საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122006066627
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №68აპ-24 ქ. თბილისი
პ. ს. 68აპ-24 10 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ფ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. პ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
1.2. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული – საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. პ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. ს. პ–მ გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (ფუძე), საერთო წონით – 957,0748 გრამი, რომლიდანაც 21,4233 გრამს 2022 წლის 24 ივნისს, უკანონოდ ინახავდა პირადად, თ–ში, .........ის №..-ის მე-.. სადარბაზოს ტერიტორიაზე, რაც მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხოლო 1,5944 გრამი კოკაინი (ფუძე) ამოიღეს – თ–ში, ..........ის ქუჩის №..-ის მე-.. სადარბაზოში მე-.. სართულზე – ს. პ–ს მონაწილეობით ჩატარებული ამოღების შედეგად. ასევე, 2022 წლის 25 ივნისს, ს. პ–ს მის დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე – თ–ში, ქ–ს ქუჩის №.. კორპუსის №.. ბინაში, უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (ფუძე), საერთო წონით – 712,8541 გრამს, ხოლო თ–ში, ..........ის ქუჩის №..-ში მდებარე სასტუმრო შპს ,,ს–ა მ–ს’’ №..-ე საცხოვრებელ ოთახში ს. პ–ს უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (ფუძე), საერთო წონით – 221,203 გრამს, რომლებიც ამოიღეს მისი მონაწილეობით ჩატარებული საცხოვრებელი ბინისა და სასტუმროს ოთახის ჩხრეკის შედეგად.
2.2. ს. პ–მ შემდგომი გასაღების მიზნით დააფასოვა, გაანაწილა და თ–ში, .............ის ქუჩის№..-ის მე-.. სადარბაზოში, მე-.. სართულზე მდებარე ლოკაციაზე განათავსა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (ფუძე), 1,5944 გრამის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ს. პ–ს ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში მისი დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი ვინაიდან, 2022 წლის 24 ივნისს, მითითებული ნარკოტიკული საშუალება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს თ–ში, ..............ის ქუჩის №..-ის მე-.. სადარბაზოში მე-.. სართულზე მდებარე ლოკაციიდან ს. პ–სს მონაწილეობით ჩატარებული ამოღების შედეგად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენით ს. პ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
3.4. ს. პ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 25 ივნისიდან;
3.5. ს. პ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლის ვადით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. პ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. ფ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ს. პ–ს უდანაშაულოდ ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება; ს. პ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნტზე;
5.1. ს. პ–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.1.1. საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლთ.;
5.1.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
5.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
5.2. ს. პ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 25 ივნისიდან;
5.3. ს. პ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. პ–სს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. ფ–მა და მოთხოვა ს. პ–ს უდანაშაულოდ ცნობა.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ს. პ–ს სრულად გამართლებას.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ს. პ–ს უდანაშაულობის შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის, ს. პ–ს პირადი, სასტუმროს ოთახისა და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით, რომელიც სრულად ასახავს საგამოძიებო მოქმედების დაწყებისა და დასრულების პერიოდს, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების ოქმებით, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ს. პ–მ ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები.
9.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორის მტკიცებით ვიდეოჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები არათანმიმდევრული, ურთიერთსაწინააღმდეგო, არასანდო და არასარწმუნოა, თუმცა არ უთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც, არასანდო და არასარწმუნოდ მიაჩნია, მათ შორის, ვიდეოჩანაწერი.
9.1.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორმა მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ კასატორმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს, მათ შორის, რითი ასაბუთებს საკუთარ პოზიციას, მკაფიოდ მიუთითოს კონკრეტული არგუმენტებიც (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის განჩინება საქმეზე N1442აპ-23).
10. იმავდროულად, კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ მართალია დადგენილია და შესაბამისად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ პოლიციელებმა, ს. პ–ს დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა ჩხრეკისას იგი უთითებდა, რომ ნივთიერება მისი არ იყო და ამდენად, უტყუარად ვერ დასტურდება, რომ ისინი მსჯავრდებულს ეკუთვნოდა, - საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
10.1. ს. პ–ს პირადი ჩხრეკისას (2022 წლის 24 ივნისს), მისი ზურგჩანთიდან ამოიღეს, მათ შორის, მცირე ზომის შავი ხელჩანთა, რომელშიც აღმოჩდა ორი ცალი თეთრ იზოლენტაში შეხვეული შეკვრა, რომლის გახსნისას თითოეულში აღმოჩნდა ორ-ორ ცალ ზიპშესაკრავიან პაკეტში მოთავსებული, თეთრი ფხვნილისებრი ნივთიერება. ამავე ზურგჩანთაში, საღეჭი რეზინის სათავსო პლასტმასის ქილაში აღმოჩნდა რვა ცალი, შავ იზოლენტაში შეხვეული, ნივთიერება, რომელთა გახსნისას, თითოეულ შეხვევაში აღმოჩნდა ორ-ორ ზიპშესაკრავიანი პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოთეთრო ფხვნილისებრი ნივთიერება.
10.1.1. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერით, რომლის თანახმად, თარჯიმნის დახმარებით ს. პ–ს მიეცა წინადადება წარედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა დროსაც ს. პ–მ ზურგჩანთიდან თავად ამოიღო მცირე ზომის შავი ჩანთა, მასში მოთავსებული ორი ცალი თეთრ იზოლენტაში შეხვეული შეკვრა, რომლის გახსნისას თითოეულში აღმოჩნდა ორ-ორ ცალ ზიპშესაკრავიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ფხვნილისებრი ნივთიერება, ასევე საღეჭი რეზინის სათავსო პლასტმასის ქილა, რომელშიც აღმოჩნდა რვა ცალი შავ იზოლენტაში შეხვეული, ნივთიერება, რომელთა გახსნისას თითოეულ შეხვევაში აღმოჩნდა ორ-ორ ზიპშესაკრავიანი პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოთეთრო ფხვნილისებრი ნივთიერება (-00:42:57).
10.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის 2022 წლის 24 ივნისის ოქმისა და თანდართული ფოტოსურათების თანახმად, ს. პ–ს მონაწილეობით, ქ. თ–ში, ..............ის ქუჩის N..-ში, მე-2 სადარბაზოში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ს. პ–მ მიუთითა ამავე სადარბაზოს მე-.. სართულზე ინტერნეტის კაბელების დამცავ ხუფზე და განაცხადა, რომ მასში დადებული/შენახული ჰქონდა სარეალიზაციოდ გამზადებული, ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. ხუფის აწევისას მასში აღმოჩნდა შავი ფერის იზოლენტაში შეხვეული ნივთიერება.
10.2.1. არსებული პრაქტიკის თანახმად, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენას შეეხება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, 2016 წლის 30 დეკემბრის №424აპ-16 განაჩენი, 2022 წლის 1 აგვისტოს №572აპ-22 განჩინება).
10.3. სასტუმრო შპს ,,ს–ა მ–ს’’ N.. ოთახის ჩხრეკის 2022 წლის 24 ივნისის ოქმით დადგენილია, რომ ს. პ–ს მითითებით, სასტუმროს ოთახში განთავსებული კარადიდან ამოიღეს, მათ შორის, ზურგჩანთა, რომელშიც აღმოჩნდა ზიპშესაკრავიანი დიდი ზომის პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც, თავის მხრივ, აღმოჩნდა 3 სხვადასხვა ზომის, პოლიეთილენის პაკეტში შეფუთული, მოთეთრო ფხვნილისებრი ნივთიერება, 2 პლასტმასის კოვზი, ელექტროსასწორი, წებოვანი გამჭვირვალე ლენტის ხვეული, შავი იზოლენტის ხვეული და პოლიეთილენის პაკეტები; ამავე კარადის თაროდან ამოიღეს მოლურჯო ნაჭრის, მცირე ზომის თასმებიანი ტომარა, რომელშიც აღმოჩნდა 2 მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული მოთეთრო ფხვნილისებრი ნივთიერებით, ფოლგის ქაღალდი და პლასტმასის მცირე ზომის ცილინდრული ფორმის მილი.
10.3.1. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერის თანახმად, კითხვაზე, თუ სად ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, მსჯავრდებულმა მიანიშნა კარადაში მოთავსებულ ზურგჩანთაზე, ხოლო მასში აღმოჩენილ ფხვნილისებრი ნივთიერების შესახებ განმარტა, რომ, როგორც უთხრეს, იყო კოკაინი (-00:46:01).
10.4. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის 2022 წლის 25 ივნისის ოქმის თანახმად, ს. პ–მ ბინის მისაღებ ოთახში არსებული სამზარეულო კარადიდან ნებაყოფლობით წარადგინა პლასტმასის თავსახურიანი კონტეინერი, რომელშიც მოთავსებული იყო 3 გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტი, რომელთაგან ერთში მოთავსებული იყო – თეთრი ფხვიერი ნივთიერება, ხოლო პაკეტზე დამაგრებული იყო წითელი ფერის ქაღალდის შესაკრავი. დანარჩენი 2 პაკეტის კედლებზე აღინიშნებოდა თეთრი, ფხვიერი მასა (კვალი); იმავე კარადის ჩხრეკისას ამოიღეს გამჭვირვალე პოლიეთილენის, ჩამკეტიანი პაკეტი, მასში არსებული თეთრი ფხვიერი მასით; სამზარეულოს კარადის ზედაპირიდან – თეთრი ელექტრო სასწორი, მწვანე შიდა სათავსით; ბინის მისაღებ ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან – ვერცხლისფერი მეტალის სასწორი; სამზარეულოს კარადიდან – პოლიეთილენის გამჭვირვალე, გამოყენებული ჩამკეტიანი პაკეტები, ასევე შედარებით დიდი ზომის, შავი და გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტები; ტახტის ქვედა უჯრიდან 3 გამოუყენებელი პოლიეთილენის პარკების შეკვრა ხვეულად; მისაღები ოთახიდან – ჩამკეტიანი პაკეტების შეკვრა; ასევე საძინებელი ოთახიდან ამოიღეს შავი ზურგჩანთა, რომლის შიდა და გარე სარჩულებს შორის ნანახი და ამოღებული იქნა შავი და გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტის შეკვრა, რომელიც შეკრული იყო წებოვანი ლენტით და რომელშიც მოთავსებული იყო გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც, თავის მხრივ, მოთავსებული იყო თეთრი ფხვიერი მასა.
10.4.1. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერის თანახმად, საძინებელ ოთახში აღმოჩენილ შავ ზურგჩანთაზე, რომელშიც აღმოჩნდა თეთრი ფხვიერი მასა, მსჯავრდებულმა განმარტა, რომ მას არ ეკუთვნის, იგი კონკრეტულ მისამართზე დაუტოვეს და უთხრეს (უთხრა იმან, ვისთანაც ჰქონდა მიმოწერა), რომ ზურგჩანთიდან აეღო მისთვის განკუთვნილი ნივთი (პატარა ჩანთა), ხოლო თავად ზურგჩანთა შეენახა, სანამ მოგვიანებით არ ეტყოდნენ, ვისთვის უნდა გადაეცა (-00:16:52) თუმცა იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო მოქმედების დაწყებისას, კითხვაზე, აქვს თუ არა ბინაში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, – მსჯავრდებულმა მიუთითა ბინის მისაღებ ოთახში არსებულ სამზარეულო კარადაში მოთავსებულ პლასტმასის თავსახურიან კონტეინერზე, რომელშიც აღმოჩნდა 3 გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტი, მათ შორის, ერთში მოთავსებული იყო თეთრი ფხვიერი ნივთიერება, ხოლო დანარჩენი ორი პაკეტის კედლებს აღენიშნებოდა თეთრი ფხვიერი ნივთიერება (-00:15:26).
10.5. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2023 წლის 9 თებერვლის №.......... დასკვნას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვარაუდს, ამოღებული ნივთების დალუქვისას დნმ-ის შესაძლო გადატანის თაობაზე. კერძოდ, აღნიშნული დასკვნის (უდავო მტკიცებულება) თანახმად:
- პაკეტში, წარწერით: ,,... შესაფუთი მასალა, სასწორები, კოვზები...’’, მოთავსებულ სხვადასხვა შესაფუთი მასალის ნაწილზე (ობ................), კოვზებსა (ობ.N............) და ორ ცალ სასწორზე (ობ.N....და ობ. N..) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა. ობ.N..................-ის გენეტიკური პროფილი და ობ.N..............................-ის შერეული პროფილების ერთი წილი ეკუთვნის ს. პ–სს (ობ.N...). ობ.N..-ს შერეული პროფილი და ობ.N..................-ის პროფილების მეორე წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
- პაკეტში, წარწერით: ,,... ობ. 1-3. შესაფუთი მასალა...’’, მოთავსებულ სხვადასხვა შესაფუთი მასალის ნაწილსა (ობ.N..........) და მოთეთრო ფერის კონტეინერზე (ობ.N...) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა. ობ.N.............-ის გენეტიკური პროფილი და ობ.N....-ის შერეული პროფილების ერთი წილი ეკუთვნის ს. პ–სს (ობ.N...). ობ.N...-ის პროფილების მეორე წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ს. პ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში.
12. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო პოლიციელების ჩვენებების გარდა, ასევე ითვალისწინებს, რომ:
12.1. ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2022 წლის 4 ივლისის ოქმისა და თანდართული ფოტოსურათების თანახმად, ს. პ–სს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონიდან გამოითხოვეს ინფორმაცია. კერძოდ, ,,iPhone 6-ის’’ მოდელის მობილური ტელეფონში ნანახი იქნა სხვადასხვა ფოტოსურათები, რომელთაგან ბოლო გადაღებულია კორპუსის სადარბაზოში და დათარიღებულია – 2022 წლის 24 ივნისით, ხოლო გადაღების დროდ დაფიქსირებულია – 20:19 საათი. ფოტოსურათზე დატანილია ისარი, რომელიც მიუთითებს სადარბაზოში არსებულ კონკრეტულ ლოკაციას. ამავე მობილურში ნანახი იქნა სხვადასხვა ლოკაციების ამსახველი ფოტოსურათები, რომელთაგან ნაწილზე გაკეთებულია ისარი, ხოლო ნაწილზე – ლათინური ასოებით მითითებულია მისამართები.
12.2. საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების 2022 წლის 24 ივნისის ოქმებითა და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ სწორედ ს. პ–მ მიუთითა სადარბაზოს მე-2 სართულისაკენ ასასვლელ კიბეზე, ინტერნეტის კაბელების დამცავ ხუფზე და განაცხადა, რომ მასში დადებული/შენახული ჰქონდა სარეალიზაციოდ გამზადებული, ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება – კოკაინი. ხუფის აწევისას მასში მართლაც აღმოჩნდა შავი იზოლენტაში შეხვეული ნივთიერება, რომლიც, ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, არის ნარკოტიკული საშუალება – კოკაინი (ფუძე).
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ს. პ–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციას – სხვადასხვა ლოკაციის ამსახველი ფოტოსურათების, მათ შორის, განსახილველი საქმის ფარგლებში საგამოძიებო ექსპერიმენტისას მის მიერ მითითებული ლოკაციის ამსახველი ფოტოსურათის და აღნიშნული ადგილიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღებას.
14. იმავდროულად, ს. პ–ს ქმედების გასაჩივრებული განაჩენით დადგენილ კვალიფიკაციასთან (საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი) დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილი არ არის ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით (საკასაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია) საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობაზე და ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციის სისწორეზე.
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“(იხ. Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan, cited above, par.22; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ფ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე