საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.09.2024
საქმის ნომერი
2კ-582აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100123007979021

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №582აპ-24 ქ. თბილისი

ჩ-ე ა. 582აპ-24 10 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ჩ-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 1 ივნისს, ქალაქ ბ-ში, ბ-ს ქუჩის N...-ში მდებარე ბინა N...-ში, ა. ჩ-მ, გულმკერდის არეში მუშტის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს - ნ. მ-ს, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 27 ივლისს, ქალაქ ბ-ში, შ. ხ-ს ქუჩის N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ჩ-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე და განქორწინების თაობაზე ნ. მ-ს გადაწყვეტილებით გაღიზიანებულმა, მხრებზე ხელების მოჭერითა და სახის არეში იდაყვის ჩარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს - ნ. მ-ს, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 29 აგვისტოს, დღის საათებში, ქალაქ ბ-ში, ტ. ა-ს ქუჩის N...-ში მდებარე ქალაქ ბ-ს რ-რი კლინიკური საავადმყოფოს პალატაში, ა. ჩ-მ არასრულწლოვანი შვილის - ა. მ-ს თანდასწრებით, გულ-მკერდის არეში მუშტის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს - ნ. მ-ს, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 29 აგვისტოს, ქალაქ ბ-ში, ტ. ა-ს ქუჩის N...-ში მდებარე ქალაქ ბ-ს რ-რი კლინიკური საავადმყოფოს პალატაში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე და განქორწინების თაობაზე ნ. მ-ს გადაწყვეტილებით გაღიზიანებული ა. ჩ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს - ნ. მ-ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის 8 სექტემბერს, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე და განქორწინების თაობაზე ნ. მ-ს გადაწყვეტილებით გაღიზიანებულმა ა. ჩ-მ, მხრების არეში ხელების მოჭერით, ხელების გადაგრეხვითა და კედელზე მინარცხებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს - ნ. მ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 8 სექტემბერს, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე და განქორწინების თაობაზე ნ. მ-ს გადაწყვეტილებით გაღიზიანებული ა. ჩ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს - ნ. მ-ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის აპრილიდან იმავე წლის 8 სექტემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ქალაქ ბ-სა და ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე და განქორწინების თაობაზე ნ. მ-ს გადაწყვეტილებით გაღიზიანებული ა. ჩ-ე სისტემატიურად აგინებდა, ლანძღავდა და უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს - ნ. მ-ს, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ა. ჩ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

2.2. ა. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 1 ივნისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 27 ივლისის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის აპრილიდან 8 სექტემბრის ჩათვლით ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით, 11,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით, 11,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა მკაცრი ზომის სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ა. ჩ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

2.3. ა. ჩ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2023 წლის 18 სექტემბრიდან იმავე წლის 6 ნოემბრამდე.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. ჩ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), 11,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და უმკაცრესი სასჯელის შეფარდება.

4.1. მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ზ-მ შესაგებლით მოითხოვა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მოცემულ შემთხვევაში, ა. ჩ-ს, სხვა დანაშაულებთან ერთად, ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2023 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი), ვინაიდან, სასამართლოს მოტივაციით, არ იკვეთებოდა ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოების - არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, პროკურორი ითხოვს ა. ჩ-ს გამტყუნებას სწორედ ზემოაღნიშნული ბრალდების შესახებ დადგენილი კვალიფიკაციის შესაბამისად.

7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზი ადასტურებს ა. ჩ-ს მიერ მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, კერძოდ:

8. მსჯავრდებულ ა. ჩ-სა და დაზარალებულ ნ. მ-ს საერთო შვილი, არასრულწლოვანი ა. მ-ე დაბადებულია ... წლის ... აპრილს და შესაბამისად, ამ დროს იყო 1 წლის, 4 თვისა და 18 დღის.

9. 2023 წლის 29 აგვისტოს არასრულწლოვანი ა. მ-ე კუჭ-ნაწლავის ვირუსით დაავადების გამო (რომელსაც ახასიათებს საკმაოდ მწვავე ტკივილები მუცლის არეში) მოთავსებული იყო ქ. ბ-ს რ-ურ კლინიკურ საავადმყოფოში.

10. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 2023 წლის 29 აგვისტოს ძალადობის ეპიზოდი ა. ჩ-მ ნ. მ-ს მიმართ ჩაიდინა საავადმყოფოს პალატაში მაშინ, როცა იქ არასრუწლოვანი ა. მ-ე იმყოფებოდა და დაზარალებულისვე წარმოდგენილი ვიდეოფაილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ მეუღლეებს შორის სიტყვიერი კამათისა და ძალადობის დროს ბავშვი ტირის.

11. დაზარალებული ნ. მ-ე უდავოდ ცნობილ გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ ა. ჩ-ს აგრესია ჰქონდა მხოლოდ მისი და არა შვილის მიმართ, რომელიც ,,ასაკიდან გამომდინარე ვერც აღიქვამდა ა-ს მხრიდან განხორციელებულ სისტემატურ შეურაცხყოფას“, იგი კარგი მამაა თავისი ვაჟისთვის, ყოველთვის კეთილგანწყობილია მის მიმართ.

12. ამდენად, ა. ჩ-ს ქმედების (2023 წლის 29 ააგვისტოს ძალადობის ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - კვალიფიკაცია შესაძლებელი იქნებოდა, თუ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა, რომ მსჯავრდებულის ქმედება არასრულწლოვანმა ა. მ-მ გააცნობიერა, აღიქვა და მის გამო მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა. ეს ფაქტი კი, იმ არასრულწლოვნის შემთხვევაში, რომელიც მცირე ასაკიდან გამომდინარე ჯერ ვერ საუბრობს, შესაძლებელია დადგინდეს მისი რეაქციითა და ქცევით. განსახილველ შემთხვევაში, მართალია დადგენილია, რომ ა. ჩ-ს მიერ ჩადენილი ძალადობის დროს არასრუწლოვანი ა. მ-ე ტიროდა, თუმცა უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება, თუ რა იყო ბავშვის ტირილის მიზეზი - ის ავადმყოფობა, კერძოდ, ნაწლავური ინფექცია, რომლის გამოც იმყოფებოდა საავადმყოფოში თუ მამის საქციელი.

13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ჩ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირებაში და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში არ ასახულა იმგვარი არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლებიც საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო.

14. მსჯავრდებულ ა. ჩ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ხუთი ეპიზოდი) და 11,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ნ. მ-სა და მოწმეების - მ. ქ-ს, ნ. ქ-ს გამოკითხვის ოქმებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შესული N... შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, დაზარალებულ ნ. მ-სგან ლაზერულ დისკზე ჩაწერილი, 2023 წლის 29 აგვისტოს, ა. ჩ-სთან კონფლიქტის ამსახველი ჩანაწერის ამოღების, აღნიშნული ჩანაწერის გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, N.. და N... შემაკავებელი ორდერებითა და შემაკავებელი ორდერის ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

18. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულ ა. ჩ-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რისი მხედველობაში მიღებითაც, საბოლოოდ მას, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, შეუფარდეს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა შემდგომ სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაუთვალეს პირობითად, კერძოდ: ა. ჩ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, პირველადაა სამართალში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულთან შერიგებულია, რომელიც ითხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას.

19. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. ჩ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე