საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.09.2024
საქმის ნომერი
2კ-896აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 150100123007500884

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №896აპ-24 25 სექტემბერი, 2024 წელი

ე–ი ს., №896აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ – გიორგი ორჯონიკიძის, მსჯავრდებულ ს. ე–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ა–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. ე–ი (პირადი ნომერი: ............ ) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. ს. ე–მა, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის საფუძველზე, ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2023 წლის 15 მაისს დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ნ–ში, რ–ს ქ. №..-ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მშობლებს – მ. და გ. ე–ებს. კერძოდ, ს. ე–მა მ. ე–ს და გ. ე–ს თავები მიარტყმევინა ერთმენთზე, რის გამოც ხსენებული პირები წაიქცნენ. ამის შემდეგ ს. ე–მა, როგორც გ. ე–ს, ისე მ. ე–ს ფეხი ჩაარტყა რამდენიმეჯერ ფეხის არეში. ს. ე–ის ზემოხსენებული ქმედებების შედეგად მ. და გ. ე–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

1.3. ს. ე–მა, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის საფუძველზე, ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2023 წლის 15 მაისს დაახლოებით 21:30 საათზე, მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, მშობლებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, მ. და გ. ე–ები გააგდო სახლიდან და დაემუქრა, რომ თუ სახლში დაბრუნდებოდნენ აუცილებლად მოკლავდა მათ. მ. და გ. ე–ებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დახმარებისათვის სამართალდამცავ ორგანოს მიმართეს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ დადასტურდა, ს. ე–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

2.2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განაჩენით ს. ე–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებებით.

2.3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელმაც მოითხოვა ს. ე–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენით ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ს. ე–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით.

ს. ე–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ე–მა, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის საფუძველზე, ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2023 წლის 15 მაისს დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ნ–ში, რ–ს ქ. №..-ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, მშობლები – მ. და გ. ე–ები გააგდო სახლიდან და დაემუქრა, რომ თუ სახლში დაბრუნდებოდნენ აუცილებლად მოკლავდა მათ. მ.და გ. ე–ებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დახმარებისათვის სამართალდამცავ ორგანოს მიმართეს.

3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელმაც მოითხოვა ს. ე–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა.

3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით, ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს. ე–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. ა–მ. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრებით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორის, ბრალდების მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებით ს. ე–ს გამართლების ნაწილში უკანონოა. დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებით, როგორიცაა დანაშაულის შესახებ N.......... შეტყობინება, დასტურდება, რომ 2023 წლის 15 მაისს დაზარალებულმა მ. ე–მა დარეკა „112-ში“ და ითხოვა პოლიციის დახმარება, რადგან მისი შვილი იყო ნასვამი და მოკლავდა მას. ასევე, მოწმეების: გ. შ–ს, ა. ღ–ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ მ. და გ. ე–ები იმდენად იყვნენ შეშინებულები, მათი თანხლებითაც კი ვერ ბედავდნენ სახლში შესვლას, ასევე დაზარალებულთა მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებებიდან დგინდება, რომ დაზარალებულებმა დაადასტურეს მათ მიმართ ს. ე–ს მხრიდან ფიზიკური ძალადობისა და აღნიშნულის საფუძველზე ტკივილის განცდის ფაქტი, თუმცა იმ მოტივით, რომ მათ სხეულის დაზიანება არ მიუღიათ, უარი განაცხადეს ხსენებული ექსპერტიზის ჩატარებაზე. ამასთან, საყურადღებოა დაზარალებულებთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რა დროსაც მათ დაადასტურეს ს. ე–ს მხრიდან მათზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტები და მიუთითეს ადგილებზე, სადაც აღნიშნული განხორციელდა.

4.2. დაცვის მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და გამოიტანა არასწორი სამართლებრივი დასკვნები. დაზარალებულებმა ისარგებლეს მათი უფლებით არ მიეცათ ჩვენება, ასევე არ აქვთ პრეტენზია. სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს დაეყრდნო მხოლოდ ირიბ ჩვენებებს. ასევე სასამართლომ, სასჯელის დანიშვნის დროს არ გაიზიარა ს. ე–ს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. ე–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გამართლების თაობაზე, ასევე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ს. ე–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებების შინაარსზე, კერძოდ: მოწმეების – გ. შ–ს, ა. ღ–ს გამოკითხვის ოქმებზე, დანაშაულის შესახებ N...... შეტყობინებაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები მიემართება მუქარის ეპიზოდს, რომელშიც სააპელაციო სასამართლომ გაამტყუნა ს. ე–ი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ს. ე–ს მხრიდან დაზარალებულებზე ფიზიკური ძალადობისა და ამ ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტს წარმოდგენილი არ არის. თავად დაზარალებულებმა კი გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

5.5. პალატა აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვლინდება დანაშაულის ან მისი შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.6. რაც შეეხება დაზარალებულების მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: 1) ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2) საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.

5.7. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულებთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით. გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, არ ამოღებულა იმგვარი ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა შეეძინა ბრალადწარდგენილი ქმედებების დადასტურების თვალსაზრისით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა უარი განაცხადეს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რომელიც თავისი შინაარსით უტოლდება ჩვენების ადგილზე შემოწმებას, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენენ, სწორედ ის პირები (დაზარალებულები), რომლებმაც სასამართლოში შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

5.8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ს. ე–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ს. ე–ს სასარგებლოდ. ამასთან, ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რომელთა გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ს. ე–ს მიმართ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.

5.9. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს - ს. ე–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების თაობაზე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვინაიდან დაზარალებულებმა უარი განაცხადეს შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები და განაჩენი ემყარება ვარაუდებს. მართალია, დაზარალებულებმა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება შვილის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ს. ე–ს ბრალეულობას მუქარის ეპიზოდში.

5.11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ კანონით მინიჭებული ზემოხსენებული უფლებით სარგებლობის პირობებში სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს. აღნიშნული დასკვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ, 2020 წლის 13 თებერვლის N766აპ-19 განჩინებაში სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან უფლების რეალიზება არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე (მაგ. გამოკითხვის ოქმში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას და არ ადასტურებს დანაშაულებრივი ქმედების არარსებობას... ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.

5.12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება საააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით – მოწმეთა გამოკითხვის ოქმებითა და დანაშაულის შესახებ N....... შეტყობინებით უტყუარად დასტურდება, რომ 2023 წლის 15 მაისს დაზარალებულმა მ. ე–მა დარეკა „112-ში“ და ითხოვა პოლიციის დახმარება, რადგან მისი შვილი იყო ნასვამი და მოკლავდა მას, ხოლო სამართალდამცავთა გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც მალევე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე დასტურდება, რომ მ. და გ. ე–ები იმდენად იყვნენ შეშინებულნი, რომ პოლიციელების თანხლებითაც კი ვერ ბედავდნენ სახლში შესვლას. მართალია, აღნიშნული მტკიცებულებები დაზარალებულების მიმართ ძალადობის ფაქტების დასადასტურებლად ან უარსაყოფად ვერ გამოდგება, რადგან არის ირიბი - ემყარება სწორედ დაზარალებულის მონათხრობს, თუმცა შეტყობინებასთან ერთად, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტთან და ამ ყველაფრის შედეგად მსხვერპლთა მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან მიმართებით - არის პირდაპირი ხასიათის, რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

5.13. ამდენად, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.16. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ – გიორგი ორჯონიკიძის, მსჯავრდებულ ს. ე–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ა–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე