საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.06.2024
საქმის ნომერი
2კ-348აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.06.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122005415307

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №348აპ-24 ქ. თბილისი

ც. ლ. 348აპ-24 20 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

ლ. ც–ს, - დაბადებულს 19..წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ლ. ც–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 13 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ..........ის ქუჩის N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ. ც–ს მეუღლეს, მ. მ–სს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ დანით ყელს გამოჭრიდა, რაც მ. მ–სმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ლ. ც–ს მხრიდან მეუღლის – მ. მ–სის მიმართ განხორციელებული მუქარა განპირობებული იყო გენდერის ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული მოპყრობით და გულისხმობდა ლ. ც–სს აღქმას, რომ საკუთრივ მისი გადასაწყვეტი იყო მ. მ–ი მასთან განაგრძობდა თუ არა თანაცხოვრებას;

2.2. 2021 წლის 13 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ..........ის ქუჩის N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ. ც–მ მეუღლეს, მ. მ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მარცხენა ხელის მუშტი ერთხელ დაარტყა სახის კერძოდ, ცხვირისა და მარჯვენა ლოყის არეში, რის შედეგადაც მ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ლ. ც–ს მხრიდან მეუღლის, მ. მ–ს მიმართ განხორცილებული ფიზიკური ძალადობა განპირობებული იყო გენდერის ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული მოპყრობით და გულისხმობდა ლ. ც–ს აღქმას, რომ საკუთრივ მისი გადასაწყვეტია მ. მ–ი მასთან განაგრძობდა თუ არა თანაცხოვრებას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ლ. ც–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული, თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით – 1 წლის გამოსაცდელი ვადით;

3.4. ლ. ც–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 14 დეკემბრიდან – 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით;

3.5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ. ც–ს დაეკისრა მოვალეობა – პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურმა თამთა გახარიამ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ ლ. ც–ს სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას ლ. ც–ს სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაუსაბუთებლობის გამო, ლ. ც–სს ბრალდებიდან ამოურიცხეს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ლ. ც–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

9.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს ლ. ც–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია - მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

10. კასატორის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

11. საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’, II-25). „სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობას. მაგალითად, არაპროპორციული, არათანაზომიერად მკაცრი სასჯელი ხელს უშლის, ზოგჯერ კი სრულად გამორიცხავს რესოციალიზაციას, შედეგად, ეწინააღმდეგება სასჯელით მისივე მიზნების, ფუნქციების განხორციელების, მიღწევის შესაძლებლობას“ ( იქვე, II-46).

13. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ლ. ც–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ლ. ც–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ლ. ც–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 თებერვლის განაჩენზე დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე