საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.07.2024
საქმის ნომერი
2კ-392აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 240100121004442038

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №392აპ-24 29 ივლისი, 2024 წელი

ბ–ა ო., №392აპ -24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ხ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ო. ბ–სა (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზარახ მკვლელობის მცდელობა, ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, ო. ბ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ო. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. სენაკის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა შემდეგი : ო. ბ–მ 2021 წლის 29 იანვარს დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. ს–ში, მ–ს ქ. №..–ში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის მიზნით ორლულიანი თოფის გამოყენებით, ახლო მანძილიდან დამიზნებით გასროლის შედეგად დედას, რ. თ–ს, მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები წინა მარჯვენა მენჯ-ბარძაყის არეში, რის შედეგად რ. თ–მ მიიღო მარჯვენა ბარძაყის ყელის მოტეხილობა, მარჯვენა ბარძაყის მოტეხილობა ციბრუტებზე გავლით, ციბრუტქვეშა მოტეხილობა, მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსრისა და ბარძაყის მრავლობითი ღია ჭრილობები, ბარძაყის ვენის დაზიანება მენჯ-ბარძაყის სახსრის დონეზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად რ. თ–ს შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

2.3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ხ–მ და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ო. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, ი. ხ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 17 იანვარს, მსჯავრდებულ ო. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ხ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა და ქმედებისთვის სწორი კვალიფიკაციის მიცემა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან გამოკვეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ო. ბ–ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, სასამართლო დაეყრდნო მოწმეების ირიბ ჩვენებებს, რომლებიც უტყუარად ვერ ადასტურებდნენ ო. ბ–ს მიერ დედის დაჭრის ფაქტს. დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ხოლო ერთადერთმა მოწმემ ინფორმაციის პირველწყარომ კი, უარყო მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, კერძოდ, უარყო ო. ბ–ს მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა. ასევე, სააპელაციო სასამართლომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა თავდამსხმელის ქმედებას. დაცვის მხარის აზრით, თავდამსხმელის მიერ განხორციელებული მოქმედებებით: ახლო მანძილიდან, თითქმის მიბჯენით, ქვედატანის არეში სროლით ნათელია, რომ მას დაზარალებულის მოკვლა არ სურდა. დაზარალებულის მოკვლის განზრახვის შემთხვევაში თავდამსხმელს ყველა შესაძლებლობა ჰქონდა გულმკერდის ან თავის არეში ესროლა, რაც არ განუხორციელებია. თავდამსხმელს შემაფერხებელი წინაღობა არ ჰქონია. შესაბამისად, თავდამსხმელის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით. დაცვის მხარის პოზიციით ასევე აბსურდულია დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით მხოლოდ იმიტომ, რომ დაზარალებული ქალია. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენში მოიხმო ე. ლ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით. განაჩენი როგორც მტკიცებულება ბრალდების მხარემ წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს. აღნიშნული განაჩენი არ არის უტყუარი მტკიცებულების ძალის მატარებელი და არ უნდა დადებოდა საფუძვლად ო. ბ–ს მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ო. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და არ ეფუძნება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ასევე, დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტები და გადაწყვეტილება დააფუძნა მოწმეთა ირიბ ჩვენებებსა და არასარწმუნო მტკიცებულებებს.

5.4. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სადავო არ არის ბრალდებულ ო. ბ–ს და დაზარალებულ – რ. თ–ს ნათესაური კავშირი – ისინი არიან დედა-შვილი. ასევე, ის რომ საქმის არსებითად განხილვის დროს დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ სასამართლოს არ მისცა ჩვენება.

5.5. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს რ. თ–ს მიერ სასამართლოსათვის შვილის წინააღმდეგ ჩვენების არ მიცემის თაობაზე და განმარტავს, რომ დაზარალებულის მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმა აპრიორი ბრალდებულის უდანაშაულობას არ გულისხმობს. მსხვერპლის მიერ გარკვეული ფაქტების გაუმჟღავნებლობა არ გამორიცხავს დანაშაულებრივი ქმედების არსებობას, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ოჯახში ძალადობის დანაშაულის ხასიათს და იმ გარემოებას, რომ ამ ტიპის დანაშაულებში მოძალადეები დაზარალებულთათვის საყვარელი ადამიანები არიან, რომელთა მიმართაც ოჯახის წევრებს მეტი ემპათიურობა გააჩნიათ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უჭირთ არა მხოლოდ პოლიციისთვის მიმართვა, არამედ – მოძალადის მხილება სასამართლოში. შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და სწორედ ამ მტკიცებულებათა შეფასებით დაადგინოს საკმარისია თუ არა ისინი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: ა) თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; ბ) თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; გ) რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; დ) როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ.: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).

5.7. პალატა აღნიშნავს, რომ ო. ბ–ს მიმართ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოკვლეულ, ურთიერთანხვდენილ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დ. პ–ს, ბ. მ–ს, ზ. ხ–ს, ხ. ბ–ს, მ. ც–ს, მ. ზ–ს, კ. ლ–ს და ზ. ქ–ს, ასევე ც. კ–ს და ა. ნ–ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2021 წლის 29 იანვარს, შუადღის პერიოდში, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ძირს ასფალტის ზედაპირზე მწოლიარე 50 წლამდე ქლაბატონი ნახეს, რომელსაც მუცლიდან და მარჯვენა ფეხიდან სდიოდა სისხლი. დაჭრილი ამბობდა, რომ მას შვილმა ესროლა თოფი და ითხოვდა დახმარებას. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა მისი და – ე. ლ–ე და ამშვიდებდა მას, ჭრილობების მიმყენებელ პირად ე. ლ–ც დაჭრილის შვილს – ო. ბ–ს ასახელებდა. მოწმე ა. ვ–ას ჩვენებებით დადგენილია, რომ 2021 წლის 29 იანვარს დაახლოებით 13:15 საათზე, ბებიამისს დაურეკა რ. თ–მ, რომელმაც ითხოვა დახმარება, კერძოდ, უთხრა, რომ შვილი მოკვლით ემუქრებოდა და სთხოვა დაერეკა პოლიციაში, ასევე უთხრა მისამართი, რომ იმყოფებოდა მასთან ახლოს მეზობლად. სწორედ ამის შემდეგ, დაახლოებით 5 წუთში გაისმა გასროლის ხმა. ბინის კორპუსთან, დაინახა ქალბატონი რ–ი, რომელიც იწვა ასფალტზე და სისხლი სდიოდა მარჯვენა ფეხზე, ბარძაყთან. შეტყობინების ბარათის თანახმად, 2021 წლის 29 იანვარს, 13:17:45 საათზე, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს დაუკავშირდა ა. ვ–ა, რომელმაც განაცხადა, რომ მეზობელმა სთხოვა დარეკვა, რადგან დედა-შვილს შორის არის კონფლიქტი და შვილი ემუქრება მოკვლით. ა. ვ–ს ჩვენება დასტურდება ასევე ნ. დ–ს გამოკითხვის ოქმით. მოწმე მ. ბ-ს ჩვენების თანახმად, 2021 წლის 29 იანვარს, ო. ბ–მ ჭ–ში წასასვლელად მანქანა 30 წუთით ითხოვა მისგან. ო. ბ–მ დაახლოებით 2-3 საათი დააგვიანა, რის შემდეგაც მანქანა მიუყვანა. მან მოგვიანებით ა. კ–სგან გაიგო, რომ ო. ბ–მ დედამისს ესროლა. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული თ. ბ–ს გამოკითხვის ოქმების თანახმად, დადასტურებულია, რომ ო. ბ–სა განაწყენებული იყო დედაზე - რ. თ–სზე და 2021 წლის 29 იანვარს დედაზე განაწყენებული, სანადირო თოფით შეიარაღებული წავიდა ს–ში, ე. ლ–ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იმ დროისთვის იმყოფებოდა დედამისი - რ. თ–ს. თ. ბ–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმებით დადგენილია, რომ 2021 წლის 27 იანვარს თ. ბ–ა წერს დეიდას - ე. ლ–ს „აქ რომ ვნახო ან გავიგო ბ–ში ამოვიდაო მოვკლავო მერე, არავის არ ვკითხავო, აქ არ ამოვუშვებო, ცოტახანს იყოსო და მერე ვუყიდიო ბინას, რამეს ვიზამო“. თ–მ განმარტა, რომ აღნიშნულს ამბობდა და იმუქრებოდა მისი ძმა ო. ბ–სა დედამისზე რ. თ–ზე, რადგან მასზე ეჭვიანობდა და ფიქრობდა, რომ მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, სწორედ ამიტომ იყო დაზარალებული დის სახლში ს–ში. მიმოწერის დროს ო. ბ–ს მოიხსენიებენ სახელით ,,ბალო“. 29 იანვარს თ–ა წერს ე. ლ–ს ,,ამ დილით მე რო წავედი მაგის მერე არ უძინია, ამდგარა და ფ–მ მითხრა ტიროდა, რატო გამიკეთაო ეს რა დავუშავეო. დედაჩემია მაინც და როგორ მოვკლაო, არ უთხრა ც–ა ყველაფერი რასაც გეუბნები, არ მოიყვანო აქეთ, იყოს იქ ცოტახანი, რა ვქნა ისეთ დღეშია არამგონია მოითმინოს მისი ამოსვლა“. ცოტახანში ისევ წერს: ,,გოგო ტელეფონი წამართვა და წაიკითხა შენი მოწერილები. წასულია თოფიც თან მიაქ, მანქანაში უდევს, იქ არ მოვიდეს, არ გაუღო კარი არ გაგიჟდეს, არ გაუღო კარი თუ მოვიდა არაფრით არ გააღო, ყვირილი თუ დაიწყო დარეკე პოლიციაში, ერთი-ორი წელი იჯდეს არაფერი უჭირს, რო მოკლას მაგას ყველაფერი ჯობია“. თ. ბ–ას განმარტებით, აღნიშნულ მიმოწერაში ასახულია მისი და დეიდამისის – ე. ლ–ს მიმოწერა, სადაც სწერს მისი ძმის – ო. ბ–ს ეჭვიანობაზე, მის დამოკიდებულებაზე და ნათქვამს რ. თ–ს მიმართ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ რ. თ–მ მიიღო მარჯვენა ბარძაყის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა. ბარძაყის ვენის დაზიანება მენჯ-ბარძაყის სახსრის დონეზე. დაზიანებები განვითარებულნი არიან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების-საფანტი) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით კი დასტურდება, რომ 1. .... ..... გამოსაკვლევად წარმოდგენილი ნივთებიდან ჟაკეტსა და შარვალზე, N.. და N.. დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემავალია და განვითარებულია ერთდროულად ლითონ-ტყვიის შემცველი ჭურვით ძლიერ ახლო, შესაძლო მიბჯენით, ტანსაცმლის მიმართ წინა მარჯვენა მხრიდან უკან სროლისას. 2 – გამოსაკვლევი .. ობიექტი (პაკეტი კოდით .........) წარმოადგენს სანადირო-გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილ ვაზნების ჭურვის შემადგენელ კომპონენტებს სავარაუდოდ N....) ან N.... მსხვილი საფანტის დეფორმირებულ მარცვლებს. ამდენად, ნათელია, რომ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულობისა და სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრის კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს და შესაბამისად, არ არსებობს მათი ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი.

5.8. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ა. ვ–ს ჩვენებითა და ნ. დ–ს გამოკითხვის ოქმით დადგენილ გარემოებებს, ასევე, დაზარალებულის ქცევას დანაშაულის ჩადენამდე, კერძოდ, იგი შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუკავშირდა მათ იმ მიზეზით, რომ შვილი მოკვლით ემუქრება და ითხოვა პოლიციის გამოძახება, რაც ნამდვილად მიუთითებს ო. ბ–ს მხრიდან მის მიმართ მომდინარე საფრთხეზე და დაზარალებულის მხრიდან თავდაცვით რეაქციაზე. ზემოაღნიშნული მოწმეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ამყარებს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-ში ერთმანეთის მიყოლებით, დაახლოებით 3 წუთიანი შუალედით შესული შეტყობინებები, კერძოდ: 13:17:45 საათზე ა. ვ–ა მეზობლის თხოვნით ითხოვს პოლიციის მისვლას, ვინაიდან დედა შვილს შორის არის კონფლიქტი, შვილი ემუქრება და მოსაკლავად მოსდევს, ხოლო 3 წუთსა და 27 წამში კი, მ. ც–მ გააკეთა შეტყობინება, რომ სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია დაზარალებული.

5.9. რაც შეეხება, სასამართლოში დაზარალებულის მიერ ჩვენების არ მიცემას საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ. თ–ს მიერ ამ უფლებით სარგებლობა ნამდვილად არის იმის მანიშნებელი, რომ მან აპატია შვილს და ცდილობს მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. აღნიშნულს შეეცადა ასევე, დაზარალებულის და – ე. ლ–ც, როცა მან სასამართლოში დაკითხვისას უარყო მის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია. კერძოდ: სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ე. ლ–სე ცნობილ იქნა დანმაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ხსენებული განაჩენით დადგენილია, რომ ე. ლ–მ სასამართლოში მიცემული ჩვენებისას უარყო ო. ბ–ს მიერ რ. თ–ს მკვლელობის მცდელობის ფაქტი, ო. ბ–ს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან აცილების მიზნით.

5.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკას, თვითმხილველ მოწმეთა სიმცირესა და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რის გამოც, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილი საკანონმდებლო სტანდარტის შეფასებისას ეყრდნობა საქმის ინდივიდუალურ მოცემულობას, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხსა და მნიშვნელობას, მათ ურთიერთშესაბამისობას და თანხვედრას ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან და სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

5.11. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, დაცვის მხარის პოზიციას, რომ თავდამსხმელს დაზარალებულის მოკვლის განზრახვა არ ამოძრავებდა, ვინაიდან ხსენებულს გარდა ო. ბ–ს მხრიდან განხორციელებული მოქმედებებისა, ასევე ადასტურებს თ. ბ–ს მიერ ე. ლ–სთვის გაგზავნილი გამაფრთხილებელი შეტყობინებები. ხოლო აბსტრაქტულად, მხოლოდ ჭრილობის ლოკალიზაციიდან გამომდინარე საუბარი იმის შესახებ, რომ თავდამსხმელს არ ამოძრავებდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან.

5.12. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა, გონივრულ ეჭვს მიღმა, მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ო. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ო. ხ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე