საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.09.2024
საქმის ნომერი
2კ-954აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123007756881

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №954აპ-24 ქ. თბილისი

ი. გ.954აპ-24 24 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: გ. ი–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. გამოძიებით დაუდგენელ დროს, გ. ი–მა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თ–ში, ვ–ს მე-.. მიკრო/რაიონის, ... კვარტალში, მე-..კორპუსის, ბინა №..-ში უკანონოდ დათესა და მოიყვანა და შემდეგში კულტივირებას უკეთებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2460 გრამ ნარკოტიკული საშუალების შემცველ კანაფის 8 ძირ მცენარეს. აღნიშნული მცენარეები 2023 წლის 23 მაისს ამოიღეს ქ. თ–ში, ვ–ს მე–.. მიკრო/რაიონის, .. კვარტალში, მე–... კორპუსის, №.. ბინაში ჩატარებული გ. ი–ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს;

2.2. გამოძიებით დაუდგენელ დროს, გ. ი–მა უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით 527,80 გრამი „ნედლი მარიხუანა“, რომელიც ასევე უკანონოდ შეინახა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თ–ში, ვ–ს მე–.. მიკრო/რაიონის, .. კვარტალში, მე–... კორპუსის, №.. ბინაში. აღნიშნული „ნედლი მარიხუანა“ 2023 წლის 23 მაისს ამოიღეს ქ. თ–ში, ქ. თ–ში, ვ–ს მე-..მიკრო/რაიონის, .. კვარტალში, მე-.. კორპუსის, №.. ჩატარებული გ. ი–ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს;

2.3. 2023 წლის 6 მარტს ცივი იარაღის ტარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული გ. ი–სი, 2023 წლის 22 მაისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თ–ში, .........ის გამზირის №..-ში განთავსებული ჰიპერმარკეტ „გ–ს“ მიმდებარედ, ატარებდა ცივ იარაღს - დანას;

2.4. 2023 წლის 22 მაისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თ–ში, .........ს გამზირის №..-ში განთავსებული ჰიპერმარკეტ „გ–ს“ მიმდებარედ, უმნიშვნელო მიზეზის გამო, ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მოკვლის მიზნით, გ. ი–მა ხელთარსებული დანით მუცლის ღრუში სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა შ. კ–ს. მიყენებული დაზიანების შედეგად შ. კ–ი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო გ. ი–ი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მიიმალა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. გ. ი–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე;

3.2. გ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით; საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2.2. საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2.3. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2.4. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშულთა ერთობლიობით, გ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. გ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 23 მაისიდან;

3.5. გ. ი–ს დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვრა შპს ,,აკად. .........ის სახელობის ......... ცენტრში‘‘ (..........) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით;

3.6. გ. ი–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. სასამართლომ დაადგინა:

4.1. გამოძიებით დაუდგენელ დროს, გ. ი–მა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თ–ში, ვ–ს მე-.. მიკრო/რაიონში, .. კვარტლის, მე-.. კორპუსის, ბინა №..-ში უკანონოდ დათესა და მოიყვანა და შემდეგში კულტივირებას უკეთებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2460 გრამ ნარკოტიკული საშუალების შემცველ კანაფის 8 ძირ მცენარეს. აღნიშნული მცენარეები 2023 წლის 23 მაისს ამოიღეს ქ. თ–ში, ვ–ს მე-..მიკრო/რაიონის, .. კვარტალში, მე-.. კორპუსის, №..–ში ჩატარებული გ. ი–ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს;

4.2. გამოძიებით დაუდგენელ დროს, გ. ი–სმა უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით 527,80 გრამი „ნედლი მარიხუანა“, რომელიც ასევე უკანონოდ შეინახა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თ–ში, ვ–ს მე-..მიკრო/რაიონის, .. კვარტალში, მე-.. კორპუსის, №.. ში. აღნიშნული „ნედლი მარიხუანა“ 2023 წლის 23 მაისს ამოიღეს ქ. თ–ში, ვ–ს მე-..მიკრო/რაიონის, .. კვარტალში, მე-.. კორპუსის, №..ში ჩატარებული გ. ი–ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს;

4.3. 2023 წლის 6 მარტს ცივი იარაღის ტარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული გ. ი–სი, 2023 წლის 22 მაისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თ–ში, .......ის გამზირი №..-ში განთავსებული ჰიპერმარკეტ „გ–ს“ მიმდებარედ, ატარებდა ცივ იარაღს - დანას;

4.4. 2023 წლის 22 მაისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თ–ში, ......ის გამზირის №..-ში განთავსებული ჰიპერმარკეტ „გ–ს“ მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით გ. ი–მა ხელთარსებული დანით მუცლის ღრუში სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა შ. კ–ს. მიყენებული დაზიანების შედეგად შ. კ–ი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო გ. ი–ი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მიიმალა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა, რომელიც ითხოვს ცვლილებას განაჩენში, გ. ი–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებას; გ. ი–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სანქციის ფარგლებში მაქსიმალური სასჯელის თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა, რომელიც ითხოვს გ. ი–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებას. გ. ი–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სანქციის ფარგლებში მაქსიმალური სასჯელის თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრას.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

9.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ მსჯავრდებულმა გ. ი–მა განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთარსებული დანით მუცლის ღრუში სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა შ. კ–ს. მიყენებული დაზიანების შედეგად შ. კ–ი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო გ. ი–ი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მიიმალა. მხარეთა შორის დავის საგანია გ. ი–მა შ. კ–ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა ხულიგნური ქვენაგრძნობით თუ შურისძიების მოტივით, ანუ გ. ი–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული თუ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

9.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ასევე გ. ი–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მოცემული დანაშაულებისათვის განსაზღვრული სასჯელის სამართლიანობა.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ. ი–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის – განზრახ მკვლელობის, ხულიგნური ქვენაგრძნობით – ჩადენა და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ი–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. ი–ს შ. კ–ს მკვლელობის განზრახვა წარმოეშვა სოციალურ ქსელში მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის დროს წარმოქმნილი კონფლიქტის გამო. გ. ი–ი დათქმულ ადგილას, ქ. თ–ში, ..........ის გამზრის N...-ში არსებულ შპს „გ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დანით შეიარაღებული შეხვდა შ. კ–ს მის მიერ მიყენებული შეურაცხყოფის (გინების) გამო, შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მიზნით.

12. გ. ი–სა და შ. კ–ს შორის მოხმდარი კონფლიქტის ფაქტს ადასტურებს დაზარალებულ შ. კ–ს მეგობრის – გ. კ–ს (მოწმის განმარტებით, შემთხვევამდე შ. კ–ი ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრა. მათ ერთმანეთს დედა აგინეს და იქვე „გ–სთან“ დათქვეს შეხვედრა. ამის გამო, ის და შ. კ–ი მივიდნენ „გ–ს“ შესასვლელთან, სადაც შენიშნეს გ. ი–სი და ამ უკანასკნელმა შ-ს შეკითხვაზე უარყო მათ შორის გამართული სატელეფონო საუბარი. ამის შემდეგ, რამდენიმე წუთის განმავლობაში ის და შ. კ–ი იმყოფებოდნენ „გ–ს“ შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავე დროს გ. ი–ც მათგან შორიახლოს მოძრაობდა, შემდეგ კი გ. ი–ი სწრაფად მივარდა შ–სთან და მოულოდნელად დაარტყა დანა), მოწმეთა: ს. გ–სა (მოწმის განმარტებით გ. ი–საგან იცის, რომ ერთ-ერთმა პირმა ტელეფონზე საუბრისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ დ–ში, „გ–ს“ წინ. ადგილზე მისვლისას დახვდა ორი პირი და ჰკითხეს ხომ არ იყო ის პირი, ვისაც ელაპარაკა ტელეფონით. ამით მიხვდა, რომ სწორედ ამ პირმა მიაყენა შეურაცხყოფა. გ. ი–მა შ–ს და მის თანმხლებ პირს დაუმალა, რომ მათთან შესახვედრად იყო მისული, რადგან ერთ-ერთ მათგანი იყო დანით და ეს დაინახა. ამის შემდეგ, როდესაც ამ პირებმა გზა გააგრძელეს, იხელთა დრო და შ. კ–ს დაარტყა დანა მუცლის არეში) და გ. შ–ს (მოწმის განმარტებით, გ. ი–ი მოუყვა, რომ წ–ს გამზირზე, „გ–სთან“ ახალგაზრდა ბიჭს დაარტყა სტუდიიდან წაღებული პურის საჭრელი დანა. შეკითხვაზე, თუ რატომ მოიქცა ასე, უპასუხა, რომ „ყველაფერი აგინა, ოჯახს შეეხო, დისშვილები შეუგინა და ამას არავის აპატიებდა“) გამოკითხვის ოქმები, რომლებიც მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ.

13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მსჯავრდებულ გ. ი–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – განზრახ მკვლელობის – ჩადენა.

14. ბრალდების მხარის მოთხოვნაზე მსჯავრდებულ გ. ი–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრის შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ი–ს მიერ ჩადენილი დანაშაულების კატეგორიის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. ი–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

15. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივრის მოთხოვნად მიუთითა გ. ი–სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება, თუმცა საკასაციო საჩივარში კასატორი თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის არ უთითებს არცერთ არგუმენტს. შესაბამისად, ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009). საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით საქმეს სრული მოცულობით არ გადასინჯავს, მასში არსებულ ყველა ფაქტსა და მტკიცებულებას, რომელსაც განაჩენი ემყარებოდა, არ აფასებს, რამდენადაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს დასაბუთებას, [ევროპული] სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ( Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, par. 106, 18 /12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par.29, 18/07/2006).

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი