საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100122006268939
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №137აპ-24 ქ. თბილისი
მ. გ. 137აპ-24 5 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების გ. მ–სა და მ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ჭ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. გ. მ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;
1.2. მ. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2022 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ქ. ტ–ში, ტ–ს ქუჩის №..-ის წინამდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ა–ს რაიონიდან ქ. ქ–ს მიმართულებით, BMW-ს მოდელის სახელმწიფო ნომრის „........“ მქონე ავტომანქანით მოძრაობისას, გ. მ–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, 33.1 და 33.6 მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, გადააჭარბა დასახლებულ პუნქტში ნებადართულ სიჩქარეს, რის გამოც, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე ქვეითად მოძრავ მ. ა-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა;
2.2. მ. კ–მ, 2022 წლის 21 აგვისტოს, სისხლის სამართლის №............... საქმეზე, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მანანა აშოთიას გარდაცვალების ფაქტზე, მოწმის სახით გამოკითხვისას გამომძიებელს, პირადი მოტივით, მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, კერძოდ მან გამომძიებელს განუმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში ავტომობილში იმყოფებოდა მარტო და საჭესთან იჯდა თავად, ხოლო ჩატარებული გამოძიებით დასტურდება, რომ იგი ავტომობილში იმყოფებოდა გ. მ–სთან ერთად და საჭესთან იჯდა არა თავად, არამედ – გ. მ–ი.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით:
3.1. გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, გ. მ–ს 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
3.3. გ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან – 2022 წლის 18 სექტემბრიდან;
3.4. მ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ. კ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული და ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 7 მარტის N............. გადაწყვეტილებით შეცვლილი პირობითი მსჯავრი;
3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.7. მ. კ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან – 2022 წლის 21 აგვისტოდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ:
4.1. მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ო. გ–მ და მ. რ–მ მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენში ცვლილება, დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე;
4.2. მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ჭ–მ მოითხოვა ცვლილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენში და მოითხოვა სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანიშვნა,საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე კი დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ:
6.1. მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ა. ჭ–ე ითხოვს გ. მ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას;
6.2. მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ა. ჭ–ე ითხოვს მ. კ–სათვის სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით შთანთქმის წესით დანიშვნას და დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს გ. მ–სა და მ. კ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას - მათ მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს გ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ხოლო მ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის სპეციალური და ზოგადი პრევენციის მნიშვნელობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება).
12. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე. ხოლო, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე.
13. სააპელაციო სასამართლომ გ. მ–ს სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები - კერძოდ, ერთი მხრივ, ის გარემოება, რომ გ. მ–მა ჩაიდინა მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაული, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მიიმალა, ხოლო, მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ გამოცხადდა ბრალის აღიარებით, უდავო გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; ასევე - ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი და შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით.
13.1. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობები, საკასაციო სასამართლოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათის (მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაული), დანაშაულის ჩადენის გარემოებების (გ. მ–ი ავტომობილს მართავდა მართვის უფლების გარეშე), დანაშაულის ჩადენის შემდგომი ქცევის (მიიმალა შემთხვევის ადგილიდან), წარსული ცხოვრების (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გარეშე მართვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემდგომი ქცევა), დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციის და პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
14. სააპელაციო სასამართლომ მ. კ–ს აღიარებასთან ერთად გაითვალისწინა მისი ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრად შერაცხილი ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში), ჩადენილი ქმედების ხასიათი და ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ხანგრძლივობით, ხოლო საბოლოო სასჯელი განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
15. იმავდროულად, სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, მ. კ–სათვის დანიშნული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლის შესახებ, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლი აწესრიგებს პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმების ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება/შემცირების საკითხს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სწორედ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომლის თანახმად: თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის N562აპ-21 განაჩენი).
16. საკასაციო სასმაართლო ითვალისწინებს, რომ ვინაიდან მ. კ–მ მისთვის შერაცხული განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და წარმოდგენილი არ არის საპროცესო შეთანხმება, - საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო მოკლებულია მ. კ–ს მიმართ ხელახლა პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც გ. მ–სათვის, ასევე მ. კ–სათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
19. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
20. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების გ. მ–სა და მ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ჭ–ს საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე