საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.09.2024
საქმის ნომერი
2კ-682აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123006743204

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №682აპ-24 ქ. თბილისი

ო. ლ., 682აპ-24 19 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ვახტანგ ცალუღელაშვილისა და მსჯავრდებულ ლ. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ლ. ო–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2021 წლის 18 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2022 წლის 14 ივლისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის მქონე ლ. ო–მა:

2.1. 2022 წლის 26 ოქტომბერს, ქ. რ–ში, მ–ს გამზირზე, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - 0,0112 გრამი ,,ჰეროინის“ 0,00027 გრამი ,,ამფეტამინისა“ და 0,00018 გრამი ,,მეტამფეტამინის“ (ფუძე) შემცველი ნივთიერება - უკანონოდ გაასაღა მ. გ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

2.2. 2022 წლის 27 ოქტომბერს, ქ. რ–ში, შ–ს გამზირზე, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - 0,0138 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება - უკანონოდ გაასაღა მ. გ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

2.3. 2022 წლის 28 ოქტომბერს, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონში, ნაკვეთი N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - 0,056 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება - უკანონოდ გაასაღა მ. გ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის განაჩენით:

3.1. ლ. ო–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

3.2. ლ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 წლით (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით) და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ასევე სრულად შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი ჯარიმა (გადაუხდელი ნაწილი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ლ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. ლ. ო–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 13 დეკემბრიდან;

3.5. ლ. ო–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 10 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

4. სასამართლომ დაადგინა:

4.1. 2021 წლის 18 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2022 წლის 14 ივლისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის მქონე ლ. ო–ი, 2022 წლის 28 ოქტომბერს, უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება - 0,056 გრამ „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას;

4.2. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ლ. ო–ს მიერ 2022 წლის 26 ოქტომბერს და 27 ოქტომბერს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების გასაღება. ასევე, 2022 წლის 28 ოქტომბერს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

5.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა მოითხოვა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში და ლ. ო–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით და კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა;

5.2. მსჯავრდებულ ლ. ო–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ლ. ო–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობა.

5.3. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ლ. ო–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–მა და მოითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმება და ლ. ო–ს უდანაშაულოდ ცნობა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

7.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი ითხოვს ცვლილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში, ლ. ო–ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრას;

7.2. მსჯავრდებულ ლ. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. გ–ი ითხოვს ლ. ო–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვისა და ბრალდების მხარეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების/ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. ო–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა არგუმენტზე.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ლ. ო–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 26 ოქტომბრის და 2022 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. ო–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 26 ოქტომბრის და 2022 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის სამტკიცებლად ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ მოწმე მ. გ–ს ჩვენება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურებს ლ. ო–ს მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენას.

14. ლ. ო–სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ. ო–ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების განზრახვა, ვინაიდან, 2022 წლის 28 ოქტომბრის 15:26:20-15:29:15 საათამდე პერიოდში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით დგინდება, რომ ლ. ო–ი და მ. გ–ე მოქმედებენ საერთო განზრახვით, რათა შეეძინათ ნარკოტიკული საშუალება (ავტომობილში ლ. ო–ი ეუბნება მ. გ–ს, რომ ,,მანქანაშია გამოართმევს და მისცემს“, რა დროსაც ართმევს ფულს, შემდეგ როცა ლ–ი ო–ი აღებს კარს და საჭესთან მჯდომს აწვდის სიგარეტის კოლოფს მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებით, მ. გ–ე ეკითხება - ,,ჩემიც და შენიც ხო?“, რაზეც ლ. ო–ი პასუხობს, რომ ,,შენი არის სუ მანდ“), შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას კი ერთმანეთში ინაწილებენ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ ლ. ო–ი წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს (რაც დასტურდება ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) და მოწმე დ. ო–ს (ლ. ო–ს მამა) ჩვენებას, რომელმაც მიუთითა, რომ როდესაც ვინმე მ–ა ურეკავდა ლ. ო–ს, ლ–ი გადიოდა რაღაც პერიოდი, ხოლო დაბრუნების შემდეგ მის შვილს ატყობდა, რომ იყო რაღაცის ზემოქმედების ქვეშ.

15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით ადასტურებენ ლ. ო–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 26 ოქტომბრის და 2022 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე კასატორი დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ. ო–ს მიერ დანაშაულის – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის – ჩადენა და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეთა: მ. გ–ს, დ. გ–ს, თ. კ–ს, ნ. ბ–ს, დ. თ–ს, ი. თ–ს, პ. წ–ს ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების აუდიო/ვიდეო ჩანაწერით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნით, ჰაბიდოსკოპიური და ფოტოვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის N....... დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის N..........დასკვნით, ბიოლოგიური(გენეტიკური) ექსპერტიზის N......... დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ. ო–მა ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები.

17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და ითვალისწინებს, რომ მოწმე მ. გ–ს ჩვენება თანხვედრაშია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებთან (რომელსაც ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება). სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ლ. ო–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 2022 წლის 28 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად საქართველოს შსს თანამშრომლებმა ამოიღეს მ. გ–საგან, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ქიმიური ექსპერტიზის N.......... დასკვნით წარმოადგენს – 0,056 გრამ „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას;

18. სასამართლო ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად ასევე ითვალისწინებს, ჰაბიდოსკოპიური და ფოტოვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის N........ დასკვნას (რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამას სახელწოდებით „..“ არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები; ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებებით „..“ ამოღებულ ფოტოსურათებზე 5-6 დაფიქსირებული გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება იდენტიფიკიციისათვის ვარგისია. ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით ,,..“ ამოღებულ ფოტოსურათებზე და საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიდოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ ........ წელს დაბადებულ ლ–ი დ–ს ძე ო–ს (პ/ნ .........) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე მოთავსებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება) და დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარე კასატორის პოზიციას ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი აუდიო/ვიდეო ჩანაწერის მონტაჟთან დაკავშირებით.

19. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N.......... დასკვნას (პაკეტში, წარწერით: „...ამოღებული სიგარეტის კოლოფი...“ მოთავსებულ სიგარეტის კოლოფის გარე ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N.) გენეტიკური პროფილი და შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N.) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ–ი ო–ს (ობ. N..; კოლოფი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში... ლ–ი დ–ს ძე ო–ს...")), რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება ამოღებული ნარკოტიკული საშუალების კუთვნილება ლ. ო–სისადმი.

20. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს სასამართლო დაცვის მხარე კასატორის პოზიციას მტკიცებულებათა მოპოვებისას საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სამართალწარმოებისას საქართველოს სსსკ-ის ისეთი დარღვევის არსებობას, რასაც შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მ. გ–ს მხრიდან არ იკვეთება ლ. ო–ს მიმართ დაინტერესება; არც დაცვის მხარეს მიუთითებია რაიმე საფუძველი, თუ რა მიზეზით უნდა მიეცა მ. გ–ს ლ. ო–ს მამხილებელი ცრუ ჩვენება.

21. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ. ო–ს უდანაშაულობის შესახებ. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ. ო–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011), არამედ გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, ECtHR, 21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, ECtHR, 21/07/2015), გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილული იქნა საქმის არსებითი საკითხები”(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no. 35839/11, §65, 66, ECtHR, 27/02/2020). ამასთან, იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no. 35839/11, §69, ECtHR, 27/02/2020).

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

24. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ვახტანგ ცალუღელაშვილისა და მსჯავრდებულ ლ. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. გ–ს საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი