრე, ი. ტ-მ დ. თ-ს სთხოვა თანხა ე.წ. ,,თავანის“ ჩასაბარებლად, რაზეც დაზარალებულმა უარი უთხრა, რის გამოც, მსჯავრდებულმა მოგვიანებით უსაყვედურა მას, ხმას აღარ სცემდა, ექცეოდა აგრესიულად და მის დანახვაზე ინერწყვებოდა.

16. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ, ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, №527აპ-17 საქმეზე).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების არასრულფასოვნად შეფასების კვალდაკვალ, მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა და მიიჩნევს, რომ ი. ტ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის – განზრახ მკვლელობის მცდელობის – ჩადენისათვის კანონიერია და არ არსებობს ქმედების სამართლებრივი შეფასების კუთხით გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

18. რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. ტ-სათვის განსაზღვრულ სასჯელს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის, სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა, შესაბამისად შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ. მაგალითად: Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §242, Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).

20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით: სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება №1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, [...] ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

21. ი. ტ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) შერაცხილი ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების – ჩადენილი ქმედების აღიარების – მხედველობაში მიღებით, ასევე – გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში არ იკვეთებოდა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ი. ტ-ს შეუფარდა კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო სასამართლომ კი, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ შერჩეული სასჯელის ზომის – 1 წლით გამკაცრების დასაბუთებისას აღნიშნა, რომ ი. ტ-ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის დანის გამოყენებით ჩადენა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დანაშაულის იარაღის გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას და ი. ტ-ს შეუფარდა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

23. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის იმპერატიული წესის გამოსაყენებლად აუცილებელია, სისხლის სამართლის საქმის მასალებში იყოს წარმოდგენილი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, გამოყენებული დანის ცივ იარაღთა კატეგორიისადმი კუთვნილების ფაქტის დასადგენად (იხ. მაგალითად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განაჩენი №122აპ-24 საქმეზე II-9.1).

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია პროკურორის 2020 წლის 15 ივნისის დადგენილება, რომლითაც დაინიშნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, ხოლო საკვლევი ობიექტი – ი. ტ-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა – გადაეგზავნა საექსპერტო დაწესებულებას, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა ი. ტ-ს მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული დანის ცივ იარაღთა კატეგორიისადმი კუთვნილების დასადგენად, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ იმპერატიულ მოთხოვნაზე მითითებით, სასჯელის გამკაცრება – უსაფუძვლო და გაუმართლებელია, რისი გათვალისწინებითაც, ი. ტ-ს სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმცირდეს – 1 წლით და განესაზღვროს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის – შესრულებას, ხოლო მის კიდევ უფრო შემსუბუქებასა და შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, როგორც ამას დაცვის მხარე ითხოვს თავის საკასაციო საჩივარში, არ აქვს კანონიერი გამართლება და, ამავდროულად, მიზანშეუწონელია.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი. ტ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა-სა და ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ტ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. და ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ი. ტ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. ი. ტ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს – 2020 წლის 2 მაისიდან;

5. საქმეზე ნივთმტკიცებებად ცნობილი საგნები:

5.1. ი. ტ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა; ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ქვა, მოწითალო ლაქებით; ი. ტ-ს ნერწყვისა და თმის ნიმუშები და დ. თ-ს სისხლის ნიმუში – განადგურდეს;

5.2. ი. ტ-სგან ამოღებული ტანსაცმელი: შავი ქურთუკი; 1 წყვილი ბოტასი; 1 წყვილი წინდა; სპორტული შარვალი და შავი მაისური, ასევე – ლაურა საფარიანისგან ამოღებული: მუქი ჯინსის შარვალი; მოკლემკლავიანი, შავი მაისური; მოცისფრო სვიტერი; 2 საცვალი; 1 წყვილი წინდა; მუქი მოკლემკლავიანი მაისური; 1 წყვილი ფეხსაცმელი; პლასტიკური ბარათი; სანთებელა; ოქროსფერი კულონი ზონრით; პირბადე და ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული შავი კეპი – დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

5.3. 1 დისკზე ჩაწრილი ადგილმდებარეობის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები; 1 დისკზე ჩაწერილი სამხრე კამერის ვიდეო ჩანაწერი; 4 დისკზე ჩაწერილი სს ,,ნიკორა ტრეიდიდან“ გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერები; 1 დისკზე ჩაწერილი დ. თ-სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები და 1 დისკზე ჩაწერილი ,,112-დან“ გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი