საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.09.2024
საქმის ნომერი
2კ-570აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100122006450697

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №570აპ-24 ქ. თბილისი

ჯ-ე გ. 570აპ-24 10 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენით:

1.1. გ. ჯ-ე, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ. ჯ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გ. ჯ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2023 წლის 29 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა განაჩენით მოხდილი სასჯელი და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2023 წლის 12 აპრილიდან იმავე წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

1.3. გაუქმდა გ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით და ვადაში.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ-მ ჩაიდინა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა დაზარალებულის ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 28 სექტემბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მ. მ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა, დაზარალებულმა გ. ჯ-მ სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება და უარყო მ. მ-ს მიერ დანის ორჯერ დარტყმის ფაქტი. მისი ცრუ ჩვენების თანახმად, მ. მ-ს მიერ ბარძაყში დანის დარტყმის შემდეგ, თავად დაეცა დანაზე, რომელიც მ. მ-ს ხელში ეჭირა და ამ დროს მიიღო დაზიანება გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში. ასევე უარყო გაშველების ფაქტი და განმარტა, რომ მ. მ-ი თავად გაერიდა შემთხვევის ადგილს, მაშინ, როდესაც 2021 წლის 6 თებერვალის გამოკითხვის ოქმის თანახმად უთითებდა, რომ მ. მ-მა თავდაპირველად, დანა დაარტყა ბარძაყის მიდამოში, შემდეგ მარცხენა იღლიის მიდამოში და იქ მყოფმა პირებმა გააშველეს ისინი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლელა ჭეშმარიტაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება, მოწმეების - თ. გ-ს, ს. ქ-სა და სხვათა ჩვენებები, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №... დასკვნა, მსჯავრდებულის გამოკითხვის ოქმი და მ. მ-ს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ოქმის ჩანაწერი, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ.

7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ლელა ჭეშმარიტაშვილი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა გ. ჯ-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ჯ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და შთანთქმის პრინციპით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესიც სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

14. რაც შეეხება პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სასჯელის დამძიმების არგუმენტებს, რომ გ. ჯ-ე არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს: დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა წარმოადგენს მსჯავრდებულის უფლებას და არა - ვალდებულებას, ხოლო უფლების გამოყენებაზე უარის თქმა ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის N952აპ-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 იანვრის N633აპ-20 განჩინება).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე