საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.08.2024
საქმის ნომერი
2კ-431აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.08.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N190100121005215464

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №431აპ.-24 5 აგვისტო, 2024 წელი

კ–ე მ. №431აპ.-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის, ასევე მსჯავრდებულ მ. კ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. კ–ე (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (2021 წლის 20 აგვისტოს და 2021 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდები)) და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა მ. კ–მ, 2021 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 14:40 საათიდან – 15:10 საათამდე დროის შუალედში, ქალაქ თ–ში, ფ–ში მდებარე, ე.წ. „........ში“, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ლ. მ–ზე უკანონოდ გაასაღა, ასევე უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით – 0,286 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2020 წლის 28 თებერვლის, განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა, მ. კ–მ, 2021 წლის 22 აგვისტოს, 12:30 საათიდან – 13:00 საათამდე დროის შუალედში, ქალაქ თ–ში, ფ–ში მდებარე ჭალასთან, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ლ. მ–იზე უკანონოდ გაასაღა, ასევე, უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით – 0,341 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2020 წლის 28 თებერვლის, N1-187-20 განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი მ. კ–სე, რომელსაც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2021 წლის 19, 21 და 22 აგვისტოს, შუადღის საათებში, .....ის დასახლების საავტომობილო გზაზე მართავდა ლ. პ-ს კუთვნილ ავტომანქანა – „ტოიოტა აქვა“-ს (Toyota Aqua; სახელმწიფო ნომრით – .......).

1.2. ო. ზ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (2021 წლის 19 აგვისტოს, 27 აგვისტოსა და 31 აგვისტოს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა, ო. ზ–იმა, 2021 წლის 19 აგვისტოს, 16:00 საათიდან – 16:30 საათამდე დროის შუალედში, ქალაქ რ–ში, .......ის მიმდებარედ არსებული ჭ–ს ტერიტორიაზე, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ლ. მ–იზე უკანონოდ გაასაღა, ასევე, უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,1320 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა, ო. ზ–იმა, 2021 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათიდან – 15:10 საათამდე დროის შუალედში, ქალაქ რ–ში, შ–ს ქუჩა N...-ში მდებარე სახლში, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ლ. მ–ზე უკანონოდ გაასაღა, ასევე, უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,068 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა, ო. ზ–მა, 2021 წლის 31 აგვისტოს, 19:00 საათიდან – 19:20 საათამდე დროის შუალედში, ქალაქ რ–ში, შ–ს ქუჩა N.-ში მდებარე სახლში, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ლ. მ–იზე უკანონოდ გაასაღა, ასევე, უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,0706 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მ. კ–ს მიმართ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღება. ამ ეპიზოდებში მან, წინათ ჩადენილი ჰქონდა რა საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვა ჩადენილი დიდი ოდენობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

2.2. ო. ზ–იის მიმართ კი, 2021 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდში დაადგინა, რომ მას არ ჩაუდენია ნარკოტიკული საშუალების გასაღება, არამედ ჯგუფურად შეიძინა იგი.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის განაჩენით, მ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე.

მ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით.

მ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე.

მ. კ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით.

მ. კ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი – ჯარიმა 3000 ლარი და საბოლოოდ, მ. კ–ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით და ჯარიმა 3000 ლარი.

მ. კ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად: 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 15 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ო. ზ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე.

ო. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით.

ო. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით.

ო. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ო. ზ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი – ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. ზ–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით.

ო. ზ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად: 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 20 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ორივე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით.

2.5. ო. ზ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. გ–სმა სააპელაციო საჩივარით ითხოვა მსჯავრდებულის გამართლება.

2.6. განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. გ–სემ და ითხოვა მსჯავრდებულ მ. კ–ს გამართლება ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ორივე ეპიზოდში.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენით, ო. ზ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. გ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება.

მ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე.

მ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით.

მ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე.

მ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით.

მ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით მ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, სრულად დაემატა წინა – 2020 წლის 28 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი – ჯარიმა 3000 ლარი და საბოლოოდ, მ. კ–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით და ჯარიმა 3000 ლარი.

მ. კ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად: 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 15 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ო. ზ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ო. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

ო. ზ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ო. ზ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

ო. ზ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ო. ზ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. ზ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

ო. ზ–ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად: 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 15 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3.2. 2023 წლის 18 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მ. კ–ს და ო. ზ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა.

3.3. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. კ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. გ–მ და მოითხოვეს მ. კ–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით წარდგენილი ყველა ბრალდებით გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.4. მსჯავრდებულ ო. ზ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. გ–მა წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარის პოზიციით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ო. ზ–ს და მ. კ–ს მიერ, როგორც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის, ასევე მათი გასაღების ფაქტი. აღნიშნულს ადასტურებს ლ. მ–ს ჩვენება, მასთან ჩატარებული ამოღების ოქმები, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები და კრეფსები, ფონოსკოპური და ჰაბისტოსკოპური ექსპერტიზის დასკვნები. ამასთან, სააპელაციო სასამართლო განაჩენში, მიუთითებს, რომ არ არსებობს პოლიციელთა ქმედებებში ეჭვის შეტანის საფუძველი და ადგილი არ ჰქონია დანაშაულის პროვოკაციას. სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ო. ზ–მა და მ. კ–მ ნამდვილად შეიძინეს ნარკოტიკული საშუალებები, რაც ფულადი თანხის სანაცვლოდ გადასცეს ლ. მ–ის, თუმცა აღნიშნულ ქმედებებს არ მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების გასაღებად.

4.2. მსჯავრდებულ მ. კ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ–ს პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, რადგან მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია. მ. კ–ს ჩადენილი არ აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. სახეზეა დანაშაულის პროვოცირების ფაქტი. ამასთან, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დააყრდნო დაინტერესებული პირის ჩვენებას. საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა. რეალურად სახეზეა უკიდურესი აუცილებლობა, როდესაც ნარკოდამოკიდებულების გაუსაძლისი მდგომარეობიდან გამომდინარე სახეზეა ნარკოტიკის მოხმარება, რაც ქმედების მართლზომიერებას აპირობებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მანამდე არსებული პრაქტიკისგან და ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალს, შესაბამისად, დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმის პრობლემტურობიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს მისი კომპეტენცია და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3041-ე მუხლის საფუძველზე, საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად უნდა მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთის მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო, მეორეს მხრივ, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ იქნა მიჩნეული მ. კ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი – ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის (2021 წლის 20 და 22 აგვისტოს ეპიზოდები) ფაქტები, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, დამაჯერებელი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

5.3. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მ. კ–ს მიმართ მსჯავრდების დასადასტურებლად სასამართლოში წარმოდგენილია არაერთი პირდაპირ ხასიათის მტკიცებულება, რითაც დასტურდება მ. კ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა. კერძოდ, ლ. მ–ს 2021 წლის 18 აგვისტოს განცხადება, 2021 წლის 20 და 22 აგვისტოს ამოღების ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის N........და N.........დასკვნები, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N.... დასკვნა, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N...დასკვნა, მოწმეების: ლ. მ–ს, ა. ჩ–ს, ა. გ–ს, დ. ჭ–ს, ს. ს–ს, გ. ა–ი, კ. ლ–ი, ვ. ნ–ის ჩვენებები ქმნიან იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად (2021 წლის 20 და 22 აგვისტოს ეპიზოდები). 2021 წლის 20 აგვისტოს, ლ. მ–ს მიერ, მ. კ–სთან ერთად შეძენილი და გამოძიების მიერ მ–საგან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს 0,286 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. 2021 წლის 22 აგვისტოს, ლ. მ–ს მიერ, მ. კ–სთან ერთად შეძენილი და გამოძიების მიერ მ–საგან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს 0,341 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს.

5.4. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული უფლების განხორციელება საკასაციო პალატის პრეროგატივაა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას შეეხება - რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა.

5.5. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნას მ. კ–ს და ო. ზ–ს ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში მსჯავრდების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს და არ ეთანხმება ბრალდების მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ. კ–სის და ო. ზ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი დასტურდება საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ. კ–მ 2021 წლის 20 აგვისტოს და 22 აგვისტოს, ლ. მ–თან ერთად გაინაწილა როლები და ამ უკანასკნელის თანხით ერთობლივად შეიძინეს, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

5.8. რაც შეეხება ო. ზ–ს, 2021 წლის 19 აგვისტოს, 27 აგვისტოსა და 31 აგვისტოს, მან, ლ. მ–მა და სხვა პირებმა გაინაწილეს როლები, შეკრიბეს თანხა და ერთობლივად შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება. შენაძენის განაწილების შედეგად, ლ. მ–ს შეხვდა, მის მიერ შეტანილი თანხის პროპორციული წილი, რაც: 2021 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდში წარმოადგენს 0,1320 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს; 2021 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდში - 0,068 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, ხოლო 2021 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდში - 0,0706 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს.

5.9. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი ნეიტრალური მტკიცებულებით დადგენილ გარემოებებს, როგორიც არის საკონტროლო შესყიდვის ფარული ვიდეოჩაწერი და სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების ჩანაწერები, რომელთა შინაარსი ცხადყოფს, რომ თითოეულ ამ პროცესში მონაწილეობს არაერთი პირი. ყველა მათგანის მოქმედება განპირობებულია სწორედ ნარკოტიკული საშუალების შეძენის სურვილით და ყველას ამოძრავებს მისი დაუფლების მიზანი. შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ნაწილი ხვდება ლ. მ–ის, რომელსაც იგი შემდგომ გადასცემს გამოძიებას. ამასთან, ამ საგამოძიებო მოქმედებების შინაარსი არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს ფლობდნენ უშუალოდ მ. კ–ე ან ო. ზ–ი და მათგან უნდა შეეძინა იგი ლ. მ–ს, მით უმეტეს არ იკვეთება მსჯავრდებულების ანგარებითი მოტივი.

5.10. აღნიშნული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რომელმაც ერთხელ უკვე განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას (2023 წლის 26 აპრილის განაჩენი საქმეზე №844აპ-22).

5.11. ამდენად, საკასაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გაცხადებული ეჭვები და ვარაუდები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტა მსჯავრდებულების სასარგებლოდ.

5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 20 და 22 აგვისტოს ეპიზოდები) და ო. ზ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 19, 27 და 31 აგვისტოს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. კ–ს და ო. ზ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ჩადენის ფაქტები.

5.14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის, ასევე მსჯავრდებულ მ. კ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე